თუ ოპოზიცია მხარს სააკაშვილის პრემიერობას არ დაუჭერს, ნაციონალები ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დაძირავენ

თუ ოპოზიცია მხარს სააკაშვილის პრემიერობას არ დაუჭერს, ნაციონალები ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დაძირავენ

გაერთიანებული ოპოზიციის წინაშე კიდევ ერთი კითხვის ნიშანი დგას. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმების გადახედვას აპირებს და არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატები წარადგინოს. ხელისუფლების ოპონენტმა მთვარმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ისნის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის საკითხზე. ინტრიგა მას შემდეგ გაჩნდა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. სწორედ ვაშაძე იყო ისანში მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც ოპოზიცია უჭერდა მხარს. ახლა კი ეს მხადაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ისანში ერთმანეთის კონკურენტი 4 კანდიდატი იქნება, ჯერჯერობით ვითარება ასეთია. მათ შორის დასახელდა: „პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნადან“ - დავით ჭიჭინაძე; გაერთიანებული ოპოზიცია - გიორგი ვაშაძე; „ქართული ოცნება“ - კახი კახიშვილი; „ლელო“ - ლანა გალდავა.

მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ გიორგი ვაშაძე წარადგინა კანდიდატად, მან მალევე დატოვა გაერთიანება და ის ახლა საარჩევნო კამპანიას ცალკე განაგრძობს და სწორედ, ამის შემდეგ გაჩნდა კითხვები - ხომ არ დაუყენებდა მას, რომელიმე ოპოზიციური პარტია თავის კანდიდატს და ასევე განცხადებები გაკეთდა, რომ შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარდგინოს.

თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის და როდესაც შეთანხმების დარღვევაზე საუბრობენ, ისინი ამბობენ, რომ შეთანხმება პირველ რიგში ვაშაძემ დაარღვია, როცა საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანი წარადგინა მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატად. ასევე თაკო ჩარკვიანი ესწრებოდა იმ შეხვედრებს, რომელსაც საერთო ფორმატში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ატარებდნენ და იმ დროს, შეჯერდნენ იმ კანდიდატებზე, რომლებიც იქნებოდნენ ოპოზიციის სახეები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე კონსულტაციების მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა, შეიძლება ითქვას, უკვე დააკომპლექტეს თბილისის მასშტაბით რვავე მაჟორიტარული ოლქი. ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ ოლქებში, სადაც დასახელებული არიან ოპოზიციის საერთო კანდიდატები, ისინი ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

for.ge-სთან კი, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ეს შეთანხმება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად დაირღვევა. მათი აზრით, ნაციონალები ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატებს დაასახელებენ.

ისნის მაჟორიტარობის ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი და „ოცნების“ ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე სასაცილო კანდიდატია და მას „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს. მისი აზრით, ვაშაძეს ყოველთვის სხვისი ხმებით დეპუტატობა უნდოდა და მისი პათოსი ღიმილის მომგვრელია. ჭიჭინაძე ფიქრობს, უცნაურია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ედავო, შენს ხმებს რატომ არ მითმობო და თან აქეთ ვალი დაადო.

„აბსოლუტურად გასაგები იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ისნის რაიონში თავის მაჟორიტარს დააყენებს. ვაშაძემ უნდა ისწავლოს, რომ წარმატების თავისი ავტორიტეტით და სახელით მიღწევა უნდა შეძლოს. ცხოვრობს სხვის ხარჯზე და პოლიტიკოსობაც სხვის ხარჯზე უნდა. ყველამ ზეპირად იცის, რომ მას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს. დადიოდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ათი ადგილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა. კაცი, რომელიც ბიზნესში არასდროს არ ყოფილა, ამხელა თანხები საიდან აქვს? ხალხი ბრიყვი არ არის, რომ ვინმემ დაუჯეროს ახლა მაგას რაღაცა ლექციებში ამხელა ფულს ვინმე უხდიდეს.

რაც შეეხება ხატია დეკანოიძის ისანში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად დაყენებას, კი ბატონო. ვისაც რა ხმები აქვს, ის აიღოს. ყველას თავისი კანდიდატი ჰყავდეს, მომხრე ვარ. რაც შეეხება ამომრჩეველს, ისინი გადაწყვეტენ მაჟორიტარად ესა თუ ის კანდიდატი რამდენად გამოადგებათ. არც ერთი ჩემი მეტოქე მაჟორიტარობის სურვილით არ გამოირჩევა და ყველა მაჟორიტარების წინააღმდეგ იბრძოდა. ამიტომ, ვის რა შანსები აქვს, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება“, - ამბობს ჭიჭინაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, არ არის გამროიცხული, რომ მეორე ტური დაინიშნოს და ერთმანეთს ის და „ოცნების“ კანდიდატი კახა კახიშვილი დაუპირისპირდნენ. ჭიჭინაძე ამბობს, რომ ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე და ამიტომაც არის საინტერესო.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ისანში საკამოდ ძლიერი კანდიდატები არიან და მათ შორის ყველაზე დიდი რეიტინგი დავით ჭიჭინაძეს და კახა კახიშვილს აქვს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ სანამ გაერთიანებული ოპოზიცია ვაშაძეს მხარს უჭერს, ხსენებულ ორ კანდიდატთან ერთად ისიც ძლიერ კანდიდატად მოიაზრება. ხოლო, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძეს მხარს არ დაუჭერს, მისი შანსები ძალიან მცირეა. ანალიტიკოსი მბობს, რომ, როგორც ჩანს, ნაციონალები მას მხარს არ დაუჭერენ და თავის კანიდატს დააყენებენ, რომელიც ჭიჭინაძის და კახიშვილის საპირწონე იქნება.

„ისანში საკამოდ რთული ვითარება იქნება. არსებული რეალობიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველ ტურში საერთო შანსები კახიშვილს და ჭიჭინაძეს ექნებათ. დიდი ალბათობით, მეორე ტური იქნება. ნაციონალები აუცილებლად დააყენებენ ისეთ კანდიდატს, რომელსაც ცნობადობა ექნება. მე საერთოდ მგონია, რომ ნაციონალები მხარს არა მარტო ვაშაძეს არ დაუჭერენ, არამედ, შესაძლოა, თბილისის სხვა ოლქებშიც საკუთარი კანდიდატები დააყენონ. ამ შემთხვევაში, საბურთალოს, ვაკეს და მთაწმინდა-კრწანისს ვგულისხმობ. ოპოზიციას ახლა ძალიან დაძაბული სიტუაცია აქვს და აი, ამ ოლქებში, მგონია, რომ ნაციონალები შეთანხმებას დაარღვევენ. მათ უნდათ, რომ ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა, რომელიც მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვებს, მხარი სააკაშვილის პრემიერობას დაუჭიროს. ხოლო თუ ეს მხადაჭერა გაცხადებული არ არის, ისინი არც ერთ ამ ოპოზიციურ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ.

შესაძლოა, მათ ისიც კი ურჩევნიათ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არა ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს, არამედ „ოცნების“ კანდიდატმა. ამის მიზეზი ის არის, რომ მმართველი გუნდი ხელისუფლებაში უკვე 8 წელია და მასზე წამოსაძახებელი ნაციონალებს უკვე ბევრი აქვთ. ახალი ოპოზიციური ძალის გამოჩენა, რომელიც მათზე წინ წავა, არ აწყობთ. დაკარგავენ ყველა ბერკეტს, რაც როგორც ოპოზიციურ პარტიას პირველობას ანიჭებს. ეს კი ხელისუფლებაში მოსვლის ნაკლებ შანსებს აძლევთ“, - ამბობს for.ge-სთან ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე თქმით, თუ ნაციონალები არჩევნების მოგებას ვერ ახერხებენ, მაშინ ურჩევნიათ ოპოზიცია ჩაძირონ და მისი ამომრჩეველი თავისკენ წაიყვანონ, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტია გაძლიერედეს და მასზე წინ წავიდეს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც for.ge-სთან ამბობს, რომ ნაციონალებმა ვაშაძეს „ღალატი“ არ აპატიეს და მას ისანში მხარს არ დაუჭერენ. მისი აზრით, ისანში საკმაოდ ძლიერი ფიგურებია წარმოდგენილი. თუმცა კახიშვილი იმდენად ძლიერი კანდიდატია, რომ მის საპირწონე ფიგურას ოპოზიცია ვერ წარმოაყენებს. საყვარელიძის თქმით, კახიშვილი, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო, მიუხედავად პარტიული და პოლიტიკური კუთვნილებისა, გაჭირვებაში მყოფ უამრავ ადამიანს დაეხმარა.

„ვაშაძეს ყოველთვის დიდი ამბიციები ჰქონდა და აქვს. ის ნაციონალებისთვის, როგორც „მოღალატე“ პოლიტიკოსი, ისე აღიქმება. მან ამ პარტიასთან საკუთარი მოქმედებები და თამაში დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში არ აპატიეს. პოლიტიკაში ასეთი „ღალატი“ რთულად მისატევებელია ხოლმე. მსგავს გადაწაყვეტილებას „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებითაც ველი. მათ შორისაც საკამოდ დაძაბული ურთიერთობაა. ნაციონალები ეცდებიან, რომ ამ არჩევნებში ევროპელებს ბევრი არაფერი დაუთმონ. მუდმივად ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და ამიტომაც მგონია, რომ დაპირისპირება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება“,-ამბობს for.ge-სთან საყვარელიძე.

trampi ერტი თხა.... მეორე მგელი
წინ წყალი უკან მეწყერი
და თუ ბევრს გააატრაკებენ.... ამათაც ზედ მივაყოლებ
3 წლის უკან