რას პასუხობს განაწყენებულ ინგა გრიგოლიას გოგა ხაინდრავა?

რას პასუხობს განაწყენებულ ინგა გრიგოლიას გოგა ხაინდრავა?

თუკი იმ პრინციპიდან გამოვალთ, რომ ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია, მაშინ უნდა ვეცადოთ, რომ წონასწორობა შევინარჩუნოთ, რადგან ანგელოზის ადგილი ზეცაშია, ცხოველის - ტყეში! ამ ბალანსის დარღვევით იწყება ცხოველური საწყისის წინა პლანზე წამოწევა, გამხეცება, აგრესიული შიზოფრენია და საზოგადოების გადაგვარება, ამის ნიშნები სახეზეა, რაშიც დიდ წვლილს თამაშობენ ტელევიზიები. ტელევიზია ბოროტი ძალის ხელში ყველაზე საშიში იარაღია, პროპაგანდამ შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ან ბოროტების დაწყების სტიმული მისცეს. სამწუხაროდ, ქვეყანაში ტოტალური დეპრესიაა და ამაში დიდ როლს პოლიტიკური ტოქშოუები თამაშობენ. ის, რაც გასულ კვირას "რუსთავი 2"-ის ეთერით ვნახეთ, როცა ბაჩანა ახალაიას მომხრეები და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ღია ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია. ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება, "ქუჩური რაზბორკების" დაკანონება, ყველაზე უხამსისა და ამორალურის წესად ქცევა, ჩამორჩენილობის ნიშანი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. როცა პროპაგანდის იარაღს ხელში იჭერ, მინიმუმ ერთი ნაბიჯით მაინც წინ უნდა უსწრებდე საზოგადოებას და ქვეყანა ასე არ უნდა გააბანძო. თუმცა ყველაფერი გასაგებია, რომ არა ასეთი ტოქშოუები, სააკაშვილი "გაბანძებული ქვეყნის" ტერმინსაც ვერ გამოიყენებდა და ქვეყნიდან კუდამოძუებულს, თავში აზრადაც არ მოუვიდოდა ხელისუფლებაში დაბრუნების იდეა.

და მაინც, ნაციონალური პიარკამპანიითა და დაანონსებული ჯოჯოხეთით, რა გამოწვევის წინაშე დგას ხელისუფლება? ნერვების ომში ვინ გამოვა გამარჯვებული? ძალიან დიდი ცდუნებაა, როცა ხარ ხელისუფალი, მეოთხე ხელისუფლების კონტროლის ბერკეტებზე უარი თქვა, ფაქტი ერთია, "ოცნებას" საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა. სწორედ ამ იარაღის მანიპულირების საშუალებით იყო, რომ ქვეყანაში მუდამ უღრუბლო ცა გვქონდა, ვიყავით ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა, ვჯობნიდით შვეიცარიას, ვუჯოკრავდით კურორტებით ნიცას, მონაკოს, აქ ციხეებში ხათუნა კალმახელიძე ხალხს არ "უ-ხათ-ქუნებდა", პატიმრებს ჩამწერი სტუდიები ჰქონდათ და მხოლოდ "მიშა მაგარიას" მღეროდნენ, მერე რა, რომ მაგარი საგნები ხვდებოდათ პატიმრებს, მერე რა, რომ პროქტოლოგიაში რეკორდი მოხსნეს?! ეს თქვენ გეჩვენებათ, მიშამ აკი ცნობილ პროქტოლოგს ჰკითხა, როგორ შეიძლება ცოცხების უკანალში გარჭობაო?! მიშამ ხომ ფრანგი ინსტრუქტორები ჩამოიყვანა, რომლებიც ევროსტანდარტებს ნერგავდნენ ქართულ ციხეებში, "ციხის სკანდალი" ხომ ბლეფია? მიშა ხომ მართალია? მიშა ხომ მუდამ დემოკრატიის სადარაჯოზე ათენ-აღამებდა? მიშას ხომ ხალხი უყვარს? მაგრამ, რატომ არ უყვარს ხალხს მიშა? აი, აქ უკვე იჭედებიან მიშას ტელევიზიები. მაშ, რა არის საჭირო, იმისთვის, რომ მიშა ხალხს შეუყვარდეს? ყველა იმ დანაშაულის დატრიალება, თანმიმდევრულად აკინძვა და ოცნების ხელისუფლებისთვის "შეტენვა". აი, მაგალითად, ორი დღის წინ "რუსთავი 2"-მა მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ტრაგედია ასე გააშუქა - მომღერალი 6 წელი კომაშია, მას სჭირდება მკურნალობა, ჯანდაცვის სამინისტრომ მისთვის განკუთვნილი ლიმიტი ამოწურა, ეს "ნაძირალა" ხელისუფლება დაინვალიდებულ ჯაბას არ ეხმარებაო... "რუსთავი 2"-მა მოტეხა ფაქტი, რომ ჯაბა ბოჯგუა სააკაშვილის ხელისუფლებისას, ციხეში უმოწყალოდ ცემეს, რის გამოც მომღერალი დაინვალიდდა და 6 წელია, კომაშია. აი, ახლა ვინც ყველაფერი იცის, იმათ რა ჰქნან? ვინც იცის, რა ბოროტებას, სისასტიკესა და დანაშაულს სჩადიოდა მიშას რეჟიმი, რომელსაც "რუსთავი 2" და ზოგიერთი ტელევიზია ისე ფუთავს, თითქოს ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც  არჩევნების შედეგებს ნებით დაყაბულდა და ოპოზიციაში გადავიდა, როგორ გიყურონ აუღელვებლად, როგორ გიკრან კვერი, თვალში ნაცრის მიყრისთვის, როგორ აეწყონ თქვენს რეიტინგზე, როცა ძალიან ხშირად აკეთებთ სიყალბეს? დღეს, თუკი ხელისუფლებას ხელი წასცდება და რომელიმე გადაცემას დახურავს, ეს იქნება ყველაზე დიდი დანაშაული, თუმცა ტელეწამყვანებმა განგაშის ზარები შემოსცხეს. საინტერესოა, რამდენად დროულია მათი მხრიდან მძაფრი რეაქციების კეთება და რატომ ფიქრობენ, რომ ივანიშვილთან ე.წ. ქობულეთის შეხვედრას "იმედის" ხელმძღვანელობასთან, საზოგადო მოღვაწეებთან და ექსპერტებთან შეიძლება ნეგატიური გამოძახილი ჰქონდეს?

პრესით ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ "ქობულეთის შეხვედრაზე" ივანიშვილმა "იმედის" ხელმძღვანელობას უსაყვედურა იმ არარეალური ეგზიტპოლების გამო, რაც "იმედმა" ადგილობრივი არჩევნების შემდეგ "დასვა". მათი შედეგებით ნარმანიამ პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რასაც "ოცნების" შტაბში ნაადრევი სიხარული მოჰყვა. რეალურად კი დავინახეთ, რომ ქალაქის მერს მეორე ტური ჰქონდა გადასალახი. რეალობას აცდენილი "იმედის" ხელმძღვანელობა ამის გამო დაიტუქსა და არხის დირექტორი, ასევე საინფორმაციოს ხელმძღვანელი, პოზიციებს ჩამოაცილეს, თუკი ეს მოხდა, რატომ არ შეიძლება, უფრო შორს წავიდეს ბიძინა? არადა, გვახსოვს, ივანიშვილმა რა პრესში გაატარა ჟურნალისტები. ფაქტობრივად, ის სკოლის დირექტორად მოგვევლინა, რომელმაც ურჩი მოსწავლეები საყვედურებით აავსო. გამოდის, რომ ზოგიერთი წამყვანის შეშფოთება უსაფუძვლო არ არის, ბიძინა თავისი ახალი გადაცემით, როგორც ჩანს, სერიოზულ დარტყმებს აპირებს, შუაგაკრეფილების თემის გაგრძელება ახლა უკვე მეოთხე ხელისუფლებაში იგეგმება. ის გეგმავს, ამხილოს ყველა ჟურნალისტი, არხის ხელმძღვანელი თუ გაზეთის დამფუძნებელი. ბრძოლის ეს გზა ერთი შეხვედით გაუმართლებელია, ჟურნალისტებთან ომის გამოცხადება საკუთარი ხელით ხარაკირის გაკეთებას ნიშნავს, მაგრამ, თუკი ინტრიგის ავტორმა თამაშის წესები იცის, როგორ გაყოს და დააპირისპიროს მხარეები, აი, მერე კი ნამდვილი ბრძოლა გაიმართება. გაზეთ "ალიაში" გოგა ხაინდრავას ინტერვიუს "რეაქციის" წამყვანის რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ხაინდრავას ძირითადი დარტყმის ობიექტი "რუსთავი 2" იყო, წამყვანის შეშფოთება ერთმა ფაქტორმა გამოიწვია - ხომ არ უმაგრებს ხაინდრავას განცხადებებს ზურგს ივანიშვილის პათოსი? "არასოდეს არც ერთ თავდასხმას არ გამოვხმაურებივართ ჩვენს გადაცემებში, თუმცა დღეს პირველად გადავწყვიტე, პასუხი გავცე ყველას, ვინც მწვავე გადაცემების გამო ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის პოზიციის გამყარებაში გვადანაშაულებს. რაც არ უნდა არ მოგწონდეთ ჩვენი გადაცემების სტუმრები, რაც არ უნდა გაღიზიანებდეთ რომელიმე სტუმრის პოლიტიკური კუთვნილება, "რეაქცია" მაინც ყოველთვის დაეთმობა ყველა მოსაზრების ადამიანს. განსაკუთრებით არასასიამოვნო სიგნალი პირადად ჩემთვის აღმოჩნდა ე.წ "ქობულეთის შეხვედრის" ერთ-ერთი მონაწილის, გოგა ხაინდრავას შემოტევა ჩვენს გადაცემაზე. არა ხაინდრავას გამო, არამედ იმის გამო, რომ ამ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. ხაინდრავას პათოსი "იმედს", "მაესტროს", "რუსთავი 2"-ს ერთდროულად ეხებოდა. "როცა იმედს ვუყურებ, თმები ყალყზე მიდგება, რადგან ტელეარხზე ბაკქანალიაა, ეს არის სრული სიბინძურე, ფარისევლობა, პროპაგანდა, რომელიც წამლავს საზოგადოებას" და ა. შ. ეს რეჟისორ ხაინდრავას ყველაზე რბილი შეფასებები იყო მედიის მიმართ, კიდევ უფრო უარესებიც ითქვა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პირადად ხაინდრავას მოსაზრებებია და არა ქობულეთში ივანიშვილთან შეხვედრის პათოსი.

პასუხად ვიტყვი ერთს, მათ გასაგონად ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ხელოვნურად ვძაბავთ სიტუაციას და ვქმნით დაძაბულობას, თუ გადაცემები მწვავე გამოდის, ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებთ ამაში, ჩვენ ვაშუქებთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება და ასე ვაპირებთ კიდეც გაგრძელებას. მე, როგორც გადაცემის წამყვანს, მსგავს ბრალდებებზე რეაქცია ნული მაქვს, თუმცა ქობულეთის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ამ ტონალობაში შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებებს, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდი".

ინგა გრიგოლიას ამ განცხადებას გოგა ხაინდრავა "ქრონიკიდან" პასუხობს: "ტელევიზიების მიმართ ჩემი დამოკიდებულება დიდი ხანია ცნობილია და ეს განცხება პირველად არ გამიკეთებია. თუკი ინგა გრიგოლიას კითხვები გაუჩნდა, მას შეეძლო, სტუდიაში მივეწვიე და ყველა კითხვაზე არგუმენტირებულად ვუპასუხებდი... როცა ის ე.წ. "ქობულეთის შეხვედრას" ახსენებს და აინტერესებს, ეს ჩემი მოსაზრებებია თუ ქობულეთში ივანიშვილის შეხვედრის პათოსი, ინგა გრიგოლიას შეეძლო "იმედის" ხელმძღვანელის საყევარიშვილის სტუდიაში მიწვევა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა და მისთვის კითხვის დასმა, თუ რაზე იყო კონკრეტულად საუბარი ქობულეთში, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე. დღეს მეტის თქმას არ ვაპირებ!"