ახალი სახის სოციალურ დახმარებებზე მთავრობა, ჯამში, 410 მლნ ლარს დახარჯავს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკვე მიიღო. შეფასებები სხვადასხვაგვარია, თუმცა ყველა გზა არჩევნებამდე მიდის.
პირველ რიგში, ყველა თვითდასაქმებულს, ვისაც ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით არასრული დოკუმენტაცია ჰქონდა წარდგენილი, კომპენსაცია ჩაერიცხება.
„თვითდასაქმებულების კომპენსაციის მისაღებად საქართველოს მთვრობას მიმართა 250-მა ათასმა საქართველოს მოქალაქემ. ეს დახმარება მიიღო 170-მა ათასმა მოქალაქემ, ანუ ყველამ, ვისაც დოკუმენტაცია სრულად ჰქონდა მოძიებული, თუმცა, ვიდრე პროგრამას დავხურავთ, ყველა დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს დოკუმენტების შევსების თვალსაზრისით მოთხოვნები, უნდა დაუკმაყოფილდეთ თხოვნა და ჩაერიცხოთ 300 ლარი, ერთჯერადად“, - განაცხადა გახარიამ.
გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის ყველა მოზარდი მთავრობისგან 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებს. რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება და 15 სექტემბერამდე ყველა ბავშვის მშობელს თანხა ანგარიშზე დაუჯდება.
მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოსახლეობას კომუნალური გადასახადები დაუფინანსდება ზუსტად იმ პრინციპით, როგორც ეს პანდემიის პირობებში ერთხელ უკვე განხორციელდა.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გააჟღერა, იყო სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფარვა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი, ქართველ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სწავლის საფასურის 50% დაუფინანსდებათ და წარჩინებული სამხედროები და მათ ოჯახები 750-ლარიან მინისტრის სტიპენდიას მიიღებენ.
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განმარტება გააკეთა, თუ საიდან მოხდება სოციალური დახმარებების გაცემისთვის საჭირო ფინანსური სახსრების მობილიზება. სოცპაკეტისთვისგანკუთვნილი თანხები სრულად „კოვიდ“ ფონდიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
„კოვიდის ფონდიც, რასაკვირველია, ავსახეთ ბიუჯეტში. მასშტაბურად თუ შევხედავთ, ყველაფერი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, თუმცა კოვიდის ფონდი ამ ეტაპისთვის არის 135 მლნ ლარამდე. ძირითადად, თანხები მიიმართება ბავშვების საკომპენსაციო პაკეტებზე, თუმცა ეკონომიკური კრიზისის მესამე ეტაპის ეს ინიციატივა, რითაც საქართველოს მთავრობა დღეს გამოვიდა, უფრო დიდია, ვიდრე - ფონდის თანხა, შესაბამისად, დანარჩენი შეივსება ბიუჯეტიდან“, - განაცხადა მინისტრმა.
ეკონომისტები ნაწილობრივ მიესალმებიან დახმარებების პაკეტს, მაგრამ ამასთან ბევრი კითხვა აქვთ, რომელზეც პასუხს ვერავინ იძლება. კავკასიის ბიზნეს სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი სვამს კითხვას მიეკუთვნება თუ არა ყველა არასრულწლოვანი მოწყვლად ფენას? რატომ არ ეხმარება მთავრობა მათ, ვისაც რეალურად სჭირდებათ და ყველა ერთნაირად რატომ იღებს მთავრობის კომპენსაციას?
„მოწყვლადი ფენაა ყველა ბავშვი საქართველოში? ვინც მართლა გაჭირვებულია, ხელისუფლება მათ უნდა დაეხმაროს, თუ მაიმცდამაინც ჩვენი ფული უნდა ხარჯონ სოციალურ პაკეტებზე. როგორც ჩანს, ასე ურჩევნიათ. რაც უფრო მეტ ადამიანზე გაანაწილებენ, ელექტორალურად უკეთესია... არ ვიცი სხვა, ვერავითარ გათვლას აქ ვერ ვხედავ, მით უფრო - ეკონომიკურს“, - ამბობს ბერიკაშვილი.
ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი კი ფიქრობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან მთავრობამ როდესაც თავდაპირველად წარადგინა დახმარებების პაკეტი, გაწერილი იყო კონკრეტული თანხა, რომელიც მაშინ ვერ აითვისეს და ახლა ცდილობენ, ეს დარჩენილი ფინანსები გადაათამაშონ.
„ეს დახმარებების პაკეტები გაგრძელდება, ალბათ, იქამდე, ვიდრე ფული ეყოფათ. თუ ეკონომოკურ კრიზისთან მიმართებაში არ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, გამოსავალამდე ასე ვერ მივალთ. უკვე მეხუთე თვეა, რაც პროცესი მიდის და მთავრობას არ აქვს არანაირი ხედვა სწორი ეკონომიკური ნაბიჯების მიმართულებით. ვხედავთ, რომ დღითიდღე ეკონომიკური კრიზისი შედის სიღრმეში. მომდევნო თვეში გასაშუალოებული მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდისა კიდევ უფრო შემცირდება და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივდივართ რეგრესის გზით. მივექანებით ფსკერისკენ და ფკერი სად იქნება, ეს არ ჩანს“, -განუცხადა „ბიემს“ გერლიანმა.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის სოციალური პაკეტები ბოლო არ არის, მთავრობა კიდევ გააგრძელებს მას, რადგან მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ სოციალურ პაკეტში და არა ანტიკრიზისულ სოციალურ გეგმაში გაწერილი იყო, რომ დახმარება უნდა მიეღოთ დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, თუმცა ეს დახმარება 350 ათასის ნაცვლად, 100 000-მა ადამიანმა მიიღო.
„თანხა ვერ აითვისეს, ვინაიდან არასწორი მონაცემები ჰქონდათ, ასევე ზერელედ იყო ყველაფერი გათვლილი და ახლა დაიწყეს მორჩენილი ფინანსური რესურსის ხარჯვა“, - განაცხადა გერლიანმა.
შედარებით კრიტიკულია ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც გაჭირვებულთა დახმარებას მხარს უჭერს, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა პოლიტიკურ ნაბიჯებს ხედავს.
„სოციალური პაკეტის კრიტიკის მორალური უფლება არავის აქვს, რადგან გაჭირვებული ადამიანის დახმარება ყოველთვის მისასალმებელია, თუნდაც ეს პოლიტიკური მოტივებით იყოს ნაკარნახევი. პრობლემა სხვა რამეშია - ამ თანხების ბაზარზე გამოსვლა, იმ ფონზე, როდესაც ეს არათუ ეკონომიკური ზრდით არის გამაგრებული, არამედ პირიქით, სერიოზული ვარდნა გვაქვს, ბიძგს მისცემს ინფლაციური პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას. შედეგი - საშუალო ვადიან პერიოდში იგივე ადამიანის კიდევ უფრო გაღარიბებაა. თუმცა, მთავარია არჩევნები გადავაგოროთ და მერე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი“, - დაწერა გია ხუხაშვილმა.