ვინ არის 2012 წლის

ვინ არის 2012 წლის "ბაბაიაგა" და ვის გადაეცა მიხეილ სააკაშვილის სახელობის არაადეკვატური სიცილის ჯილდო

იწურება დეკემბერი და გადავწყვიტეთ, გული არ დავწყვიტოთ ჩვენს მკითხველებს. გვინდა შევაჯამოთ 2012 წლის მოვლენები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სახუმარო ელფერსაც მივცემთ. ვინაიდან მთლიანობაში თითქმის უკვე განვლილი წელიწადი იმდენად მძიმე გამოდგა, რომ ამ საახალწლოდ ასეც ვერ გაგიფუჭებთ განწყობას, რომ გაგახსენოთ დაყადაღებები, ჩხუბები, თავ-პირის ლეწვა და არჩევნებამდე ქოთქოთით, ლანძღვითა და გინებით მოსული ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება; ამიტომაც ისევე, როგორც ადრე, ქართველებმა ახლაც იუმორით უნდა შევხედოთ იმას, რაც ჩვენს თავს ხდებოდა, ხდება და ალბათ მომავალშიც მოხდება. ასე რომ, ჟურნალი "რეიტინგი" წარმოგიდგენთ წლის ყველაზე ასეთებსა და ისეთებს...

წლის "ბაბაიაგა"

კონტროლის პალატის ხსენებაზე პოტენციურ დასაყადაღებლებს შიშის ზარი ჩაესმოდათ, პოლიტიკური სეირის ჩვეულებრივ მაყურებლებს კი მობეზრების გრძნობაც დაეუფლათ. მთავარი მაკონტროლებელი, ნათია მოგელაძე, რომელსაც სახის მიმიკებიც ისეთივე დავარცხნილი ჰქონდა, როგორიც თმა, თითქმის ყოველდღიურად გვევლინებოდა ტელევიზიით და გვარწმუნებდა, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ხალხის მოქრთამვით იყო დაკავებული. მისი საქმიანობის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იმდენი მილიონი ლარით დააჯარიმეს, რომ ადამიანებს თვლა აერიათ და მორიგი მილიონებიანი ჯარიმის დარიცხვა სასაცილოდ აღარ ჰყოფნიდათ. სატელიტური თეფშების დაყადაღებამ არაერთგზის მოჰგვარა ღიმილი მრავლისმნახველი ქართველი ობივატელის სახეს. მოკლედ, 2012 წლის პირველ ნახევარში იმდენჯერ გავიგეთ სიტყვა მოქრთამვა, დაყადაღება და დაჯარიმება, ხოლო ნათია მოგელაძის იმდენნაირი შარჟი ვნახეთ ინტერნეტსივრცესა თუ გაზეთებში, სადაც ის ძირითადად, "ბაბაიაგას" იმიჯით გვევლინებოდა, რომ ერთ-ერთ პირველ ნომინანტად სწორედ მოგელაძეს ვასახელებთ. სხვათა შორის, ამას წინათ "პალიტრა ტევეს" ჟურნალისტმა "გამოიჭირა" ერთ-ერთ ღონისძიებაზე და ყველას რომ ეგონა, ცოცხზე შემომჯდარმა დატოვა საქართველოს ტერიტორია და ვენაში იმყოფებოდა, ნურას უკაცრავად, მოგელაძე თურმე ისევ თავის კაბინეტში მჯდარა...

წლის "მესია"

ბიძინა ივანიშვილი ამ წოდებას ნამდვილად იმსახურებს. მართალია, საზოგადოებას, როგორც პოლიტიკოსი, 2011 წელს წარუდგა, თუმცა 2012 წელს, ჩვენი პოლიტელიტის საყვარელ ფრაზას გამოვიყენებთ და, "ნერვების ომი" სააკაშვილს პირწმინდად მოუგო. 80 მილიონი ლარი, რომლითაც დააჯარიმეს, უკანასკნელ თეთრამდე ჩაუთვალა სააკაშვილის მთავრობას და იქით ვალი დაადო, ეს კახეთში დაზარალებულებს გადაურიცხეთო. თანაც, უბრალო მოკვდავთათვის ეს საოცარია, მაგრამ მისი ჯიბე ამ მილიონების დაკარგვის შედეგად ოდნავაც არ შეთხელებულა. რაც ბიძინა ივანიშვილს ჯარიმები აკისრეს, იმდენი სიცოცხლე და გახარება თქვენ, მაგრამ ამ ყველაფერს გმირულად გაუძლო.

სულ ამბობენ, ქართველები მუდამ მესიას ელიანო. მას, ვინც ჩვენ მაგივრად იმუშავებს, მოგვცემს ფულს, გამოგვიწვდის დახმარების ხელს, ქვეყანასაც ჩვენ მაგივრად ააშენებს და ა.შ. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც თითქმის მთელი ოპოზიციის გაერთიანება მოახერხა და უნდა ვთქვათ ისიც, რომ ხალხმა სწორედ ბიძინას ხათრით მისცა ბევრ კანდიდატს ხმა. არჩევნების შემდეგ ცხადი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრს სულაც არა აქვს მესიობაზე პრეტენზია, თანდათან ეს ილუზიები იმსხვრევა და ვნახოთ, საზოგადოების თვალში გადამრჩენელად მოვლენილი ივანიშვილი თუ შეძლებს რეალურ პოლიტიკურ ლიდერად ქცევას.

წლის "მაზალო"

გოჩა ჩერტკოევი "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოიწვია. პროექტი სწორედ 2012 წელს დაიწყო და პირველი გადაცემა გაზაფხულზე გავიდა ეთერში. მაისში კი გამარჯვებული წყვილი გამოვლინდა - სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე. გოჩა ჩერტკოევი კი პროექტის აღმოჩენა და სახე გახდა.

მან თავისი უცნაური ჩაცმულობით პრესის ფურცლები მოიარა, ხოლო მაყურებელს განსაკუთრებული "თავანკარა" ქართულით დაამახსოვრა თავი. ჩერტკოევი მეორე სეზონის რამდენიმე გადაცემაში მოგვევლინა ჟიურის წევრად, თუმცა შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ეტყობა, ცოტა მოსწყინდა მეორე სეზონი, ისევე, როგორც მაყურებელს.

ამის მიუხედავად, 2012 წლის მთავარი გასართობი პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავებია", რადგან მან დიდი პოპულარობა მოიპოვა, გაჩეჩილაძეებისა და სხვათა სტუდიებს კი სამეჯლისო ცეკვების შესასწავლად ერთი ადგილის გაქნევის მოსურნეთა მთელმა არმიამ მიაშურა.

წლის "თინეიჯერი პოლიტიკოსი"

მართალია, 19 წლის შემდეგ ადამიანს თინეიჯერს აღარ უწოდებენ, მაგრამ ახლად გამომცხვარი პარლამენტარი მარიამ საჯაია ქუთაისის პარლამენტის წითელ სავარძელში მაინც ზედმეტად თინეიჯერულად გამოიყურება. მარიამს გარეგნობა არ დაეწუნება, ლაპარაკიც მეტ-ნაკლებად შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით ისევ სწავლობს და თავადაც აღიარებს, რომ არც გამოცდილება აქვს. წლის დასაწყისშივე ატყდა ერთი ამბავი, რომ სწორედ 21 წლის მარიამ საჯაიასთვის შეიტანეს ცვლილებები კონსტიტუციაში და ჩაწერეს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი შესაძლოა, 21 წლის ასაკის ადამიანიც გახდეს. რა­საკვირველია, ყველას ერთი შეკითხვა ეკერა პირზე, რატომ განხორციელდა ზე­მოხსენებული ცვლილება მაინცდამაინც მარიამისთვის? ის, რომ მარიამი ნაციონალების დიდი მეგობრისა და თავად ნაციონალი ნაზი არონიას ქალიშვილია, მთავარ არგუმენტად ვერ გამოდგება, ამიტომაც შეკითხვა კვლავ ღია რჩება. როგორც ამბობენ, მარიამი თავად პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტია, თუმცა პარლამენტარი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში უკვე აქტიურადაა ჩართული, ამას არ ეთანხმება.

წლის სიმღერა

"დასვიდანია, მიშამ" "იუთუბზე" ნახვის რეკორდი საქართველოს მასშტაბით ნამდვილად მოხსნა. ასიათასობით ადამიანმა სიცილ-კისკისით უყურა შალვა რამიშვილის მიერ მოფიქრებულ ვიდეოს. აზერბაიჯანელების მიერ ქორწილში შესრულებულმა "დავაი, დასვიდანიამ" ქართული ტექსტი მოირგო, სუფრასთან შეკრებილი "სასტავი" საქართველოს პრეზიდენტს უმღეროდა - "ნუ შეგვჭამე, დავაი, დასვიდანია, კაცი არ ხარ? დავაი, დასვიდანია..." პრეზიდენტის მომხრეებმა ეს კლიპი და სიმღერაც უნიჭო ხუმრობად შეაფასეს, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავებმა, ძალიან ვიხალისეთ.

"მიხეილ სააკაშვილის სახელობის არაადეკვატური სიცილი"

ნომინაციის უპირობო გამარჯვებულია თამარა ჩერგოლეიშვილი. მან წლის განმავლობაში არაერთი გადაცემა მოიარა და მაყურებელი გაოგნებული და ჩაფიქრებული დატოვა თავისი სიცილის გამო. ჩერგოლეიშვილის სიცილს სახალისოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. რომ უყურებ, როგორ იცინის, შენც არ გეცინება, პირიქით, მაგრად "იგრუზები". ლაშა ბუღაძემ მის სიცილს სპეციალური პასკვილიც მიუძღვნა, სადაც რამდენჯერმე იყო გამეორებული შემდეგი ფრაზა - "უშიშროების მდივნის ცოლი არამოტივირებული სიცილით დარბის თბილისის ქუჩებში". მოკლედ, თამარა ჩერგოლეიშვილმა ინტერნეტში გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის უნებლიე სიცილებიც კი დაგვავიწყა და ამაში ნამდვილად გადაუჯოკრა პრეზიდენტს.

წლის "აუღელვებელი"

ნინო ჟიჟილაშვილმა ისე ჩაატარა მთელი სატელევიზიო სეზონი თავისი "პოლიტმეტრით", რომ წარბიც არ შესტოკებია. უცნობია, იყენებს თუ არა ბოტოქსს ჟიჟი, როგორც მას საახლობლოში ეძახიან, მაგრამ მიმიკების ასეთი დამორჩილება მხოლოდ ზებუნებრივი ძალის ადამიანს თუ შეუძლია. კარგი იქნება, თუ ნინო ჟიჟილაშვილი თავის გამოცდილებას მომავალ ჟურნალისტებსაც გაუზიარებს. მაგალითად, ეტყვის, როგორ უნდა დასვა "გველური" შეკითხვა სრულიად მშვიდი სახით და გაგულისებული რესპონდენტის გამოწვევებსაც არ წამოეგო. მართალია, ერთხელ იმედი გაგვიცრუა ჟიჟიმ, როდესაც მისი რესპონდენტი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო და "პოლიტმეტრის" წამყვანმა ის მეტისმეტად დაინდო, არ დაუსვა არც ერთი პრინციპული შეკითხვა და ნიანგის ცრემლები აღვარღვარებინა თავის ეთერში, მაგრამ ეს აშკარად სხვა თემაა...