"მიხეილ სააკაშვილი ვერ მოაწერდა ხელს კანონს, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ხელისუფლების დროს ქვეყანაში პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები იყვნენ. სააკაშვილი არც ვეტოს დაძლევის შემდეგ მოაწერს ხელს კანონს და ამით ირიბად არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. გარდა პოლიტიკური პატიმრებისა, სააკაშვილი აქცენტს აკეთებს პედოფილებსა და ჯაშუშებზე. მაგალითად, "წუხს", რომ თურმე ჯაშუშებს უშვებენ და გველეშაპთან მებრძოლ ახალგაზრდა დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ამას, პირველ რიგში, დასავლეთის დასანახად ამბობს. სხვათა შორის, პრეზიდენტს წამოაძახეს, რომ თავად შეიწყალა მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულები. ასე რომ, მას ამ თემაზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვს. საკამათო არ არის, რომ სამშობლოს მოღალატე და ჯაშუში ციხეში უნდა იყოს. ამაზე მსჯელობა მაშინ შეგვეძლება, როდესაც სამართლიანი სასამართლო გვექნება", - აცხადებს კახი კახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებამდე დაითხოვს მთავრობას".
"სააკაშვილმა თავი ისევ ძლიერ პრეზიდენტად მიიჩნია. "ნაციონალებმა" არაერთხელ განაცხადეს, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ეს ირწმუნა და დაბრუნდა აგრესიული რიტორიკით. სააკაშვილი ცდილობს, დაარწმუნოს თავისი მომხრეები, რომ ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება და არ არის საჭირო სხვა პარტიაში ან ფრაქციაში გადასვლა. ჩემი აზრით, სააკაშვილის გეგმა იყო ძალიან მარტივი. მან აღიარა არჩევნების შედეგები, მოიგო საერთაშორისო ორგანიზაციების გული და პარალელურად გადავიდა საბოტაჟის რეჟიმში. სააკაშვილს ეგონა, რომ აპრილამდე ამ საბოტაჟით მაქსიმალურად შეუქმნიდა პრობლემებს ახალ ხელისუფლებას, პიარმანქანით კი მოსახლეობას დაარწმუნებდა "ქართული ოცნების" უსუსურობაში. ამავე დროს მუშაობდნენ დასავლეთში, რათა ახალი ხელისუფლება პუტინისგან მართულ ძალად წარმოეჩინათ, რომელიც თურმე ახალგაზრდა დემოკრატიას ებრძვის. აპრილში ეს ყველაფერი მიაღწევდა პიკს და სააკაშვილი დაითხოვდა მთავრობას, მინისტრთა კაბინეტს საკუთარი გუნდის წევრებისგან დააკომპლექტებდა, დაიწყებოდა პოლიტიკური რეპრესიები და ასეთი ფონით მივაღწევდით საპრეზიდენტო არჩევნებამდე. თუმცა თუ ამ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გამარჯვების შანსი კვლავ დაბალი იქნებოდა, მოახდენდა პროვოცირებას, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და გაეხანგრძლივებინა ხელისუფლებაში ყოფნა. სააკაშვილს მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციის შანსი აქვს, რადგან მინიმუმ ხუთწლიან პერსპექტივაში "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.
"სააკაშვილს ძალიან მარტივად შეუძლია, მთავრობა დაითხოვოს და კრიზისი გამოიწვიოს. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მას არანაირი პერსპექტივა აღარ ექნება, რადგან რიგგარეშე არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. ჩემი ვარაუდით, სააკაშვილმა შესაძლოა, დაითხოვოს მთავრობა. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მას მთავრობის დათხოვნის სურვილიც აღარ ექნება, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება, რომელშიც "ნაციონალებს" პერსპექტივა არ აქვთ. სააკაშვილი დღეს იმ დონემდეა მისული, რომ შესაძლოა, უარი თქვას დასავლეთში ჯერ კიდევ შემორჩენილი დემოკრატის იმიჯზე და ყველა მეთოდით დაიწყოს ხელისუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ქართულ ოცნებას" ცოტა უცნაური საკადრო პოლიტიკა აქვს. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისეთი ფაქტი გავიგე, მართლაც გაოცებული ვარ. ალბათ, იცით, რომ მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე საქმე აღძრა. საკითხი ეხება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 8 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მიკროავტობუსების დაქირავებას. "ნაციონალებმა" ხელშეკრულება გააფორმეს "თბილისის ყვითელი მიკროავტობუსების" კომპანიასთან. კერძოდ, 2012 წლის 6 სექტემბერს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ერთი მხრივ პარტიის მაშინდელმა გენმდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა, მეორე მხრივ კი, კონკრეტული კომპანიების (შპს "თბილლაინი", შპს "თბილქარი", შპს "ფაბლიქ ქარი", შპს "კაპიტალ ჯგუფი") დირექტორებმა. მათ შორის იყვნენ "თბილლაინის" დირექტორი დავით ნიკოლეიშვილი და "თბილქარის" ხელმძღვანელი შოთა რეხვიაშვილი. დღეს ნიკოლეიშვილი მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია, რეხვიაშვილი კი - არჩილ კბილაშვილის მოადგილე. ალბათ, იტყვიან, რომ მაჭავარიანმა და "ნაცმოძრაობამ" აიძულეს ხელშეკრულებების გაფორმება. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ზემოხსენებული ფირმები მერიის თანხმობისა და გიგი უგულავას მონაწილეობის გარეშე ვერ შეიქმნებოდა. ისე, მაინტერესებს, როგორ უნდა გამოიძიოს მთავარი პროკურორის მოადგილემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ფულის "გაპრავების" სქემა, როდესაც თვითონ იყო ერთ-ერთი მონაწილე და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გათეთრდა ფული. ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ "ნაცმოძრაობის" ინტერესების განხორციელებისთვის, დღეს ისევ ინიშნებიან მმართველ რგოლებში. ვურჩევდი ბატონ ივანიშვილს, გადახედოს საკადრო საკითხებს, რადგან ეს შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისისას "ნაციონალური მოძრაობის" ხელში ერთგვარი ბერკეტი აღმოჩნდეს", - დასძენს კახი კახიშვილი.