"გია ხუხაშვილი გაზის პოლიტიკური ფასის დეტალებს ასახელებს".

"ეს იყო გაცნობითი სახის შეხვედრა, სადაც პრაქტიკულად, ყველა საკითხი განვიხილეთ, როგორც პოლიტიკური და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. ვფიქრობ, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრესიდენტს შორის, საინტერესო შეხვედრა გაიმართა და მოვლენებიც უკეთ განვითარდა, ვიდრე ველოდით. ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევმა და ბიძინა ივანიშვილმა ფორმალურ და არაფორმალურ ვითარებაში დიდი დრო გაატარეს ერთად. მათ შორის უშუალო კონტაქტი დამყარდა, სრული ურთიერთგაგება საერთო ხედვებსა და ინტერესებში", - აცხადებს გია ხუხაშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "გია ხუხაშვილი გაზის პოლიტიკური ფასის დეტალებს ასახელებს".

"ბიძინა ივანიშვილს არასოდეს უთქვამს, რომ ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალი არ გვჭირდება და სარგებელს ვერ ხედავს. მან თქვა, რომ არსებობს კითხვები და ეს ეხება არა პროექტის ყოფნა-არყოფნის საკითხს, არამედ ზოგიერთ ეკონომიკურ ასპექტს და ეკონომიკურ რისკებთან დაკავშირებულ საკითხებს. ყოველგვარი გართულების გარეშე, მხარეებმა ეს თემები განიხილეს, რაც ჩვეულებრივი, სამუშაო პროცესია. ეს პროექტი განხორციელდება და ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე იმ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ყარსი-ახალქალაქი იწყებოდა, რადგან პროექტის ეკონომიკური ანალიზი საერთოდ არ განხილულა. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, მაგრამ უკეთესი ანალიზი გვჭირდება: რა ტვირთები, რა მიმართულებით და როგორ უნდა გავატაროთ. ასეთი პროგნოზი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა ფოთისა და ბათუმის პორტებს რისკი არ მიადგეს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამ პორტებზე ათასობით ადამიანია მიბმული. აქვს კი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებას უფლება, რომ ეს კითხვები არ დასვას და პასუხები არ მიიღოს?!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"საქართველოში გაზს პოლიტიკური ფასი აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში საკმაოდ დიდი თანხები ილექებოდა და რჩებოდა. ეს იყო სახელმწიფო კომპანია და გეტყვით, რას აკეთებდნენ: დიდი რაოდენობით ტრაქტორების შესყიდვაზე გარანტიებს გასცემდნენ, საკმაოდ დიდი თანხა გადარიცხეს პარლამენტის მშენებლობაში ქუთაისში, აიღეს უცნაური ვალდებულებები ევრობონდების სახით. პოლიტიკური კომპონენტი ზუსტად ის გახლავთ, რომ ერთი კაცის "ხუშტურების" გამო, იმ კორპორაციას, რომელიც პრაქტიკულად, გაზს ანაწილებდა, არაპროფილური ხარჯები ჰქონდა აღებული და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გაზის ტარიფზე აისახებოდა. გაზის ტარიფი გაიაფდება და როგორც ვიცი, ენერგეტიკის სამინისტრო კონსულტაციებსაც მართავს. უახლოეს დღეებში ენერგეტიკის მინისტრყ შესაბამის განცხადებას გააკეთებს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საქართველო და აზერბაიჯანი ერთიანი გეოპოლიტიკური კვანძია, ჩვენი კეთილდღეობა და გლობალურ სისტემაში საკუთარი ადგილის ძიება, მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობითაა შესაძლებელი. ერთადერთი, რის გამოც, გარე სამყაროსთვის ვართ საინტერესო, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელ დერეფანში, მნიშვნელოვანი ფუნქციის შექმნაა. სწორედ ამ ფუნქციის მაქსიმალური რეალიზება უნდა განვახორციელოთ, რათა საკუთარი ადგილი მოვძებნოთ მსოფლიო წესრიგში".