აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის გზავნილები - ბჟანია თბილისთან თანამშრომლობის გზებს ეძებს?

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის გზავნილები - ბჟანია თბილისთან თანამშრომლობის გზებს ეძებს?

ე.წ. აფხაზეთის ახალი პერზიდენტი ასლან ბჟანია ოფიაციალურ თბილისს, უკვე მერამდენედ, თანამშრომლობის შეთავაზებას სთავაზობს. რა უნდა დეფაქტო ხელისუფალს და რატომ ფიქრობენ აფხაზეთში, რომ საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა დაიწყონ? ეს არის რუსეთთან ერთად დაწყებული თამაში - საქართველო პროვოკაციაში ჩაითრიონ, თუ ე.წ. ახალი ხელისუფლების გულწრფელი შემოთავაზება? -საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს.

უკვე 4 თვეა, რაც აფხაზეთს ე.წ. ახალი პრეზიდენტი ასლან ბჟანია ჰყავს. ის მოსკოვში ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჩავიდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბჟანიას კრემლში დიდად არ წყალობენ. მოსკოვი დეფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის განკუთვნილ დოტაციას არასრულად და დიდი დაგვიანებით რიცხავს, რასაც სოხუმში ზეწოლად აღიქვამენ. აფხაზურ მედიაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ აფხაზეთის ეკონომიკა უმძიემს მდგომარეობაშია და თუ ასე გაგრძელდა, საქმე კიდევ უფრო რთულად იქნება. ბჟანია ასევე მოულოდნელად გალში ჩადის და ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას გარკვეულ დაპირებებს აძლევს.

29 ივლისს კი ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად საქართაველოსთან დიალოგის მომხრეს და თბილისში სერიოზული კონტაქტებით ცნობილ სერგეი შამბას ნიშნავს. ბჟანიას ჯერჯერობით ოფიციალური თბილისიდან დუმილით პასუხობენ. რა ხდება აფხაზეთში და რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ, ამაზე for-ge-სთან კავკასიოლოგები და კონფლიქტოლოგები საუბრობენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ აფხაზეთიდან წამოსული ნებისმიერი „მესიჯი“ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები უნდა იყოს. ზაქარეიშვილის განცხადებით, ეს უნდა იყოს დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ ქართველებმა აფხაზებთან თანამშრომლობა დაიწყონ. მისი თქმით, თბილისი ამ გზავნილებზე პასუხს აგვიანებს და ეს კარგი არ არის, რადგანაც აფხაზეთიდან ბაჟანიას მიერ წამოსული ეს პირველი „მესიჯი“ არაა.

ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ბუნებრივია, აფხაზებს აღარ სურთ, რომ მათი ეკონომიკა მთლიანად რუსულ ფულზე და ეკონომიკაზე ჩამოკიდებული იყოს და ცდილობენ, გარკვეულწილად, დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის საშუალება მიეცეთ.

„საქართველოს მხრიდან დუმილი ბჟანიას მესიჯებზე, რა თქმა უნდა, კარგი ნაბიჯი არ არის, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არჩევნების გამო ხდება. ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთისთვის არ სცალია. შესაძლოა, ხელისუფლება ფრხთხილობს და წინასაარჩევნოდ ამ თემით ოპოზიციას მანიპულირების საშუალება არ უნდა მისცეს. ბჟანია ასეთ განცხადებებს ხშირად აკეთებს. ახლა, საერთოდ, გალის რაიონში ჩავიდა და ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეხვდა. მოუხსნა გადასახადები და გალელების ეკონომიკური მდგომარეობა დანარჩენ აფხაზებს გაუთანაბრა. მას ასევე საუბარი ჰქონდა გალელებთან და მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. ადგილობრივებიც ძალიან კმაყოფილები არიან. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ძვრები თბილისის მიმართულებით დაიწყო და ეს ფაქტი აუცილებლად გამოსაყენებელია“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ციხელაშვილი სამინისტროდან სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს, ამიტომაც ახლა ვინ ახორციელებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ პოლიტიკას უცნობია. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ და ეს უასფრხოების სამსახურის პრეროგატივა არ არის.

For.ge-ს კითხვაზე რაში სჭირდება ახლა ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტს ბჟანიას თბილისისკენ კურსის აღება და რა შეიძლება მისი მიზანი იყოს? მას ხომ ამის გამო შესაძლოა კრემლთან ისედაც არცთუ კარგი ურთიერთობა უფრო გაუფუჭდეს? ზაქარეიშვილი გვპასუხობს:

„ბჟანია აფხაზეთში იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს, რომელიც საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზე ადრეც საუბრობდა. ეს არის ე.წ. ანქვაბის გუნდის წარმომადგენელი. მას აღარ შეეძლო ე.წ. პრეზიდენტი ყოფილიყო, ამიტომაც იგი ბჟანიამ შეცვალა. ანქვაბი ახლა პრემიერ-მინისტრია და ესეც უკვე სერიოზული განაცხადია. რაც შეეხება იმას რუსეთი ბჟანიას მისცემს თუ არა ამის საშულებას, ეს ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და რუსეთი რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს, ესეც გამოჩნდება. აფხაზები მოდიან ჩვენთან კონტაქტზე? - ჩვენც აუცილებლად უნდა გავიდეთ.

უამრავი გამოცდილება მაქვს იმის, რომ რუსეთი ბევრ რამეს აფუჭებს ხოლმე, მაგრამ წინასწარ იმაზე ფიქრი ისინი რას იზამენ, ჩვენს საქმეს არ წაადგება. თუ აფხაზები თანახმანი არიან, რომ რაღაც კონკრეტულ სფეროში ითანამშრომლონ, ჩვენ ამის შანსი უნდა მივცეთ. მათ აქვთ განცდა, რომ ქართველები არ უღალატებენ და კრიტიკულ სიტუაციაში არ მიატოვებენ, ამიტომაც ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და როგორღაც ამ თამაშიდან რუსეთი ცოტა ხანი მაინც გავიყვანოთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ რასაც ბჟანია ფიქრობს, ეს ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების ოფიცლიაური პოზიციაა და გამოდის, რომ მათ საქართველოსთან ურთიერთობა რუსეთის გარეშე უნდათ. კავკასიოლოგის თქმით, თუ ეს რეალობას შეესაბამება და ბჟანია რუსეთთან ერთად რამეს არ თამაშობს და საქართველოს ხელისუფლების წამოგებას ავანტიურაზე არ ცდილობს, მაშინ ძალიან საინტერესო ფაქტია. არეშიძის აზრით, თუ ეს არის ბჟანიას გულწრფელი პოზიცია, გამოდის აფხაზები მიხვდნენ, რომ რუსეთთან ნაძვის ხის სათამაშოსავით მიბმა არავითარ პერსპექტივას არ შეიცავს.

„აფხაზეთმა ამ ხნის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური პერსპექტივის შექმნა ვერ შეძლო. მხოლოდ ტურიზმზე და მანდარინზე ორიენტაცია იმ შედეგს არ იძლევა, რომელიც რეგიონის ეკონომიკური განვითარების საშუალებას იძლევა. აფხაზეთის რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსება, როგორც ჩანს, ჭკუაში აღარ მოსდით, რადგანაც კრემლს მასზე ზეწოლის სერიოზული ბერკეტი გააჩნია. აფხაზები რუსებმა გაამათხოვრეს, ამიტომაც ბჟანია ხვდება, რომ სხა ალტერნატივა უნდა ეძებოს. აი, ამ ფონზე არ არის გამორიცხული, რომ ბჟანიამ, ამ კრიზისის ფონზე, მოიფიქრა, თბილისთან ურთიერთობის დივერსიფიცირება სცადოს. ის საქართველოსგან დამოუკიდებელ პოლიტიკას არ ითხოვს, მას სურს შეკრება მრგვალი მაგიდის გარშემო მოხდეს, სადაც ეკონომკიური ურთიერთობებს განიხილავენ“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ასევე სასაცილოა აფხაზეთთან საქართელოსთან რა ეკონომიკურ ურთიერთობაზე საუბარი უნდა იყოს. არეშიძე ამბობს, რომ ჩვენ პროდუქციას აფხაზეთში ვერ გავიტანთ. თავის მხრივ არც აფხაზეთს აქვს არაფერი, რომელსაც შემოიტანენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოში თხილი კონტრაბანდის სახით ისედაც შემოდის და აფხაზებს სხვა არც არაფერი აქვთ.

„სუფთა მოგების თვალსაზრისით, აფხაზებს არაფერი აქვთ, რომ საქართველო დაინტერესდეს. ადრე ხე-ტყე, რომელიც საქართველოში კონტრაბანდის სახით შემოდიოდა, ისიც ამოიწურა. როგორც ჩანს, აფხაზეთი საქართველოს ეკონომიკურმა პროგრამამ დააინტერესა, რომელსაც რვა ნაბიჯი ქვია. როგორც ჩანს, ასევე ბჟანიას დასავლეთთან ურთიერთობა აინტერესებს,

ეს პანდემიის დროსაც გამოიკვეთა. მათთვის დასავლეთი უფასო ფულთან ასოცირდება და აქედან გამომდინარე, საინტერესოა. სოხუმში კარგად ესმით, რომ თუ საქართველოსთან გარკვეული ეკონომიკური პარტნიორობა შექმნეს, მაშინ დასავლეთი ამას მიესალმება და გარკვეული ინვესტიციები აფხაზეთისკენ წავა. აი, შესაძლოა ბჟანიას და მის გუნდს ეს აინტერესებს. შამბას დანიშვნა ე.წ. პრემიერ-მინისტრად ამის მანიშნებელია. მას თბილისში საკმაოდ კარგი კონტაქტები აქვს და ჩამოსვლაც თავისუფლად, როგორც კერძო პირს, შეუძლია. როგორც ჩანს, ბჟანიამ ამ მიმართულებითაც გათვალა“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების დუმილი, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო პერიოდით უნდა იყოს განპირობებული. მეორე მხრივ, არეშიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას მოსაფიქრებლად დრო სჭირდება და უნდა გააანალიზოს ბჟანიას გზავნილი არის თუ არა მხოლოდ აფხაზეთის სურვილი და ხომ არ არის ეს ორმაგი თამაში. თავად არეშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეს გზავნილები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად უნად უპასუხოს.

ლევკოთეა ,,მათ აქვთ განცდა, რომ ქართველები არ უღალატებენ და კრიტიკულ სიტუაციაში არ მიატოვებენ". . . არ ვიცი, რა კომეტარი უნდა გაკეთდეს ამაზე.
ისე კი, ვინმეს სჯერა, რომ აფხაზეთის მთავრობა თუნდაც ერთ ნაბიჯს გადადგამს რუსეთისგან დამოუკიდებლად?
3 წლის უკან
Maverick პასუხი, თქვენ გზავნილებს და წინადადებებს გავაანალიზებთ!

არჩევნების შემდეგ ჩამობრძანდით და დავილაპარაკოთ!
3 წლის უკან
romani Maverick
ზუსტი გზავნილია.
3 წლის უკან