პოლიტიკური ტრიუკი და კოალიციის შექმნის მცდელობა - რა ჩაიფიქრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“?

პოლიტიკური ტრიუკი და კოალიციის შექმნის მცდელობა - რა ჩაიფიქრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“?

რა ჩაიფიქრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რატომ ურჩევენ for.ge-სთან ანალიტიკოსები ოპოზიციას, რომ არ მოაწერონ ხელი იმ დეკლარაციას, რომელითაც ნაციონალები პარტიებს აიძულებენ, ხელმოწერით დაადასტურონ, რომ არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე უარს იტყვიან. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ნაციონალების მხრიდან პოლიტიკური ტრიუკია, რომლის მეშვეობითაც სრულიად ოპოზიციური სპექტრის გაკონტროლებას შეძლებენ. ხოლო ვინც მას ხელს არ მოაწერს, მუდმივად წამოაძახებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ასე რომ, წვრილი პარტიები ორი დიდი პოლიტიკური ძალის სათამაშო ობიექტებად იქცევიან. ექსპერტები მათ ურჩევენ, პირიქით - თავად ივაჭრონ და ვინც უკეთეს პირობას შესთავაზებს, მასთან ითანამშრომლონ.

ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ გარკვეული პოზიციები უკვე დააფიქსირა. „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პარტიებმა ღიად უნდა თქვან რა პოზიცია აქვთ.

„ძალიან ბევრი პარტია გამოჩნდა და კიდევ ბევრი გამოჩნდება, რომელთაგან ზოგი ნამდვილი ოპოზიცია იქნება, ზოგი კი დასაწყისშივე ეტყობა ხოლმე, რომ უფრო სატელიტობისკენ იხრება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამომრჩეველს აქვს უფლება, ზუსტად იცოდეს თუ ვის რა პოზიცია აქვს. ვინ არის მზად შეუქმნას ოპოზიციას კოალიცია, ან „ქართულ ოცნებას“ და ვინ არ არის მზად იმისათვის, რომ ამომრჩეველს სიურპრიზები მოუწყოს“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე კოალიცია შექმნას.

„მე გამოვრიცხავ იმ კონფიგურაციას, რომ შეიძლება „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე კოალიცია შეიქმნას. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პროდასავლური კოალიცია იმ დასავლური ძალების, ვინც დღეს ოპოზიციაშია. ამასთან, ვაპირებ ამ პროდასავლური კოალიციის პრემიერი ვიყო“, - აცხადებს ვაშაძე.

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არავინ მისცემს იმის ფუფუნებას, ისევ მმართველი ძალა შექმნას.

„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ იმის ფუფუნებას, რომ ისევ მან შექმნას საქართველოში მმართველი ძალა. ამიტომ, ჩვენი არჩევანი იქნება ხელი შევუწყოთ ისეთ კოალიციას, სადაც ახალი პოლიტიკური ძალები იქნებიან, თუ იქნება ისეთი დაბალანსებული წარმომადგენლობა, რომელიც დააზღვევს რისკებს, რომ გვექნება სხვა ტიპის მმართველობის სისტემა“, - აღნიშნა ბესელიამ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ჯერჯერობით რთულია იმის თქმა დეკლარაციაზე ხელს რომელი პარტიები მოაწერენ. ანჯაფარიძე ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან რამდენი და რომელი პარტიები მოაწერენ ხელს, შემდგომ უფრო ადვილი გასაგები იქნება „ოცნების“ პოტენციური მოკავშირეები ვინ შეიძლება იყვნენ.

„ოცნებას“ აუცილებლად კოალიციური მთავრობა თუკი დასჭირდება, საგარეო ფაქტორების გათვალისწინებაც მოუწევს. პარტიამ უნდა იფრთხილოს, რადგანაც შემდეგ საგარეო ორიენტაციაზე კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს. იმისათვის, რომ ვიცოდეთ ოპოზიციიდან ვინ შეიძლება მმართველ გუნდთან სამომავლოდ ითანამშრომლოს, ჯერ უნდა ვნახოთ, „ნაციონალების“ მიერ წარმოდგენილ დეკლარაციას ხლს ვინ მოაწერს. ამ დეკლარაციის მიხედვით უკვე პარტიები უარს წინასწარ დააფიქსირებენ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანს, რაც ამ დეკლარაციის შემნით შეილება ჰქონდეს, პირველი - ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია მოახდინოს, დასავლეთს აჩვენოს, რომ დღეს ოპოზიციურ მთავარ ძალას ის წარმოადგენს. ხოლო თუკი მოხდა ისე, რომ „ოცნებამ“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ამ ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში ერთნაირი ხმები აიღეს, ეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ დანარჩენი ოპოზიცია მის ორბიტაზე ტრიალებს. ამ ინიციატივების ერთ-ერთი მიზანი ეს არის - საკუთარი ძალების დემონსტრირება მოახდინონ. მეორე მხრივ კი „ოცნებას“ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ეს ყველფერი დასავლელ აუდიტორიაზე არის გათვლილი. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, მსგავსმა ზეწოლამ უკვე იმუშავა. ახლაც, ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მსგავსი თამაში მიდის. ანალიტიკოსი ვარაუდობს ამ დეკლარაციაზე ხელს ბევრი პარტია არ მოაწერს, რადგან კონფრონტაციის ფორმას შეიცავს და საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს კიდევ უფრო პოლარიზებულს გახდის.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ნაციონალების მხრიდან დაწყებული თამაში, სუფთა წყლის სპეკულაციაა, რომლითაც მთელი ოპოზიციის გამოჭერას ცდილობენ. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეს არის პოლიტექნოლოგიური ტრუკი და მათი ინტერესია პარტიების ლუსტრირება მოხდეს და შემდეგ ეძახონ ბიძინა ივანიშვილის მოსყიდული პარტიები. ხუხაშვილი ამ დეკლარაციაზე ხელმოწერას არც ერთ პარტიას არ ურჩევს.

„ამის გაკეთება ერთი მარტივი მიზეზის გამო არ უნდა უნდოდეთ, როდესაც მცირე პარტია ხარ და არსებობს ორი დიდი პოლიტიკური ცენტრი და რომელთათვისაც შესაძლოა ოქროს გასაღები გავხდე, ამის თქმა წინასწარ არ უნდა მაწყობდეს, რადგანაც ამ ოქროს გასაღებით ორივე მხარეს ვევაჭრო. ვაჭრობას დადებით კონტექტსტში ვამბობ. რომელიც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს, მეც იმასთან ვითანამშრომლებ. პოლიტიკური ლოგიკა ასეთია. მე წინასწარ რომ გამოვაცხადო ვისთან შევქმნი კოალიციას და ვისთან არა, ეს პოლიტიკური სიბრიყვე იქნება. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ინეტერსი გასაგებია. ვინც ამაზე ხელს არ მოაწერს, მერე იყვირებენ, რომ ისინი ბიძინას მოსყიდულები არიან. ეს არის ძალიან იაფფასიანი თამაში და არ მგონია ვინმემ ჭამოს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ვიღაცა შეიძლება ამ თამაშში ჩაერთოს, თუმცა წესით, თუ პოლიტიკაში ერკვევიან და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიები აქვთ, ხუხაშვილი ოპოზიციას ურჩევს ნაციონალების ამ ტრიუკში მონაწილეობა მიიღონ. მისი აზრით, ეს პარტია უკვე ცდილობს არჩევნებამდე კოალიცია შექმნან. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ დასავლეთისთვისაც ეს ძალიან უცნაური გზავნილია და ისინიც კარგად ხვდებიან რა პოლიტიკური თამაში წამოიწყეს.

„თავად „ოცნება“ არ მგონია კულუარულად ცდილობდეს ოპოზიციური პარტიების გადაბირებას. დღეის მდგომარეობით „ოცნება“ საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი და ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია ბოლო მომენტში გადაიხადოს. ვინც დაადსატურებს, რომ რაღაცის თავი აქვს, მერე იყიდის. ცოტა შეიძლება ძვირი დაუჯდეს, მაგრამ როგორც ამბობენ, ივანიშვილს ბევრი ფული აქვს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

Lolo47 ხუხაშვილი: „ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია ბოლო მომენტში გადაიხადოს. ვინც დაადსატურებს, რომ რაღაცის თავი აქვს, მერე იყიდის. ცოტა შეიძლება ძვირი დაუჯდეს, მაგრამ როგორც ამბობენ, ივანიშვილს ბევრი ფული აქვს“ - ეტყობა ვერაფრით გააძღო თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ეს ფულის მონა კაცუნა, ეს ბოღმის „ბუკეტი“ (თაიგული ნამეტანი კარგად ჟღერს ამ არარაობისთვის). ვინ დააბრალა ამ უწიგნურ ჭუჭყიან ტიპს ექსპერტობა?!
3 წლის უკან