თეა წულუკიანი: ბოკერიას გალახვამ არ უშველა

თეა წულუკიანი: ბოკერიას გალახვამ არ უშველა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში რელიგიური თავისუფლების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა ადგილი ჰქონდა რელიგიური უმრავლესობის უფლებების დარღვევას, რაც გამოიხატებოდა საეკლესიო პირებზე შეფარული ძალადობით. ამ საკითხებზე მინისტრმა გუშინ, 26 დეკემბერს, გადაცემა "დიალოგში" ისაუბრა.

თეა წულუკიანმა გაიხსენა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდი, ამჟამინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, იმ გადაცემის სტუმარი, რომელსაც ის სტუმრობდა, დავით პაიჭაძე და სხვა პირები მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა და მისმა მრევლმა ჯვრებით რომ სცემეს.

"ჩემზე უფრო კარგად გახსოვთ გლდანში მომხდარი ამბები, ჯვრით რომ გაილახეთ თქვენ და ბოკერია. ეს იყო დიდი ტრაგედია. თუმცა ბოკერიას არ უშველა გალახვამ მაშინ. ეს იყო ტრაგედია იმიტომ, რომ არ შეიძლება ჯვრით ვიღაცა ვიღაცას ცემდეს. არ შეიძლება ვიღაც შეიჭრეს, ასე ვთქვათ, რელიგიური დაჯგუფების ლოცვის ადგილას. ეს არის მკრეხელობა, მაგრამ ამავე დროს ეს ტრაგედიაა სახელმწიფოსთვის და იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ცდილობს ერ–სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ეს შავბნელი პერიოდი დამთავრდა, როდესაც შეიცვალა წინა ხელისუფლება და მე ვაღიარებ, რომ წინა ხელისუფლებამ მოახერხა და რელიგიის თავისუფლებამ გარკვეული ფორმა შეიძინა".

ამის პასუხად დავით პაიჭაძემ იუსტიციის მინისტრს ჰკითხა– აბა, როგორ ამბობთ, რომ ბოკერიას არ უშველა? ბოკერიაც წინა ხელისუფლბეაში იყო, რაზეც მინისტრისგან შემდეგი პასუხი მიიღო:

"ე.ი. უშველა, რა კარგია! კიდევ უნდა გაილახოს, რომ კიდევ უფრო კარგი გახდეს, ამას გულისხმობთ?"

გადაცემის წამყვანმა იუსტიციის მინისტრს თხოვა, ხელისუფლების მხრიდან რელიგიური უმრავლესობის უფლებების შელახვის კონკრეტული ფაქტი დაესახელებინა, რაზეც თეა წულუკიანმა უპასუხა: 

"ამას ჰქონდა შეფარული ძალადობის ფორმა. მაგალითად, ეკლესიის დახლეჩის მცდელობა. დახლეჩის მცდელობაა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს მიიმხროს სასულიერო პირები სხვადასხვა მეთოდებით, როდესაც ხელისუფლება ცდილობს შეარყიოს ერთადერთი ავტორიტეტი ქვეყანაში, როგორიც იყო, არის და დარჩება საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი. როდესაც ხელისუფლება ცდილობს მიიღოს და კი არ ცდილობს, აკეთებს. მართალია, კარგია, რომ სტატუსს აძლევ რელიგიურ უმცირესობებს, მაგრამ ეს სტატუსი არის ცარიელი უჯრა, შიგ არაფერი არ ჩაუდეს რელიგიურ უმცირესობებს. მისცეს იარლიყი სტატუსის სახით, მაგრამ ამით არავითარი უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და როდესაც ეს კანონი მიიღეს, რელიგიურ უმრავლესობას არც კი ჰკითხეს, რას ფიქრობდა ის ამის შესახებ". 

წულუკიანის განცხადებით, ახალი ხელისუფლების სურვილია მართლმადიდებლური ეკლესია და რელიგიური უმცირესობები სარგებლობდნენ ჭეშმარიტი რელიგიური თავისუფლებით და რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი არ იყენებდეს არც მართლმადიდებელ ეკლესიას და არც რელიგიურ უმცირესობებს თავის პოლიტიკურ ინტერესში. მისი თქმით, ამისთვის კარგი ინსტრუმენტი იქნებოდა, თუკი მთავრობასთან იარსებებს ინტერრელიგიური საბჭო: 

"ის საბჭო, რომელიც არსებობს ომბუდსმენთან, მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ხანდახან შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს, რომ უტრირებებიც ხდება, თუმცა 99% შემთხვევებში ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ ამ ორ ინციდენტს (ნიგვზიანი და წინწყარო ) შევესწარით და დავდექით რეალობის წინაშე... 

... ინტერრელიგიური საბჭო, ეს არის იდეა, იდეის დონეზეა ჯერ, მე მგონია, რომ მთავრობას ჭირდება მუდმივი დიალოგი ეკლესისთან, რელიგიურ უმცირესობებთან, თუნდაც ამ ID ბარათის თემაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მე მაინტერესებს როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის და შიგნით არსებული განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა და ეს არ მეკრძალება, რომ ვიცოდე. რომელ რელიგიურ პრინციპებს უპირისპირდება ID ბარათის ქონა, მორწმუნეებისთის ამ ბარათის რა ფუნქციებია მიუღებელი. იგივე აზრზე არიან თუ არა რელიგიური უმცირესობები და ამ მხრივ დიალოგის ფარგლები კარგი იქნებოდა თუ იქნებოდა ინტერრელიგიური საბჭო, თუმცა მე საბჭოს შექმნას არ ველოდები და იანვრის თვიდან დავიწყებ შეხვედრას სასულიერო პირებთან".