“ქართული ოცნება” 20 იანვარს, ფილარმონიაში, იმ ახალ რევოლუციურ ეკონომიკურ პროგრამას წარადგენს, რომელსაც ევროპელმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს!
იანვრის ბოლოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, მოძრაობის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე წარმოადგენს... “ქართული სიტყვა” ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და ახალი ეკონომიკური პროგრამის მნიშვნელობაზე დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
ბატონო დემურ, “ნაცმოძრაობა” ირწმუნება, რომ ახალი ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს, ჯერჯერობით, ვერ ასრულებს. იმ შემთხვევაში, თუკი ელექტროენერგია და გაზი ამ ზამთარს ვერ გაიაფდება, არის ალბათობა, რომ “ნაცმოძრაობის” განწყობა ხალხსაც გადაედოს?
_ მოქალაქეებში იმ დაპირებების მიმართ გაჩენილი სკეპტიციზმი, რომელზეც ბატონი ივანიშვილი ლაპარაკობდა, ძალიან მაფიქრებს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ის ციფრები, რომლებიც ბატონმა ბიძინამ დაასახელა, თემატური ჯგუფების დიდი მუშაობის შედეგად დადგინდა და რეალურ რესურსებზე იყო გათვლილი. ასე რომ, დაპირებები ამომრჩევლების თვალის ასახვევად არ იყო ნათქვამი. სამწუხაროდ, შემდეგ ის მოხდა, რომ ჯგუფები, რომლებიც ამ კონცეფციაზე მუშაობდნენ, შეიცვალა და ეს საკითხები სხვა ჯგუფზე გადამისამართდა.
დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები გადაჭარბებული იყოო, რაც სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ, სერიოზული პოლიტიკური ფიგურები არ არიან, ამ საკითხში ვერ ერკვევიან და, მეტიც, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ჩემი მხრიდან, ხაზგასმით ვაცხადებ: ტარიფები, რომლებიც ენერგომატარებლებზე წინასაარჩევნოდ დასახელდა, რეალურია და თუ წინასაარჩევნო დაპირება არ შესრულდა, ეს უდიდესი პოლიტიკური შეცდომა იქნება.
საერთოდ, ყველა დანაპირები უნდა შესრულდეს, რადგან ამას ალტერნატივა არა აქვს. რას ჰქვია, ვერ შესრულდება?! საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მოლოდინი, რომ მათი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება _ კომუნალური გადასახადები შემცირდება, იქნება სამუშაო ადგილები, ხელფასი, მარტოხელა დედებისა და ინვალიდებისათვის ისეთი სოციალური უზრუნველყოფა იქნება, რომელიც მათ თავს სრულფასოვან, ღირსეულ ადამიანებად აგრძნობინებს. შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ: არსებობს რეალური რესურსები, რომ ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდეს და საქართველოს მოქალაქეებმა თავი მოტყუებულად არ იგრძნონ!
ახლახან, “რაო ეეს”-მა განაცხადა, ენერგომატარებლებზე ახალი ტარიფები იანვრის ბოლოსთვის გახდება ცნობილიო. ამასთან, ამბობენ, რომ ამ კუთხით გადასახადები უმნიშვნელოდ შემცირდება...…
_ ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფი ძალიან გაბერილია და ამ საკითხზე ძალიან ხისტი მიდგომა გვაქვს. ვაცხადებდით, რომ ზამთარში ელექტროენერგიაზე 11 თეთრი, ზაფხულში კი, _ 10 რეალურია. რაც შეეხება გაზს, 50 თეთრი ძალიან გაბერილია და 36 თეთრი უნდა იყოს,
“რაო ეესი” რუსული კომპანიაა, ანუ გამოდის, რომ კრემლზეა დამოკიდებული ენერგომატარებლების გაიაფება?
_ რუსეთზე არაფერია დამოკიდებული, ეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზეა დამოკიდებული. გადასახადები კაბალურია, ძალიან გაბერილია და უნდა ჩამოვიდეს იმ ნიშნულამდე, რომელიც ზემოთ ვთქვი. თავშივე აღვნიშნე, რომ გათვლები გაკეთდა და ამის რეალური რესურსი არსებობს. ძალიან კარგი და შესანიშნავი კომპანიაა “რაო ეესი”, მაგრამ 100-150%-იან მოგებაზე არ უნდა იმუშაოს. ასეთი რამ მსოფლიოში არსად ხდება!
წინა მთავრობა ასეთ კაბალურ პირობებზე რატომ წავიდა?
_ ვერ გეტყვით... ცხადია, რაღაც ინტერესი იყო. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ დღეს პრესა, ტელევიზია, ინტერნეტგამოცემები ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურდღებას აქცევენ და ფორსირებულად აშუქებენ. ჩემი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ჩვენი ჯგუფის მიერ გამოთვლილი ტარიფები _ ელექტროენერგიაზე ზამთარში 11, ზაფხულში _P 10 თეთრი, გაზზე კი, _ 36 თეთრი, აბსულუტურად რეალურია და ეკონომიკას ზიანს არ მოუტონს. ნურავინ შეგიყვანთ შეცდომაში, თითქოს ახლა ასეთი გაიაფება, 2 წლის შემდეგ, ტარიფების ერთი-ორად გაზრდას გამოიწვევს, არავითარ შემთხვევაში, ეს გამორიცხულია!
ბატონო დემურ, თქვენი მუშა ჯგუფი ახლაც არსებობს თუ დაიშალა?
_ თემატური ჯგუფი ახლაც არსებობს. მართალია, ანაზღაურება არ გვაქვს და ენთუზიაზმზე ვმუშაობთ, მაგრამ “ქართული ოცნების” ეკონომიკური პროგრამა რეალობასთან შესაბამისობაში მოგვყავს. ეს პროგრამა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკის ერთიანი, კონცეპტუალური და სისტემური ხედვა აქვს!
ენერგომატარებლების გარდა, თქვენმა ჯგუფმა კიდევ რა თემაზე იმუშავა?
_ ჩვენს თემატურ ჯგუფს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის ჯგუფი ჰქვია. ბუნებრივია, გაკეთდა ეკონომიკის კონცეფცია მაკროეკონომიკურ დონეზე: საბიუჯეტო პოლიტიკის, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის, ბიუჯეტშორის ურთიერთობებისა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებები. რაც შეეხება სტრუქტურულ პოლიტიკას, შევიმუშავეთ ინოვაციური განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა _ სოფლის მეურნეობის, ელექტროენერგიის, ტრანსპორტის, ბუნებრივი რესურსების გამოყენების, ბაზრის განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების და ა.შ. ეს ახალი ეკონომიკური პროგრამის სრულყოფილი კონცეფციაა, რომელსაც საზოგადოებას იანვრის ბოლოს დეტალურად გავაცნობთ.
თქვენი პროგრამა პარლამენტმა უნდა განიხილოს?
ჩვენ ვიმუშავეთ და ახალ ეკონომიკურ პროგრამას დავდებთ. ასეთი დიდი მოცულობის სამუშაოს ჩატარება ძნელი იქნებოდა, მაგრამ “ქართულ ოცნებაში” ათასობით ადამიანი მოვიდა, რომლმაც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. პროგრამა, პრაქტიკულად, მზადაა, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს შიში გაუჩნდათ და მის დაბლოკვას ცდილობენ.
კონკრეტულად, ვინ გიქმნით პრობლემებს?
_ ვფიქრობ, ჯერ საჭირო არაა ამის გაცხადება. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ზეწოლის მიუხედავად, დღე და ღამე ვმუშაობდით დაKკარგი შედეგი დავდეთ. ახლა მთავარია, ეს პროგრამა ფართო საზოგადოებამ გაიცნოს. ასეთი მოცულობის სამუშაო, ბოლო 22 წელიწადის განმავლობაში, მერწმუნეთ, საქართველოში არ ჩატარებულა.
თქვენი ეს პროგრამა ინოვაციურია?
_ დიახ და მისი მთელი საიდუმლო ისაა, რომ ამ ახალი ეკონომიკური პროგრამის კონცეფციის ეპიცენტრში მოქალაქეა, ანუ პროგრამა მოქალაქის უნარზე, თავისუფლებასა მის ინსტიტუციონალურ უზრუნველყოფაზეა გათვლილი. ახლა მთავარი პოლიტიკური ნება და სწორი პოლიტიკური ხედვებია. არ დავიშურებთ ენერგიას, რომ ჩვენი იდეები ფართო პროპაგანდას დავუქვემდებაროთ და რაც შეიძლება, მეტ ადამიანამდე მივიტანოთ.
წინა ხელისუფლების მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოში ჩამოდიოდნენ მაღალი რანგის უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც “ნაციონალების”, ასე ვთქვათ, მოცემულობით მუშაობდნენ სხვადასხვა პროგრამაზე და, მათ შორის, ეკონომიკაზეც, თქვენ შემთხვევაში როგორ არის?
_ შესანიშნავი შეკითხვაა და პირდაპირ გეტყვით: მზად ვართ, მსოფლიოს ყველაზე კვალიფიციური ექსპერტების წინაშე წარვდგეთ ჩვენი პროგრამით. ბატონ ბიძინას შევთავაზე კიდეც, რომ უცხოელ ექსპერტებს გაეანალიზებინათ და თავიანთი დასკვნები დაედოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფილარმონიის დიდ დარბაზში, 20 იანვარს ვაპირებთ პრეზენტაციას. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მოვა!
ამ დროისათვის, ახალი ეკონომიკური პროგრამის კონცეფცია ფრანგ და იტალიელ მაღალი რანგის სპეციალისტებს აქვთ ნანახი, ბევრწილად დაგვეხმარნენ კიდეც მუშაობის პროცესში და ძალიან მაღალი შეფასება მოგვცეს. არავინ მოელოდა ასეთ კომპლექსურ ხედვას. უცხოელი ექსპერტები კარგია _ მათ დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ საკუთარ ქვეყანაში, ჩვენ უკეთ ვიცით.
დაახლოებით, რამდენკაციანი ჯგუფი მუშაობდა ამ პროგრამაზე?
_ 256 კაცი ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, ახლა ყველა არ არის ადგილზე, მაგრამ მე ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ და ყველასთან მაქვს კონტაქტი, ვზივარ და ვმუშაობ, არავინ მეუბნება, შინ წადიო და თუ მეტყვიან, წავალ.
ახლახან, პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში ინვესტიციები შეწყდება და ეკონომიკა სწრაფი ტემპით დაეცემაო. ამის საშიშროება არსებობს?
_ საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას შესაბამისი პირობები სჭირდება და რაც მთავარია, ამ ცხრა წლის განმავლობაში, ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოსულა. შემოდიოდა მილიონობით გრანტი და საჩუქარი დაკარგული ტერიტორიების სანაცვლოდ. ამიტომ, წინა ხელისუფლებას სატრაბახო არაფერი აქვს. გაკეთდა რაღაც-რაღაცები, ამის უარყოფა არ შეიძლება, მაგრამ წინა ხელისუფლება არ ამბობს, თუ რის ხარჯზე გაკეთდა. დღეს ძალიან მაღალია უმუშევრობა, ხელფასი მოსახლეობის მხოლოდ 27%-ს აქვს. საჭიროა სწრაფი განვითარება და სტაბილური პოლიტიკური ვითარების შექმნა. გარდამავალ პერიოდში ვართ და, ცხადია, ოპოზიცია ცდილობს, დღევანდელი ვითარება თავისი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს. მთავარია, ახალმა მთავრობამ არ დაუშვას შეცდომები და ხალხს რეალური ნაბიჯებით აგრძნობინოს, რომ სიტუაცია უკეთესობისაკენ იცვლება. თუ უახლოეს ხანში არაფერი შეიცვალა, მაშინ დიდი საშიშროებაა, რომ საზოგადოებაში ფრუსტრაცია დაიწყოს. არ მინდა, ასეთ ფინალზე ვიფიქრო, მაგრამ ეკონომიკური ვითარება იმდენად რთული და მძიმეა, რომ ოპოზიციის მხრიდან, შესაძლოა, ყველანაირი პოლიტიკური სცენარი განხორციელდეს.
თქვენი ეკონომიკური პროგრამით, რამდენ ხანში უნდა დადგეს პირველი შედეგი, რომელსაც რიგითი მოქალაქე იგრძნობს?
_ პროგრამა გრძელვადიანია, მაგრამ ამუშავების შემთხვევაში, 2-3 თვეში მოქალაქე უკვე იგრძნობს დადებით შედეგს, ანუ იგრძნობს, რომ მას პერსპექტივა აქვს. ყველაფერი ძალიან კარგად გვაქვს დათვლილი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მოქალაქეებს არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ ახალ ეკონომიკურ კონცეფციაზე, რაც ძალიან მაფიქრებს და ამიტომაც, მინდა, ხაზგასმით განვაცხადო: ვისურვებდი, რომ ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ორიენტირებული იყოს დადებით ინფორმაციაზე, რომელიც საზოგადოების შეშფოთებას შეაჩერებს და იმედგაცრუებას გაუქარწყლებს.
ამბობთ, რომ საზოგადოებაში ინფორმაციის სიმწირეა, ხომ არ აჯობებდა აქამდეც მოგეწყოთ ბრიფინგები ჟურნალისტებისათვის და დაგეანონსებინათ სიახლეები ან გაგეცნოთ, მუშაობის რა ეტაპზე ხართ?
_ უღრმესი მადლობა, ძალიან გონივრული წინადადებაა. ჩვენ ამაზე უკვე ვფიქრობდით, მაგრამ თავს ვიკავებდით. 20 იანვრიდან კი, დრო და დრო, მოვაწყობთ პრესკონფერენციებს და პროპაგანდას გავუწევთ იმას, რაც გავაკეთეთ.