სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება

სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება

2012 წელს მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს პოლიტოლოგები სოსო ცისკარიშვილი და გია ნოდია სხვადასხვაგვარად აფასებენ. იმას, რასაც ბატონი სოსო სამართლიანობის აღდგენას უწოდებს, ბატონი გია პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. ასევე მკვეთრად განსხვავდება მათი დამოკიდებულება და პოზიცია "ქართული ოცნებისა" თუ "ნაციონალების" ლიდერებისადმი...

- როგორ შეაფასებთ გასულ 2012 წელს პოლიტიკური თვალსაზრისით?
გია ნოდია:
- ეს იყო ძალიან დაძაბული წელი...

სოსო ცისკარიშვილი:
- 2012 წელი უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ.

- წლის უმთავრეს მოვლენად რას მიიჩნევთ?

გია ნოდია:
- ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არჩევნები. ეს მოვლენა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნების სტატუსით შევა. სამწუხარო ის გახლავთ, რომ არჩევნების შემდეგ ხალხი ჯერ კიდევ ვერ დაწყნარდა. საზოგადოება დღესაც აშკარად პოლარიზებულია.

სოსო ცისკარიშვილი:
- ჩემი აზრით, წლის მთავარი მოვლენა 2 ოქტომბერი გახლავთ. დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა 8 თუ 9-წლიან უსამართლობაზე გაიმარჯვა და "ნაციონალურ-სადისტურ" მოძრაობას "უმცირესობის სადგომში" მყუდრო ადგილი მიუჩინა.

- როგორ ფიქრობთ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საზოგადოებამ არჩევანი "ოცნების" სასარგებლოდ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გააკეთა თუ სამართლიანობის აღდგენის იმედით?

გია ნოდია:
- არავინ უარყოფს, რომ ბევრი სხვადასხვა ფაქტორი არსებობდა, რის გამოც მოსახლეობამ არჩევანი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთა. თუმცა, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მაინც მატერიალური ფაქტორი და ციხის სკანდალური კადრები გახდა.

სოსო ცისკარიშვილი:
- "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაადამიანური ქმედებებითა და კაცთმოძულე პოლიტიკით თავადვე უბიძგა ხალხს "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ. დაშინებულ ხალხში საბოლოოდ გენეტიკამ იმძლავრა, შიში დასძლია და მხარი სამართლიანობას დაუჭირა.

- ამ მოკლე ხანში რომელი მინისტრის საქმიანობამ მოახდინა თქვენზე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება?

გია ნოდია:
- არა მგონია, დღეს მინისტრების გაკეთებულ საქმეებზე საუბარი შესაძლებელი იყოს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ხელისუფლებას სერიოზული ჯერ არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ ადამიანების დაპატიმრებებით არიან დაკავებულნი. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ორი მინისტრის, თეა წულუკიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის "საგმირო საქმეებს" ვადევნებთ თვალყურს. დანარჩენები ჩრდილში არიან.

სოსო ცისკარიშვილი:
- ვფიქრობ, თეა წულუკიანს იმ ამომრჩევლების მთელი გუნდი ეტრფის, რომელიც 2 ოქტომბერს გამარჯვებას ზეიმობდა. ასევე დასაფასებელია ფინანსთა მინისტრისა და გენპროკურორის საქმიანობა. თუ სამეულზე იქნებოდა საუბარი, აქ შევჩერდებოდი, თუ არა და, სიას ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ღარიბაშვილსაც დავუმატებდი.

- წლის ყველაზე იღბლიან და უიღბლო პოლიტიკოსებად ვის დაასახელებდით?

გია ნოდია:
- ვერაფერს იტყვი, ბიძინა ივანიშვილი უდავოდ იღბლიანი ადამიანია. უიღბლო პოლიტიკოსს ვერ გამოვყოფ, 2012 წელი ყველა "ნაციონალისთვის" უიღბლო აღმოჩნდა.

სოსო ცისკარიშვილი:
- ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა ვალერი გელაშვილი, რომელიც პრაქტიკულად დამარცხებისთვის იყო განწირული. ყველაზე უიღბლო გახლავთ გიორგი თარგამაძე, რომელსაც გამარჯვების საფუძვლიანი მოლოდინი ჰქონდა.

- 2003 წლისა და 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილებებს შორის რა პარალელებს გაავლებდით?

გია ნოდია:
- 2003 წელს ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით შეიცვალა. არაპოპულარულმა, რეიტინგდაკარგულმა ხელისუფლებამ არჩევნების მოსაგებად ყველა ბერკეტი გამოიყენა და ოპოზიციას რევოლუციისკენ უბიძგა. ამ შემთხვევაში ბრძოლა იყო თანაბარი და სამართლიანი. მაშინ მმართველი პარტიის წარმომადგენლები პოლიტიკიდან საერთოდ წავიდნენ და ახალი ხელისუფლება პრაქტიკულად ოპოზიციის გარეშე დარჩა. დღეს
ახალ ხელისუფლებას ჰყავს ყველაზე ძლიერი
ოპოზიცია, საქართველოს ისტორიაში. 2003 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოება ერთსულოვანი გახდა, დღეს პოლარიზაცია ისევ გრძელდება. ამ ორ მოვლენას შორის მე საერთოს ვერაფერს ვხედავ.

სოსო ცისკარიშვილი:
- სააკაშვილისა და ივანიშვილის ხელისუფლების ორიენტირები და სტრატეგიული მიმართულებები, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს. ორივე დასავლური ორიენტაციისაა და ევროპულ ორგანიზაციებში გაწევრებისკენ ისწრაფვის. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, როგორც სააკაშვილის, ასევე ივანიშვილის პრიორიტეტებია: დასაქმება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა... ამიტომ ძალიან მიკვირს, როდესაც სააკაშვილი ამბობს, რომ მისი და "ქართული ოცნების" ლიდერების პოლიტიკურ სტრატეგიაში ფუნდამენტური განსხვავებაა. ჩემი ვარაუდით, როდესაც პრეზიდენტი ფუნდამენტურ განსხვავებაზე საუბრობს, ფავორიტები ჰყავს მხედველობაში. ეს მართლაც ასეა, ადეიშვილსა და წულუკიანს შორის ნამდვილად ფუნდამენტური განსხვავებაა, როგორც საქართველოს, ისე დედამიწის მასშტაბით.

- მმართველობა ორივე ძალამ ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებებით დაიწყო. ამის შესახებ რას იტყვით?

გია ნოდია:
- მმართველობა მართლაც, ორივე გუნდმა დაპატიმრებებით დაიწყო, მაგრამ კონტექსტია განსხვავებული. 2003 წელს ხელისუფლებამ მოქმედი კი არა, ყოფილი ჩინოვნიკები დააპატიმრა. ანუ ის ხალხი, რომელიც პოლიტიკურ ძალას აღარ წარმოადგენდა. სწორედ ამიტომაც არ მოინათლა მაშინდელი დაპატიმრებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. 2004 წელს ხელისუფლების ბრძოლის მოტივი კორუფციასთან ბრძოლა იყო. ამ შემთხვევაში სხვა ვითარებაა, ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებს აპატიმრებს. იმას, რასაც ივანიშვილის გუნდი სამართლიანობის აღდგენას ეძახის, მისი კრიტიკოსები პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ.

სოსო ცისკარიშვილი:
- 2004 წელს დაწყებული დაპატიმრებები ქართველი ხალხისთვის მოულოდნელი იყო. ამჯერად საზოგადოება "ნაცმოძრაობის" წარჩინებულებს მუდმივად ამხელდა კრიმინალურ ქმედებაში, ძალაუფლების გადამეტებაში, სხვისი ქონების ხელყოფასა და ათასგვარ უსამართლობაში. 2005 წლიდან დღემდე არაერთმა ოპოზიციონერმა და საზოგადო მოღვაწემ მიუთითა "ნაციონალებს", რომ მათი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩებოდა. სააკაშვილის გუნდი დღეს თავის დათესილს იმკის და უკვირს, რატომ არის ასეთ დღეში. მათ არ გაითვალისწინეს ქართული სიბრძნე - "რასაც დასთეს, იმას მოიმკიო", რადგან ეგონათ, მუდმივად ხელისუფლებაში იქნებოდნენ და საკუთარი ახირებების მიხედვით მართავდნენ ქვეყანას.

- რამდენად მართებულად მიიჩნევთ ივანიშვილის ინიციატივას იმის შესახებ, რომ საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის პატიების მიზნით "ამნისტიის მსგავსი" პროექტი შეიქმნას?

გია ნოდია:
- პოზიტიური ინიციატივაა. რაც უნდა გვარწმუნოს ახალმა ხელისუფლებამ, დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებული არ არისო, შორიდან მაინც ასე ჩანს. ამიტომ ისეთი ტიპის ამნისტია, როგორზეც ბატონმა ივანიშვილმა ისაუბრა, დღეს არსებულ სიტუაციაში ყველაზე სწორი და კარგი გამოსავალი იქნება.

სოსო ცისკარიშვილი:
- ეს ლიბერალიზმის შეტევაა. დანაშაული დაზარალებულმა უნდა აპატიოს. ბატონ ბიძინას ძალუძს აპატიოს ხელისუფლებას ის უსინდისო, კრიმინალური ქმედება, რაც მის წინაშე ჩაიდინეს, ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ კანონმდებლობის ძალით ასეთი რამის დამკვიდრება, ჩემი აზრით, კიდევ ერთი სერიოზული უსამართლობა იქნება.

- მომავალი 2013 წელი რა სიახლეების მომტანი შეიძლება იყოს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირების კუთხით?

გია ნოდია:
- ურთიერთობის დარეგულირება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ჩვენს ეროვნულ, სტრატეგიულ ინტერესებს დავთმობთ. იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ასეთ დათმობებზე არ წავა და შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიც არ დარეგულირდება.

სოსო ცისკარიშვილი:
- ვიდრე ქვეყნის სათავეში ის ადამიანები არიან, რომლებმაც ორ მეზობელ, ერთმორწმუნე ერს ერთმანეთთან საურთიერთობოდ ომის გარდა ვერაფერი შესთავაზეს, არა მგონია, ქართულ-რუსული ურთიერთობები დარეგულირდეს.

- დასავლური ორიენტაციით ცნობილი, სააკაშვილის გუნდის წარმომადგენლების დაკავებებმა და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე?

გია ნოდია:
- მთავარი ის არ არის, რომ სააკაშვილი პროდასავლური ორიენტაციით გახლავთ ცნობილი, არამედ ის, რომ ახალი ხელისუფლება თავის პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს. ეს ფაქტი მართლაც ნეგატიურად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე. ზვიად გამსახურდიას შემდეგ მე არ მახსოვს, რომ დასავლურ მედიას ასე ერთსულოვნად გაეკრიტიკებინოს საქართველოს ხელისუფლება. მართალია, ივანიშვილის გუნდი ამბობს, ჩვენი კრიტიკა იმით არის განპირობებული, რომ დასავლეთი კარგად არ არის ინფორმირებულიო, მაგრამ ეს უბრალოდ თავის მართლებაა და სხვა არაფერი. აბა, რა ქნან? ან უნდა თქვან, ჩვენ მართლაც ცუდად ვიქცევითო, ან დასავლეთზე თქვან - ცუდიაო. საქართველოში დასავლეთის ყველა ქვეყანას აქვს საელჩო და ჟურნალისტებიც რეგულარულად ჩამოდიან. ასე რომ, დასავლეთი შესანიშნავად არის ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.

სოსო ცისკარიშვილი:
- ჩემი აზრით, ევროპელი კეთილისმსურველებისთვის სერიოზული ტრენინგის დრო დადგა. დროა, თავი აარიდონ სირაქლემას პოზაში ყოფნას. ისე, მათიც მესმის, ძნელია გააცნობიერო, რომ თურმე წლების მანძილზე ცდებოდი და საკუთარ ხალხზე მტრად მოკიდებულ ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას არქმევდი. შესაძლოა, ახლა ისინი კიდეც ნანობენ, რომ ასეთი მხარდაჭერა გამოხატეს სააკაშვილის მიმართ, მაგრამ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. თუმცა ამის დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ევროპელ მეგობრებს წინ უნდა დავუდოთ არგუმენტები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე მეტყველებს. ამის მერე დასავლეთის პოზიცია ნამდვილად შეიცვლება და ჩვენი ურთიერთობა გაცილებით შედეგიანი იქნება, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო.

- გასული 2012 წელი საკმაოდ რთული იყო მედიის წარმომადგენლებისთვის. თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელმა მედიასაშუალებამ მოახერხა ობიექტურობის შენარჩუნება?

გია ნოდია:
- ჩემი აზრით, საქართველოში მედია ობიექტურობაზე ორიენტირებული სულაც არ არის. ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებულია და რომელიმე მხარეს წარმოადგენს. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, კვლევების გათვალისწინებითა და საზოგადოებრივი მოსაზრებების გათვალისწინებით, შესაძლოა ვთქვათ, რომ სხვებთან შედარებით საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ობიექტური. ისე, გაგიმხელთ, რომ ჩემი საყვარელი გამოცემებია "24 საათი" და "ტაბულა". ისინი ფორმალურად მაინც ინარჩუნებენ კორექტულობას.

სოსო ცისკარიშვილი:
- ჩემი აზრით, ობიექტურობის შენარჩუნება ტელეკომპანია "მაესტრომ" შეძლო. ამ მედიასაშუალებას მოსახლეობისთვის არ დაუმალავს არც სააკაშვილისა და არც ივანიშვილის ხელისუფლების უარყოფითი მხარეები. მართალია, "მაესტროს" ჟურნალისტებს თავიანთი პოზიცია აქვთ და ამას გამოხატავდნენ კიდეც, მაგრამ საზოგადოებას არ ატყუებენ.