ახლა ყველა თავს იცავს და არავის უნდა, რომ მკვლელობა დაუდასტურდეს - მირიან ნიკოლაძე მის მიმართ ბრალდებებს პასუხობს

ახლა ყველა თავს იცავს და არავის უნდა, რომ მკვლელობა დაუდასტურდეს - მირიან ნიკოლაძე მის მიმართ ბრალდებებს პასუხობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ერთ-ერთი დაკავებულის ზ.ხ-ს მამაც, რომელმაც  გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ამასთან ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ძალოვან უწყებებთან გარიგებაში და საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვაში დაადანაშაულა.  თამაზ ხომასურიძის ბრალდებას უპასუხა მირიან ნიკოლაძემაც, მისი თქმით, ბრალდებულების ოჯახის წევრები ცდილობენ მსგავსი განცხადებებით თავი დაიცვან და  სასჯელი თავიდან აირიდონ:

„რა აზრი აქვს იმ კაცის მამას ვუპასუხო, ვინც ხელი დაადო თავიდან დანაშაულის მონაწილე პირებს და შემდგომ თქვა, რომ არა, მე ეს არ მითქვია და გადაატრიალა ჩვენება, ნუ ახლა ყველა თავს იცავს და არავის უნდა რომ მკვლელობა დაუდასტურდეს, ეს არის თავდაცვის მექანიზმი," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

სასამართლო დღეს 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე იმსჯელებს. ესენი არიან არასრულწლოვნები მერსედესის ავტომობილიდან, ასევე "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის 2 მგზავრი, რომლებსაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან და არაა გამორიცხული, რომ მომავალში მათ ბრალი განზრახ მკვლელობისთვისაც წარედგინოთ. ასევე, სასამართლო იმსჯელებს იმ არასრულწლოვნებზეც, რომელიც 18 ივნისის ღამეს ექვსეულის (გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი), კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი) და გიორგი ქათამაძე) ახლოს გადაადგილდებოდნენ და დაუკავშირდნენ მერსედესის მგზავრებს და მათი ადგილმდებარეობა აცნობეს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.