ოკუპირებულ ტერიტორიაზე „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ირმა ინაშვილისა და დავით თარხხან-მოურავის ვიზიტს აფხაზეთში სერიოზული სკანდალი მოჰყვა. ამის შესახებ აფხაზური გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა" წერს და იმ დე ფაქტო ჩინოვნიკის ვინაობასაც ასახელებს, რომელსაც სავარაუდოდ ქართველი პოლიტიკოსები შეხვდნენ.
ამ წყაროს ცნობით, გასაიდუნლოებული შეხვდრა 18 აგვისტოს გალის რაიონში გაიმართა და აფხაზური მხარიდან დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანია თანაშემწე ლაშა საქანია ესწრებოდა. ამის გამო აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა" დე ფაქტო დეპუტატებს მოუწოდებს, გამოითხოვონ ამ ვიზიტთან დაკავშირებული „ოფიციალური ცნობები" შესაბაისი სტრუქტურებიდან და საგანგებო მოსმენები გამართონ დე ფაქტო პარლამენტის შესაბამის კომიტეტში.
თავად ლაშა საქანია ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრას გადაჭრით უარყოფს. გამოცემა „აფსადგილმა" მისი საგანგებო წერილი გამოქვეყნა, სადაც საქანია ამბობს, რომ 24 აგვისტომდე პარტია „აფხაზეთის სახალხო ფრონტის" წარმომადგენლებთან ერთად მოსკოვში „ოფიციალური ვიზიტით" იმყოფება და ფიზიკურადაც ვერ შეძლებდა გალში შეხვედრაზე ყოფნას.
ამასთან, საქანია ამ ინფორმაციის გავრცელებას მისი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ არავის მისცემს უფლებას ჩირქი მოცხონ მის „გვარსა და ოჯახს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზი ხალხის სამამულო ომში".
როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, პირადად ლაშა საქანიას შესახებ არაფერი იცის, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიზიტი „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესაძლოა რუსეთის დუმის დეპუტატთა შუამავლობით დაგეგმეს და ეს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.
„ამ პიროვნებას არ ვიცნობ. ალბათ დე ფაქტო პრეზიდენტის ბჟანიას სახელით ეპლაპარაკა. მგონია, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს სხვადასხვა მიმართულებით თავიანთი ამოცანები აქვთ და მეტ-ნაკლებად შესწევთ უნარი თუ არა, კონფლიქტებზე ლაპარაკობენ.
„პატრიოტთა ალიანსი" კი გამოირჩევა იმით, რომ კონფლიქტების მოგვარებაზე ყველაზე ხშირად ლაპარაკობს ხოლმე და ასევე მათში რუსულ ჩართულობაზეც, რადგან მიაჩნიათ, რომ მის გარეშე კონფლიქტები არ მოგვარდება. მე კი პირიქით ვფიქრობ, რომ ჩვენ აფხაზურ და ოსურ მხარესთან პირდაპირი კონტაქტი უნდა გვქონდეს.
„პატრიოტთა ალიანსი" აფხაზურ მხარესთან თავისი კონკრეტული დამოკიდებულებით გამოირჩევა. რა გაუკეთებია ჯერ არ ჩანს, მაგრამ ამას ამბობს. ამ მხრივ რუსეთთან ცალსახა კონტაქტში არიან და მგონია, რომ რუსეთის დუმა დაეხმარა აფხაზური მხარე დაეჯერებინათ, რომ „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, რათა მათ არჩევნების წინ ქულები ჩაეწეროთ.
„არჩევნების წინ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია, შესაბამისად, ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რისი უფლებაც პოლიტიკურ ძალას აქვს.
„უნდა ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არავინ არ უკრძალავს და ვერ აუკრძალავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაადგილდნენ, კანონი ამის უფლებას აძლევს. პრობლემა იქ მისვლის არაა, პრობლემაა მერე იქ შესვლის, ანუ ქართულ საგუშაგოს, საქართველოს უშიშროებას და ძალოვან სტრუქტურებს არავითარი უფლება არ აქვთ, საქართველოს მოქალაქეს ხელი შეუშალოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდნენ. თუ საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ გადაადგილდებიან, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ გვატარებენ. ამიტომ, რაკი „პატრიოტთა ალიანსის" წევრები მათ ტერიტორიაზე უნდა შესულიყვნენ, მათ რუსეთისაგან მხარდაჭერა სჭირდებოდათ და მგონია, რომ რუსეთმა მხარდაჭერა გაუწია.
„მგონია, რომ ეს პოიარ ნაბიჯი და საარჩევნო კამპანიის ნაწილია. ანუ, ზოგადად რასაც „პატრიოტთა ალიანსი აკეთებს, ეს ქართულ კანონმდებლობაში და საარჩევნო სისტემის კონტექტსში ჯდება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.