„საქართველო დამოკიდებულია გარე სამყაროზე, თუ გარეთ დაიძაბება სიტუაცია, დაიძაბება საქართველოშიც“

„საქართველო დამოკიდებულია გარე სამყაროზე, თუ გარეთ დაიძაბება სიტუაცია, დაიძაბება საქართველოშიც“

„მინსკში საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც, როგორც წესი, ქვეყნის პრეზიდენტი სარგებლობს“, - აღნიშნულ ინფორმაციას, ერთ-ერთი უცხოური გამოცემა ავრცელებს. ოპოზიციამ შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და ფაქტს სხვადასხვა ვერსიებით გამოეხმაურა, ქვეტექსტი ტრადიციულია, რომ პრორუსული ხელისუფლება კრემლის დავალებებს ასრულებს. 

ფართო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბელარუსში განხორციელებულ ფრენაზე, ხელისუფლება იძულებული გახდა, რამდენჯერმე ოფიციალური განმარტება გაეკეთებინა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მინსკში ვიზიტს უარყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას აკეთებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ, ვინაიდან ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.

პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ვერსიებს არასერიოზულად მიიჩნევს. for.ge-სთან ინტერვიუში გიორხელიძე ამბობს, რომ ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომ მასთან საქართველოს ბევრი რამ აკავშირებს და იქ განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. პოლიტოლოგი ამბობს, რომ თუნდაც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტშიც კი, ვერანაირ უცნაურობას ვერ ხედავს.

დემურ გიორხელიძე: საქართველო დამოკიდებულია გარე სამყაროზე, ამიტომ, თუ გარეთ დაიძაბება სიტუაცია, დაიძაბება საქართველოშიც, ეს გარდაუვალია. სასურველია, ჩვენს ირგვლივ არ იყოს სერიოზული დაძაბულობის კერები. ყველა მიმართულებით არის გარკვეული დაძაბულობები, თქვენ ხედავთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთისა და საბერძნეთის დაპირისპირებას, რომელშიც ისრაელია ჩართული. ბელორუსში რაც ხდება, გასაგებია, ყველა ავტორიტარული რეჟიმი საბოლოო ჯამში დგას ქათმის ფეხებზე და მისი „ძლევამოსილება“ ხუხულასავით ინგრევა. ასეთ რეჟიმებს ერთადერთი ძალა რჩებათ ხელში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგობა, რაც ყოველთვის წამგებიანია. ამიტომ, ლუკაშენკომ როგორც არ უნდა დაამთავროს, ის უკვე წაგებულია. ჩვენ სხვა რამ გვაწუხებს, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი მდგომარეობა. ისეთ ჩამოუყალიბებელ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თუ გნებავთ, როგორიც არის ბელარუსი და ასე შემდეგ, ვგულისხმობ ინსტიტუციების სისუსტეს, კონსტიტუციის სისუსტეს, ავტორიტარული, არაფორმალური მმართველობები და ასე შემდეგ, ყოველი დემოკრატიული არჩევნები ყოველთვის არის დესტაბილიზაციის წყარო. დააკვირდით ჩვენს არჩევნებს, ეს არის ბრძოლა თეთრსა და შავს შორის, რომ თუ მე არ გავიმარჯვებ, ქვეყანა დაიქცევა. დემოკრატია, რომ ძალაუფლება ერთი ჯგუფიდან გადაეცეს მეორე ჯგუფს, არის მხოლოდ კადრების როტაცია და სხვა არაფერს არ წარმოადგენს. ასე იყო კლასიკურ დასავლეთში, სადაც ეს პროცესები იქნა დამკვიდრებული, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ იქ სადაც ელიტები დგებიან შეურიგებელ პოზიციებზე, ჩნდება პრობლემები. ავიღოთ თუნდაც შეერთებული შტატები. დემოკრატიული არჩევნები, ეს არის პოლიტიკური ელიტების და საზოგადოების შეთანხმება პროცედურებზე. როცა შეთანხმება არის ფორმალური და არ არის რეალური, ჩვენ ვიღებთ საქართველოში იმას, რომ ყოველი არჩევნები არის ექსცესები, საუბარია გაყალბებაზე, საუბარია უამრავ კანონდარღვევაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩვენთვის შემოდგომა ძალიან რთული იქნება ყველასთვის და ვფიქრობ, რომ გარე ფაქტორების დაძაბვის ფონზე, სიტუაცია დაიძაბება საქართველოშიც.

დღეს საქართველოს ხელისუფლებას განმარტების გაკეთებაც კი მოუწია, თუ რატომ გახდა საჭირო საგანგებო რეისი ბელარუსში, რის გამოც ოპოზიციამ ხელისუფლება პრორუსულობაში დაადანაშაულა..

- მე ვერანაირ ასეთ კავშირს ვერ ვხედავ. ეს ოპოზიციის ყბადაღებული თემაა და რეალურად თუ გაინტერესებთ, სინამდვილეში სხვა პროცესების შენიღბვა ხდება, ეს ყველაზე გამავალი, მოდური თემაა, რომ ხელისუფლება თურმე პრორუსია. არანაირი პრორუსი არ არის საქართველოს ხელისუფლება, მას ამის დაბრალების გარეშეც უამრავი ნაკლი აქვს, მაგრამ ეს არის ტექნოლოგია, რომლითაც ნიღბავენ გარკვეულ პროცესებს.

რა პროცესების შენიღბვას გულისხმობთ?

- ამის თაობაზე ახლა არ დავკონკრეტდები, თუმცა მოვა ამისი დროც. რა თქმა უნდა, პრორუსობის დაბრალებასაც აქვს თავისი მიზანი, რომ შენიღბო სხვა პროცესი. 

მაშინ ასე ვთქვათ, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების პრორუსულობაზე აკეთებს აქცენტს, მათ ქმედებაში ხედავთ ანალოგიურ ინტერესებს?

- მე ვხედავ იმას, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთნაირ პოზიციებზე დგანან და ეს ყბადაღებული თემა აწყობთ.

რაც შეეხება არჩევნებს, წინასწარი კვლევის შედეგები, რომელიც ვრცელდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ უკვეთავს ამ კვლევებს. როგორ ფიქრობთ, გაამართლებს თუ არა ეს პოლიტიკური მანიპულაციები, რაიმე განმსაზღვრელი გავლენა თუ ექნება არჩევნების შედეგებზე?

- თავისთავად ცხდია, ყველა ამ კვლევებს აქვს თავისი მიზანი, ეს არის საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედება, რომ ადამიანებში ჩანერგონ ის აზრი, რომ ეს არის უპირატესი პარტია და მერყევი ადამიანები ფიქრობენ, რომ მოდით, თუ სხვა აძლევს ხმას, მეც იგივეს გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ჩვენ უამრავი რეიტინგები გვინახავს და ეს ყველაფერი ცუდად დასრულებულა. ახალი აქაც არაფერია, რაკი საქართველოში არ არსებობს სოციოლოგიური კვლევის ცენტრი, რომელიც სანდოა, ყველა ან პარტიებზეა მიბმული, ან უცხოურ დაფინანსებაზე, ანუ ერთიც ყალბია და მეორეც. არ არის ისეთი ავტორიტეტული და პროფესიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი, იმიტომ, რომ ეს ქართული მოწამლული სივრცეა, სადაც ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული და საკუთარ კეთილდღეობაზე. ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ გამოკვლევას, რომლის ტენდენციურობაც გასაგებია. აიღეთ თუნდაც „ენ-დი-აი“ და „აირაი“, ორივე ერთნაირია. რაღაც გარკვეულ ნაწილებში მათი კვლევა სწორია, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში მიკერძოება აშკარაა, ეს წლებია გრძელდება. ეს ორგანიზაციები თავის საქმეს აკეთებენ და ამისთვის ფულს იღებენ. თუ ჩვენ რეალობა გვაინტერესებს, ეს პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებს უნდა აინტერესებდეთ, ვინც უკმაყოფილოა ამ კვლევებით. 

ჩნდება მოლოდინი, რომ ხელისუფლებამ ეპიდემიის თემა რაღაც ფორმით არჩევნებს დაუკავშიროს იმ ფორმით, რომ არჩევნების თარიღმა გადაიწიოს, თუნდაც ასე მოხდეს, ეს რა დივიდენდებს მოუტანს ხელისუფლებას? 

- მე არ მაქვს ამისი მოლოდინი, იმიტომ, რომ მთავრობას ძალიან მოურიდებლად ვაკრიტიკებ, მაგრამ მინდა უკეთესები იყვნენ ისინი. სულაც არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლების დემონიზაცია რაიმე გონივრულ ჩარჩოებში ზის, ეს უბრალოდ არის სუსტი ხელისუფლება, ეს ცალსახაა. თუკი რაიმე ცუდს აკეთებს, პირველ რიგში, ის საკუთარ თავს უკეთებს, იმიტომ, რომ რეიტინგი, რომელიც 2012 წელს ჰქონდა, ფაქტობრივად დასულია ძალიან ქვემოთ. ეს, საბოლოო ჯამში, ვნებს ქვეყანას იმიტომ, რომ კარგ შედეგებზე ვერ გავდივართ. ჩვენი ამ შედეგებით განვითარება შეუძლებელია. ამიტომ, ამის მსგავსს არაფერს არ ველოდები, ხელოვნურად ვერაფერი ვერ შეიზღუდება, ამისი არც საჭიროებაა და არც შესაძლებლობა აქვს ხელისუფლებას, ეს გამოიწვევს ნეგატიურ შედეგებს და სხვას არაფერს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოში ამ 30 წლის განმავლობაში, ხალხის განწყობა არ გაყალბებულა. თუ ჩვენ გვინდა ტყუილი, რომ რაღაცა ხელისუფლებებს მივაწეროთ, ყველა ხელისუფლება მოიყვანა ხალხის განწყობამ. შედეგების გაყალბება და ციფრების გაბერვა არ ცვლის ხალხის განწყობას. არჩევნები ჩატარდება და დაიდება ისეთი შედეგები, როგორიც იქნება ხალხის განწყობა. მე ვერ გეტყვით, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობა ორი თვის შემდეგ იქნება ისეთი როგორიც დღეს არის, იმიტომ, რომ ძალიან ფეთქებადი ბუნების ხალხი ვართ, მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და მთავარი მაინც იქნება ის, თუ რა მოხდება გარეთ. ამიტომ, ხალხის განწყობას ვერ გააყალბებ, თუნდაც ბელორუსის მაგალითი ავიღოთ. გაცილებით ღრმა მიზეზებია, თუმცა ლუკაშენკოს საქციელი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, იმიტომ, რომ ამას შედეგი არასდროს არ შეიძლება ჰქონდეს. ის, რაც ბელორუსში ხდება, ეს პირველ რიგში, ლუკაშენკოს შეცდომებია და არა ე.წ. მსოფლიო პოლიტიკის კულისების. პოლიტიკაში უშვებ შეცდომებს, კარგავ ხელისუფლებას.

რას ელოდებით არჩევნებისგან, იქნება რაიმე ძირეული ცვლილებები?

- მე არანაირ ცვლილებებს არ ველოდები, არაფერი არ შეიცვლება, თუ გარეთ რაიმე ძვრები არ მოხდა, რამაც შეიძლება დაძაბოს საქართველოში სიტუაცია.