„ფილმმა - „ცხინვალი 1920“ არქივებზე დაყრდნობით უნდა გასცეს პასუხი რუსულ პროპაგანდას“

„ფილმმა - „ცხინვალი 1920“ არქივებზე დაყრდნობით უნდა გასცეს პასუხი რუსულ პროპაგანდას“

„ცხინვალი 1920“ ჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმი არ გახლავთ, ამ ფილმმა პროფესიონალურ დონეზე, არქივებზე დაყრდნობით უნდა გასცეს პასუხი რუსულ პროპაგანდას, რომელიც 1920 წლის მოვლენების გენოციდად წარმოჩენას ცდილობს.

ფილმის გადაღება სექტემბერში დასრულდება. „ცხინვალი 1920“-ზე მომუშავე ჯგუფის წევრები არიან ისტორიკოსები დიმიტრი სილაქაძე და დავით ხვადაგიანი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ფილმი რუსულად და ინგლისურად უნდა ითარგმნოს და არა მარტო ქართველებამდე, არამედ საერთაშორისო საზოგადოებამდე უნდა მივიდეს.

for.ge ვაჟა კიკნაძეს ესაუბრა.

რა დატვირთვა აქვს ფილმს „ცხინვალი 1920“, რამდენად გაუწევს წინააღმდეგობას რუსულ პროპაგანდას, რომელიც ოსების გენოციდში ქართველებს შეგნებულად ადანაშაულებს?

- ჩემი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი პასუხი ყველა სიყალბის მქმნელის მიმართ, რომელსაც უკან უდგას უზარმაზარი იმპერია, რომელიც ყველაფერს აკეთებს გაყალბების და მოსყიდვის გზით, მათ შორის, თვითონ საქართველოშიც ჰყავს ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება გვარი რუსული არ ჰქონდეს, მაგრამ მუშაობდეს რუსეთზე. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, სიყალბის მხილება აუცილებლად გავიდეს საქართველოს საზღვრებს გარეთ. თუ ჩვენ დავმშვიდდებით და ვიტყვით, რომ სიმართლე თავისთავად გაირკვევა, რადგან ჩვენ მართლები ვართ, ასე არ არის, მსოფლიოში ძალიან ბევრი დინებაა და, როდესაც ასეთი დიდი სახელმწიფო მთელი თავისი ფინანსური, ადმინისტრაციული, გონებრივი რესურსით ჩართულია ამ საქმეში, ჩვენ სიმართლის დამტკიცება მოგვიწევს. ეს ხომ აშკარაა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი მხოლოდ პატარა ანკლავებია რუსეთის შემადგენლობაში და ყველაფერი იგეგმება ჩრდილოეთის დედაქალაქში. ამიტომ ობიექტურად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, არ გვაქვს არაფერი დასამალი, ე.წ. თითქოსდა გენოციდი არის მორიგი რუსული მცდელობა, იქით დაგვადანაშაულოს, რათა მერე უფლება ჰქონდეს, სამხედრო გზით ჩაერიოს ვითომ გასაშველებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა საბჭოთა რუსეთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შექმნამდე 1920 წელს და ძალიან დიდ აგრესიას გამოხატავდა. როგორც კი მოიცალა 1920 წლისთვის, „თეთრი მოძრაობა“ დაამარცხა, იქით პოლონეთის მიმართულებით ვერაფერი გააკეთა, საქართველოს ჯერიც დადგა, ანუ გააგრძელეს ის, რაც ადრეც უნდოდათ, უბრალოდ, რამდენიმე წელი შეყოვნდნენ.

ამ ფილმის გადაღების პროცესში ჩართულნი არიან ისტორიკოსები, ახალგაზრდები, რომლებიც ენთუზიაზმით არიან სავსენი და სიმართლის დადგენა უნდათ. ასევე, არსებობს არქივები, ბევრი მასალაა კიდევ გამოსავლენი და ამ მასალას კარგად წარმოჩენა უნდა.

კონფლიქტის სათავე მეფის რუსეთის პერიოდიდან დაიწყო, მეფის რუსეთი აღვივებდა ამ შუღლს, მაშინვე რაღაც დასაყრდენი, ალბათ, იყო ოსებშიც და აფხაზებშიც, რომ ასეთ მცდელობას მიმართავდნენ.

- რაც შეეხება მეფის რუსეთს, სწორედ იქიდან დაიწყო ამ რეგიონების (და არა მარტო ამ რეგიონების) წახალისება. აფხაზეთში მასობრივად ხდებოდა რუსული მოსახლეობის ჩამოსახლება, ან ისეთი მოსახლეობის, რომელიც რუსეთში იდევნებოდა, მათ შორის, რელიგიური უმცირესობის. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელწოდების სერიოზულად დამკვიდრებას ცდილობდნენ. მართლაც, ქართველებიც კი მიეჩვივნენ ამ ტერმინს და მეფის რუსეთის დროს აღარ უწევდნენ წინააღმდეგობას ამ ტერმინოლოგიას. სინამდვილეში, არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობს, არ შეიძლება, ერთი ქედის გადაღმა ხურჯინივით იყოს ორი სახელმწიფო გადაკიდული. ეს იყო ხელოვნურად დამკვიდრებული ტერმინი და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სარგებლობდა იმ პრივილეგიებით, რასაც რუსეთი სთავაზობდა თუნდაც მონათვლისას. ორივე ამ რეგიონში დღემდე ძალიან ბევრია წარმართული, მუსლიმანური და ქრისტიანული მოსახლეობა. ქრისტიანობის საშუალებით მათი მოსყიდვა ხდებოდა. ცნობილია ფაქტები, რომ რუსები ფულს უხდიდნენ თითოეულ გაქრისტიანებულს, აფხაზები და ოსები მოისყიდეს გაქრისტიანების დროს. იმ პერიოდში არ შექმნილა ე.წ. ადმინისტრაციული ოლქები, მაგრამ აშკარად ხდებოდა ქართველების ხარჯზე მათი წახალისება, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ძალიან მკაცრი ზომებიც კი მიიღეს რუსებმა, როცა აფხაზებმა რამდენჯერმე მოაწყეს აჯანყება, გაანადგურეს და მასობრივად გადაასახლეს აფხაზები, მოუწყეს ე. წ. მუჰაჯირობა, დარჩენილი აფხაზების დაშინებაც ხდებოდა, მოსყიდვაც, უცხო ელემენტების ჩამოსახლებაც. თუნდაც ეკლესიური თვალსაზრისით, სულ იმაზე იყო საუბარი, რომ სოხუმის ოლქი შეერთებოდა ჩრდილო კავკასიას და არ ყოფილიყო ცალკე საეკლესიო ერთეული, რომელსაც მეტი კავშირი ჰქონდა საქართველოსთან.

რუსებმა იმით ხომ არ ისარგებლეს, რომ ჩრდილოეთიდან ჩამოსახლებული აფსუების და არამკვიდრი ოსების მართვა ადვილი იყო?

- ხალხთა შორის მიგრაცია ისეთი პროცესია, რომ ყველა სადღაც მიდის ხოლმე, მაგრამ იმაში არ არის საქმე, აფხაზები და ოსები მოსულები იყვნენ თუ არა ჩვენს ტერიტორიაზე, რუსული პოლიტიკა სარგებლობდა იმით, რომ საქართველოში ვერ მოხდა ამ ხალხის ინტეგრაცია. ჯერ ერთი, სახელმწიფო ჩვენ დაშლილი გვქონდა, გვიან საუკუნეებში ერთმანეთთან მიმდინარეობდა ბრძოლები, იმერეთი, სამეგრელო, ასევე, ქართლი, კახეთი, რა ამბავი იყო ერთმანეთს შორის ატეხილი. ცხინვალის რეგიონში ნელ-ნელა ხორციელდებოდა ჩამოსახლების ტალღები, ქართულმა სახელმწიფომ ვერ შეძლო თავის დროზე მათი ინტეგრაცია და ისინი მაინც განყენებულად ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე. შემდეგ ეს პოლიტიკურად გამოიყენა ჯერ მეფის რუსეთმა, მოგვიანებით უკვე უფრო სერიოზულად გამოიყენა საბჭოთა რუსეთმა, პირდაპირ შექმნა ავტონომიები, რაც ჩვენთვის დამღუპველი იყო. ახლად შექმნილ ავტონომიას ისეთი ტერიტორიებიც მიეთვალა, მათ შორის, შიდა ქართლში, შუაგულ ქართლში, რომელშიც ჩამოსახლებული მოსახლეობა უმრავლესობა კი არა, უმცირესობა იყო. ქართველები წერდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პროტესტს, რატომ მიგვათვალეთ ე.წ. ავტონომიას, როცა ჩვენ უმრავლესობას წარმოვადგენთ ამ რაიონებში, ყორნისი იქნება, თუ სხვა. ეს ხელოვნურად მოხდა საბჭოთა ხელისუფლების დროს. ჯერ კიდევ მეფის რუსეთში ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქართული გავლენა არ ყოფილიყო ამ რეგიონებში. ერთ მაგალითს გეტყვით, კირიონ მეორე როდესაც აფხაზეთში დაინიშნა სოხუმის ეპისკოპოსად, მთელი ამბავი ატყდა რუსეთში, კირიონ მეორე თვითონვე წერდა ამას თავის წერილებში, ის ამბობდა, აქ მე აფხაზთა ინტერესებს ვიცავ, ქართველთა ინტერესებს ხომ თავისთავად ვიცავ და მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს აფხაზურ ენაზეც ღვთისმსახურება, სასკოლო განათლების შემოღებაც, მაგრამ რატომ უნდა დაიჩაგროს ქართული მოსახლეობის ინტერესები?! ამასთან დაკავშირებით რუსეთში ერთი ამბავი ატყდა, „ზაგნალი კაზლა ვ აგაროდ“, ანუ ასე ამბობდნენ რუსეთში კირიონზე, რომ „თხა ბოსტანში შეუშვესო“. იგი ცოტა ხანს იმყოფებოდა იქ, ორი წელიც კი არ იყო, ამ დროს იქაური მოსახლეობის უმრავლესობა, მათ შორის, რუსებიც ითხოვდნენ, კირიონი აფხაზეთში დარჩენილიყო. მაშინვე ჩაიდო ეს ნაღმი, ადრიდანვე ფიქრობდა რუსეთის იმპერია, მომხდარიყო აფხაზებისა და ოსების განცალკევება ქართველებისგან, ჯერ იდეოლოგიურად, შემდეგ უკვე რეალურად.

პარალელურად, ოსებმაც გადაიღეს ფილმი იმის შესახებ, თითქოს ქართველებმა 1920 წელს მათ გენოციდი მოუწყვეს, ფილმში საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალ ვალიკო ჯუღელზეა აქცენტი გადატანილი, მაშინ, როცა ვალიკო ჯუღელი ოსთა სასტიკი რაზმების თარეშისგან იცავდა ქართულ მოსახლეობას.

- ამაშია საქმე, რომ ჩვენ დავაგვიანეთ ფილმის გადაღება, ეს უკან მიდევნებული ლამპარივითაა, ჩვენ უნდა მოველოდეთ ყველაფერს ამ იმპერიისგან ამ ანკლავების საშუალებით. ისეთი საოცარი და არაადამიანური სისასტიკე ხდებოდა ქართველების მიმართ, სხეულის ნაწილებს აჭრიდნენ ქართველებს, - რისთვის? იმ პერიოდში სწორედ ქართველები იყვნენ უმცირესობაში და ქართველები ვერ განახორციელებდნენ ოსების გენოციდს, პირიქით, მათ უწყობდა გენოციდს ის ხალხი, ვინც ზურგსუკან გამაგრებული იყო რუსეთის მიერ.

და იარაღსაც ოსები რუსებისგან ღებულობდნენ.

- იარაღსაც იღებდნენ. მაშინ არ იყო როკის გვირაბი, მაგრამ ცნობილია, რომ ჩრდილოეთიდან შემოდიოდა იარაღი გადმოსასვლელებით. ამას ემატებოდა წითელი აგიტაცია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩრდილო ნაწილი და შიდა ქართლის მთიანი ნაწილი სინამდვილეში გამოცხადდა საბჭოთა რესპუბლიკად, რომელიც უნდა მიერთებოდა რუსეთის ფედერაციას. ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო ვალდებული იყო, დაეცვა თავისი ინტერესები. რომელი სახელმწიფო დაუშვებდა იმას, რასაც რუსეთი ოსეთის ხელით ცდილობდა? ჯერ ამ ტერიტორიას მიუერთებდნენ, მერე კიდევ მეტის მიერთება მოუნდებოდათ, რასაც დღესაც ვხედავთ. ამიტომ ვალიკო ჯუღელი ძალიან სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს, სიმკაცრის საპასუხოდ სიმკაცრე ყოველთვის გამართლებული არ არის, მაგრამ სხვა გზა არ იყო. რამდენადაც ვიცი, არქივისა და სხვა მონაცემებით, ოსები დაუნდობლობით უსწორდებოდნენ არა მარტო ქართული ჯარის შენაერთებსა და ქართულ გვარდიას, არამედ იქ მცხოვრებ ქართველებს. მაგალითად, ნიკო კეცხოველის წინაპრებიც კი, რომლებიც ტყვიავიდან იყვნენ, საშინელ ფიზიკურ დასახიჩრებამდე მიიყვანეს. მძიმე მოგონებები ჰქონდა ბატონ ნიკოს ამასთან დაკავშირებით, პირადადაც მახსოვს ბავშვობაში ბატონი ნიკო. ეს ერთ-ერთი ცნობილი გვარი იყო ტყვიავიდან.

Katana . "- ოსებმაც გადაიღეს ფილმი იმის შესახებ, თითქოს ქართველებმა 1920 წელს მათ გენოციდი მოუწყვეს...
- ამაშია საქმე, რომ ჩვენ დავაგვიანეთ ფილმის გადაღება, ეს უკან მიდევნებული ლამპარივითაა."
!
ეს უბედურება გვჭირს: მხოლოდ ვრეაგირებთ!
ოსებს რომ არ გადაეღოთ, ალბათ, არც არასოდეს მოგვივიდოდა თავში ეს იდეა...
3 წლის უკან
trampi ნატოს ყოფილი მთავარსარდალი ჯეიმს სტავრიდისი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უფრო რეალური გახდება, თუ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედებების ბაზისი არ იქნება. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.




ვააააა .............................. ეს რა თქვა ამ შტერმა??
აკი აფხაზეთს და სამაჩაბლოს ნატო დაგვიბრუნებსო?? ...
.ეს კაცი უარზეა---- ჩვენი იმედი ნუ გექნებათო ...... ანუ პირდაპირ გვითხრა...................... დაემშვიდობეთ აფხაზეთს და სამაჩაბლოო
ვააააა ......................მალადეც აი................მალადეც ..............................ამ დაქნეულებს პირდაპირ რომ ეუბნები---- ხელებიც დაგვიბანიაო .
იქნებ ზოგზოგებმა ეხლა მაინც გაიგონ... გასაგები!!
3 წლის უკან