საქართველოში მცხოვრებ ბავშვებში ტყვიის შემცველობის დონე განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება. „იუნისეფმა“ თავის ახალ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ პირველად შედგენილი გლობალური ანგარიშის მიხედვით კი, 2018 წელს, სექტემბრიდან დეკემბრამდე ინტერვალში, 1 578 ქართველ ბავშვს აუღეს სისხლის ანალიზი. მათ შორის 41%-ს აღმოაჩნდა სისხლში ტყვია 5 მკგ/დლ (მიკროგრამი/დეცილიტრზე) ან კიდევ უფრო მაღალი რაოდენობით. აქედან 25%-ს ჰქონდა 5-10 მკგ/დლ; 16%-ს - 10 მკგ/დლ-ზე მეტი. საუბარია 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ეს მონაცემი განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 10-ჯერ აღემატება.
სპეციალისტების განცხადებით, ტყვიასთან ხანგრძლივ შეხებას ჰაერით, წყლით ან საკვებით შეუძლია, სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ტყვიით მოწამვლას დედამიწაზე 900 000-მდე ნაადრევ სიკვდილს უკავშირებენ.
ევროპის ონკოლოგიური კომიტეტის წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის შეფასებით, მძიმე ლითონებიდან განსაკუთრებული ტოქსიკურობით ტყვია, ვერცხლისწყალი და კადმიუმი გამოირჩევა.
„სხვადასხვა საკვებში ეს ნივთიერებები განსხვავებულად გროვდება. კადმიუმი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყრის თავს ისპანახში, ტყვია კი - სასმელებსა და ხილში, განსაკუთრებით ბევრი (10%-მდე) გროვდება იგი არაქისში. ცნობილია, რომ ჩინური ბიჟუტერია ტყვიას შეიცავს, ამიტომ აშშ-მა აუკრძალა ჩინეთს ტყვიის შემცველი ბიჟუტერიის შეტანა, მათ კი ტყვია კადმიუმით შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ტყვიას შეიცავს არა მარტო ჩინური ბიჟუტერია, არამედ - სათამაშოებიც. საკმარისია, ბავშვმა რამდენჯერმე ჩაიდოს სათამაშო პირში, რომ იგი აღმოჩნდება სისხლში, რის შედეგადაც ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, ღვიძლი, თირკმელები.
ტყვიის ქრონიკული ზემოქმედება იწვევს ძვლების დაშლას. იგი უძლიერესი კანცეროგენია, შეუძლია, გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებანი. ეს რისკი იზრდება კანთან შეხებით. ზოგჯერ საწამლავი პირდაპირ ცვივა ნაკეთობისგან და კანს ეფრქვევა, პირში ჩადება არც არის საჭირო“, - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან“ რამაზ გახოკიძე.
აღსანიშნავია, რომ, „იუნისეფის“ ანგარიშის მიხედვით, დედამიწაზე 800 მილიონამდე ბავშვია ტყვიით მოწამლული. ზოგი მდიდარი ქვეყნის ღარიბ დასახლებებში ცხოვრობს, თუმცა უმრავლესობა მაინც ღარიბი ქვეყნებიდანაა. „იუნისეფის“ საქართველოს მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი ანდრია ნადირაძე ამბობს, რომ ტყვიის გავრცელების მასშტაბით საქართველოში ყველაზე ცუდად არ არის საქმე, უბრალოდ, საქართველო არის იმ ქვეყნების მცირე რიცხვში, რომლებმაც ეს პრობლემა გაზომეს.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ყურადღებას იქცევს, ორგანიზმში მძიმე მეტალების შემცველობის სწრაფი შეფასების მეთოდია, რომელიც თმის მულტიელემენტურ ანალიზს უკავშირდება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თმის ანალიზის საშუალებით შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და მავნე მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობის განსაზღვრა ორგანიზმში.