მეკვლე ახალი წლის მთავარი, ასე ვთქვათ, ატრიბუტია _ ადამიანებს სჯერათ, მთელი წელი ისე წავა, როგორი პიროვნებაც ახალ წელს მათ ზღურბლს პირველად გადააბიჯებს. აქედან გამომდინარე, შეკითხვაც კი არ გამჩენია, თუ ვინ უნდა ყოფილიყო “ქართული სიტყვის” მეკვლე _ თითქმის 20 წელია, ჟურნალისტიკაში ვარ, ვის არ შევხვედრივარ და როგორი ხასიათის ადამიანი არ მინახავს, მაგრამ მისნაირი პიროვნება იშვიათობაა _ მშვიდი, გაწონასწორებული, ადამიანებში მუდამ კარგს ეძებს... შეიძლება, ვინმემ ჩათვალოს, რომ ვეპირფერები, მაგრამ მაშინაც ზუსტად ამას ვამბობდი, როცა მისი მეუღლე ოპოზიციაში იყო და მთელი “ნაცმოძრაობა” ებრძოდა... მოკლედ, ბევრი აღარ მიფიქრია და ნათია ფანჯიკიძეს დავურეკე, ნათია, “ქართული სიტყვის” მეკვლე უნდა იყო-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, გადავწყვიტე, ინტერვიუები აღარ “მივცე” და შენ რომ დაგთანხმდე, სხვა ჟურნალისტებს ეწყინებათო. რაღა დაგიმალოთ და, ცოტა არ იყოს, გავბრაზდი და თავდაცვის მინისტრის ოჯახს “დაუპატიჟებლად” ვესტუმრე... ნათიას ჩემი დანახვა არ გაჰკვირვებია, მაგრამ როცა დიქტოფონი “მოვიმარჯვე”, კვლავ უარზე დადგა, არანაირი ინტერვიუ, ისე ვისაუბროთო, მაგრამ ბოლოს, მაინც ჩემი გავიტანე... მოკლედ, როგორია თავდაცვის მინისტრის ოჯახის საახალწლო ტრადიციები, ეხერხება თუ არა გოზინაყის, საცივის მომზადება ნათია ფანჯიკიძეს და რამდენი წელია, ირაკლი ალასანია ახალ წელს ოჯახთან ერთად არ შეხვედრია?
ნათია ფანჯიკიძე: _ როცა ოპოზიციაში ვიყავით და მედიის დიდი ნაწილი “ნაციონალების” ხელში იყო, ძალიან ბევრი შხამი იფრქვეოდა და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. ამ ფონზე, ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ჟურნალისტის, ვისთვისაც ინტერვიუ მიმიცია. საერთოდ, ადამიანები უფრო კარგები არიან, ვიდრე _ ცუდები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ განსაკუთრებულად იღბლიანი ვარ, რადგან ყველა ჟურნალისტი, ვინც ჩემთან მოსულა, ჩემზე გულთბილად წერდა და ეს მაშინ ძალიან დიდი ადამიანური მხარდაჭერა იყო. ახლა კი, გადავწყვიტე, რომ ინტერვიუები აღარ მივცე, რადგან, ჯერ ერთი, სურათი შეიცვალა. მეორეც, ვფიქრობ, რომ არც ერთ ქვეყანაში პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები პოპულარულები არ უნდა იყვნენ, რადგან ამ კატეგორიის ხალხს ასეთი პოპულარობა არ ეკუთვნის. როცა საზოგადოება პოლიტიკოსებზე ასეა კონცენტრირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც კარგად არაა...
ნათია, მართალია ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ არჩევნებიდან ჯერ მხოლოდ სამი თვეა გასული და, რა თქმა უნდა, “რაღაც” კარგად არაა. ყველაფერი კარგად მაშინ იქნება, როცა “ოცნება”, როგორც ჯანსუღ ჩარკვიანი იტყოდა, გააზაფხულებს. შესაბამისად, პოლიტიკოსებიც პოპულარობას დაკარგავენ. ისე, გახსოვს, ჯანსუღის “გავაზაფხულებ” 2010 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ირაკლის პარტიის ჰიმნი იყო...
_ კი, ეს სიმღერა ძალიან მიყვარს...
ახლა გამახსენდა, თეა წულუკიანს ჩემი წინასწარმეტყველება აუხდა _ იუსტიციის მინისტრი გახდა. გახსოვს, არჩევნების წინ შენც გითხარი, მომავალი პირველი ლედი ხარ-მეთქი და, იმედია, ესეც ახდება... ნათია, არჩევნების შემდეგ არ მინახიხარ. ჰოდა, პოლიტიკაზე ერთ შეკითხვას დაგისვამ, მერე კი, სულ ახალ წელზე ვილაპარაკოთ: მართალია, ირაკლისთვის თანამდებობა უცხო არაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი გახდა, შენში რამე შეიცვალა?
_ ჩემში, როგორც პიროვნებაში?
დიახ...
_ არა, რაღა დროს ჩემი ცვლილებაა... ვანო, საერთოდ, პიროვნებას თავისი ძირითადი სტრუქტურული ღერძი აქვს, თუმცა ფსიქიკა სულ დინამიკაშია და, შესაბამისად, ადამიანი, უფრო სწორად, მისი რაღაც მდგომარეობა იცვლება, მაგრამ ისეთ უჩვეულო სიტუაციაში არ ვარ, რომ გაოგნებული ვიყო. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი სისხლისღვრის გარეშე დამთავრდა. ირაკლის მაღალი თანამდებობა ადრეც ჰქონია და ამ მხრივ უჩვეულო არაფერია... მთავარი ის კი არაა, შენ შეიცვალე თუ არა. ხანდახან შენს მიმართ დამოკიდებულებას სხვა ცვლის, რადგან აქვს მოლოდინი, რომ შენ უკვე სხვა ხარ. სინამდვილეში კი, ასე არაა, ანუ სხვა არ ხარ. მთავარია, ადამიანებს შენს მიმართ ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდეთ, როგორიც ადრე ჰქონდათ _ თუ მეგობარი იყავი, მეგობრად დარჩები, მაგრამ თუ უცნობი იყავი, გაცნობამდე მაინც უცნობად დარჩები. მოკლედ, შენს მიმართ ხედვა სხვამ, განსაკუთრებით, იმან, ვინც დიდი ხანია გიცნობს, არ უნდა შეიცვალოს.
ნათია, რა ამის პასუხია და, ქვეყანაში წინასაახალწლო განწყობა არის?
_ საერთოდ, აჭრელება და რაღაცების გაფერადება ისე მიყვარს, რომ ნაძვის ხეს ძალიან ადრე, ლამის ნოემბრის დასაწყისში “ვდგამდი” ხოლმე. შარშანაც, მიუხედავად იმისა, რომ გვწიხლავდნენ, ნაძვის ხე ადრიანად მოვრთე...
ნაძვის ხე ახლაც მორთული გაქვს...
_ კი, მაგრამ წელს ნოემბრის დასაწყისში კი არა, ორი დღის წინ “დავდგი”... სხვათა შორის, ახალ წლამდე კარგა ხნით ადრე ნაძვის ხის დადგმა და ქალაქების მორთვა იმ ქვეყნებიდან მოდის, სადაც გრძელი ზამთარია და ადამიანებმა ზამთრის ცხოვრება რომ არ გაილამაზონ, ძალიან მოიწყენენ.
რაღა დაგიმალო და, შენი ნაძვის ხე ძალიან მომწონს. ახლა იყიდე თუ ძველია?
_ სამი წლის წინ ვიყიდე _ ამერიკიდან საცხოვრებლად რომ დავბრუნდით, ჩემს ქალიშვილს, ეკას, ცუდი განწყობა ჰქონდა _ მეგობრებს დაშორდა და ცხოვრების სტილი აბსოლუტურად შეეცვალა. ჰოდა, მთხოვა, დიდი ნაძვის ხე მიყიდეო.
...ნათია, ახალი წელი გიყვარს?
_ კი, მიყვარს. საერთოდ, ყველა დღესასწაული მიყვარს, განსაკუთრებით კი, _ აღდგომა.
საახალწლო სუფრა მთელ საქართველოში თითქმის ერთნაირია, მაგრამ შეიძლება, ამ დღისთვის რამე განსაკუთრებულ კერძს ამზადებ, ანუ იმის გაგებას ვცდილობ, თუ როგორი იქნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის საახალწლო სუფრა...
_ ახალ წელს გოზინაყს იმიტომ ვაკეთებ ხოლმე, რადგან სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს.
ზოგ ოჯახში გოზინაყს კაცი აკეთებს. ირაკლის გამოსდის გოზინაყი?
_ არა.
არც საახალწლო ინდაურს ჭრის ხოლმე?
_ არა. ირაკლი ასეთ საქმესთან უცხოდაა... მოკლედ, გოზინაყს აუცილებლად გავაკეთებ, მაგრამ პასკისგან განსხვავებით, ბევრ გოზინაყს ვერ ვჭამ.
საცივთან როგორ ხარ?
_ მაინცდამაინც არ მიყვარს.
საცივის მომზადება იცი?
_ ვიცი, მაგრამ ის კერძი, რაც არ მიყვარს, გემრიელი არ გამომდის. დედაჩემი გადასარევ საცივს აკეთებს და მიგზავნის ხოლმე.
ნათია, მახსოვს, ადრე მითხარი, ყველს ჩემი ქუჩის კუთხეში ვყიდულობო. საახალწლო სუფრისთვის ყველს ისევ ძველ ადგილას შეიძენ?
_ რა თქმა უნდა...
ბაზარშიც წახვალ?
_ აბა, რა ვქნა, ჩემს მაგივრად ვინ წავა?
...ოჯახის წევრები ერთმანეთს საახალწლო საჩუქრებს “უკეთებთ” ხოლმე?
_ თოვლის ბაბუას როლს უფრო ირაკლი ასრულებს!
გახსოვს, შარშან, ახალ წელს, ირაკლიმ რა გაჩუქა?
_ (იღიმება) არ მახსოვს და ეწყინება...
ნათია, ბავშვობიდან განსაკუთრებულად რომელიმე ახალი წელი დაგამახსოვრდა?
_ მაშინ ახალ წელს მშობლები, ბებიები და ბაბუები, ანუ ყველანი ერთად ვხვდებოდით.
და მაშინ თოვლის ბაბუას როლს გურამ ფანჯიკიძე ირგებდა?
_ რა თქმა უნდა...
“თოვლის ბაბუას” “შეკვეთას აძლევდი”, რა საჩუქარი გინდოდა თუ არჩევანში თავისუფალი იყო?
_ მამა საჩუქრებს თარიღების მიხედვით არ “გვიკეთებდა”, სასაჩუქრე ატმოსფეროს ზოგადად ქმნიდა. ვანო, ახლა, სასაცილო რამეს გეტყვი: სამი და-ძმა ვართ _ მაია, ლაშა და მე. თუ მამას რამე საქმე ჰქონდა, სამივეს სახელს დაიძახებდა და სამივე თუ არა, ერთ-ერთი მაინც გააგონებდა. საერთოდ, მამაჩემი მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური სამყაროდან იყო და, ნებისმიერ შემთხვევაში, ციფრებით აზროვნებდა, ღირსშესანიშნავ თარიღებს ვერ იმახსოვრებდა _ ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, მაგრამ როგორც ჩანს, დაამახსოვრდა, 13 წლის რომ გავხდი. წლები გავიდა, უკვე თვრამეტი წლის ვარ და ვიღაცამ მამას ჰკითხა, რა კარგი გოგოა, არ თხოვდებაო? რა დროს ამისი გათხოვებაა, 13 წლის არისო, _ შეიცხადა მამაჩემმა. ის, ვინც ეს შეკითხვა დასვა, გაოგნდა... ყველაფერი ეს იუმორში გადიოდა და არასოდეს მიფიქრია, მამაჩემი უყურადღებოა და, ვთქვათ, დაბადების დღის მოლოცვა დაავიწყდა-მეთქი...
ახალ წელს მთელი ოჯახი, ძირძველი ქართული ტრადიციით, შინ ხვდებით ხოლმე?
_ სამი წელია, რაც თბილისში ჩამოვედით და მანამდეც, ნიუ-იორკში, ღამის 12 საათზე ირაკლი სულ სადღაც იყო და არის. მაგალითად, შარშან ახალ წელს გორში, დევნილებთან შეხვდა, შარშანწინ კი, _ სამეგრელოში.
წელს კი, ალბათ, რომელიმე სამხედრო ნაწილში შეხვდება...
_ იმედი მაქვს, რომ სახლში შეხვდება, თუმცა, ამაზე წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ირაკლის შეუძლია, ნახევარი საათით ადრე თქვას, რომ სადღაც მიფრინავს.
არ ელოდები, რომ ახალ წელს პრემიერი ან მთავრობის რომელიმე წევრი გესტუმრება?
_ არ ვიცი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ირაკლი სახლში იქნება თუ არა.
ვთქვათ, ირაკლი შინ არაა და პირველ იანვარს ბიძინა ივანიშვილი გესტუმრა.
_ გამიკვირდება, თან ძალიან გამიხარდება...
მეკვლე გყავთ ხოლმე?
_ რა თქმა უნდა...
შარშან ალასანიას ოჯახის მეკვლე ვინ იყო? _ აშკარად კარგი ფეხი ჰქონია.
_ ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. საერთოდ, ვთვლი, რომ ახალ წელს შენთან ისეთი ადამიანები მოდიან, ვისაც უყვარხარ და როგორ შეიძლება, მათ ცუდი ენერგია შემოიტანონ? სხვათა შორის, ირაკლის ბებიას მოსწონდა, რომ ახალი წლის დადგომამდე ჩვენი ოჯახის რომელიმე ბავშვი სადარბაზოში გასულიყო და 12 საათზე შინ შემოვარდნილიყო...
ოდესმე მეკვლედ ყოფილხარ?
_ არ მახსოვს...
ახალ წელს დამთვრალხარ?
_ ცხოვრებაში ნასვამი სულ რამდენჯერმე ვიყავი _ ჩემი ნორმა სამი ჭიქაა და მეოთხე ჭიქაზე ცუდად ვხდები.
ესე იგი, ცუდი სიმთვრალე გაქვს?
_ არა. ერთი ჭიქის მერე ვცეკვავ და ვმღერი, ორი ჭიქის მერე, მოვიწყენ ხოლმე, მესამე ჭიქის მერე კი, ვიწამლები...
ნათია, ახლა კი, მოდი, სრულიად ერს შენი სახელგანთქმული ხაჭაპურის რეცეპტი გაანდე...
_ ზოგი ხაჭაპურის ცომს კვერცხსა და კარაქს უშვრება, მაგრამ მე ასე არ ვაკეთებ, ანუ ხაჭაპურის ცომს მარტივი რეცეპტით ვამზადებ და ვთვლი, რომ გემრიელია, თუმცა ეს ტრადიციული იმერული ხაჭაპურის ცომი არაა. მოკლედ, ხაჭაპურისთვის უფრო “თბილისურ” ცომს ვზელ. საამისოდ კი, ერთ ქილა მაწონში ჩაის ერთ კოვზ სოდას ვყრი და ვაცდი, ვიდრე “ამობუყბუყდება”. შემდეგ, სუფრის ერთ კოვზ ზეთს ვამატებ. სხვათა შორის, მაწვნის ცომის მომზადება დეიდაჩემმა მასწავლა და, მახსოვს, მითხრა, მადლისთვის ცოტა მარილიც მოაყარეო. არ ვიცი, ეს “მადლისთვის” რას ნიშნავს, მაგრამ მარილის მოყრა არასოდეს მავიწყდება. მთავარი ისაა, რომ ცომი ხელზე არ უნდა “გეწებებოდეს”, რადგან კარგად გაბრტყელდეს. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველს _ თუ ყველი ძალიან უმარილოა, ხაჭაპური ცუდი გამოდის, არც ძალიან მარილიანი უნდა იყოს. მოკლედ, ძალიან გათხელებულ ცომში ყველს ვდებ... ვანო, ისეთი სახით მისმენ, რომ თითქოს ხაჭაპურის რეცეპტი ძალიან გაინტერესებს და მეც ეშხში შევედი...
რაღა დაგიმალო და, რეცეპტს გამომცხვარი ხაჭაპური მირჩევნია... ირაკლი რაც თავდაცვის მინისტრი გახდა, ხაჭაპური გამოუცხვე?
_ კი, რა თქმა უნდა...
ნათია, გველის წელი მოდის... საერთოდ, უხსენებლის გეშინია?
_ (იცინის) არა, გველოფობია არ მაქვს, თუმცა, რომ დავინახო, არ მესიამოვნება...
ჩიჩილაკი რატომ არ გაქვს?
_ დედაჩემის ბიძაშვილი დამპირდა, რომ მაჩუქებს და აუცილებლად მექნება...
31 დეკემბერს, საათი 12-ჯერ რომ დარეკავს, რას ჩაიფიქრებ?
_ 2012 წელს ასპარეზზე ჩემი ოჯახის ორი წევრი გამოვიდა. შესაბამისად, მინდა, რომ ამ ადამიანებმა ძალიან მალე დაამტკიცონ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არიან, შეუძლიათ, ფასეულობების ერთგულნი იყვნენ და კარგი გააკეთონ. მოკლედ, ერთი სული მაქვს, რაღაც დროს გადავახტე და ხალხმა თქვას, აი, ირაკლი ალასანიასა და მაია ფანჯიკიძეს შინ ხალხის თეთრიც არ წაუღიათო. ისე, ირაკლი თანამდებობაზე ბევრჯერ იყო და ეს უკვე დაამტკიცა...
ირაკლი უფრო კარგი მინისტრია თუ მაია?
_ ამის თქმა ძნელია... ირაკლის მიმართ სამხედროების სიმპატია ხუთი-ექვსი წლის წინაც მიგრძვნია _ ირაკლი სამხედროა და ეს საქმე იცის და ორხელისუფლებიანობა უფრო ნაკლებად შეეხო, ვიდრე _ მაიას, რომელიც ძველ ელჩებსაც ვერ ათავისუფლებს... ორივეს დიდი ასპარეზი და მძიმე პასუხისმგებლობა აქვს და ქვეყნისთვის კარგი იქნება, რომ ორივეს საქმე კარგად გამოუვიდეს!
_ ნათია, დამდეგ ახალ წელს გილოცავ!