ქვეყანაში უმუშევრობა მკვეთრად მატულობს. პრობლემა ყველა ფენას აქვს, მაგრამ ახალგაზრდებში გამოკვეთილი ტენდენცია მაინც საგანგაშოა. ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა პანდემიის შემდეგ, როცა მინიმუმ 250 ათასამდე ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.
15-დან 24 წლამდე ასაკის მოქალაქეებიდან ყოველი მეოთხე არც სწავლობს და არც მუშაობს. ამასთან, დამწყებ პოზიციებზე ვაკანსიების, დაახლოებით, 60% არ მოითხოვს უმაღლეს განათლებას, ხოლო დასაქმებულთა უმეტესობა დაბალპროდუქტიულ, დაბალანაზღაურებად სექტორებშია კონცენტრირებული“, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალტ ენდ თაგგარტის“ კვლევაში, რომელიც განათლების სექტორს ეხება.
კვლევის თანახმად, დასაქმებულთა მხოლოდ 13% მუშაობს საკუთარი პროფესიით.
„უმაღლესი განათლება საქართველოში დასაქმების შანსს უმნიშვნელოდ ზრდის და სახელფასო დანამატს მცირედით აუმჯობესებს. დაბალი უკუგების მიზეზები კომპლექსურია: უმაღლესი განათლების სისტემა ჭარბი რაოდენობის კურსდამთავრებულებს აწვდის ეკონომიკას, სადაც მოთხოვნა მაღალია დაბალი კვალიფიკაციის მქონე, დაბალანაზღაურებად პერსონალზე.
სკოლისა და უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულები იღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებებს კარიერის დაგეგმვაში; ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ხდება საჭირო უნარების გამომუშავება. შედეგად, ქართველ ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე მაღალია“, - ნათქვამია კვლევაში.
ეს მონაცემები უფრო პანდემიამდელ პერიოდს ასახავს. მას შემდეგ კი ვითარება უფრო დამძიმდა. დასაქმება უკვე პრობლემა გახდა არა მარტო ახალგაზრდებში, არამედ ყველა შრომისუნარიან ფენაში. უმუშვერობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, რასაც ადასუტრებს ოფიციალურ სტიტისტიკური მონაცემები.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. მათგან 160 161 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, ხოლო სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულებს, პანდემიის გამო დაზარალდნენ, დასაქმების სააგენტოს ინფორმაციიით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის 90 131 პირს. მაისის თვის 135 670 პირს, ივნისის - 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.
დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 35 564 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 28 717 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც 8 615 100 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს იწურება, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ეს მონაცემები ადასტურებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში უმუშევარი დარჩა 250 ათასამდე ადამიანი და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში სულ 850 ათასი დაქირავებით დასაქმებულია. შესაძლოა რეალობა კიდევ უფრო მძიმეა. ყოველ შემთხვევაში ასე ფირობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი, რადგან დახმარების კრიტერიუმები იყო ცალსახად არასწორი, ამიტომაც არ ჩანს სურათი სინამდვილეში რამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი და რამდენით გაიზარდა უმუშევრობა.
„ხელისუფლება უნდა წასულიყო გამორიცხვის მეთოდით და კომპენსაცია უნდა მიღო ყველას, ვისაც 40 000 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი, ასევე საჯარო მოხელეებიც არ უნდა მოხვედრილიყვნენ ამ სიაში. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი პოლიტიკა. ახლა კი რეალურად ვერ გაიზომა რამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, რამდენით მოიმატა უმუშევრობამ ან დაეცა ცხოვრების დონე.
ამ ჩამონათვალს მიღმა მყოფი ადამიანებისათვის ის 1.4 მლრდ რომ გაენაწილებინათ შესაბამის სეგმენტზე, თითოეულ ადამიანზე გამოვიდოდა 400 ლარის დახმარება. ასე არ გააკეთეს და ახლა ჩვენი მოქალაქეები აღმოჩნდნენ სიღარიბეში და ჩვენ ვერ ვეხმარებით მათ“, - განაცხადა ყიფიანმა.