ქართველები საკუთარი საქმიანობის წამოწყების თვალსაზრისით დიდ ინიციტივას არ იჩენენ. მხოლოდ ყოველ მე-8 მოქალაქეს აქვს სურვილი, რომ ბიზნესი ჰქონდეს. მეორე მხრივ კი, მათი მიზანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
Noblet Media-სა და Info Sapiens-ის ერთობლივმა კვლევამ გამოკვეთა მომხმარებლების ცხოვრების მიზნებისა და პრიორიტეტების თავისებურებები ექვს სახელმწიფოში: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.
კვლევა წარმოადგენს საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური, ფინანსური და ეკონომიკური ხედვების, ქცევის, ცხოვრების სტილისა და მედიის გამოყენების შესახებ მონაცემებს.
კვლევის მიხედვით, სხვა ხუთი ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, ქართველებიც ყველაზე ხშირად ორიენტირებული არიან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (71%). ამასთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართველები და აზერბაიჯანელები შედარებით უფრო მოქნილები არიან: ქართველების 6% და აზერბაიჯანელების 10% მზად არის შემდეგი 10 წლის მანძილზე საკუთარი საქმიანობის სფერო შეიცვალოს. ქართველების 23%-ს სურს გლობალურ კერძო კომპანიაში მუშაობა, 18%-ს - ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო სექტორში, მხოლოდ 13%-ს აქვს საკუთარი ბიზნესის დაწყების სურვილი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში მუშაობა აღნიშნული ექვსი ქვეყნიდან ყველაზე მეტად ქართველებს (15%) სურთ. ქართველების უმრავლესობა თავისუფალ დროს უმეტესად მეგობრებთან ატარებს, უკრაინელების უმრავლესობას კი ოჯახის შექმნა და ბავშვების ყოლა ურჩევია.
„ქართველები გამორჩეული არიან გუნდური სულით: მათ აქვთ გარკვეულ ჯგუფებთან ან იდეებთან ასოცირების, საერთო ხედვების გაზიარების სურვილი. ქართველების მხოლოდ 11%-ს შეუძლია ეკონომიკური და სოციალური თემების შესახებ მოსაზრებების ონლაინ თავისუფლად გამოქვეყნება, მოქალაქეების ნახევარი კი ქვეყნის მომავლის შესახებ ოჯახსა და მეგობრებთან მსჯელობს.
უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრებზე ორიენტირებული ბუნების მიუხედავად, ოჯახს ყველაზე დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრების ჩამოყალიბებაზე (58%). ქართველები მზად არიან მტკიცედ დაიცვან მოსაზრება, რომელიც მათ ღირებულებებს ასახავს. შესაბამისად, კომპანიებმა ქართველები უნდა აღიქვან ეფექტიან გუნდურ მოთამაშეებად და ამავე დროს, კორპორაციულ ცხოვრებაში ამ ადამიანების მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, დეტალურად გააცნონ კომპანიის ხედვა და მისია“, - აღნიშნულია კვლევის ავტორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეები ნაკლებად ფიქრობენ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე, არადა საერთაშორისო შემფასებლები ირწმუნებიან, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. ამას ოფიციალური კვლევაც ადასტურებს.
ბიზნესის კეთების სიმარტივის („დუინგ ბიზნეს“) 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, მაგრამ საერთო ფონზე ეს არაფერს ცვლის, მით უფრო, რომ 2020 წლის ანგარიშში საქართველო შეფასებულია 83,7 ქულით. ეს მაჩვენებელი კი, წინა წელთან შეადრებით, 0,2 ქულით გაუმჯობესდა.
რეიტინგის შედგენა 10 ინდიკატორის მიხედვით ხდება. აქედან საქართველოს ხუთ ინდიკატორში ქულების მატება აქვს, ხუთი ინდიკატორის ქულა კი უცვლელი დარჩა. საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით აქვს. ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ახალი ზელანდია უსწრებს, ხოლო მეხუთე ადგილზეა საკუთრების რეგისტრაციის ინდიკატორით.
მსოფლიო ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ მშენებლობის ნებართვების მხრივ გააუმჯობესა მშენებლობის ხარისხის კონტროლი ინფორმაციის საჯაროობის გაზრდით.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში სომხეთი 47-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 34-ზე, თურქეთი - 33-ზე, რუსეთი - 28-ზე.