2012 წელი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული გახლდათ. წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მძიმედ განვითარდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკოსების თუ უბრალოდ მათი მხარდამჭერების მხრიდან ბევრი სახალისო ფრაზა მოვისმინეთ. ზოგი წამოცდენით და ზოგიც შეგნებულად ნათქვამი მარგალიტები ერთად შევკრიბეთ და თქვენც გთავაზობთ სამხიარულოდ.
"შედი, ქალო, "ბუტკაში"
ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს მინისტრების ახალი კანდიდატების დასახელება ანეკდოტით დაიწყო. "მაღაროში რაღაცას აფეთქებენ და იქვე გზად ქალი მიდის. ერთ-ერთი მუშა უყვირის: - შედი, ქალო, "ბუტკაში". არ ვარ იმნაირიო, - პასუხობს ქალი. რანაირიც გინდა იყავი, შედი, ქალო, "ბუტკაში", თორემ აფეთქება მოხდება და დაიღუპები". მართალია, პრემიერის ანეკდოტზე ჟურნალისტებს არ გაეცინათ, მაგრამ არც ივანიშვილს დაუკონკრეტებია, რა შუაში იყვნენ მინისტრები "ბუტკასთან".
"ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი, ხომ?"
რთულია, ამ სიტყვების ავტორის უცნაურ მიმიკებზე არ გაგეცინოთ. წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ რაიონში "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. "ნაციონალების" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მამაკაცმა, რომელიც მათივე ლოგოიან მაისურში იყო გამოწყობილი, "ოცნების" აქტივისტს სწორედ ამ სიტყვებით მიმართა.
"გაზაფხული მოიტყვანა"
19 მარტს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, მათ მიერ გაკეთებული ფლეშმობი პრეზიდენტმა გაზაფხულის მომტყვანად შეაფასა. კურიოზი ის იყო, რომ მაშინდელმა ნაციონალურმა არხებმა პრეზიდენტის გამოსვლიდან ეს სიტყვა ეთერიდან ამოჭრეს.
"ირანულ კიტრებზე ვიჯექით..."
ეს მარგალიტიც პრეზიდენტს ეკუთვნის. 2012 წლის 6 იანვარს მარნეულში სავაჭრო ცენტრის გახსნას დაესწრო და არსებული სარეალიზაციო პროდუქტით დაინტერესდა.
ჯერ სადა ხარ...
ეს ფრაზა ახალი პოლიტიკური რეალობის შემდეგ გახდა პოპულარული და სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მიმართ უკმაყოფილო ადამიანების მისამართით იყენებენ, თუმცა ეს სიტყვები - ჯერ სადა ხარ - ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მალე გახდა პოპულარული.
"ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს?"
ასე უპასუხა წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ სოფელში ჩასულმა რეჟისორმა ქეთი დოლიძემ "ნაციონალური მოძრაობის" მთვრალ აქტივისტს კითხვაზე, მანამდე რას აკეთებდა.
"მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ..."
ლეიბორისტების წინასაარჩევნო საფირმო სლოგანმა არ გაჭრა და დამარცხდნენ, თუმცა ნათელაშვილს დიდი ხნით შერჩა თანამედროვე რობინ ჰუდის სახელი. აბა, ცნობილი მშრომელი ინგლისურით ვეღარ გაგვაკვირვებს.
"დედა, აგი ნაციონალი ყოფილა!.."
ვიდეო, სადაც ქალბატონი სამტრედიის გამგებელს ივანიშვილის მისამართით სიყვარულს ეფიცება და დახმარებას სთხოვს, ივლისში გავრცელდა. ქალბატონი ოქტომბერს ელოდება და დარწმუნებულია, რომ ახლანდელი პრემიერის გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. "ივანიშვილი რომ გადაგარჩენს, მაშინ დეიქცევა ქვეყანა", - უბრუნებს პასუხს გამგებელი და მიდის. სწორედ ამ დროს ხვდება ქალი, ვის ესაუბრება და ამბობს საფირმო ფრაზას: "დედა, აგი ნაციონალი ყოფილა!.."
"გადაშენდი აქედან, ნაძირალა კიდე..."
მორიგ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მშობლიურ სამტრედიაში კახი კალაძე გააბრაზეს. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა, ახლანდელმა მინისტრმა იმერული აქცენტით ეს უცნაური სიტყვები წარმოთქვა.
"თუ ხუთიანს მოხაზავს მარჯვენა ხელით, კიბო გაუჩნდება, თუ მარცხენით - ინფექცია შეეჭრება..."
ასე ორიგინალურად აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას ბათუმში მურმან დუმბაძე. ფაქტია, რომ კიბოსა და ინფექციის შიშით, თუ უბრალოდ, ნდობის დამსახურებით, დუმბაძემ გაიმარჯვა.
"მე არ ვქმნი კერპებს..."
ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეკრებაზე სცენაზე ბიძინა ივანიშვილს პედაგოგმა ქალბატონმა სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლა პოპულარული ტექსტის
შინაარსის გამო გახდა. "მე არ ვქმნი კერპებს,
მაგრამ, ბატონო ბიძინა, თქვენ მაშინ გამოჩნდით ქართველი კაცის ქომაგად, როცა საშველი არსაიდან ჩანდა და იმედის უკანასკნელი სხივი კვდებოდა. მე თქვენ ზღაპრის ის პერსონაჟი მგონიხართ, რომელიც კარდაკარ დაიარება, ყველა მსურველის ოცნებას აგროვებს ქართული ორნამენტებით მორთულ ხონჩაზე, რათა ოქტომბრის შემდგომ ჩვენთან ერთად რეალობად აქციოს".
"მეტი კომფორტი..."
მაისში მაშინდელი განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მოადგილე კოკა სეფერთელაძემ დავით პაიჭაძესთან ინტერვიუში ხუთი წუთის განმავლობაში იმდენჯერ თქვა სიტყვა - კომფორტი, რომ მას კაცი-კომფორტიც კი შეარქვეს.
"არ გინდოდათ ჩემი დოლი, ჩეიდევით ავტოგოლი..."
ასე შეაფასა ექსმინისტრმა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნების შემდეგ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი. მკითხველს შევახსენებთ, რომ ხაჩიძე რამდენიმე წლის წინ კახი კალაძის მიერ გატანილ ორ ავტოგოლს გულისხმობდა.
"არ დაგვერია ბიძინა, ნაციონალებს და პრასტიტუტკებს..."
შავი ზღვისპირეთში ერთ-ერთ ბორდელში განხორციელებული სპეცოპერაციისა და დაკავებული დამნაშავეების ხილვის შემდეგ, გოგა ხაჩიძე ხუმრობის ხასიათზე დადგა.
"გაგებით უნდა მოვეკიდოთ..."
ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არაერთხელ მოუწია განმარტებების გაკეთებამ. შეკითხვაზე, გაიზრდებოდა თუ არა კრიმინოგენური ვითარება, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღე შეიძლება ქალაქში სადღაც მანქანა "გატყდეს", მაგრამ მოსახლეობა ამას გაგებით უნდა მოეკიდოსო.
"მე ფული უნდა ვიშოვო, მილიონერი გავხდე..."
მიუხედავად იმისა, რომ ამ სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, გუბაზ სანიკიძის მილიონერობა აქტუალობას არ კარგავს. სანიკიძე-შარტავას ჩანაწერის სინამდვილე, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, გუბაზმა უარყო, თუმცა მომავალი მილიონერის სტატუსი ჯერჯერობით ვერ მოიშორა.