“ფეხებით რომ დამკიდონ, ვერ მათქმევინებენ, ვინ იყო აგენტი”

“ფეხებით რომ დამკიდონ, ვერ მათქმევინებენ, ვინ იყო აგენტი”

მიუხედავად იმისა, რომ ლუსტრაციის კანონის შემოღებასთან დაკავშირებით პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობა აქტიურობდა, ამ საკითხზე კანონპროექტის წარდგენა მათ ოპოზიციამ დაასწრო. კანონპროექტის ავტორების “დემოკრატიული ფრონტის” წევრთა განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კანონპროექტმა მოსმენაზე გატანამდე გამოიწვია ვნებათაღელვა. სპეცსამსახურების ექსპერტები “დილეტანტების შედგენილს” უწოდებენ კანონპროექტს და ის ფაქტი, რომ იგი ავტორებმა ძირითადად ჩეხეთისა და ლიტვის გამოცდილების მიხედვით შექმნეს, შეცდომად მიაჩნიათ. სახელისუფლებო უმრავლესობის წარმომადგენლის, სპეცსამსახურების ექსპერტის, დავით ბაზღაძის განმარტებით, საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო, ამიტომაც არ შეიძლება მისი სპეცსამსახურებისა და საიდუმლო აგენტების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან გათანაბრება, რადგან ამ ქვეყნების სპეცსამსახურები და მისი აგენტურა საბჭოთა კავშირთან, როგორც სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობდა.

“ამ ქვეყნებმა ლუსტრაციის კანონი დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე მიიღეს. ჩვენც ლუსტრაციის კანონი თუ უფრო ადრე არა, 1995 წელს მაინც უნდა მიგვეღო. ამით თავიდან ავიცილებდით ყოფილი საბჭოთა კავშირისა და დღეს უკვე რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის დამანგრეველ მოქმედებას. გაუგებარია, წარმოდგენილი კანონპროექტი რას ემსახურება, რის მიღწევას ცდილობენ ავტორები?” - აცხადებს ბაზღაძე, რომელსაც კანონპროექტის დაკანონების შემთხვევაში, ალბათ, ბევრ დეპუტატთან ერთად მოუწევს პარლამენტის დატოვება. როგორც კანონპროექტშია მითითებული, სახელმწიფო სამსახურებთან დამშვიდობება მოუწევს ყველას, ვინც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე საბჭოთა კავშირის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული კომიტეტის მდივნები, ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრები და რაიონული კომიტეტის მდივნები, საქართველოს სსრ ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, კახა კუკავას განმარტებით, ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება აუცილებელია.

- “დემოკრატიული ფრონტის” კანონპროექტი ბაზღაძეს, ანზორ მაისურაძეს, მურმან შელიას და სხვა ექსპერტებს იმიტომ არ მოსწონთ, რომ იგი მათ წინააღმდეგ იმოქმედებს. ეს პირები სუკ-ის ოფიცრები იყვნენ და ჩვენი კანონპროექტიც უშუალოდ მათ ეხება. თუმცა განხილვაში, ალბათ, მათაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს კანონი უფლებათა შემზღუდავი კანონია და აქედან გამომდინარე, ოპონენტები თავისთავად ეყოლება.

ეს პირები წინათ საზოგადოებას გაცილებით უხეში ფორმით ავიწროებდნენ, ვიდრე ლუსტრაციის შესახებ კანონი ითვალისწინებს მათ შეზღუდვას. არღვევდნენ იმ პირთა უფლებებსაც, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.

როგორ მოხდა, რომ უმრავლესობას კანონპროექტის შეტანა დაასწარით?

- უმრავლესობაში არის ხალხი, ვისაც ამ კანონის გატანა არ სურს. ერთი უკვე თქვენც დაასახელეთ ბაზღაძის სახით. ის უშიშროების ოფიცერია. კიდევ არიან ფარული თანამშრომლები, რომელთა შესახებ მონაცემები გვაქვს, მაგრამ ფაქტებით ვერ ვადასტურებთ და ამიტომაც მათზე პრესასთან ვერ ვილაპარაკებთ. სწორედ ეს ხალხი შეეცდება, ხელი შეუშალოს კანონის მიღებას.

კანონპროექტში მითითებულია უცნაური რამ. კერძოდ, სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლები ვალდებული არიან, გამოცხადდნენ შესაბამის კომისიასთან და ყველაფერი თქვან თავიანთი საქმიანობის შესახებ. თქვენ ფიქრობთ, რომ ვინმე მართლაც მოვა და გეტყვით, რომ კა-გე-ბეს აგენტი იყო?

- ეს ლიტვის მოდელისგან გადმოვიღეთ. იქ რამდენიმე ათასმა კაცმა აღიარა, რომ კა-გე-ბესთან თანამშრომლობდა. თუ ლიტვაში გაამართლა ამ ინსტიტუტმა, გაამართლებს საქართველოშიც. თუ პირი თავისი ნებით არ გამოცხადდება, მაშინ მას დაიბარებენ და განმარტების მიცემა მოუწევს. თუ ყველაფერს ნებაყოფლობით აღიარებს, მაშინ მისი საიდუმლო დაცული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია სხვა გზებით მიღებულ ცნობებს გამოაქვეყნებს.

სპეცსამსახურების ექსპერტის, მურმან შელიას აზრით, კუკავა ამ საქმეში ჩახედული არ არის და წარმოდგენა არ აქვს არქივებზე. შელიამ 1989 წელს თავის კოლეგა ილია ნარიმანიძესთან ერთად უარი თქვა კომუნისტური პარტიის წევრობაზე.

მიუხედავად ამისა, ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის დაკანონების შემთხვევაში მას სამუდამოდ აეკრძალება სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობა და სხვადასხვა სახელისუფლებო არჩევნებში მონაწილეობა.

- “დემოკრატიული ფრონტის” კანონპროექტი აბსურდულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხოლოდ კანონის მიღებით შეიძლება საიდუმლო აგენტის გამოვლენა, უმეცარია. ყოფილი აგენტი რომ ამხილო, მთელი მისი საქმიანობის დოსიე უნდა გქონდეს ხელთ, დოსიეები კი კარგა ხანია რუსებმა გაიტანეს. დატოვეს მხოლოდ კარტოთეკები, სადაც ბარათები ინახება მავანთა შესახებ. ბარათები ორგვარია: პირველი, რომელზეც მხოლოდ საიდუმლო ფსევდონიმია მითითებული (იგი დოსიეს გარეშე არაფრისმომცემია) და მეორე, რომელზეც მხოლოდ სახელი და გვარია მითითებული. დოსიეს გარეშე ისიც უვარგისია. ასეთს რამდენსაც გინდა, იმდენს ჩადებ კარტოთეკაში და იტყვი, აი, ეს აგენტი იყო-თქო.

თქვენ თვლით, რომ ვისაც გინდა, იმას გაააგენტებ?

- რა თქმა უნდა. ბევრი საიდუმლო აგენტისა და “ჩამშვების” ვინაობას სპეცსამსახურის ოფიციალური თანამშრომელი არ აღრიცხავს. ჩემს ქვეგანყოფილებას ყველა იმ ორგანიზაციასთან მუშაობა ევალებოდა, სადაც ახალგაზრდები ტრიალებდნენ. კაბინეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მქონდა. დილით, სანამ კაბინეტში შევიდოდი, არაოფიციალური აგენტებისა და ჩამშვებების უზარმაზარი არმია გზადაგზა ოსტატურად მათვითცნობიერებდა ყველაფერში. ეს ყველაზე მართვადი ძალაა სპეცსამსახურებისთვის, მათ მოწოდებად და ჩვევად აქვთ ინფორმაციის გაცემა. ამ ხალხის გამოვლენა კი, ვიმეორებ, დღეს შეუძლებელია. ეს კარგად იციან საქართველოს მთავრობაშიც, თორემ აქამდეც გამოაშკარავდებოდა საქართველოს მტრების ვინაობა. ფეხებით რომ დამკიდონ, მე ვერ მათქმევინებენ, ვინ იყო აგენტი და სხვა გზა არ ვიცი, როგორ აპირებენ ამის დადგენას.

კანონპროექტის მიხედვით, თქვენ იმით დაისჯებით, რომ სახელმწიფო სამსახურში ვერ იმუშავებთ.

- და სამშობლოს მოღალატედაც გამომაცხადებენ, არა? ჯანდაბას სამსახური, პენსიონერი ვარ და უმუშევრობას ავიტან, მაგრამ ვის რა უფლება აქვს სამშობლოს მტრად გამომაცხადოს იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურაში ოფიციალურად ვმუშაობდი.

იტყვიან, უნივერსიტეტში სტუდენტებს “ავერბოვკებდაო”.

- უნივერსიტეტის მხარდაჭერის ფასი კარგად იცოდა შევარდნაძემ, რომელიც, როგორც კი გაუჭირდებოდა, უნივერსიტეტში გარბოდა, და იცის მიხეილ სააკაშვილმაც. დღეს კი უნივერსიტეტი იმ ხალხისგან გაწმინდეს, ვინც თანამდებობის დაკარგვის ფასადაც არ დაიხევდა უკან კარგი საქმის მხარდასაჭერად. ასე მოიშალა ეროვნული სული უნივერსიტეტში. ჩვენ რომ ხელი არ შეგვეწყო, ვერასოდეს დადგებოდა ფეხზე ეროვნული მოძრაობა და შესაძლოა, დღესაც საბჭოთა კავშირში ვყოფილიყავით(?!).

თქვენ თვლით, რომ კა-გე-ბე პატრიოტებით იყო სავსე?

- რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირი არ იყო, მაგრამ ჰკითხეთ ეროვნული მოძრაობის მაშინდელ ლიდერებს და გეტყვიან, - რომ არა ჩვენი და უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის მხარდაჭერა, ყველა კარგი საქმე ჩანასახშივე იქნებოდა აღკვეთილი. ნურავინ შემედავება, რომ ამას ვერ შევძლებდით. ამის გაკეთება არ გვინდოდა და არ ვაკეთებდით.

დღეს ბევრს თავი მოაქვს უცხოეთში მიღებული განათლებით, მათ შორის მრავლად არიან ისეთებიც, ვინც საბჭოთა კავშირის დროს მიიღო განათლება. მაშინ ისე არ იყო, როგორც დღეს, - აიღებდი ბილეთს და წახვიდოდი. ყველა, ვინც განათლების მისაღებად მიდიოდა, ვალდებული იყო, ჩვენს განყოფილებაში გაევლო გასაუბრება. ამის შემდეგ ან წავიდოდნენ, ან არა. “დავერბოვკება” ხდებოდა.

გინდათ თქვათ, რომ ქვეყანა აგენტებით არის სავსე?

- პირველი პარლამენტი რომ შეიკრიბა, მეგონა, ჩემს სეიფს ვუყურებდი. ასე იყო მეორე პარლამენტშიც. ამიტომ ძველი ნაგვის ქექვას, სჯობია, გაერთიანების, ერთმანეთის მოსმენისა და სიყვარულის უნარის დაბრუნებაზე ვიზრუნოთ.

თქვენ თქვით, რომ აგენტურის საქმიანობის შესახებ ყველა მონაცემი რუსეთმა წაიღო. შეიძლება ამ საქმეებს იქიდან ვინმე იყენებდეს?

- რა თქმა უნდა, ის ყველაფერი ვიღაცას უდევს წინ. ეს მაკომპრომეტირებელი მასალაა და შესაბამისად, ყოველთვის შეუძლია ადრესატის მართვა. ასეთების გამოსავლენად ლუსტრაციის კანონის შემოღება კი არა, სპეცსამსახურების გაძლიერებაა საჭირო.

დღეს თუ არის ხელისუფლებაში, პარლამენტში ან სხვა მნიშვნელოვან სტრუქტურაში ის ხალხი, ვინც ერთ დროს თქვენს “სეიფში” იყო?

- ჩემგან ამაზე ლაპარაკი არასწორი იქნება. ეგ კანონპროექტი არ დაკანონდება. თუ დაკანონდა, საშინელი გულისტკივილი და ტრაგიკული შედეგი მოჰყვება, რადგან სამშობლოს ნამდვილი მტრები კვლავაც გამოუცნობი დარჩებიან. ეს კარგად იციან მისმა ავტორებმა და ამიტომაც ცდილობენ ყბედობით ქულების დაწერას. ხალხის გასაგონად ლაპარაკობენ, - აი, ლუსტრაციას მოვითხოვთო. სამწუხაროდ, ეს მეთოდი დღემდე ჭრის, - “გიჟი თავისუფალიაო”. ვისაც რა უნდა, იმას ამბობს, რადგან იცის, როგორც უნდა დაგწამოს ცილი, პასუხს არავინ აგებინებს.