ვინ არის წლის კამიკაძე და წლის ჯაკუზა

ვინ არის წლის კამიკაძე და წლის ჯაკუზა

წლის "ჯაკუზა"
ჯაკუზის მნიშვნელობას დავით აქუბარდია ერთ-ერთ თავის რესპონდენტს, ფრიად სერიოზულ ადამიანს, ბიძინა სავანელს დიდი მონდომებით უხსნიდა, უხსნიდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ აუხსნა. "იქ ცხოვრობდნენ ახალაიები, ჯაკუზები ჰქონიათ. იცით, ჯაკუზი რა არის? ეს აუზია, თეთრია და უზარმაზარი, სადაც შეგიძლია, რამდენიმე კაცთან ერთად იბანაო, თან შხეფებიც მოდის..." აქუმ ასეთი პასუხი გასცა რესპონდენტის შეკითხვას, ჯაკუზი რა არისო.

წლის "ტელეგანხეთქილება"
"ჯეოსტარი" ეკრანიდან გაუჩინარდა. სანამ მარინა ბერიძე და მისი გუნდი ზემოხსენებული ტელეგადაცემის ჯეროვნად გამოტირებას მოახერხებდნენ, გიორგი ხაბურზანიამ, ისე, რომ ტელევიზიის მუსიკალურ ხელმძღვანელს არ შეუთანხმა, "საქართველოს ვარსკვლავის" მომზადება დაიწყო. ამან გამოიწვია გაუგებრობების მთელი კასკადი. მარინა ბერიძემ მოჰკიდა ხელი თავის ათკაციან გუნდს და "იმედზე" გადაინაცვლა. მოგვიანებით გიორგიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას მარინა ბერიძის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მარინა ბერიძემ კი ასევე "რეიტინგთან" განაცხადა, რომ ამ წარმატებული გუნდის დაშლა ვიღაცების ინტერესში შედიოდა.

წლის "ამხელა ფული რაში დაიხარჯა?!."
"ვერის უბნის მელოდიების" დასადგმელად ფრანგი რეჟისორი და ქორეოგრაფი რედა ბენტიფორი გვესტუმრა. "ქეთო და კოტეს" შემდეგ "ვერის უბნის მელოდიები" უდავოდ წინ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი იყო. "ქეთო და კოტეზე", როგორც ცნობილი გახდა, სამ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ამბობენ, დაახლოებით ამდენივე, ცოტა ნაკლებიც კი დაჯდა "ვერის უბნის მელოდიები". სპექტაკლი საბოლოო ჯამში ურიგო არ გამოვიდა, ის ჯერ ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკალურ ცენტრში აჩვენეს, შემდეგ კი, სექტემბერში, თბილისის ფილარმონიაში გადმოინაცვლა და უფრო მასშტაბურიც გახდა. "ვერის უბნის მელოდიებს" პოლიტიკა მაინც დაუკავშირდა, მიუხედავად იმისა, რომ ასე შეფუთვა და წარმოჩენა არც ხელისუფლებას აწყობდა და არც სპექტაკლის მონაწილეებს. ინტერნეტში სოფო ნიჟარაძისა და რამდენიმე სხვა შემსრულებლის სკანდალური ფოტოები გამოჩნდა, სადაც ისინი რეპეტიციას 5-იანის გამოსახულებიანი მაისურით გადიოდნენ. გაჩნდა ფრიად ლეგიტიმური შეკითხვა, თუკი "ქართული ოცნების" აქტივისტებს დღეგამოშვებით აჯარიმებდნენ ამა თუ იმ მიზეზით, რატომ არ დააჯარიმეს მსახიობები, რომლებმაც ბიუჯეტით დაფინანსებული სპექტაკლის დროს წინასაარჩევნო აგიტაცია გასწიეს?!. თბილისური პრემიერის ბოლო დღეები პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებას დაემთხვა და ფილარმონიაში მისულ მაყურებელს ლამის კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს, ხოლო დარბაზში შეპარულმა რამდენიმე ახალგაზრდამ სცენაზე სპექტაკლის დაწყების წინ ცოცხები დაყარა.

წლის "სუბიექტური ჟურნალისტი"
შალვა რამიშვილმა თავადვე განაცხადა, რომ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს გულშემატკივრობდა.

შალვას "სუბიექტურ აზრს" მთელი წელი დიანა ტრაპაიძე ანეიტრალებდა შეძლებისდაგვარად, თუმცა რამიშვილს თავისი ადგილი აქვს ქართულ ჟურნალისტიკაში. შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის იქ დგას, სადაც რევოლუციის, ხელისუფლების გადაყენების, გამოცვლის სურნელი ტრიალებს. ასეთ ჟურნალისტებს ყოველთვის ცხელი წერტილებისკენ მიუწევთ გული და მაშინ არიან მაგრები, როდესაც ჰაერის ტემპერატურა არანაირი ხელსაწყოთი აღარ იზომება, სიტუაციის დაწყნარების შემდეგ კი მუდმივად საკუთარ ადგილს ეძებენ.

წლის "ტელევიზიისთვის შეუფერებელი წყვილი"
თეონა გეგელია და გიორგი კობახიძე "მეცხრე არხის" დილის ეთერში გამოჩნდნენ. პოლიტიკური დილა სწორედ ამ არხზე გავიდა პირველად, ვინაიდან მანამდე ტელეეთერებში ძირითადად გასართობი სახის დილის გადაცემებს ვუყურებდით. პოლიტიკური ტემპერატურის მატებასთან ერთად, წესით, პოლიტიკურ დილას შესაბამისი დინამიკაც უნდა ჰქონოდა
და საინტერესოც ყოფილიყო, მაგრამ ამ დილის
გადაცემის მაყურებელს, ძირითადად, ეძინებოდა, რადგან ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თეონა და განსაკუთრებით გიორგი ძალით დასვეს ეთერში, კარი მიუხურეს და უთხრეს, ან გადაცემას წაიყვანთ, ან საქართველოდან დეპორტაციას გაგიკეთებთო. გიორგი კობახიძე "ჭიჭიკოსა და ბიჭიკოს შოუში", ჭიჭიკოს ხმით, ბევრად უფრო გაბედული, იუმორითა და ცინიზმით აღსავსე წამყვანია, ვიდრე დილის ეთერში იყო. რაიმეს თქმა თუ მოუნდებოდა, თეონა ისეთი სახით გადახედავდა ხოლმე და ისე შეუღრენდა, რომ ამ ჩვენს ჭიჭიკოს სულ ეკარგებოდა ფერიც, ხმაც და გახუმრების სურვილიც. ასეც ხდება, როცა ვერავინ გხედავს და გცნობს, მაშინ შეგიძლია, ხალხს დასცინო და ეღადავო და როცა ტელევიზიით გამოდიხარ და ყველა შენ მოგჩერებია, ეს ყველაფერი ძალიან რთულ საქმედ იქცევა ხოლმე.

ამის მიუხედავად, ახლანდელ "მეცხრე არხის" დილას რომ შეხედოთ, გიორგისა და თეონას ტყუილსა და ღალატსაც კი აპატიებდით და ისევ უკან დააბრუნებდით...

წლის "კამიკაძე"
ნინა წკრიალაშვილმა "რეიტინგის" ერთ-ერთ ჟურნალისტთან მცირე ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობა" არ გაიმარჯვებდა არჩევნებში, ის თავს მოიკლავდა. გამოკითხვა ჩვენმა ჟურნალმა მომღერლებს შორის ჩაატარა, რომლებიც ამა თუ პარტიის მხარდამჭერ კონცერტებზე გამოდიოდნენ. შეკითხვაზე, ვის უჭერდა მხარს, ნინამ "ნაციონალები" დაასახელა და თქვა, რომ მათ კონცერტებში სიამოვნებით მონაწილეობდა და ამაში ანაზღაურებასაც არ იღებდა, რადგან ეს მისი პრინციპული პოზიცია იყო და არ სურდა, საქართველოს ბნელეთში ეცხოვრა. ეს კომენტარი "რეიტინგში" დაიბეჭდა და შემდეგ მთელ "ფეისბუქის" სივრცეს მთლიანი მასალიდან ამოგლეჯილი მხოლოდ ნინას ინტერვიუს ამონარიდი მოედო, მას შემდეგ, რაც პატიმრების წამების კადრები გავრცელდა, არადა, კომენტარი ივლისში იყო ჩაწერილი. ამ კომენტარმა ხალხი გააღიზიანა და შესაბამისად, ნინა საკმაოდ გაილანძღა კიდევაც. ხალხი კითხულობდა, მართლა აპირებდა თუ არა თავის მოკვლას, ასე რომ, წლის კამიკაძის ნომინაციის გამარჯვებული სწორედ ნინა წკრიალაშვილი გახდა.

წლის "ტელე-ფეისბუქ-გაშორება"
სტეფანე და მაია დარსმელიძე რომ ერთმანეთს შორდებოდნენ, ამის შესახებ დარსმელიძემ "ფეისბუქის" საშუალებით გაგვაგებინა, თუმცა შემდეგ კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა. მოგვიანებით სტეფანემ განაცხადა, რა გაშორება, რის გაშორება, თქვენ ხომ არ უბერავთო. საბოლოოდ, წყვილის დაშორების შესახებ ჭორები სრული სიმართლე აღმოჩნდა, რის შესახებაც მოგვიანებით ორივემ განაცხადა და ტელეპროექტის ფარგლებში მაიამ სტეფანე არაერთხელ მოიხსენია "ექსად", ანუ ყოფილ მეუღლედ, ასე რომ, საქართველოში ახალი მოდა დამკვიდრდა, ცნობილი წყვილები ახლა უკვე სოციალური ქსელებითა და ტელევიზიით აანონსებენ თავიანთ პირად ამბებს.

წლის "ხოხმა-გადაცემა"
ვასილ მაღლაფერიძის "კონსილიუმმა" ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ნამდვილი იუმორისტული ფურორი მოახდინა. ზაზა შათირიშვილი და დავით მაღრაძე მესამე ფილოლოგის, მაღლაფერიძის სტუდიაში საშაიროდ შეიკრიბნენ და შესაშური მჭევრმეტყველებით, იუმორითა და იგავებით იბაასეს მიხეილ სააკაშვილის შესახებ. გადაცემამ ინტერნეტ-ჰიტის სტატუსი მალევე მოიპოვა. სააკაშვილზე სერიოზული სახით ხუმრობამ და მისი "ღრუბელ-ღრუბელ ფრენის" ამბების იუმორისტულ ჭრილში განხილვამ მაყურებლის გული ნამდვილად მოიგო.

წლის "ყველაფერი"
უკვე დიდი ხანია, რაც გია ხუხაშვილი ექსპერტია ყველა შესაძლო საკითხში, განსაკუთრებით პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მან მის ახლოს დაიკავა ადგილი და მთელი ერთი წლის განმავლობაში აქტიურად დადიოდა ხმები, რომ ივანიშვილის კარზე გია ხუხაშვილს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა. მოგვიანებით, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მორიგი ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც "ოცნების" წევრები ერთურთის გინებით იყვნენ დაკავებულები, გია ხუხაშვილი ერთ-ერთ ჩანაწერში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად "მეცხრე არხის" თემას განიხილავდა, ნათია ლაზაშვილის გარეგნული მონაცემების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ივანიშვილის ტელეკომპანიაში ლუბა ელიაშვილის მივლინებას ითხოვდა, რომელიც, მისი თქმით, "ოდეერი" უნდა ყოფილიყო არხზე. გია ხუხაშვილის "წინასწარმეტყველება" მოგვიანებით, არჩევნების შემდეგ გამართლდა, როდესაც "მეცხრე არხზე" ლუბა ელიაშვილმა ხელმძღვანელის პოსტი კახა ბექაურს "აახია". როგორც ამბობდნენ, ამაში გია ხუხაშვილის ხელი ერია. მოკლედ, ხუხაშვილი წინასწარმეტყველებს თუ მართლა ბევრს რამეს წყვეტს, ფაქტია, რომ მას ჭკუას ეკითხებიან და ამიტომაც არის წლის "ყველაფერი".

წლის "ალის-ტრა-კო"
ქუთაისელმა ჟურნალისტმა ალისტრახომ და მისმა "კამანდამ" "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს მოსვენება დაუკარგა, როცა, თავის მხრივ, "ინფო 9"-ის ჟურნალისტებმა მოსვენება ალისტრახოს საყვარელი ხელისუფლების წევრებს დაუკარგეს. ის და მისნაირები ოპოზიური ტელევიზიების ჟურნალისტებს თან დაჰყვებოდნენ და პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდნენ, არაფრით არ ეშვებოდნენ და ყველანაირ ჟურნალისტურ სტანდარტებს არღვევდნენ. რატომღაც "ოცნების" გამარჯვების შემდეგ ალისტრახო და ძმანი და დანი მისნი აღარ გამონთებულან თავიანთი "ჟურნალისტური ვალის" ასასრულებლად. ეტყობა, ნაცებისგან დაფინანსება შემოაკლდათ.

წლის "ესენი გმირები რა პონტში არიან?!."
პატიმრების წამების კადრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებამ, შეიძლება ითქვას, არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია, ვისი ბრძანებით გადაიღეს პატიმრების წამება ვიდეოფირზე და როგორ მოახერხა ბედუკაძემ ამ ჩანაწერების გამოტანა ისე, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. რატომ მიაწოდა ის მაინცდამაინც ირმა ინაშვილს, ალბათ, ამას ახლა აღარც აქვს მნიშვნელობა და არც მაშინ ჰქონდა, რადგანაც მთავარი ისაა, რა ვნახეთ ამ კადრებში და ისიც, რომ ადამიანის ბოროტებას საზღვარი არ აქვს. ამდენ სჯა-ბაასსა და განხილვაში მთავარი რამ დაგვავიწყდა, რომ ასეთი ბოროტება აუცილებლად უნდა ისჯებოდეს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი კი ისაა, რომ არც ვლადიმერ ბედუკაძე და არც ირმა ინაშვილი გმირები არ არიან. თუკი ასე ჩავთვლით, სიტყვა გმირის მნიშვნელობა ძალიან გაცვდება, თუკი უკვე არ არის გაცვეთილი ამდენი ვაი-გმირის არსებობით საქართველოში.

წლის "პარლამენტარების მტერი"
დათო ტურაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერი ძალიან მოხერხებულად გამოიყენა, რათა თავისი სათქმელი ეთქვა და მხართეძოზე წამოწოლილ პარლამენტარებს შემდეგი სიტყვებით მიმართა - "შე დედამო...ლო, ჩემი ფულით რომ ცხოვრობ ამდენი წელი და რეაქციაც არ გაქვს, სახლში რომ წახვალ, გადაბრუნდები და დაიძინებ, როცა იცი, რომ ახალგაზრდა ბიჭს წამებით კლავენ ციხეში, არ მესმის, რა გამართლება აქვს ამ ადამიანების არსებობას პარლამენტში?!." ვერაფერს ვერ დაამატებ ამ ნათქვამს, რომელმაც სოციალური ქსელების თითქმის ყველა მომხმარებლის კედელი მოიარა. ტურაშვილის ეს გამოსვლა "შუა დღეში" ჟანრის კლასიკად იქცა.

წლის "ტვინი წაიღო"
არჩევნები ქართველი ერის აქილევსის ქუსლია. სულ მივისწრაფვით, რომ ეს ღონისძიება დემოკრატიულ ფარგლებში მოვაქციოთ, რათა არ იყოს თავ-პირის ლეწვა, ქვების სროლა, ხალხის გატაცება, კივილ-წივილი; ბიულეტენების ჩაყრა, გარდაცვლილი სულები საარჩევნო უბნებს შესაშური ენთუზიაზმით დასტრიალებენ თავს, სახელისუფლებო ტელევიზიები მხოლოდ ხელისუფლებას უძღვნიან დითირამბებს, ოპოზიციური ტელევიზიები - მხოლოდ ოპოზიციას, თუკი ხელისუფლებას ვინმე არ მოსწონს, შეიძლება, ერთ დღეს თავიც კი დაუყადაღოს, ან ხელი, ან ფეხი. მოკლედ, არჩევნები უკვე ძალიან ერთგვაროვანი და მოსაწყენი რამეა და არანაირი ხეირი არ მოაქვს, ასე რომ, ტვინი წაიღო!..

წლის "ფრთებმოკვეცილი"
"ნაციონალური მოძრაობის" სპიკერის მშვიდი სახისა და მონოტონური საუბრის მიუხედავად, ნაცებმა არჩევნები წააგეს. ჩიორა თაქთაქიშვილს ფრთები მოეკვეცა და ხელისუფლების მწვერვალებს ვეღარ იპყრობს, მაგრამ თავისი აზრების გადმოსაფრქვევად საკანონმდებლო ორგანოს ზედმეტად მაღალჭერიანი შენობა ჯერჯერობით მაინც შერჩა.

წლის "თავგაბანტული"
არ დარჩენილა ადამიანი, რომელმაც გიგი უგულავას, მისი მეუღლის, დავით კეზერაშვილისა და სხვა რამდენიმე ადამიანის გულაობის ფოტოები არ ნახა ინტერნეტში. გიგი უგულავა თანამდებობის პირებს შორის ერთადერთი არ არის, რომელსაც ასეთი გართობა უყვარს და სტრიპტიზიორ, მამაკაცის მსგავს ქალებთან ერთობა კლუბებში. გია ბარამიძეც ვნახეთ მცირე ხნით ადრე ფოტოებზე ნაშოჩკებთან ერთად გამოსახული. თავზე ბანტწაკრული თბილისის მერი ფოტოებზე სადღაც შორეთში იყურება და შუბლზე აშკარად აწერია, "გასულია მომსახურების ზონიდან".

წლის "ქმრის გამო დაჩაგრული"
მას შემდეგ, რაც არჩევნები გაიმართა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ნინო ჟიჟილაშვილის "პოლიტმეტრში" ლამის გვატირა, აქაოდა, მე რომ ერეკლე კოდუას ცოლი ვარ, იმიტომ მერჩიანო. მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილებს გიორგი არველაძემ "კეთილი ნებით" დაუბრუნა ტელეკომპანია და რეალურმა მფლობელებმა განაცხადეს, ვისაც აქ არ დაედგომება, ეგებ, თვითონ მიხვდეს და წავიდესო, ნანუკა პირველი გამოვარდა და განაცხადა, აბა, წავედი მეო, მერე კი ძალიან გაუკვირდა, როდესაც "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" ჩაანაცვლეს მარინა ბერიძით. არადა, პატარკაციშვილთან დაკავშირებით ერეკლე კოდუა იმდენად ცუდად გამოიყურება, რომ ნანუკა "იმედზე" რომ დარჩენილიყო, ეს ნამდვილად შუბლის ძარღვის საბოლოო გაწყვეტას დაემსგავსებოდა.

წლის "სიზმარა"
"ჩუმად, როლანდს სძინავს" - ამ წარწერამ "ფეისბუქი" მას შემდეგ ააჭრელა, რაც მამა ახალაიას ჟურნალისტები მიუცვივდნენ სახლში და ისიც სასწრაფოდ გამოვარდა, რა ხდება, რა ამბავია, დაგვაძინეთო. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ახალაიების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ანტიპათიით იყო განწყობილი, გულწრფელად უკვირდა, როგორ ახერხებდა უფროსი ახალაია თვალის მოხუჭვას მაშინ, როდესაც მთელი საქართველო მის გვარს ყველა ბრუნვაში ატრიალებდა, თუმცა, იქნებ, მართლა ეძინა კაცს, რას ერჩით?!.

წლის "მოხერხებული"
ინგა გრიგოლიას პოლიტიკური ინტუიცია არასდროს რომ არ ღალატობს, ეს ფაქტია. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა თავისი კანდიდატურა, შემდეგ კი გადაიკარგა და მხოლოდ არჩევნების შემდეგ გამოგვეცხადა. ის პოლიტიკას საბოლოოდ დაემშვიდობა და მალე ჟურნალისტიკას დაუბრუნდება. ყოველთვის ვფიქრობდით, რომ მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმებოდა და ვინაიდან ძალიან მოხერხებულად შეძლო იმის გათვლა, როდის უნდა დამშვიდობებოდა პოლიტიკას, წლის მოხერხებულის წოდებაც დაიმსახურა.