მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით მიმართა, ანალიტიკოსთა წრეებში დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას, დგას თუ არა ქვეყანა რეალურად პოლიტიკური კრიზისის წინაშე, რამდენადაა ქვეყნის პრეზიდენტის ინტერესში პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა და რას მოუტანს ეს ხელისუფლებას და ქვეყანას.
შედეგს, რომელიც 28 დეკემბერს დადგა, როცა პარლამენტმა ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ერთი წინადადებით აფასებს: ეს არის ან პოზიტივი, ან კატასტროფა - პოზიტივი იმ თვალსაზრისით, რომ პარლამენტი საკუთარი ფუნქციების შესრულებას რეალურად იწყებს, კატასტროფა კი იმ თვალსაზრისით, რომ ახლა, როდესაც პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა, პრეზიდენტს საკუთარი ფართო უფლებამოსილების გამოსაყენებლად ხელ-ფეხი ეხსნება. თუმცა, როგორც ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, კონსტიტუციის არსებული ვარიანტით, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა 6 თვის განმავლობაში არ შეუძლია, მაგრამ, სამაგიეროდ, მას მომავალი ერთი თვის მანძილზე, ანუ სანამ ახლად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება შევა ძალაში, შეუძლია დაითხოვოს მთავრობა. საკონსტიტუციო რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტი ახალ მთავრობას სამჯერ ზედიზედ არ დაამტკიცებს, პრეზიდენტი ვერ დაითხოვს პარლამენტს, მაგრამ დანიშნავს ახალ, საკუთარ მთავრობას. შესაძლებელია პარლამენტმა შექმნას პირობები ვადამდელი არჩევნებისთვის, მაგრამ ამ არჩევნებს ჩაატარებს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა. ვახტანგ ძაბირაძის სიტყვებით, დღეს, ”ნაციონალური მოძრაობის” დაბალი პოლიტიკური რეიტინგის გათვალისწინებით, შანსი იმისა, რომ პრეზიდენტმა რამე მოახერხოს, არის მხოლოდ გაყალბება, რასაც რეპრესიები დასჭირდება. ამას დასავლეთი მხარს არ დაუჭერს. ვახტანგ ძაბირაძეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პროცესების განვითარების ასეთი სცენარი სათუოდ ეჩვენება, მისი სრულიად არაპროგნოზირებადი შედეგების გამო:
”შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იწყება არათუ ავტორიტარული, არამედ დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბება, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, და რამდენადაც მე ვიცნობ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, საქართველოში ადგილობრივი რესურსი არასოდეს ყოფილა არათუ დღეს, არც არასოდეს, საკმარისი დიქტატურის დასამყარებლად. ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა. დიქტატურას სჭირდება საკმაოდ დიდი რესურსი - ადამიანურიც, ფინანსურიც. ასეთი რესურსი ჩვენნაირ ქვეყნებს არ აქვთ, თუ მათ არ ექნებათ მხარდაჭერა გარედან. გარედან მხარდაჭერა დასავლეთიდან მას არ ექნება. მაშინ გამოდის, რომ მას გარედან მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს რუსეთიდან. აი, მთელი ეს სცენარი, და ამაზე ვიძახი მე, კატასტროფა იქნება-მეთქი”.
თუ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში კრიზისის შესაქმნელად პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებას პოლიტიკურ მიზაშეწონილობას მოკლებულად მიიჩნევს, საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის კახი კახიშვილის აზრით, ვინაიდან საგაზაფხულო სესიისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილებები სერიოზულად შემცირდება, მას ახლა შეუძლია ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი შეცვალოს, რაც კრიზისის გამოწვევის შესაძლებლობას ზრდის:
”გუშინ უკვე შევიდა ცვლილებები კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, სადაც უკვე რეალურად ბევრი ბერკეტი ჩამოერთვა სააკაშვილს, ახლა კიდევ ეს საკითხი -მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის ერთმანეთთან მიბმა... სააკაშვილმა იცის, რომ თუ მან საგაზაფხულო სესიამდე ვერ მოასწრო რაღაცების არევა, საგაზაფხულო სესიის შემდეგ სერიოზული პრობლემები ექნება”.
კახი კახიშვილისგან განსხვავებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ვერ ხედავს და მხოლოდ პოლიტიკურ, ვერბალურად გამოხატულ დაპირისპირებაზე ლაპარაკობს პოლიტოლოგი გია ნოდია. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას მკვეთრად აკრიტიკებს, მისი დათხოვნის სურვილს პრეზიდენტს ვერ ამჩნევს:
”მე არა მგონია, მართალი გითხრათ, პრეზიდენტი ამას აპირებდეს. შეიძლება არის პრეზიდენტის მომხრეთა შორის ან უფრო რადიკალურად განწყობილ მომხრეთა შორის ამის სურვილი, მაგრამ თვითონ პრეზიდენტის ქმედებაში და რიტორიკაშიც რაღაც ასეთ გეგმებს ვერ ვხედავ”.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის დათხოვნისა და კრიზისის გამოწვევის შესაძლებლობას მოელის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პრეზიდენტის პირადი უსაფრთხოების საკითხი დაისმება. აქვე ვახტანგ ძაბირაძე პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას იხსენებს და ამბობს, რომ ამ თვალსაზრისითაც საუბარია გარკვეულ პოლიტიკურ ამნისტიაზე, რაც პრეზიდენტსაც უნდა შეეხოს და თუ ეს ცვლილება ძალაში შევა, მაშინ კრიზისიც თავიდან იქნება აცილებული, რადგან, სავარაუდოდ, ამ ცვლილებას საპარლამენტო უმცირესობაც დაუჭერს მხარს, ვინაიდან პოლიტიკური ამნისტია მათზეც გავრცელდება. თუმცა, ექსპერტთა ნაწილის აზრით, პრობლემები არა ცვლილებების ძალაში შეხვლის შემდეგაა სავარაუდო, არამედ მანამდე, უახლოეს ერთ თვეში, არსებული კონსტიტუციის მოქმედების ვადებში.