„ნავალნის წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტში სხვა ძალების მოქმედებასაც არ გამოვრიცხავ, რადგან ანტიპუტინურ განწყობილებას ნავალნის აღსასრული სერიოზულად გააძლიერებდა“

„ნავალნის წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტში სხვა ძალების მოქმედებასაც არ გამოვრიცხავ, რადგან ანტიპუტინურ განწყობილებას ნავალნის აღსასრული სერიოზულად გააძლიერებდა“

ნავალნი უკვე გერმანიაშია. მიუხედავად იმისა, რომ ომსკელი ექიმები გერმანიაში მის ტრანსპორტირებას ეწინააღმდეგებოდნენ, მის წასაყვანად ადგილობრივ აეროპორტში მაინც დაჯდა სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავი, რომელიც კომაში მყოფი პაციენტების ტრანსპორტირებისთვისაა აღჭურვილი.

მანამდე ნავალნის მეუღლემ ვლადიმერ პუტინს წერილობით მიმართა მეუღლის გერმანიაში ტრანსპორტირების თაობაზე.

როგორც ცნობილია, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში დაბრუნებისას ცუდად გახდა და აეროპორტში დაჯდომისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმთავითვე გაჩნდა ვერსია მისი მოწამვლის თაობაზე, რასაც მისი ოჯახიც ადასტურებდა. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს.

რუსული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელისა და პუტინის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსის ბედით შეშფოთებულმა ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ტერიტორიაზე ნავალნის მკურნალობისა და უსაფრთხოების სურვილი გამოთქვეს.

ცნობილია, რომ თავის დროზე ალექსეი ნავალნიმ ჩამოაყალიბა ფონდი, რომელიც რუსეთის პრემიერ მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების საკითხს იძიებდა.

რამდენადაც პუტინთან მებრძოლის იმიჯი ჰქონდა, იმდენად გაუგებარი იყო ნავალნის განცხადებები აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, რადგან ნავალნი ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის მომხრე იყო მაშინ, როდესაც პუტინს ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო აკრიტიკებდა. ნავალნის „არგუმენტით“, სიტუაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განსხვავებული იყო, რადგან მათ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადეს „დამოუკიდებლობა“ და იქ განვითარდა სისხლიანი მოვლენები.

მოწამლეს, თუ ბუნებრივად გახდა შეუძლოდ ნავალნი?! ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

გამოითქმის ვარაუდი, რომ ნავალნი მოწამლულია, რადგან ბელორუსის მაგალითზე შიში გაუჩნდა პუტინს, რომ ნავალნი მის წინააღმდეგ ბრძოლის მორიგ ტალღას ჩაუდგებოდა სათავეში.

- ნავალნის თავგადასავალი და მასთან დაკავშირებული შემთხვევა რეზონანსულია. თუკი მისი მოწამვლის ფაქტი დადასტურდა, ეს სერიოზული პრობლემის შემქმნელი იქნება რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის. შეიძლება ითქვას, ნავალნი რუსული ოპოზიციის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურაა. რა თქმა უნდა, ამას ბოლო რამდენიმე ოფიციალური არჩევნები არ ადასტურებს, მაგრამ საყოველთაო აღიარებით, ის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ოპოზიციური ლიდერია და მოვლენათა გარკვეული განვითარების შემთხვევაში, შეიძლება გახდეს სახალხო მღელვარების ლიდერი. ეს აშკარაა რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვისაც. პრინციპულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ჯერ მხოლოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ დასაშვებობის ფარგლებში. დავუშვათ, ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ოპერაცია, რაც რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის, რუსეთში მოღვაწე ადამიანების მიმართ. თუ ამჯერადაც ასეთი შემთხვევაა და უეჭველი გახდება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თვალსაჩინო ოპოზიციონერი მოწამლა, ეს იქნება პრობლემის შემქმნელი რუსეთის ხელისუფლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს უაღრესად არაერთგვაროვანი, არამონოლითურია, დასავლეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების, მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე კორონაპანდემიის გამო, ასეთი ფაქტები შესაძლოა გახდეს გარკვეული მამობილიზებელი იმ სივრცის მიმართ, რომელსაც მოვიაზრებთ დასავლეთად.

მობილიზაცია რაში გამოიხატება? რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში?

- ადამიანების გარკვეული ნაწილი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არ ეშინია სანქციების და ეს სანქციები, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში იქნა დაწესებული რუსეთის მიმართ, არაეფექტურია. უფრო მეტიც, ამას შესაძლოა წაექეზებინა პუტინი, რომ ამ გზით წასულიყო. თუმცა მთლად ასე არ უნდა იყოს საქმე, რადგან სანქციები გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა საგრძნობი გახდეს რუსეთისთვის, მისი ლიდერებისთვის, რუსული ეკონომიკისთვის. ასე რომ, სანქციების მიმართ უსაფრთხოდ რუსეთი თავს ვერ გრძნობს და ვერც ვერასდროს იგრძნობს.

თუკი კრემლს ნავალნის ჩამოშორება სრს, ეს ბელორუსის ფაქტორით ხომ არ აიხსნება?

- არა მარტო ბელორუსის, არამედ სხვა კუთხითაც შევხედოთ ამ ფაქტს. ჯერ ერთი, ნავალნის ჩამოშორების გეგმა შესაძლოა უფრო „ეფექტური“ ყოფილიყო და არა სათუო ჯანმრთელობის განადგურების თვალსაზრისით. ამ წუთამდე ჩვენ არ ვიცით, რამდენად სახიფათოა ნავალნის ჯანმრთელობისთვის მიღებული სავარაუდო დაზიანება. ღმერთმა ნუ ქნას, თუ ტრაგიკულად დამთავრდა ეს ისტორია, ამით ვინ მიიღებს სარგებელს? მიუხედავად შესაძლო თავხედობისა, რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან და მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არენაზე ისედაც შელახულია რუსეთისა და მისი ლიდერის ავტორიტეტი, არა მგონია, მათ კარგად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული, კიდევ რამდენად გაუარესდება მათი იმიჯი მსოფლიო თანამეგობრობის თვალში. ეს იქნება სერიოზული დარტყმა და, გარკვეული თვალსაზრისით, შეამჭიდროებს მსოფლიოში არსებულ ანტირუსულ ძალებს, რომლებიც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ძალები არიან. და ეს იმის მიუხედავადაც მოხდება, რომ რუსეთისთვის დღეს არ სცხელა არც ამერიკას, არც ევროპას, რომ არაფერი ვთქვათ სხვა გლობალურ მოთამაშეებზე. არ გამოვრიცხავ, ერთი პიროვნების წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის სავარაუდო ავტორებად მოიაზრებოდეს რუსული სპეცსამსახურები, თუმცა არც სხვა ძალების მოქმედებას გამოვრიცხავ, რადგან ანტიპუტინურ განწყობილებას ნავალნის აღსასრული სერიოზულად გააძლიერებდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ხაბაროვსკში, სადაც ყოფილი გუბერნატორის ფურგანის დაკავებამ სერიოზული მღელვარება გამოიწვია. ეს მღელვარება ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა, მიუხედავად იმისა, რომ მისდამი ინკრიმინირებულია სერიოზული დანაშაულები 2000-იანი წლების დასაწყისში, გარკვეული ბიზნესმენების ლიკვიდაციის დაორგანიზების სახით. ხალხი ქუჩაშია და დღემდე გრძელდება იქ საპროტესტო აქციები. რუსეთისგან დასავლეთით, ბელორუსში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს და იქაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეირყეს რუსეთის პოზიციები.

ნავალნი უკვე ტრანსპორტირებულია თვითმფრინავით გერმანიაში, მოთავსებულია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ დასაბუთებას მოითხოვს ვერსია, როგორც ხელისუფლების მხრიდან მისი მოწამვლის, ისე აბსოლუტურად სხვა ძალების მიერ აღნიშნული ქმედების განხორციელების თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში, რუსი ექიმების დასკვნის თანახმად, მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა და კრიტიკულად დაბალი შაქრის დონისგან გამოწვეულ კომაზეა საუბარი. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის არ მოწამლეს, იმდენად, რამდენადაც ისე შორს არის წასული შესაბამისი საშუალებები, რომ შესაძლოა, აღმოჩნდეს გარკვეული ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში და შემდეგ ძალიან მალე მისი კვალი საერთოდ გაქრეს ორგანიზმიდან, ოღონდ შესაბამისი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ასე რომ, აქ ცალსახად საუბარი ძალიან ძნელია, თუმცა, როდესაც მართავ ქვეყანას ავტორიტარული მეთოდებით და, ფაქტობრივად, რეჟიმი გაქვს ჩამოყალიბებული, რომელიც საშუალებას არ აძლევს საზოგადოებას, განსაკუთრებით, საერთაშორისო საზოგადოებას, დარწმუნდნენ შესაბამისი სტრუქტურების ქმედებებში, დასკვნებში, თუნდაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების შეფასებაში, ესეც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ქვეყნის ხელისუფალია, მან უნდა უზრუნველყოს კიდეც ისეთი თვალსაჩინო და გამორჩეული ოპოზიციონრების უსაფრთხოება, როგორიც რუსეთის სინამდვილისთვის არის ნავალნი.

თქვენ არ გამორიცხავთ, რომ ნავალნის შესაძლო მოწამვლა პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიერ იყოს განხორციელებული, აქ რუსებს გულისხმობთ, თუ უცხოელებს?

- ძალიან ძნელია კონკრეტულად იმის მითითება, ისინიც უცხოური სპეცსამსახურები არიან, საზღვარგარეთ გაქცეული პუტინის ოპოზიციონრები, თუ რუსეთის შიგნით არსებული ძალები, რამდენადაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ პუტინის რეჟიმი არც ისეთი ურყევია და ხალხის უდრტვინველი დამოკიდებულება რუსეთის ამჟამინდელი ლიდერის მიმართ ცალსახა არ არის. აღმოჩნდა, რომ შტილი მოჩვენებითია, რადგან რუსეთში საზოგადოების საკმაო ნაწილი უკმაყოფილოა დღევანდელი მმართველების პოლიტიკით, სოციალური მდგომარეობით, ქვეყნის განვითარების პრობლემებით. ეს ყველაფერი შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს სერიოზულ საპროტესტო ტალღად გადაიქცეს. ამ თვალსაზრისით იყო საჭირო ნავალნის „მწყობრიდან გამოსვლა“. აქ იმ ადამიანზეა საუბარი, რომელიც საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სავარაუდო ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ ნავალნი შესაძლოა, ათი ათასობით და ასი ათასობით მომხრეს ვერ კრეფს საპროტესტო აქციებზე, რამდენადაც ძალიან მკაცრია რუსეთის რეჟიმის დამოკიდებულება ასეთი აქციების ორგანიზების მიმართ და ძალიან დრაკონული მეთოდებით ახშობენ ხოლმე ამ აქციებს. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ისეთი რეალური საფრთხე რუსეთისთვის ნავალნი, რა თქმა უნდა, პერსპექტივის გათვალისწინებით, ის უაღრესად სახიფათოა რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ამავე დროს, არ შემიძლია არ შევნიშნო, თუ ვინმეს ნავალნის მოწამვლა და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია ხელს არ აძლევს, ეს, ალბათ, პუტინია, რადგან მას ისედაც უამრავი პრობლემა აყრია თავზე, კოვიდპანდემია, ეკონომიკის არცთუ სახარბიელო მდგომარეობა, მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების, ნავთობისა და გაზის ფასის მკვეთრი მერყეობა. სულ ახლახანს ძალიან დაბალ ნიშნულზე დაეცა ეს ფასი, ამას როგორ გაუძლებდა რუსეთის ეკონომიკა, არავინ იცოდა. მართალია, ახლა ცოტა წამოიწია ფასებმა მსოფლიო ბაზარზე, მაინც არ არის იმ დონეზე, რომ პუტინმა მწვავე სოციალური პრობლემები რუსეთში გადაჭრას ბიუჯეტის მეშვეობით. ამიტომ წესით და რიგით, ისიც უნდა დავინახოთ, რომ ნავალნი პუტინისთვის ხილულ პერსპექტივაში, სამ-ოთხ წელიწადში იმდენად დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა, რომ ასეთ სარისკო ნაბიჯზე წასულიყო პუტინი.

სერიოზულია ის სანქციები, რასაც დასავლეთი დროდადრო უწესებს პუტინს, მაგრამ რეალურ ზემოქმედებას ვერ ახდენს რუსეთზე და ამ სანქციების გვერდის ავლას რუსეთი დღემდე ახერხებდა. დღეს ამერიკას არავისთვის არ სცხელა, იმდენად დიდი საშინაო პრობლემები აქვს, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომის ზღვარზეა, ერთი მხრივ, ნაციონალისტური და კონსერვატული ძალები, რომელსაც ტრამპი განასახიერებს და, მეორე მხრივ, გლობალისტები და ლიბერალური დემოკრატიის მიმდევრები, ასეთ პირობებში ნაკლებად მოსალოდნელია, საგარეო აქტივობებისთვის ამერიკას წლის ბოლომდე ეცალოს.

 

 

 

 

Katana . ალბათ ნანახი გაქვთ ერთ-ერთი მგზავრის მიერ აეროპორტში გადაღებული ვიდეო, სადაც ნავალნი თავის დაცვასთან ერთად უზის მაგიდას და მუყაოს ერეთჯერადი ჭიქით მიირთმევს ჩაის...
ვიდეოს ავტორი წერს, რომ მან ნავალნი სალონშიც ნახა, როცა ის ტუალეტისკენ გაემართა. მერე მე ყურსაცმები გავიკეთე და ჩემი მობილურით ვიყავი დაკავებული, ნავალნისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღებაო... მოგვიანებით ატყდა ჩოჩქოლი, რომ ვიღაც ცუდად გახდაო და ეს აღმოჩნდა ტუალეტში მყოფი ნავალნიო...
ახლა, თუ ვინმემ წინასწარ იცოდა, რომ აეროპორტის ბუფეტში ნავალნი აუცილებლად ჩაის მოითხოვდა და ამიტომ საწამლავი გამზადებული ჰქონდათ, არ ვიცი... მაშინ დამაჯერებელია მოწამვლის ვერსია.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აეროპორტის ტუალეტში თუ გახდა ცუდად მერე თვითფრინავში რაღას ჯდებოდა?! ანდა რუსეთის სპეცსამსახურებმა თუ მოწამლეს საკმარისი საწამლავი ვერ იშოვეს?!
3 წლის უკან
Katana . ეროპორტის არა, თვითმფრინავის ტუალატში ("ვიდეოს ავტორი წერს, რომ მან ნავალნი სალონშიც ნახა, როცა ის ტუალეტისკენ გაემართა.")
3 წლის უკან
Katana . ჩემი დაუსაბუთებელი ვარაუდით, ტუალეტში მან თვითონ მიიღო რაღაც, რისგანაც გახდა ცუდად...
3 წლის უკან
Katana . ისე... ყველა ქართველთმოძულის დედა!..
სწორედ ეს ნავალნი მოიხსენიებდა "გრუ­ზი­ნებს" "გრი­ზუ­ნე­ბად" და აგვისტოს ომის დროს მოითხოვდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ბლო­კა­და და რუ­სე­თიდან გა­ა­ძე­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა იქ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქეო!..
მაგისი ჯანმრთელობა მადარდეთ ახლა!
3 წლის უკან