ჯაფარიძე და ოქრუაშვილი ნაციონალების მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან

ჯაფარიძე და ოქრუაშვილი ნაციონალების მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან

შეთანხმდნენ თუ არა რეალურად ოპოზიციაში დიდუბე -ჩოღურეთის და საბურთალოს ოლქებში დასახელებულ ორ კანდიდატზე? ხომ არ არის ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა 18 აგვისტოს, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაჟღერებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, ხოლო საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი იქნებოდა? - „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციამ შეკითხვები უკვე გააჩინა. 18 აგვისტოს მათ პირდაპირ ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით პოზიცია და მხადაჭერა არ გამოუცხადებიათ. ფაქტია ისიც, რომ, თუკი ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში მხარდაჭერას „მკაფიოს“ უწოდებენ, ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში სიტყვა მხარდაჭერა საერთოდ არ გამოიყენება. შესაბამისად for.ge-სთან ანალიტიკოსებს უჩნდებათ მოსაზრება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის მხადაჭერის იმედი ამ ორ კანდიდატს ნაკლებად უნდა ჰქონდეს.

მანამდე შეთანხმებულ 6 კანდიდატს შორის კი არიან: ვაკის ოლქი - ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“): მთაწმინდა-კრწანისის ოლქი - შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“): გლდანის ოლქი - ნიკა მელია („ნაციონალური მოძრაობა“): სამგორის ოლქი - ლევან ხაბეიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“): ისნის ოლქი - გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“): ნაძალადევის ოლქი - შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“).

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ჯაფარიძეს მხარს ნაკლებად დაუჭერს. ძაბირაძეს იგივე მოლოდინი სხვა დანარჩენ მაჟორიტარებთან დაკავშირებითაც აქვს, გარდა თავად ნაციონალების მიერ დასახელებული კანდიდატებისა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ პარტიის ელექტორატი მხარს არ დაუჭერს ასევე ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, შალვა შავგულიძეს. ამის მიზეზად კი იმ გარემოებას ასახელებს, რომ დაპირისპირება მწვავდება არა მარტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ თავად ოპოზიციის რიგებშიც. ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან.

„ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის გამარჯვების შანსები ძალიან მწირია. საბურთალოზე კი განსაკუთრებით არანირი შანსი არა აქვთ. დიდუბეში კიდევ შეიძლება, რომ ამომრჩეველმა ერთიან კანდიდატს მხარი დაუჭიროს. ასევე ბევრი რამ „ლელოს“ მიერ დასახელებულ კანდიდატებზე და მის პოლიტიკურ ბეგრაუნდზე იქნება დამოკიდებული. ამ პარტიასაც თავისი კანდიდატების დასახელება არ დაუსრულებია. ამიტომაც საბოლოოდ რა სახეს მიიღებს ეს ოლქები და ვინ იქნებიან კანდიდატები, ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული. ჯერჯერობით „ოცნებას“ დიდი შანსები აქვს. თუ ის მეორე ტურში გავიდა, ასევე საინტერესო იქნება, ვინ იქნება მისი მეტოქე. სახელისუფლო კანდიდატს ოქრუაშვილი დაუპირისპირდეს მეორე ტურში, ნაკლებად მგონია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ძაბირაძეს ასევე ეჭვი ეპარება, რომ ოქრუაშვილთან და ჯაფარიძესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში ოპოზიცია ერთსულოვანი ყოფილიყო. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საკმაოდ ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა, მათ პარტიული გადასახედიდან ყველაზე ნეიტრალური კანდიდატები შეარჩიეს.

„საერთოდ მეეჭვება, რომ ამომრჩეველმა გაერთიანებულ ოპოზიციას მხარი დაუჭიროს და მათ მიერ შერჩეულ კანდიდატებზე აქცენტი გააკეთოს. არც ის მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მაინც და მაინც, თავი დიდად შეიწუხონ და ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. ამ პარტიას გაერთიანებული ოპოზიცია კონკრეტული მიზინებისთვის სჭირდება პიარის თვალსაზრისით და პირიქით - სათავისოდ იყენებს.

როგორც ყური მოვკარი ნიკა მელია ოქრუაშვილის და ჯაფარიძის კანდიდატებად დაყენების დიდი მომხრე არ ყოფილა და არც აღფრთოვანება გამოუხატია. პარტიას არ გამოუცხადებია, რომ ამ კანდიდატებს დიდ მხადაჭერას გამოუცახდებენ. ქართული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საბურთალოზე საკმაოდ წონიანი კანდიდატები არიან წარმოდგენილი, ამიტომაც ოქრუაშვილის გამარჯვების შანსები ძალიან მწირია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის ამ ორ კანდიდატზე კორდინაცია მოხერხდა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ანალიტიკოსი ოქრუაშვილის და ჯაფარიძის შანსებს სკეპტიკურად უყურებს. საყვარელიძე ამბობს, რომ მიუხედავად სკეპტიციზმისა ზურაბ ჯაფარიძეში გარკვეული სახის რესურსი არსებობს. მისი აზრით, ჯაფარიძეს შეუძლია, რომ ახალგაზრდების ელექტორატზე კარგად იმუშავოს. ალბათ, მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც სწორედ ამით არის განპირობებული. რაც შეეხება ოქრუაშვილს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ მასზე არჩევანის გაკეთება სრულიად გაუგებარი მოვლენაა.

„საბურთალოზე ოქრუაშვილს სრულიად მშვიდი, გაწონასწორებული და საკმაოდ წონიანი კანდიდატები დაუპირისპირდებიან. სერგეენკო და ბადრი ჯაფარიძე ძლიერი კონკურენტები არიან. ამიტომაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია ოქრუაშვილზე გადაწყვეტილება რა კრიტერიუმით იქნა მიღებული. ოქრუაშვილი საკმაოდ არაპროგნოზირებადი და გაუწონსაწორებელი ფიგურაა, ასევე საკამოდ მძიმე პოლიტიკური წარსული აქვს და მისი გამარჯვების შანსები ამ კანდიდატებთან შედარებით ძალიან დაბალია.

მის ადგილას დავით ბაქრაძე რომ დაეყნებინათ, ამ შემთხვევაში ოპოზიციის ლოგიკას კიდევ გავიგებდი. ამ შემთხვევაში კი ლოგიკა ძნელი დასანახია. ოქრუაშვილი თავისი იმპულსური განცხადებების გამო საზოგადოებაში არცთუ სახარბიელო ავტორიტეტით სარგებლობს. მგონია, რომ ოქრუაშვილს თავად ჰქონდა სურვილი მაჟორიტარი ყოფილიყო. ალბათ, მის კანდიდატურასაც ოპოზიციამ მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ ის დამარცხდეს. ამ გადამოსახედიდან მგონია, რომ ოპოზიცია მოგებისთვის თავს დიდად არ იკლავს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

 

tngh ოქრუაშვილი, როგორც ძირ-ძველი "საბურთალოელი", უდავო "ფავორიტია" ამ ოლქში...
3 წლის უკან