„ჩვენ არ ვართ ძლიერი ევროპული ქვეყანა, რომელსაც ამის ფუფუნება აქვს, გამოვიდეს და პირდაპირ ისაუბროს“

„ჩვენ არ ვართ ძლიერი ევროპული ქვეყანა, რომელსაც ამის ფუფუნება აქვს, გამოვიდეს და პირდაპირ ისაუბროს“

რა ბედი ელის ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების რეაქცია და განცხადებები ბელარუსში მიმდინარე აქციების შესახებ? ქართველი ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების თავშეკავება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სრულიად ლოგიკური და სწორია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არავინ იცის მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს და შესაძლოა, ლუკაშენკო კვლავ პრეზიდენტად დარჩეს. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულმა ნებისმიერმა დაუფიქრებელმა განცხადებამ, შესაძლოა, საფრთხე ჩვენს ქვეყანასვე შეუქმნას. ლუკაშენკომ აფხაზეთის და ოსეთის არაღიარების საკითხს, შესაძლოა, გადახედოს. შესაბამისად ანალიტიკსოები „ოცნების“ ხელისუფლების თავშეკავებას სწორ პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ.

თუმცა თბილისიდან მინსკის მიმართულებით შესრულებულ რეისთან დაკავშირებით ორი დღეა, სხვადასხვა ვერსია ისმის. ხელისუფლების განმარტება ასეთია: „სამთავრობო თვითმფრინავით ბელარუსის დედაქალაქში საქართველოს ელჩი დაბრუნდა“.

ხელისუფლების არგუმენტები ოპოზიციისთვის არადამაჯერებელია, რადგან, მათი თქმით, ელჩს რიგიდანაც შეეძლო რეგულარული რეისით მინსკში დაბრუნება. კითხვები იმასთან დაკავშირებითაც გაჩნდა, უნდა გამოყოს თუ არა ქვეყანამ ჩარტერი დიპლომატის მგზავრობისთვის.

ამასთან, გამოიკვეთა ორი მთავარი კითხვა - როდის დაბრუნდა სამშობლოში ელჩი და რატომ იყო საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში მაშინ, როდესაც რეგიონში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდებოდა?

კიდევ ერთი ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავს, რომლის ექსპლოატაციასაც „ჯორჯიან ეარვეიზი“ ახორციელებს, ელჩის გარდა კიდევ 7 მგზავრი ჰყავდა, თუმცა, ვინ იმგზავრა სამთავრობო თვითმფრინავით ქართველ დიპლომატთან ერთად, არც შესაბამისი უწყებები და არც ავიაკომპანია საუბრობს. ბელარუსულმა წყაროებმა ისიც კი დაწერეს, რომ თბილისში ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს. ამ ინფორმაციას კი ქართულმა მხარემ აბსურდი უწოდა.

რაც შეეხება ბელარუსში განვითარებულ ბოლო მოვლენებს, ლუკაშენკოს განცხადების მიუხედევად, რომ ვიდრე ცოცხალია, სხვა არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება, საპროტესტო აქციების მეცხრე დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა საუბარი არჩევნების ხელმეორედ ჩატარებაზე მაინც დაიწყო, თუმცა მის მიერ წარმოდგენილ გეგმას მინსკის ქუჩებში შეკრებილი დემონსტრანტები უნდობლობას უცხადებენ.

ხალხის მოთხოვნას დღეს პროსახელისუფლებო ტელევიზიის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

არჩევნების ხელმეორედ ჩატარებისკენ უკვე რამდენიმე დღეა ბელარუსის პრეზიდენტს ევროკავშირიც მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანება მზად არის, ალექსანდრ ლუკაშენკო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს - ამის შესახებ ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“, სოციალისტებისა და დემოკრატების, მწვანეებისა და „ევროპელი კონსერვატორების“ ერთობლივ განცხადებაში.

გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკებების პარალელურად ბელარუსის მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება სამხედრო ძალების მობილიზებას განაგრძობს. ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქის მახლობლად, რუსული სამხედრო ტექნიკაც გამოჩნდა.

კონფლიქტოლოგი და საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი კანაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოს ელჩი ბელარუსში გამგზავრებულიყო, ლოგიკური და სწორი ნაბიჯია, რადგან, როდესაც ასეთი კრიტიკული სიტუაციაა, იმ ქვეყანაში ელჩი აუცილებლად უნდა გყავდეს.

ამიტომაც კანაშვილისთვის უცნაურია ის ფაქტი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ელჩი ბელარუსში არ იმყოფებოდა და მეორე - რომ მის უკან დაბრუნებაზე აჟიოტაჟი რატომ ატყდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის და დასავლეთის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მით უმეტეს ლუკაშენკოსთან „ოცნების“ ხელისუფლებას სააკაშვილისგან განსხვავებით, არ აქვს პოლიტიკური თანამშრომლობა და კომუნიკაცია. ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია, რომ ლუკაშენკოს ვაჟი საქართველოში ჩამოეყვანათ. ამის არანაირი ლოგიკა არ არსებობს.

„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას და რეაქციებს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება მგონია. ახლა სიფრთხილე გვმართებს, რადგან ხვალ და ზეგ არავინ იცის, ბელარუსში მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. ჩვენთვის ახლა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაა. 2008 წლის შემდეგ პუტინი ლუკაშენკოზე ყოველთვის ზეწოლას ახორციელებდა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. მიუხედავად ამ ზეწოლისა, ლუკაშენკომ ეს არ გააკეთა. აქედან გამომდინარე, ახლა საკმაოდ დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენი მხრიდან რაიმე პატარა ზედმეტი განცხადება და შესაძლოა, ბელარუსის პრეზიდენტმა ამ საკითხს გადახედოს. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ არცთუ დემოკრატიულად განვითარებული სამეზობლო გვყავს. ამიტომაც სადაც რამე გამოსვლები იქნება, მაშინ ყველაზე განცხადებები უნდა ვაკეთოთ. ჩვენ არ ვართ ძლიერი ევროპული ქვეყანა, რომელსაც ამის ფუფუნება აქვს, გამოვიდეს და პირდაპირ ისაუბროს. ასეთი მკვეთრი განცხადებები მეზობლებთან ჩვენს ურთიერთობებს დაძაბავს“, - ამბობს კაანაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ლუკაშენკოს ამბავი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ბელარუსში მოვლენები მრავალი სცენარით შეიძლება განვითარდეს. არ არის გამორიცხული, ის ხელისუფლებაში კვლავ ვიხილოთ და მისი შენარჩუნება შეძლოს. ამიტომ ხელისუფლების მიდგომა, არ გააკეთოს ხმამაღალი განცხადებები, სწორია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზოგადი კომენტარების გაკეთება შეიძლება და რაიმე პირდაპირი მოქმედებები საჭირო არ არის.

„გამორიცხულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას დასავლეთის გარეშე რაიმე ზედმეტი ნაბიჯი და თუნდაც გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლუკაშენკოს ვაჟი თბილისში ჩამოიყვანეს, რეალობას შეესაბამებოდეს. სააკაშვილს ლუკაშენკოსთან საკმაოდ კარგი კომუნიკაცია ჰქონდა. დასავლეთი სააკაშვილის დახმარებით ლუკაშენკოს მესიჯებს უგზავნიდა და პირიქით - ლუკაშენკო დასავლეთს ჩვენი პრეზიდენტის მეშვეობით. მსგავსი ურთიერთობები ახლა ამ ხელისუფლებას ლუკაშენკოსთან, ჯერ ერთი, რომ არ აქვს და მეორეც ლუკაშენკოს შვილს აქ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი სურვილით, დამოუკიდებლად არ ჩამოიყვანს. ასეთ ნაბიჯს არავინ გადადგამს“, - ამბობს კანაშვილი for.ge-სთან.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე კანაშვილის მსგავსად for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბელარუსთან მიმართებაში სრულიად ადეკვატურად იქცევა. მისი თქმით, ყველამ საკუთარი თავები დავაყენოთ ხელისუფლების ადგილას და წარმოვიდგინოთ, ვინ რას ვიზამდით. არეშიძე ამბობს, რომ მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა, ლუკაშენკო საკმაოდ სწორად მოიქცა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა არ აღიარა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ლუკაშენკომ მაშინ ეს ნაბიჯი პრაგმატული მოსაზრებების გამო არ გადადგა და დასავლეთის მხრიდან სანქციების შეეშინდა. თუმცა ახლა მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ამიტომ ჩვენი მხრიდან მისი გაღიზიანება ჩვენვე დაგვაზარალებს.

„ჩვენგან გაკეთებული განცხადება და ლუკაშენკოს ქმედებების დაგმობა, ჩვენთვის ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ინტერესებიდან გამოდის და საკმაოდ ფრთხილობს. არავინ იცის ბელარუსში მოვლენები როგორ შეიძლება დასრულდეს. ჯერ ლუკაშენკოს ბედი გადაწყვეტილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მისმა რეჟიმმა თავისი მოჭამა და ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვა, ჩვენ მაინც თავშეკავება გვმართებს. საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება გააკეთოს განცხადება, მაგრამ შეუფასებლობითაც არაფერი განსაკუთრებული არ შავდება.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ საქართველოში ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს, ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული. ეს ინფორმაცია როგორც მახსოვს, ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ გააჟღერა. ჯერ ერთი, რომ ჩვენს ხელისუფლებას ლუკაშენკოსთან ამ დონის პოლიტიკური ურთიერთობა არ აქვს. მეორეც, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის გარეშე არაფერს არ გააკეთებს. ასევე გამოითქვა აზრი, რომ ეს რუსეთის თხოვნა იყო. ესეც აბსურდია, რადგანაც ლუკაშენკოს ვაჟი თავს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უფრო კომფორტულად იგრძნობდა“,-ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

trampi ლუკაშენკოს ეხლა ვერ გადააგდებენ!....
.......პუტინმა მაგათ სადღაც, ცხრამთა გადაკარგულში, ვენესუელა არ დაუთმო და გვერდით ბელორუსიას დაუთმოობს? მით უმეტეს უკრაინის მერეე? მაგას კიდევ შარის და პრობლემების დამატება უნდააა??
ეგ ადრე იყო პუტინს რომ ეგონა ,,დემოკრატიული დასავლეთი,, ნამეტან უკადრებელს არ იკადრებს, ნამეტანს თავზე არ გადაიჯვამს, უკრაინაში ბულკებს არ დაარიგებენო, თორემ ეხლააააა.......... ეხლა უკვე მაგან მაგათი პრიომები და ადამიანის ,,უფლებების დაცვა,, ბოლომდე იცის და იმ
ფანდარასტებს არაფერს აღარ დაუთმობს
პუტინი მაგათგან უკვე კაი ,,ჭკვანასწავლია,, გამოცდილება მიღებული აქვს, პლიუს უკრაინაში ,,პრაქტიკაც,, გაატარეს.... ასე რომ ეგ ეხლა ლუკშენკოს კბილებით დაიცავს (ანუ ფაქტიურად რუსეთს, ანუ თავის სკამს)
.ისე ამ არეულ დარეულობებიდან ეგ ხეირს ნაღდად ნახავს ----ლუკაშენკო თავის ,,მხსნელს,, მიეწებება და პუტინისთვის უფრო მორჩილი ძმა იქნება.
ასე რომ პუტინი უფრო გაგულავდება....
ისე ამ არეულობში რომ ერთი ორი ლიმონკა მაგის ,,ნასროლიც,, იყოს---არააა გამორიცხული!!! (დუღილის ტემპერატურის მოსამატებლად, ანუ ლუკაშენკოს აზრზე უფრო კარგად მოსაყვანად)
3 წლის უკან
trampi ამერიკელი კონგრესმენები - ვგმობთ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ



ასე რომ.....რამდენიც არ უნდა ატრაკოს დასავლეთმა ანუ ფაქტიურად ამერიკამ, დემოკრატია, დემოკრატიაო,, პუტინი იმათ მაინც აღარაფერს დაუთმობს
იძახონ ეხლ;ა იმათ ადამიანის უფლებები, ადამიანის უფლებებიო
3 წლის უკან