არჩილ კბილაშვილს მაგიდის ქვეშ მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს?!

არჩილ კბილაშვილს მაგიდის ქვეშ მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს?!

მართალია, კოტე კუბლაშვილის გადაყენება, როგორც იტყვიან, მარტივი პროცედურა არაა, მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობით მთავარი პროკურატურა დაინტერესდეს. ყოველ შემთხვევაში, ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ განცხადება, რომლითაც “უფლებადამცველთა გაერთიანებამ” კბილაშვილის უწყებას მიმართა, კუბლაშვილის დაკითხვის საფუძველს იძლევა. მაინც, რას ედავება “უფლებადამცველთა გაერთიანება” კოტე კუბლაშვილს და ვინ დაუმონტაჟა მოსასამენი აპარატურა არჩილ კბილაშვილს? _ სასამართლო სისტემის უსამართლობაზე ნიკოლოზ მჟავანაძე “ქართულ სიტყვას” საყურადღებო ფაქტებს აწვდის.

 ნიკოლოზ მჟავანაძე: _ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი უკანონობისა და უსამართლობის სიმბოლოა _ რამდენიმე დღის წინ, საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ახვლედიანის წარდგენისას, კუბლაშვილმა მოსამართლეებს უთხრა, ისე იმუშავეთ, როგორც ჩვენ გვაწყობს, ანუ დირექტივები ისევ ისე უნდა შეასრულოთ, როგორც აქამდე ასრულებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს წინააღმდეგ ზომებს მივიღებთო. ეს ინფორმაცია სასამართლოს თანამშრომლებმა გამოიტანეს.
მოსამართლეებმა?
_ არა, სასამართლოს ტექნიკურმა პერსონალმა.
ზემოხსენებულ შეხვედრას ტექნიკური პერსონალიც ესწრებოდა?
_ დიახ... ისე, საქალაქო სასამართლოში დიდი მღელვარებაა.
რას გულისხმობ?
_ ზეწოლის გამო, სამსახურიდან წამოსვლა ბევრ მოსამართლეს უნდა, მაგრამ კუბლაშვილი მათ ეუბნება, ჩვენ იგივე პოლიტიკას ვატარებთ და ექვს თვეში ახალი ხელისუფლება შეიცვლებაო, ანუ “ნაციონალებს” იმედი აქვთ, რომ სააკაშვილი პარლამენტს დაითხოვს და “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვა. საერთოდ, სასამართლო სისტემაში დღეს ასეთი სიტუაციაა _ პროკურატურა ამა თუ იმ პირის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, სასამართლო კი, გირაოს უფარდებს. არადა, არჩევნებამდე, პრაქტიკულად, არ არსებობდა, რომ პროკურატურას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოეთხოვა და სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა.
თუკი ზეწოლას ვეღარ უძლებენ და სამსახურის დატოვება უნდათ, ამის შესახებ მოსამართლეები ხმამაღლა რატომ არ საუბრობენ?
_ ფიქრობენ, სამსახურიდან რომ წამოვიდეთ, ახალმა ხელისუფლებამ შეიძლება, ჩვენს პოზიციაზე აღარ დაგვაბრუნოსო, მაგრამ მოსამართლეებს მოვუწოდებ, თუკი რამე სათქმელი აქვთ, თქვან!..
სხვათა შორის, 2012 წლის ბიუჯეტიდან თანხა იყო გამოყოფილი, რომ 48 მოსამართლისთვის დიღომში ბინა უნდა აეშენებინათ. ამასთან, მოსამართლეებს ხელფასი 5 ათას ლარამდე აქვთ. არჩევნების წინ კი, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ხელფასის სამმაგი რაოდენობის პრემია დაურიგეს. მეტიც, პირველ ოქტომბრამდე საქალაქო სასამართლოს სარდაფში სპეციალური საკნები გააკეთეს, რომელიც 500 ადამიანზე იყო გათვლილი. მანდატურებს კი, მუხროვანის სპეცრაზმის თანამშრომლები ავარჯიშებდნენ.
რა მიზნით?
_ არჩევნების გაყალბებას აპირებდნენ, რასაც მღელვარება მოჰყვებოდა _ ხალხი სასამართლოს მიაწყდებოდა...
ნიკა, სასამართლოს უსამართლობაზე ბევრი გვსმენია, მაგრამ ამ უსამართლობის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს?
_ დიახ, არსებობს _ არჩევნების შემდეგ ამ უკანონობის გამო პროტესტი სასამართლოს შვიდმა მანდატურმა გამოთქვა და საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ შვიდივე სამსახურიდან დაითხოვა. ამის გამო “უფლებადამცველთა გაერთიანებამ” სარჩელი ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიტანა.
მანდატურების სამსახურიდან დათხოვის საფუძველი ზემოხსენებული პროტესტი გახდა?
_ სინამდვილეში, ასეა, თუმცა ამბობენ, რომ მანდატურები სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდნენ.
ამ მანდატურებს მსგავსი განცხადება დაწერილი მართლა აქვთ?
_ დიახ, თუმცა განცხადებაში წერია, გთხოვთ, სასამართლოში არსებული სიტუაცია განოასწოროთ და, პროტესტის ნიშნად, სამსახურს დროებით ვტოვებთო, ანუ ე.წ. პირად მოტივად ეს განცხადება ჩათვალეს, რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 95-ე მუხლის დარღვევაა.
სასამართლოდან დათხოვილი მანდატურები მაინც რა დარღვევებზე საუბრობენ?
_ მაგალითად, ამბობენ, რომ ადვოკატების მაგიდების ქვეშ “ჟუჩოკები” მონტაჟდებოდა, ანუ ვიდრე სასამართლო პროცესი დაიწყებოდა, უშიშროების სამსახური მაგიდების ქვეშ მოსასმენ აპარატურას აყენებდა. სხვათა შორის, მანდატურთა ინფორმაციით, ასეთი “ჟუჩოკი” ებრაელი ბიზნესმენების პროცესზე ყოფილა დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ ებრაელებს დღევანდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იცავდა.
ნიკა, სასამართლო სხდომას, მით უმეტეს, თუკი ლაპარაკი გახმაურებულ საქმეზეა, უამრავი ადამიანი ესწრება და ვერ ვხვდები, “ჟუჩოკის” დაყენება რა აუცილებლობას წარმოადგენს?
_ ციხიდან სასამართლოში მიყვანილმა პატიმარმა თავის ადვოკატს შეიძლება, უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მიაწოდოს, რომლის ღიად თქმაც არ შეიძლება. სწორედ ამიტომაც, “ჟუჩოკები” ავდოკატების მაგიდების ქვეშ მონტაჟდებოდა. ამასთან, როგორც მანდატურები ამბობენ, “ჟუჩოკები” ნაფიც მსაჯულთა ოთახებშიც იყო დამონტაჟებული. ნაფიცი მსაჯულები, წესით, ნეიტრალური ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ნაფიც მსაჯულებად, თურმე, “ნაცმოძრაობის” წევრებს ირჩევდნენ, რაც ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ რამდენიმე განაჩენს თავდაყირა აყენებს.
მოსასამენ აპარატურას სასამართლოდან პროტესტის ნიშნად წამოსული მანდატურები ამონტაჟებდნენ?
 _ არა, ისინი ყველაფერ ამას, უბრალოდ, ხედავდნენ.

აბა, როგორ დაამტკიცებენ, რომ ადვოკატებს მაგიდების ქვეშ “ჟუჩოკებს” უმონტაჟებდნენ?

_ ამის მტკიცებულება იმ ვიდეოკამერის ჩანაწერია, რომელიც იუსაიდ-მა სასამართლოებში დაამონტაჟა, მაგრამ ეს ჩანაწერები შეიძლება, განადგურებულია. სხვათა შორის, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს მოსამართლეები თავისთან შეჰყავს და განაჩენს ათანხმებს...
ასეთი რამ არჩევნების შემდეგაც ხდება?
რა თქმა უნდა, და ამ დროს კუბლაშვილი გაიძახის, “ქართული ოცნება” სასამართლოზე ზეწოლას ანხორციელებსო?! კოტე კუბლაშვილი სააკაშვილთან სიცოცხლითაა ვალდებული.
რას გულისხმობ?
_ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სააკაშვილი ფინანსურად დაეხმარა. ისე, იმასაც ამბობენ, როცა მოსამართლეებს სთხოვდა, რომ გახმაურებულ საქმეებზე სასურველი განაჩენი გამოეტანათ, კუბლაშვილი კანკალებდაო. მოკლედ, ყველაფერ ამაზე კუბლაშვილმა პასუხი უნდა აგოს და ამიტომაც, მთავარ პროკურატურაში განცხადება უკვე შევიტანეთ. ამ თემით ამერიკის საელჩოც დაინტერესდა, რომელსაც “უფლებადამცველთა გაერთიანებამ” ყველა მასალა მიაწოდა და საელჩოს თანამშრომლები სასამართლოდან გათავისუფლებული მანდატურების სასამართლო პროცესსაც დაესწრებიან.

ნიკა, თუკი სასამართლო ისევ სააკაშვილ-კუბლაშვილის გავლენის ქვეშაა, საინტერესოა, ბაჩო ახალაიას ორთვიანი პატიმრობა რატომ შეუფარდა?
_ “ნაცმოძრაობას” გმირი სჭირდებოდა და ყველაფერი წინასწარ იყო გაწერილი, თორემ დააკვირდით, ახალაიას გარდა, სასამართლომ თითქმის ყველა მაღალჩინოსანს გირაო შეუფარდა. კი ბატონო, შს სამინისტრო და პროკურატურა პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, თუკი სასამართლოში სამართალს მაინც ვერ ვიპოვი? ისინი, ვინც თავის დროზე უკანონობას ჩადიოდნენ, დაუშვებენ, რომ სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანოს? _ ეს ხომ აბსურდია! მოკლედ, ვიდრე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილია, საქართველოში სამართალი ვერ იზეიმებს!

ნიკა, ის განცხადება, რომელიც მთავარ პროკურატურაში შეიტანე, იძლევა თუ არა საფუძველს, რომ კოტე კუბლაშვილი, მინიმუმ, დაკითხვაზე დაიბარონ?
_ რა თქმა უნდა. არჩილ კბილაშვილმაც განაცხადა, ამ საქმეს შევისწავლითო. კუბლაშვილის დაპატიმრებისთვის, ასე ვთქვათ, სანქცია პარლამენტმა უნდა გასცეს, მისი დაკითხვა კი, პრობლემა არაა. სხვათა შორის, ვიცი, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამია ფხაკაძე მცხეთის მიწებთან დაკავშირებით დაკითხეს...

ისე, ფხაკაძე რატომ დააქვეითეს, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან რუსთავის მოსამართლედ რატომ გადაიყვანეს?
_ იმიტომ, რომ საქალაქო სასამართლოში დიდი მღელვარებაა და არაა გამორიცხული, რომ მოსამართლეები გამოვიდნენ და პროტესტი გამოთქვან! მოკლედ, კუბლაშვილს განსასჯელის სკამზე დაჯდომა მალე მოუწევს!

_ სხვათა შორის, არჩევნებამდე ძმებ კუბლაშვილების სასახლეებზე ლეგენდები დადიოდა. ნიკა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მამხილებელი მასალები ამ მხრივაც გაქვს?
_ არა, მაგრამ ყველაფერ ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს... იმაზე მეტი მტკიცებულება რაღა უნდა იყოს, რომ მოსამართლეები, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ხელმძღვანელობის მხრიდან სოლიდურად საჩუქრდებოდნენ და ფინანსური დოკუმენტები შეგვიძლია ვნახოთ, სადაც პრემიებია გამოწერილი. ყველაფერი, რაზეც ვლაპარაკობ, ყურმოკრული ამბები კი არა, სასამართლოდან გამოსული ინფორმაციებია, თუმცა “უფლებადამცველთა გაერთიანება” პროკურატურა არაა, რომ ამა თუ იმ საქმეზე გადაწყვეტილება “დადოს”. ყველაფერს გამოძიება და შესწავლა სჭირდება.

ნიკა, ვთქვათ, რომელიმე მოსამართლემ გაბედა და იმ ზეწოლა-უსამართლობაზე ხმამაღლა ისაუბრა, რაც 9 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებობდა, ეს კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ დამატებითი მტკიცებულება იქნება?
_ რა თქმა უნდა... ყველაფერ ამაზე საუბარი მოსამართლეებმა უნდა დაიწყონ, თორემ საქართველოში სამართლიანობა ვერ იზეიმებს! მთელი სასამართლო პოლიტიზირებული იყო _ მოსამართლეები და სასამართლოს სხვა თანამშრომლები “ნაცმოძრაობის” მიტინგებზე დაჰყავდათ და ესეც მტკიცებულებაა. მოსამართლეებად კი, ბოლო დროს, სულ უშიშროებისა და პროკურატურის, ანუ “ნაციონალებისთვის” მისაღები კადრები ინიშნებოდნენ. იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე მათ დავალებას არ შეასრულებდა, სჯიდნენ.

როგორ?
_ ურჩი მოსამართლე თბილისიდან, მაგალითად, გურჯაანში გადაჰყავდათ, რაც “ციმბირში გადასახლების” ტოლფასი იყო. მოკლედ, “ნაციონალებს” მოსამართლეები დაპროგრამებულები ჰყავთ! მთელი ამ სისტემის “რუხი კარდინალი” კი, ზურაბ ადეიშვილი იყო.

ადეიშვილმა სააკაშვილის კარზე ამხელა გავლენა როგორ მოიპოვა?
_ სააკაშვილი მას ენდობოდა, რადგან სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ადეიშვილი მის წინააღმდეგ არასოდეს წავიდოდა... ბიზნესის გარკვეულ სფეროებს ვანო მერაბიშვილი აკონტროლებდა. ე.წ. ნაყიდ პოლიტიკოსებსაც მერაბიშვილი, ასე ვთქვათ, კურირებდა _ არჩევნებამდე საქართველოში ძალიან ბევრი ოპოზიციონერი იყო, მაგრამ დღეს აღარ ჩანს. ისინი დაფინანსებას სწორედ ვანო მერაბიშვილისგან იღებდნენ.

ისე, ბევრს აინტერესებს, თუ რატომ არ გაიქცა მერაბიშვილი ქვეყნიდან...
_ ჩემი აზრით, ესეც გარკვეულ სქემაში ჯდება... თუკი ვანო მერაბიშვილი პასუხს არ აგებს, იგივე მოხდება, რაც ეგვიპტეში მოხდა, როცა მუბარაქი არ გაასამართლეს. როგორ შეიძლება, მერაბიშვილი არ გასამართლდეს? ჩიორა თაქთაქიშვილი გაიძახის, “ნაცმოძრაობაზე” ზეწოლა ხდებაო, მაგრამ რომელ ზეწოლაზეა ლაპარაკი? _ აბა, გაიხსენოს, არჩევნებამდე ყოფილა შემთხვევა, რომ პროკურატურას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოეთხოვა და სასამართლოს გირაო შეეფარდებინა? “ნაციონალებს” ხალხი დაკითხვაზე “ტრუსიკ-მაიკით” მიჰყავდათ, დღეს კი, ცივილურად იბარებენ და ესაა ზეწოლა? ისე, “ქართული ოცნება”, შეიძლება ქულებსაც კარგავს, რადგან ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართალში მიცემა მყისიერად არ ხდება...

ერთი სიტყვით, ნიკა, როგორც უფლებადამცველი, ამ ყბადაღებულ დაჭერებში პოლიტიკური დევნის ნიშნებს ვერ ხედავ?
_ ვერა! ბაჩო ახალაია რომ პასუხისგებაში მიეცა, ესაა პოლიტიკური დევნა?

ნიკა, არჩევნების შემდეგ, პროკურატურას რამდენი განცხადებით მიმართე?
_ თუ არ ვცდები, პროკურატურაში თხუთმეტი განცხადება შევიტანე. რამდენიმე საქმეზე, ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო, სარჩელი სასამართლოშიც შევიტანე.

მთავარი პროკურატურიდან რომელიმე განცხადებას რეაგირება მოჰყვა?
_ ჯერ დაკითხვაზე არ დავუბარებივარ, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება...