საუბარი წარსულზე და არაფერი მომავალზე - „ქართული პოლიტიკა ასე დაცლილი არასდროს ყოფილა“

საუბარი წარსულზე და არაფერი მომავალზე - „ქართული პოლიტიკა ასე დაცლილი არასდროს ყოფილა“

რას სთავაზობს ოპოზიცია ამომრჩეველს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორთვენახევრით ადრე, რა მთავარი მესიჯები და იდეები აქვთ, რომელზეც საინფორმაციო კამპანიას ააგებენ? - For.ge-სთან ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არც ერთ პოლიტიკურ ძალას ამომრჩევლისთვის ახალი არაფერი შეუთავაზებია. მათი აზრით, წინასაარჩევნო გარემო ისევ ორი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგით ცხოვრობს.

„ნაციონალები“ მოსახლეობას კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას სთხოვს. პირობას დებენ, რომ გამოსწორდებიან და წარსულ შეცდომებს აღარ გაიმეორებენ. „ქართული ოცნება“ კი მოსახლეობას შეშინებას განაგრძობს და ამბობენ, რომ თუ მათ არ აირჩევენ, მაშინ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება. ანალიტიკოსების აზრით, დანარჩენმა პარტიებმა საერთოდ არ იციან რას ამბობენ. მათი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხვდება, რომ მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს და „ოცნებასთან“ ერთად „ევროპულ საქართველოს“ და გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებლის“ წინააღმდეგაც იბრძვის. პარტია შეეცდება, რომ მათთან წასული საკუთარი ამომრჩეველი უკან დააბრუნოს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ არც ერთ პარტიას ჯერჯერობით საარჩევნო პროგრამა სრული სახით არ წარმოუდგენია, თუმცა ერთი გარემოება ყველაზე თვალში საცემია, რომ ქართული პოლიტიკა იდეებით და იდეოლოგიით ასე დაცლილი არასდროს ყოფილა. მისი თქმით, სადღაც სექტემბერში ყველა პარტიის პროგრამა წარმოდგენილი უნდა იყოს, თუმცა მოლოდინი არც თუ დიდია.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ წინასაარჩევნო ნარატივიც სხვა არჩევნებისგან არაფრით განსხვავდება და ბრძოლის ხაზი ისევ ორ პარტიას შორის გრძელდება. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, თავადაც არ იციან რას ამბობენ.

„ზოგადად, ნეიტრალური ამომრჩეველი, რომლის იმედიც ოპოზიციას აქვს და რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა, „ევროპულ საქართველოზე“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე არ გადანაწილდება და დაკარგეს, რადგანაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მათმა გაერთიანებამ ამ ამომრჩეველზე უარყოფითად იმოქმედა. „ევროპელებმა“ ვერ მოახერხეს მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ „ნაციონალებთან“ მუდმივად აპელირებულები არ იყვნენ. საზოგადოების თვალში ისინი მაინც ერთნი არიან. იგივე შეიძლება ითქვას „გირჩზეც“ და გრიგოლ ვაშაძის პარტიაზე.

როგორც გინდა ამტიკიცონ, რომ ნაციონალებთან არ არიან, საზოგადოება მათ წარსულს ვერ ივიწყებს. რაც შეეხება „ნაციონალებს“ მათ ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას ვერ დაუმტკიცეს, რომ ის ბრალდებები, რაც მათ წინააღმდეგ ისმის, ტყუილია. ამომრჩეველს ვეღარ არწმუნებენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში იგივე შეცდომებს არ დაუშვებენ. ამ ხნის განმავლობაში ისევ ის სახეები ჰყავთ, რომელთა გარშემოც მძიმე კითხვები არსებობს. იგივე შეიძლება ითქვას „ევროპელებზეც“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, „ნაციონალები“ და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ისევ ღია თამაშში ებმება, არჩევნების მოახლოებასთან ერთად არა მარტო „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდებიან, არამედ „ევროპელებს“ და გიორგი ვაშაძეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რაც უფრო დრო გადის, ისინი ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვთ. „ოცნებას“ შესაძლოა კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაც კი არ მოუწიოს და იბრძვიან არა მხოლოდ პირველი ოპოზიციური პარტიის პოზიციის შესანარჩუნებლად, არამედ იმისთვის, რომ ვაშაძესთან და „ევროპელებთან“ წასული ამომრჩეველი უკან დაიბრუნონ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა რებრენდინგი ვერ მოახერხეს. მათ არ ჰყავთ ახალი სახეები და არა აქვთ ისეთი იდეები, რომლითაც ამომრჩევლის დაინტერესებას მოახერხებდნენ. თუმცა, შესაძლოა, გარკვეული სახის პატარა პიარის ელემენტები შემოიტანონ და ამომრჩევლის რაღაც სეგმენტზე იმუშავონ. მაგალითისთვის ანჯაფარიძეს გიგა ბოკერიას გადაწყვეტილება მოჰყავს, რომელმაც თავის საარჩევნო კამპანიაში ოჯახის წევრების ჩართვა გადაწყვიტა. მისი აზრით, სხვა რაიმე რადიკალური ცვლილება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ ეტყობა. ისევ ის ძველი ლიდერები არიან და ისევ ის იდეოლოგია აქვთ, რომლითაც ამომრჩევლის მოხიბვლას წლებია ვეღარ ახერხებენ.

„ამ არჩევნებისთვის სიახლე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არა აქვს. ე.წ. პოლიტიკური რებრენდინგი არაერთხელ გამოაცხადეს, მაგრამ თავიანთ რიგებში ახალი სახეები მაინც ვერ მოიყვანეს. ყველა ვინც წინა პლანზეა წამოწეული, ისევ ძველი სახეები არიან, რომლებიც მოსახლეობისთვის იმ 9-წლიან ნეგატიურ მოვლენებთან ასოცირდებიან. როდესაც პოლიტიკური პარტია ამომრჩეველს ახალ სახეებს ვერ სთავაზობს, არ ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ პოლიტიკიდან ეს დამძიმებული ბიოგრაფიის ადამიანები გაუშვას და ახალი მოიყვანოს, ასეთ პარტიას ამომრჩეველი აღარ ენდობა.

მათ ვერ შეძლეს საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა და საკუთარ თავს ვერ გადააბიჯეს, ამიტომაც იმკიან იმ შედეგს, რომ 2012 წლის შემდეგ რამდენი არჩვენებიც ჩატარდა, ვერანაირი შედეგი ვერ დადეს. ერთადერთი საპრეზიდენტო არჩევნებია გამონაკლისი, სადაც „ოცნებას“ მეორე ტური მხოლოდ იმიტომ დასჭირდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის პერსონის პრობლემა იყო და არა ოპოზიციის სიძლიერით განპირობებული“, - აცხადებს for.ge-სთან ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბრძოლის ხაზი ისევ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის გაივლის, რადგანაც სანამ ისინი პოლიტიკაში ჩართულნი იქნებიან, მანამდე ასე იქნება. რაც შეეხება პარტია „ლელოს“ ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მათ მიმართ გარკვეული მოლოდინი გაჩნდა, თუმცა ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს აკეთებენ. თუმცა რაღაცა სახის სოციალური პროგრამების დაფინანსება დაიწყეს, რომელიც შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვადაც ჩაითვალოს.