საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მემუარებში, რომელიც ივლისის ბოლოს გამოქვეყნდა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს იხსენებს.
„უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ისეთივე მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც ალზასს და ლორენს ჩვენთვის. ამიტომაც ეს ძალზე ფაქიზი თემა გახლდათ. სააკაშვილს უნდოდა თავისი თანამემამულეების ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა“, – წერს სარკოზი.
სარკოზი მემუარებში იმ სირთულეებზე წერს, რომელიც აგვისტოს ომის დროს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოიშვა.
„ამასობაში რუსეთის ძალები საქართველოს ტერიტორიაზე წინ მიიწევდნენ. 11 აგვისტოს ისინი უკვე თბილისიდან 25 კმ-ზე იყვნენ. მე უკვე ყველაზე საშინელი სცენარი წარმომედგინა – სააკაშვილის ჩამოგდება და მის მაგივრად თბილისში პრორუსული მთავრობის ხელდასხმა კრემლის მიერ. ჯორჯ ბუშმა დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩემს გეგმას მხარს უჭერდა, თუმცა ამასთან ერთად რუსების დასჯას მოითხოვდა. ეს დასჯა (საბედნიეროდ), არ გულისხმობდა სამხედრო ინტერვენციას. მე ორ ცეცხლს შორის აღმოვჩნდი: რუსები თვლიდნენ, რომ ქართველების მხარეს ვიყავი, ხოლო ამერიკელები და ევროპელების ნაწილი კი თვლიდნენ, რომ რუსების მიმართ ძალზე შემრიგებლური ვიყავი. რეალურად კი მე გაწონასწორებული პოზიცია მეკავა“, – იხსენებს სარკოზი.
შემდეგ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი აგვისტოს ომის პერიოდში რუსეთში გამართულ მოლაპარაკებებზე წერს.
„პუტინმა გააბა გრძელი მონოლოგი. ის გაშმაგებული იყო. სულ ცოტა, თხუთმეტი წუთის განმავლობაში სიტყვა არ ჩააგდებინა არავის. ეს იყო საბრალდებო სიტყვა სააკაშვილის პოლიტიკის, მეთოდების, პიროვნების წინააღმდეგ. ის იმდენად იყო წყობილებიდან გამოსული, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელის ხსენებისას პირჯვარსაც კი იწერდა. ბოლოს არც მეტი, არც ნაკლები და ასეთი რამ მითხრა: “მის მიერ ჩადენილი დანაშაული იმდენად დიდია, რომ ის ვერ დარჩება იმ ადგილას, სადაცაა“. მთელი ამ ტირადის განმავლობაში დმიტრი მედვედევს სიტყვა არ დაუძრავს. მე დიდი აუღელვებლობით არ გამოვირჩევი და ამ ყველაფერმა მოთმინება დამაკარგვინა. ძლივს შევაწყვეტინე სიტყვა და წყობილებიდან გამოსულმა ვუთხარი: “დღეს 11 აგვისტოა. მე შავი კონცხი იმიტომ არ დავტოვე რომ ავიტანო გაეროს წევრი ქვეყნის მეთაურის მიმართ შენი ლანძღვა. მე აქ ჩემმა კეთილმა ნებამ ჩამომიყვანა, რათა თქვენ დაგეხმაროთ, რომ ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მონახოთ. სიტუაციიდან, რომლიდანაც ყველა წაგებული გამოვა და პირველ რიგში შენ. შენ არაფრის გაგება არ გინდა? ძალიან კარგი – მე უკან ვბრუნდები“, – აღნიშნავს სარკოზი.
მემუარებში საუბარია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც, როდესაც თბილისში მოსკოვიდან ჩამოფრინდა იმჟამინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად. ნიკოლა სარკოზი
„სააკაშვილის კაბინეტში გულწრფელი და ემოციური დახვედრა მომიწყვეს. იქვე იყვნენ ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, რომლებიც იქ ყოფნით გამოხატავდნენ თანადგომას. ერთ-ერთ კუთხეში დავინახე ორი კაცი, რომელიც განცალკევებულად იდგა. მათ ეტყობოდათ, რომ ქართველები არ იყვნენ. ვიკითხე, ვინ იყვნენ ისინი და იქ რას აკეთებდნენ. ამიხსნეს, რომ ეს ორი ადამიანი სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მათ იმწამსვე დაეტოვებინათ ოთახი. მე მსურდა საქართველოს ლიდერებთან პირისპირ, უცხო მოწმეების გარეშე საუბარი. დიდი ენთუზიაზმით გამსჭვალულმა სააკაშვილმა შემდეგი სიტყვებით მომმართა: “150 ათასი კაცია შეგროვილი სასახლის გარშემო. ისინი შენს სახელს სკანდირებენ. ტრიბუნა და მიკროფონები უკვე მზადაა. შენ მათ უნდა დაელაპარაკო”. სააკაშვილმა გააღო ორმაგი ფანჯარა და ქუჩიდან შემოსულმა ხმაურმა შეავსო ოთახი. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინადადება ძალზე მაცდური იყო, იძულებული ვიყავი, კატეგორიული უარი მეთქვა – მე როგორც პუტინისათვის, ისე მედვედევისთვის სიტყვა მქონდა მიცემული, რომ თუ რუსეთის ჯარი გავიდოდა, მე ერთ სიტყვას არ ვიტყოდი მათ წინააღმდეგ. „შენ რომ მათ სიტყვით არ მიმართო, ისინი აქ ყველაფერს დაანგრევენ”. “რაც უნდათ ის დაანგრიონ. მე სიტყვა მივეცი რუსებს და მას არ დავარღვევ. რუსეთის ტანკებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ ტერიტორია – ჩემი აზრით, ესაა ერთადერთი, რაც ამ წუთასაა მნიშვნელოვანი“. ერთი წუთითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ რუსებს გააჩნდათ საკმარისი ტექნოლოგიური თუ ადამიანური რესურსი, რათა ზედმიწევნით სცოდნოდათ, თუ რა ხდებოდა თბილისში. მოკლედ, უკვე შუაღამე იყო დამდგარი, როცა საგნობრივი საუბარი დავიწყეთ. მე შევეცადე ამეხსნა, რომ ან საქართველო მიიღებდა ჩემს გეგმას, ან თბილისი რუსების ხელში აღმოჩნდებოდა და ეს იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული“, – აღნიშნავს საფრანგეთის ყოფილი ლიდერი.
მისი თქმით, მოლაპარაკებებისას სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავალი სტატუსი საერთაშორისო დისკუსიის საგანი უნდა გამხდარიყო. სარკოზი დღესაც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხრიდან ეს შეცდომა იყო, რადგან, ეს მოლაპარაკებები გახდებოდა გარანტია, რომ არსებულ მდგომარეობას – რუსების მიერ საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპირებას – არ მისცემოდა იურიდიული სტატუსი.
„ღამის პირველ საათზე დავურეკე მედვედევს და ვთხოვე, რომ ეს პუნქტი ამოეღოთ. ეს მით უმეტეს ადვილი იყო რადგან რუსეთის ჯარი ისევ რჩებოდა ამ ტერიტორიებზე. საპასუხოდ მედვედევმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადამიხადა. აშკარა იყო, რომ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. ქართული სისტემა ბევრად უფრო გამჭვირვალე იყო კრემლის ყურებისათვის, ვიდრე ეს ჩემს მასპინძლებს წარმოედგინათ!“ – იხსენებს იგი.
სარკოზის განცხადებით, აგვისტოს ომის მოლაპარაკებებმა მასა და პუტინს შორის ნდობა გაამტკიცა, ამასთან საფრანგეთის ლიდერის მტკიცე სურვილი იყო, კონფლიქტის ამერიკელების გარეშე მოგვარება.
„ამერიკელები, გადაიყვანდნენ რა ამ კონფლიქტს ამერიკულ-რუსულ დაპირისპირებაში, მხოლოდ გაამწვავებდნენ სიტუაციას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელები მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და ამის გამო ჯორჯ ბუშის დიდი მადლობელი ვარ. პარადოქსია, მაგრამ ამ გამოცდილების შემდეგ საოცრად გაიზარდა ნდობის დონე ჩემსა და რუსეთის ლიდერებს შორის. პუტინმა სიტყვა არ დაარღვია. ამიერიდან ჩვენ შეგვეძლო მათთვის სრული ნდობა გამოგვეცხადებინა. რაც შეეხება სააკაშვილს, ჩემი აზრი მის შესახებ არაერთგვაროვანია. ეს იყო ღირსეული ადამიანი, მომავლის ნათელი ხედვით. სხვათა შორის, ის ერთ-ერთი იმ პოლიგლოტთაგანია, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მაგრამ იგი ორმაგად შეცდა. პირველ რიგში – ის მწარედ შეცდა, როცა წარმოიდგინა, რომ ამერიკელები მისი გულისთვის ომში ჩაერთვებოდნენ. ამას გარდა, მან ეს დაპირება ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისგან მოისმინა. ის რომ კარგად დაფიქრებულიყო, მიხვდებოდა, რომ ეს ცარიელი სიტყვები იყო… ორი ასეთი შეცდომა კი მეტისმეტია“, – განმარტავს სარკოზი