„შესაძლოა, ნაციონალებს ეშინიათ ოპოზიციური პარტიები  „ევროპული საქართველოს“ გარშემო არ გაერთიანდნენ და მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი არ დაკარგონ“

„შესაძლოა, ნაციონალებს ეშინიათ ოპოზიციური პარტიები „ევროპული საქართველოს“ გარშემო არ გაერთიანდნენ და მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი არ დაკარგონ“

რა ჩაიფიქრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რატომ გადაწყვიტა, რომ „ძალა ერთობაშია“-სთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო სიით გავიდნენ? ყველასთვის მოულოდნელი და პოლიტიკურად ნაკლებად ასახსნელი ნაბიჯი, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული მიზნები აქვს.

For.ge-სთან ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციოანლური მოძრაობის“ გადაწყვეტილება რამდენად შესრულებული იქნება ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუმცა ეს პირობა რომც შეასრულონ, ამით რა ხეირის მიღება უნდათ, ნაკლებად გასაგებია. მათი აზრით, ერთ-ერთი ვარიანტი ამის შეიძლება ის იყოს, რომ მათ ამ პარტიების „გადაგდება“ პოლიტიკურად არამომგებიან ნაბიჯად ჩათვალეს და ფიქრობენ, რომ მათი გამოყენება სამომავლოდ კიდევ შესაძლებელია. ასევე შესაძლოა, შეეშინდათ, რომ ისინი „ევროპულ საქართველოსთან“ არ გაერთიანებულიყვნენ და ამით პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსი არ დაეკარგათ - გარკვეული რაოდენობის ელექტორატის „ევროპელებისკენ“ გადაქაჩვა სახიფათოდ მიიჩნიეს.

ოპოზიციური ერთობის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა მორიგი შეხვედრა 31 ივლისს გამართეს. შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძეც ესწრებოდა. ოპოზიციური გაერთიანების წევრების განცხადებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, განიხილეს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ისაუბრეს წინასაარჩევნო სტრატეგიაზე. მათივე თქმით, კოალიცია რჩება და ახალი ძალებით აპირებს 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო ალიანსიდან საარჩევნო ბლოკად გადაიქცევა, გაფართოვდება და სხვა პარტიებიც შეუერთდებიან. ისეთი პარტიები გაერთიანდებიან, რომლებიც მათი პარტიისთვის ძალიან მისაღები იქნება. ჩვენს კითხვაზე რომელი პარტიები აპირებენ მათთან ერთად გაერთიანებას და არის თუ არა მათ შორის „რესპუბლიკური პარტია“ გოცირიძე პასუხობს, რომ ჯერჯერობით პარტიებს არ დაასახელებს და ამის შესახებ ცნობილი საზოგადოებისთვის ორ კვირაში გახდება.

„ეს იქნება ბლოკის საერთო სია, მაგრამ სიაზე შეთანხმება ჯერ არ მომხდარა. ბუნებრივია, ბლოკში თუ 10-ზე მეტი პარტია იქნება გაერთიანებული, სიაში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც იქნებიან. ჩვენ თბილისში რვიდან ექვსი ოლქი მაჟორიტარების დავთმეთ, რადგანაც ეს მომავალი კოალიციური მთავრობის შექმნის საფუძველი ყოფილიყო.

რეგიონებში კი ვაყენებთ ყველგან, მაგრამ ოპოზიციური გაერთიანება მომავალში კოალიციური მთავრობის შექმნის შანსს ზრდის. ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ამბობს, რომ ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან. ხელისუფლების სატელიტი პარტიებიც კი აღარ ამბობენ, რომ სამომავლოდ მასთან ითანამშრომლებენ“, - ამბობს გოცირიძე for.ge-სთან.

ჩვენს კითხვაზე თმობს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მანდატებს იმიტომ, რომ სამომავლოდ ამ პატარა პარტიებმა პარლამენტში მათ კოალიციური ხელისუფლება შეუქმნან, გოცირიძე for.ge-ს პასუხობს, რომ ოპოზიცია შექმნის ახალ ხელისუფლებას და კოალიციურ მთავრობას.

„არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“, არამედ მთელი ოპოზიცია შეძლებს, რომ ახალი ხელისუფლება და კოალიციური მთავრობა შეიქმნას. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ექნება ყველა მანდატს. ეს იქნება ერთკაციანი, ორკაციანი თუ ორმოცდაათკაციანი პარტია. აქ, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ერთ მანდატსაც კი ჰქონდეს. „ოცნებამ“ მაქსიმალური პროცენტი რაც შეიძლება ამ არჩევნებში მიიღოს ეს არის 42%, ამიტომაც თითოეულ ადამიანს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, - ამბობს for.ge-სთან გოცირიძე.

რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაფიქრი ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ ზუსტად არ იცის, თუმცა for.ge-სთან ამბობს, რომ მათ გარკვეული სახის პოლიტიკური მანევრირება ჩაიფიქრეს. საყვარელიძე ამბობს, რომ „ნაციონალებმა“ როდესაც თქვეს, რომ ყველგან საკუთარ კანდიდატს დააყენებდნენ, ეს ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, რადგანაც საკუთარი ელექტორატის ხარჯზე ურეიტინგო პარტიების გაყვანა არ სურდათ. თუმცა ახლა რას აკეთებენ ნაკლებად გასაგებია. მისი აზრით, შესაძლოა, ახლა დანამუსდნენ, რადგანაც ამდენი პარტიის გადაგდება ჭკუაში აღარ დაუჯდათ.

„შესაძლოა ნაციოანლები სხვა პარტიებს რაიმე პირობასაც ადებინებენ, რომ მათ შორის შემდგომი თანამშრომლობა მოხდეს. რამდენად ჭკვიანურია ეს ნაბიჯი და შეასრულებენ თუ არა ამ დაპირებას ისევ, ეს კიდევ საკითხავია. მოგეხსენებათ, ბოლო ხანებში ნაციოანლები ხან ერთი მიმართულებით დგამენ ნაბიჯს და ხან მეორე მიმართულებით. თანმიმდევრულობა მათ მოქმედებებში უკვე მორღვეულია. რაც შეეხება იმას, რომ ეს პატარა პარტიები ნაციონალებს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად პარლამენტში სჭირდება, ცოტა გაუგებარია.

ამ დანარჩენი პარტიის ხმებით ისეთივე ძალა ექნება, როგორც დანარჩენებს - 9 პარტია ცხრაასი ხმით, თუ ერთ პარტიას აქვს იგივე რაოდენობა აღებული... ასე რომ, თუ „ნაციონალებს“ ხმების აღების უნარი აქვთ და სხვა პარტიებს არ აქვთ, მაშინ მათთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონდეს, პარლამენტში ბევრი მხარდამჭერი ეყოლებათ თუ არა. ეს პარტიები რაღაცა რაოდენობით ხომ უნდა იყვნენ?! თუ ნაციონალებმა აიღეს ეს მანდატები, მათ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობა ექნებათ“, - ამბობს for.ge-სთან საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არ გაენაწყენებინა და შიდაპარტიული აწონ-დაწონვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მათთან ერთად ერთიანი სია შექმნან. ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ საბოლოო ჯამში, მათ შორის შეთანხმება მოხდება სიაში ვის რა ადგილი და კვოტა შეხვდება. მეორე მხრივ ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ „ნაციოანლურ მოძრაობას“ ეშინია, ვინაიდან არცთუ ისე დიდი ელექტორალური რესურსი აქვს და მარტო გასვლის შემთხვევაში უფრო მეტს დაკარგავდა.

„მართალია, თითოეულ პარტიას ცალკე აღებული დიდი ამომრჩეველი არ ჰყავს, მაგრამ ერთიანად გარკვეული რაოდენობის ელექტორატულ რესურს მაინც წარმოადგენენ. შიდა მოლაპარაკებებზე რა მოხდა და რაზე გარიგდნენ, საუბარი რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცაზე შეთანხმების გარეშე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ალბათ, გახსოვთ, რომ ნაციონალების ფაქტობრივმა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, საერთოდ, არჩევნებისთვის მთლიან ოპოზიციას ერთიანი სიით გასვლას ურჩევდა. როგორც ჩანს, „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში ასეთი კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღეს.

ეს ასევე იმითაც არის განპირობებული, რომ ეს პატარა პარტიები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან არ წავიდნენ. თუნდაც პატარა ელექტორატიც კი მათკენ არ გადაქაჩონ. არც ის არის გამორიცხული, რომ მათ ეშინიათ ოპოზიციური პარტიების „ევროპულ საქართველოს“ გარშემო გაერთიანება არ მოხდეს და ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი არ დაკარგონ. ძალიან ბევრი ვარიანტები შეიძლება განვიხილოთ, რის გამოც ნაციონალებმა ეს ნაბიჯი გადადგეს“, - აცხადებს ანჯაფარიძე for.ge-სთან.