სახელმწიფოს ლეგიტიმურობა - სოციალური კონტრაქტი

სახელმწიფოს ლეგიტიმურობა - სოციალური კონტრაქტი

სახელმწიფოს და ხელისუფლების არსებობის აუცილებლობა ადამიანის არსებობის სასიცოცხლო მოთხოვნილებაა. ინგლისელი ფილოსოფოსის თომას გობსის თანახმად, ადამიანის სიცოცხლე იქნებოდა „სახიფათო, სასტიკი და ხანმოკლე“ პოლიტიკური ხელისუფლების არარსებობის შემთხვევაში. მის გარეშე ჩვენ ვიცხოვრებდით, ეგრეთ წოდებულ, „ბუნებით მდგომარეობაში“, როდესაც იარსებებდა რაიმე სახის საზოგადო წესრიგი და სადაც თითოეულს ექნებოდა შეუზღუდავი თავისუფლება, „ყველაფრის უფლების“ ჩათვლით, შესაბამისად, იქნებოდა დაუსრულებელი ომი „ყველა ყველას წინააღმდეგ“. ამ მდგომარეობაში ინდივიდის ქმედებები მხოლოდ მისი ძალის ზომითა და სინდისითა იქნებოდა შეზღუდული.

ჰოლანდიელმა იურისტმა და სახელმწიფო მოღვაწემ ჰუგო გროციმ, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, გამოიყვანა სოციალური აქსიომა, რომლის მიხედვით ადამიანი თავისი ბუნებით, სოციალურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისათვის შექმნილი თავისუფალი არსებაა. ამგვარი მოსაზრება სიახლეს არ წარმოადგენდა. ჯერ კიდევ არისტოტელე თვლიდა, რომ ადამიანი „პოლიტიკური ცხოველია“ და მას არ შეუძლია საზოგადოების გარეშე ცხოვრება. ანუ, ადამიანის მოთხოვნილება საზოგადოებრივ სივრცეში ცხოვრებაა, ოღონდ ისეთი გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების უფლება „ნეიტრალური სამართლის“ მეშვეობით.

ალბათ ამგვარ სამართალზე საუბრობდა 2400 წლის წინ სოკრატე კანონმდებლობასთან დაკავშირებით როცა ამბობდა, რომ - კანონიერება „მოსახლეობის ერთი რომელიმე ფენის კეთილდღეობას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მთელი საზოგადოებისას. შეგონებით თუ იძულებით, ის უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის ერთიანობას, რათა ისინი ერთმანეთისათვის სასარგებლონი იყვნენ იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ ამით არგონ მთელ სახელმწიფოს. კანონები იმიტომ კი არ წესდება, რათა საშუალება მიეცეს ვისაც რა მოეპრიანება, ის აკეთოს, არამედ იმიტომ, რომ მათ სახელმწიფოს გაძლიერებას და განმტკიცებას უნდა შეუწყონ ხელი“.

განმანათლებლობის ეპოქაში წარმოიშვა თეორიათა ჯგუფი, რომელთა მეშვეობითაც არის მცდელობა აიხსნას, თუ რატომ აყალიბებენ და იცავენ ადამიანები სახელმწიფოებსა და საზოგადოებრივ წესრიგს, ნებაყოფლობით ამბობენ უარს გარკვეული უფლებებისა და ძალაუფლებების გამოყენებაზე და მათ სახელმწიფოს გადასცემენ, სანაცვლოდ კი, კანონის ძალით, უსაფრთხოებასა და წესრიგს იღებენ. ამგვარ თეორიას სხვაგვარად სახელმწიფოს ლეგიტიმურობის თეორიას უწოდებენ და ტერმინით „სოციალური კონტრაქტით“ აღნიშნავენ.

რა თქმა უნდა, განმანთლებლობის პერიოდის, ΧVΙΙ-ΧVΙΙΙ საუკუნის წარმოდგენებს ΧΧΙ საუკუნეში გარკვეული შეფერილობა შეემატება, თუნდაც თვითრეალიზების პირობების შექმნით, თუმცა არსი იგივე რჩება -„სოციალური კონტრაქტი“ დაუწერელი, იდეური დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც ხდება საზოგადოების მოლოდინების აღსრულება სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით.

„სოციალური კონტრაქტის“ იდეა ნებისიერი სახელმწიფოს მენტალური ნაწილია. ჩვენთვის საინტერესოა, რამდენად შეესაბამება საქართველოს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის თეორიული სოციალური კონტრაქტის პირობების აღსრულება შეკვეთა-მოთხოვნა-მოლოდინს? რამდენად ამართლებს „სოციალური კონტრაქტის“ უშუალო აღმასრულებელი - ქვეყნის ხელისუფლება, საზოგადოების მოლოდინებს?

2020 წლის ოქტომბერში საქართველს მოსახლეობამ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, რიგით მეოთხე სახელისუფლებო გუნდის პირობებში, მეათე მოწვევის პარლამენტი უნდა აირჩიოს.

მართალია, გასული 30 წლის მონკვეთში, რთული იყო პლატონის იდეების სამყაროში წარმოდგენილ „იდეალურ სამყაროსთან“, თომას მორის „კუნძული უტოპიის“, ან ტომაზო კამპანელას „მზის ქალაქში“ ასახულ პირობებთან მიახლოება, თუმცა, როგორც ჩანს, ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ ჩარჩოებში ცხოვრების წესებს კიდევ დიდხანს ვერ გავცდებით.

 თუ საქართველოს მმართველი გუნდების გენეზისს გადავხედავთ, მათგან მხოლოდ ერთი, გამსახურდიას ხელისუფლება იყო, უშუალოდ, საზოგადოებიდან წამოსული ხელისუფლება. 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საქართველოს ყველა ხელისუფლებაში, კომუნისტურ-ოლიგარქული წარსულ-მენტალიტეტის მქონე პირების და მათი პირდაპირი მემკვიდრეების აშკარა სიჭარბეა.

უსამართლობა იქნებოდა არ გვეთქვა - უზენაესი საბჭოდან დღემდე მმართველი გუნდების ცვლილებებს გარკვეული და ხშირად მნიშვნელოვანი დადებითი გადაწყვეტილებები ახლდათ.

გამსახურდიას მმართველობისას გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა... შევარდნაძის პერიოდში - დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, კონსტიტუციის მიღება, ეროვნული ვალუტის შემოღება... სააკაშვილის მმართველობის ხანა გამოირჩეოდა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდით, კორუფციის შემცირებით, კრიმინალის მაქსიმალური შეზღუდვით, უმაღლეს სასწავლებელში მისაღები ინოვაციური წესებით... თავის მხრივ, ივანიშვილის ხელისუფლებამ საკუთარი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში: საყოველთაო დაზღვევა, თავისუფალი საარჩევნო გარემო, რეფორმები სოფლის მეურნეობაში (ყველაზე კარგი გამოხატულება მიწის ფასის ზრდა უცხოელებზე გაყიდვის მოროტორიუმის პირობებში), საბანკო პროცენტები მნიშვნელოვნად შემცირდა (შემდეგ კვლავ მოიმატა)....

სასიკეთო მოვლენების თანმხლები, ცალკეული მმართველობის პერიოდის გამოკვეთილი ნეგატიური მომენტების ჩამოთვლა საჭირო არ არის, რადგანაც ყველა დადებით-უარყოფითის შემაჯამებელი მაჩვენებელი შეიძლება გამოიხატოს ერთი უტყუარი ინდიკატორით - ასაკში შესული ადამიანების კეთილდღეობაზე სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებით, რაც, მატერიალური სახით, მათი პენსიის სიდიდესა და ზრდის დინამიკაში აისახება.

ამ მაჩვენებლით საქართველოს მოქალაქეები არა მხოლოდ „თანამეინახე“ საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნებთან, არმედ რვა წლის წინანდელ საკუთარ ნომინალთანაც ვაგებთ. 2012 წელს პენსიის რაოდენობა 150 ლარი - 90 აშშ დოლარამდე იყო, ხოლო ახლანდელი მაჩვენებელი 72 აშშ დოლარს ვერ აღწევს. შესაბამისად შემცირდა იმ პროდუქტების რაოდენობა, რის შეძენასაც ადრე ახერხებდა პენსიის იმედად მყოფი ადამიანი. ჩვენ რეალობაში პენსიონერი, ორუელის ცხენი ბოქსერივით, ტყავისმხდელის ხელში აღმოჩნდება, რომელიც ცხრაპირ ტყავს აძრობს მას (და არა მხოლოდ პენსიონერს) მედიკამენტებზე უსწაფესად მზარდი ფასების მეშვეობით.

საზოგადოების კეთილდღეობის მეორე, უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი - ხელფასის სიდიდეა. დასავლური სტანდარტების დამკვიდრების მცდელობის, კომუნალური თუ ენერგომატარებლების ტარიფების, საკვებ პროდუქტებზე ფასების ევროპის ქვეყნებთან მიახლოების მიუხედავად, თვიურად 1500 ლარიანი (დაახლოებით 500 აშშ დოლარის ექვივალენტი) ხელფას-შემოსავალი, საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილისათვის ოცნების ზღვარს მიღმა რჩება. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მაქსიმუმ 700-800 ლარიან (230-250 აშშ დოლარის ექვივალენტი) ხელფასს იღებს, მაშინ როდესაც მათი დამსაქმებელი ათეული ათასობით ლარის შემოსავალს იჯიბავს ყოველთვიურად. დასაქმებულის მონურ მდგომარეობას ამყარებს ისიც, რომ არსებული შრომის კოდექსის მიხედვით, გარკვეული ფორმალობის დაცვით, დამქირავებელს შეუძლია დასაქმებულის ნებისმიერ დროს გათავისუფლება ერთი თვის ხელფასის საკომპენსაციო თანხის გადახდით; ხელისუფლება საერთოდ არ აღიარებს უმუშევრის ცნებას, რაც აშკარად გამოჩნდა პანდემიის დროს სოციალური პროგრამის განაწილებისას; ქვეყნის პირველი პირი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე, ოთხ წელიწადში აყვავება-დაფულიანების პირობას დებდა, შვიდი წლის შემდეგ მოსახლეობას საზღვარგარეთ წასვლას და დასაქმებას ურჩევს, თანაც ამაში გარკვეულ ხელშეწყობასაც პირდება...

დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა უკვე ნეგატიურობის კი არა, სრული უსუსურობის კონსტანტირებაა.

ამ ფონზე მკვეთრად და სტაბილურად უმჯობესდება ხელისუფლებაში მოხვედრილი ადამიანების, მათი უახლოესი გარემოცვის, ერთი მუჭა ბიზნესმენთა კეთილდღეობა.

 მსგავსი გამოკითხვის ჩატარების შემთხვევაში გამოჩნდება, რომ მოსახლეობის უმეტესობისათვის, ხელისუფლებაში ყოფნა, უწინარესად, ასოცირდება საზოგადოების ხარჯზე პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან, ბიზნესმენების გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერასთან და არა ქვეყნისა და ერის (გინდაც საზოგადოების) სამსახურთან.

შევარდნაძის პერიოდში კახეთში მორიგი, ვითარების ამსახველი ანეგდოტი „დატრიალდა“, რომელიც აქტუალურობას დღესაც არ კარგავს: მიხომ სოფელში გამოაცხადა - ხალხო, თქვენ მაინც დედა გაქვთ ნატირები (კახურად „ოდნავ“ უხეშადაა) და პარლამენტისთვის ხმა მამეცით, იქნებ მე მაინც მეშველოს რამეო.

საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი გუნდები ერთი საერთო ნიშნითაც გამოირჩევიან: ხელისუფლებაში მოსვლამდე უამრავი პატრიოტულ-სოციალურ-სამართლებრივ ლოზუნგებ-დაპირებებით... გარკვეული დროის შემდეგ, კანონისა და ზნეობის ნორმებისაგან მცირედი გადახვევებით. პლატონის მეგობრის, ადამანტესი არ იყოს, „ერთ „ოდნავს“ მეორე ემატება, მეორეს – მესამე და ასე შემდეგ; მათი ჯამი ერთ უხეშ შეცდომად იქცევა“-ო. საკუთარი ან ახლობლის პირადი კეთილდღეობის მიზნით მცირედ მოწიწკნილს, წაციცქნულს, წამაიმუნებულს, კიდევ მწიკვი ემატება და ხელისუფლებაში მეორე ვადით დარჩენის წინ უკვე კარგად ჩამოყალიბებულ, ზრდასრულ ორანგუტანგს ვიღებთ, რომელიც შემდეგ ვადაში, უკვე „მდიდარი გამოცდილების“ მეშვეობით, უფრო ლაღად შლის ფრთებს, რადგან მისი შემაკავებელ-შემბოჭავი ნამუსის ძაფი გაწყვეტილია და გარემოცვაც ლოკალურად წარმოქმნილი განცხრომის არომატით არის დამტკბარ-გაბრუებული. (ვინმემ არ თქვას, ფრთიანი მაიმუნი არ გვინახავს და არც გაგვიგიაო).

წამოზრდილ და ფრთაშესხმულ მაიმუნს აღარ სურს თბილი ნავსაყუდელის დაკარგვა და იწყება ხელისუფლების შენარჩუნება-გახანგძლივებისათვის ბრძოლა. ამისათვის მოგონილ-გამოყენებულ მეთოდების, საშუალებებისა და ხერხების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ, მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია მრავალი თვალსაჩინო მაგალითიდან გამომდინარე.

სახელისუფლებო გუნდისა და ადამიანების ამგვარი გენეზისი მხოლოდ არსებული პოლიტიკური ელიტის პიროვნული თვისებების ბრალი არ უნდა იყოს. საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღწერილი არასასურველი დინამიკის განვითარება, მნიშვნელოვანწილად, საკუთარ თავსაც უნდა დააბრალოს. სხვადასხვა ფორმით, რელიგიურობის დემონსტრირების სანაცვლოდ, უმჯობესი იქნებოდა იმავე რელიგიის სწავლებანიც გავცნობ-წაგვეკითხ-გადაგვეკითხ-გაგვეთვისებინა, კერძოდ, მეორე მცნება - „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ“.

ხელისუფლებაში მისვლიდან ცოტა ხანში როგორც სხვა მსგავს ქვეყნებში, ისე საქართველოშიც, მმართველი გუნდის გარშემო წარმოიშვება „პროგრესულ-დინამიურად“ მზარდი ქვემძრომ-მომლიქვნელო - „დამცველ“-„მხარდამჭერ“-თაყვანისმცემელთა მნიშვნელოვანი კასტა, რომელიც ოსტატურად ახერხებს სუზერენის ირგვლივ ერთგვარი „კომფორტ-სიამოვნების კაფსულის“ შექმნას და მოსახლეობის მიერ მცირე უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევაშიც თავგამოდებით გაჰკივის: „თქვე უმადურებო, რამდენი რამ გაგიკეთათ მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელი არს არქიფო, ედუარდ, მიშა, ბიძინა, ადოლფა, პოლ-პოტი, ბოკასა“... და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ „მოწოდებებს“, „ბელადისადმი“ ერთგულების დასამტკიცებლად, „პოლიქრინიონის“ ძახილით ისეთი კატეგორია უერთდება „შენ რო გატანჯული და გაუბედურებული გგონია“-ო. და მოსე ზამთარაძის არ იყოს, იფიქრებ - „უნდათ ალბათ ყმობა და მონობა, თვარა, აგერ გზა და აგერ სავალი - იჭერს ვინმე?“

ხელისუფალს, მის კალთებთან „ძუძუს გოჭებივით“ მიმსხდარ გუნდს, უჩნდება სურვილი უგულებელყოს ამომრჩევლის, უფრო სწორედ მისთვის სამუშაოს მიმცემის, დამსაქმებლის ძირითადი მოთხოვნა - სახელმწიფოში სამართალზე, კანონიერებაზე დაყრდნობილი ურთიერთობების დამკვიდრება-გაძლიერება. ხელისუფლების გადმოსახედიდან „სოციალური კონტრაქტის“ პირობების შეხსენება-შესრულება კი არა, მისი არსებობაც არავის ანაღვლებს.

ძნელია იმსჯელო როგორ განვითარდებოდა მმართველობითი აპარატი გამსახურდიას ხელისუფლების სრული ვადის შემთხვევაში, მაგრამ აშკარაა, რომ შევარდნაძემ „წარმატებით“ მოახერხა საბჭოთა სტრუქტურების „შერწყმა-შეთავსება“ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან.

თითქმის უცვლელად გრძელდება სახელცვლილი ცეკასა და რაიკომის მდივნების ჰეგემონია, რომლის ერთმმართველურ რეალობას საკანონმდებლო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევითობის დემოკრატიულობის აურა ნიღბავს მცირედ.

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ხელისუფლება რამდენჯერმე შეიცვალა, ქვეყანას კურირებ-პარტნიორობ-ხელმძღვანელობენ დემოკრატიული ღირებულებებით ცნობილ-ფლაგმან-დაფასებული ქვეყნები, ყოველი ახალი ხელისუფალი თავს ვალდებულად თვლის აუცილებლად შეაფასოს კომუნისტური წარსული უკანასკნელი სიტყვებით და თავი, დედის მუცლიდან, დასავლური დემოკრატიული ღირებულებების ერთგულად წარმოადგინოს, თანამედროვე საქართველოს მმართველობის სისტემა საბჭოთა პერიოდის მმართველობის ჩარჩო-მონახაზ-აგებულებას არა თუ გაცდა, არამედ რაღაც, „ველური კაპიტალიზმის“ პერიოდის თვისებები შეძინა და გარკვეული „ხეიბარი დემოკრატიის“ ფორმით ჩამოყალიბდა.

დემოკრატიის მიმართულებით მოძრავი თანამედროვე სახელმწიფოს ნორმალური არსებობის წინაპირობა ხელისუფლების დანაწილებაა (ჯონ ლოკი, მონტესკიე), რაც, როგორც წესი, ორი პრინციპით ხდება, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ჰორიზონტალური გულისხმობს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების გამოყოფას და არსებობას, ხოლო ვერტიკალური ცენტრალურ, რეგიონალურ, მუნიციპალურ და რაიონულ ხელისუფლებას. ამ პრინციპით, ხელისუფლების შტოები დამოუკიდებელნი არიან და არ ერევიან ერთმანეთის საქმიანობაში, რაც მათი ძალაუფლების ეფექტურ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ამ მექანიზმს გაწონასწორებისა და შეკავების მექანიზმი ეწოდება, როდესაც, ხელისუფლების შტოებს არ ეძლევათ საშუალება მოახდინონ ძალაუფლების უზურპაცია.

დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომ ძალაუფლების წყარო იყოს ხალხი. ხალხი უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით ახორციელებს ძალაუფლებას. უშუალოდ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა გულისხმობს რეფერენდუმის, პლებისციტის, თუ საკანონმდებლო ინიციატივის მეშვეობით ხალხის ჩართვას ქვეყნის მართვაში. წარმომადგენლობითი დემოკრატია არის არჩევნების გზით ხელისუფლების ორგანოების ფორმირება (მაგალითად, საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ადგილობრივი არჩევნები).

არჩევნებიდან არჩევნებამდე ხალხი წარმომადგენლობით და მათ მიერ დანიშნულ სამთავრობო-აღმასრულებელ სტრუქტურებს აკონტროლებს სამოქალაქო სექტორი პრესის (როგორც საინფორმაცო საშუალების) და საზოგადოებრივი ორგანიზაციების (როგორც გარკვეული დაინტერესებული ჯგუფების) მეშვეობით.

სახელმწიფოს სიძლიერის ამსახველი, ტირანიისაგან და არა ზნეობრივი ნორმებისაგან, თავისუფალი საზოგადოებაა. თავის მხრივ, საზოგადოების სიძლიერეს დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი განაპირობებს. სამოქალაქო სექტორის ძირითადი ელემენტები, დარგობრივი, პროფესიული, თემატური ინტერესების მიხედვით წარმოქმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციებია, რომელიც შედგება თავისუფალი მეწარმებისაგან ან დამოუკიდებელი ადამიანებისაგან, რომელთაც მეტ-ნაკლებად სტაბილური შემოსავლის წყარო გააჩნიათ; ამ შემოსავლის წყაროს გარანტორი კი, მნიშვნელოვანწილად, საკანონმდებლო ბაზა და თავისუფალი სასამართლოა.

ხელისუფალს, რომელიც მმართველობის პერიოდში უამრავ არასახელმწიფოებრივ-არასამართლებრივ, კანონთან, მორალთან და ზნეობასთან შორს მდგარ ქმედებებს ჩადის, უჩნდება სურვილი, სხვადასხვა ფორმით, გაიხანგძლივოს თავისი მმართველობის პერიოდი, უპირველესად ცდილობს სასამართლო ხელისფლებაზე, შემდეგ კი სამოქალაქო სექტორზე სრული კონტროლის მოპოვებას. გასაგებია, რომ ასეთ პირობებში მმართველი რეჟიმი მოკლებულია საზოგადოებრივ კონტროლს და რეალურად სხვადასხვა ტიპის უზურპატორ-მჩაგვრელ რეჟიმად ყალიბდება, ზოგ შემთხვევაში ისე, რომ სრულებით არ არის საჭირო შეიძინოს პირსისხლიანი დიქტატურის ფორმა.

ჩვენს ქვეყანაში, 1992-წლიდან მოყოლებული, როგორც ხელისუფლების შტოებზე, ისე სამოქალაქო სექტორზე, კონტროლის დამყარების მცდელობები, სხვადასხვა, მეტ-ნაკლებად მსგავსი შედეგებით, ყველა ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა ხდებოდა. შესაბამისად, დემოკრატიულობის რელსებზე გადასვლიდან 30 წლის შემდეგაც, კვლავ კომუნისტურ მმართველობის ჩარჩოების საზღვრებსაც ვერ ვცილდებით.

წარსულის და აწმყოს დახასიათება ისეთი სავალალო არ ჩანს (შეიძლება ერთგვარ „მავნე“ გამოცდილებაში გავატარეთ), როგორც მომავლის პერსპექტივა. ჯერჯერობით არც ერთი პოლიტიკური ძალა არ აფიქსირებს ხელისუფლების ფაქტობრივი ძალაუფლების დანაწილების, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრების და მისი თავისუფალი არსებობის ხელშეწყობის აუცილებლობას. არც ერთი საარჩევნო სუბიექტიდან არ ჩანს ვითარების ძირეული, სისტემური შეცვლის სურვილი, მხოლოდ რაღაც დეტალების გაუმჯობესებაზეა საუბარი. არანაირი ნიშანია იმისა, რომ მეტ-ნაკლებად ძლიერი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ძალა აღიარებდეს არსებულ ძირეულ პრობლემას, მის მნიშვნელობას და საკითხის გადაწყვეტის რაციონალურ გეგმას თავაზობდეს მოსახლეობას. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ოპოზიციურ ძალებს მმართველ გუნდზე არანაკლებ აწყობთ სტატუს-ქვო და ერთი სული აქვთ, როდის ჩაანაცვლებენ არსებულ ხელისუფლებას თბილ კერიასთან.

ამგვარად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა ერთგვარი პოლიტიკურ-მმართველი „ელიტა“, რომლის მიერ „სოციალური კონტრაქტის“ პირობებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მხოლოდ უახლოეს გარემოცვას აკმაყოფილებს. როგორც ჩანს, ვითარება ხელისუფლების ცვლამაც შეიძლება ვერ გამოასწოროს, თუნდაც იმიტომ, რომ უახლოეს მომავალში, ურუგვაის ყოფილი პრზიდენტის - ხოსე მუხიკას მსგავსი ფიგურების სიმრავლე ქართულ პოლიტიკას „ნაკლებად ემუქრება“ .

შესაძლოა, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზებიც არსებობს, ჩემი მხრიდან საზოგადოებას, სადაც საკმარისზე მეტია თავისუფალი, გონიერი და წესიერი ადამიანი, ერთ სქემას შევთავაზებ, კერძოდ:

უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სისტემა-პირობები, რომ ხელისუფლებაში მოხვედრილი ადამიანი თავად დაინტერესდეს ხელისუფლების გადანაწილებით, სასამართლოს დამოუკიდებლობით, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო სექტორის არსებობით. ამისათვის აუცილებელია კონსტიტუციურად შემცირდეს მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტი - დრო, ანუ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. კერძოდ, პრეზიდენტი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ორგანოს დეპუტატები, აღმასრულებელი ორგანოს უმაღლესი პირები - მინისტრები და მათი მოადგილეები თავიანთ თანამდებობებს უნდა იკავებდნენ ზედიზედ მხოლოდ ერთი ვადით. შესაძლებელია ვადის გაზრდა 5 წლამდე. დეპუტატს უნდა მოეხსსნას იმუნიტეტი. „ხალხის რჩეულის“ პენსია უნდა შეესაბამებოდეს ჩვეულებრივი მოქალაქის პენსიას.

პარალელურად, აუცილებელია, მოსამართლეთა არჩევითობაც, პირველი დონის სასამართლოებიდან იუსტიციის საბჭოს ჩათვლით. შევარდნაძის ეპოქის კორუმპირებული მოსამართლეები სააკაშვილმა 28-29 წლის მოსამართლეებით ჩაანაცვლა და ახალგაზრდა იურისტებს, კანონის სახელით, არასამართლებრივი და ამორალური ქმედებები ჩაადენინა. ივანიშვილის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ადამიანები (არა მხოლოდ მოსამართლეები) სააკაშვილის პერიოდში იმიტომ იქცეოდნენ უკანონოდ და უზნეოდ, რომ მაშინ დრო იყო ასეთი და ახლა კარგები გახდნენო?!... მიუხედავად ამისა, როგოც ჩანს, მოსამართლეთა შორის საკმაოდ არიან ღირსეული ადამიანები და ალბათ, არჩევნები ამას უკეთესად გამოავლენს. აღნიშნული საკითხი იმდენად ფაქიზი და სპეციფიკურია, რომ მისი დამუშავება პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანების გარეშე წრმოუგენელი იქნება. თუმცა ცალსახაა, რომ დღევანდელი სახით არსებული, კლანური აურის მქონე სასამართლო სისტემა, აუცილებლად შესაცვლელია.

რატომ შეიძლება მოახდინოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადის შეზღუდვამ დადებითი გავლენა ქვეყნის განვითარებაზე?

ა) მმართველი გუნდი ვერ მოასწრებს პოზიციების ისე გამყარებას, რომ დაიქვემდებაროს ხელისუფლების ყველა შტო, აკონტროლოს მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

ბ) შიში-სიფრთხილე; უკანონობის ჩადენის შემთხვევაში, ხელისუფლებაში მყოფის შემცვლელი, დიდი ალბათობით, რეაგირებას მოახდენს დანაშაულზე და მას პასუხისგება მოუწევს.

გ) სახელმწიფო მოღვაწე-მოხელე შეეცდება მაქსიმალურად ხელი შეუწყოს სასამართლოს, მედიის, საზოგადოებრივი სექტორის დამოუკიდებლობა-განვითარებას, მიიღოს მონაწილეობა ეკონომიკის, ფინანსურ-საკრედიტო, სოციალური სისტემის და სხვა მიმართულებების, საზოგადოების და არა ცალკეული პირის ინტერესების შესაბამისად, რეგულირების შემუშავებაში, რადგანაც ეცოდინება, რომ შემდგომი წლებში მასაც, დეპუტატის ან მინისტრის მანდატის გარეშე ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში მოუწევს ცხოვრება, როგორის ჩამოყალიბებასაც თავად შეუწყობს ხელს მმართველობის პერიოდში.

დ) მლიქვნელ-გამომრჩენთა კასტა, ბიუროკრატიული დაჯგუფებები, ვეღარ მოასწრებენ მმართველი ჯგუფის ირგვლივ ჩამოყალიბება-კრისტალიზებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კორუფციის ელემენტების წარმოქმნა-გამყარება-გაჯერების შესაძლებლობას ქვედა რგოლებშიც.

ქვეყნის მართვის სრულყოფისათვის თუ ვინმე უფრო ფუნდამენტურ პრობლემას დაასახელებს და საკითხის გადაწყვეტის უკეთეს ხერხს წარმოადგენს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. ფაქტია, რომ დროა, ჩვენ ქვეყანაშიც ხელისუფლება ისე საქმიანობდეს, რომ სოციალური კონტრქტის ყველაზე უმნიშვნელო პირობების შესრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დარჩეს.

არსებულის უცვლელად დატოვების, ან მისი მცირედ შელამაზების შემთხვევში, ჩვენ ყოველ ოთხ წელიწადში ხელისუფლებას კი არ ავირჩევთ, არამედ ბატონის უფლებებს და საკუთარ მონურ მდგომარეობას გავაფორმებთ „ვალმოხდილი ამომრჩევლის სუფთა სინდისით.“ და შემდეგ ვივლით, ვივლით, ვივლით და გულწრფელად ვიბღავლებთ -

პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ!!!