„მიუხედავად ოპოზიციის მტკიცებისა, რომ რურუა  პოლიტპატიმარია, ის პოლიტიკური ფიგურა არაა“

„მიუხედავად ოპოზიციის მტკიცებისა, რომ რურუა  პოლიტპატიმარია, ის პოლიტიკური ფიგურა არაა“

პოლიტპატიმარი თუ კრიმინალი? - როგორ აპირებს ხელისუფლება გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების გამართლებას? ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად ამისა ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა რვა მარტის შეთანხმება დაარღვია და ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, გამოეშვა ციხიდან ყველა პოლიტპატიმარი, უარი თქვა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუას ჯერ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, შემდეგ კი ეს განაჩენი, ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა. თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რურუა არა პოლიტპატიმარი არამედ ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელმაც საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვს და ფიქრობენ, რომ არჩევნების წინ ასე მარტივად ქვეყანაში პოლიტპატიმრის არსებობას არ გაატარებენ. მათი აზრით, ეს ევროპარლამენტარის ანა ფოტიგას განცხადებითაც უკვე დადასტურდა. გიორგი რურუას განაჩენიდან ორ საათში, ევროპელმა პოლიტიკოსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ არჩევნებზე კლიმატის გასაუმჯობესებლად, პოლიტპატიმარმა ციხე უნდა დატოვოს. ანა ფოტიგამ პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა.

მიუხედავად ამისა for.ge-სთან ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ დასავლეთიდან უფრო დიდი ზეწოლა არ წამოვიდა „ქართული ოცნება“ გიორგი რურუასთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლის. მათი აზრით, „ოცნებას“ ოპოზიციისთვის საინფორმაციო ომის მოგება სურს და ოქრუაშვილი-უგულავასგან განსხვავებით რურუასთან დაკავშირებით პოზიციას ასე ადვილად არ დათმობს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რურუა არ არის იმ დონის პოლიტიკური ფიგურა, რომ მის გამო ხელისუფლებამ ჯერ ერთი „დანაშაული“ აღიაროს, მეორე კი გამოვა, რომ წინასაარჩევნოდ საკუთარ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გაანაწყენებს. ამიტომაც ბოლომდე იბრძოლებს და უკან არ დაიხევს.

სალომე ზურაბიშვილს დღეს არაფერი უთქვამს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი კონსტიტუცია შეგვახსენა და თქვა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. გახარია ამტკიცებს, რომ მოსამართლემ განაჩენი პოლიტიკური ნიშნით არ გამოიტანა და იყო ტელევიზიის მფლობელი, ეს ალიბი არ არის.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი რურუა სასამართლოს რომ გაემართლებინა ამ შემთხვევაში ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილს საფუძველი ექნებოდათ ესაუბრათ, რომ ხელისუფლებას სასამართლოზე ზეწოლის ბერკეტი აქვს. ანალიტკოსი ფიქრობს, რომ მაშინ ამით ხელისუფლება შეშინებული გამოჩნდებოდა და ასევე გამართლდებოდა ის ბრალდება, რომ პოლიციელებმა რურუას იარაღი ჩაუდეს. ამით „ოცნება“ ძალიან გარისკავდა და სამართალდამცავ ორგანოებსაც გარკვეულ ჩრდილს მიაყენებდა. ახლა ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ იმის დამტკიცებას შეეცდება, რომ რურუა არა პოლიტპატიმარი, არამედ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანია.

„თუ რურუას სასამართო უდანაშაულოდ სცნობდა, აქ უკვე აშკარად გამოჩნდებოდა, რომ ხელისუფლებას სასამართლოზე ზეწოლის ბერკეტი აქვს. უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო, მაგრამ ის პრეზიდენტმა შეწყალებით გაათავისუფლა. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ზურაბიშვილმა რურუაც შეიწყალოს, მაგრამ ესეც, ალბათ, იმ ზეწოლაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ქვეყნის შიგნიდან და გარედან მოხდება.

ფაქტი ერთია, რომ უგულავას და ოქრუაშვილის გან განსხვავებით ხელისუფლებას შეუძლია დაამტკიცოს, რომ რურუა პოლიტპატიმარი არ არის. კარგად ვხედავთ მისი „გაშავების“ გეგმა როგორ ამუშავდა. ხელისუფლება, როგორც ჩანს, ასევე დასავლელ პარტნიორებთანაც მუშაობს და მათ დარწმუნებას ცდილობს, რომ ის კრიმინალია და არა პოლიტიკოსი. ამიტომაც მისი შეწყალების ფაქტიც ამაზე იქნება დამოკიდებული, ვის რაში დარწმუნებას შეძლებს „ოცნების“ ხელისუფლება“, - ამბობს ნიკა ჩიტიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ხელისუფლება რურუასთან დაკავშირებით ცდილობს, რომ ოპოზიციას საინფორმაციო ომი მოუგოს. მთავრობის რეიტინგმა კორონავირუსის შემდეგ მოიმატა, ამიტომაც შეიძლება ამ ფაქტორით ისარგებლოს და თუკი უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში უკან დაიხია, ახლა დათმობაზე აღარ წავიდეს, ხოლო თუ მისი რეიტინგი შემოდგომისთვის ისევ მაღალი იქნება, მაშინ რურუას შეწყალებას ნაკლებად უნდა ველოდოთ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ რეალურად, გიორგი რურუა ციხეში იქნება თუ გარეთ პოლიტიკურ პროცესებზე დიდ ვერაფერ გავლენას ვერ მოახდენს. რურუას არა აქვს იმ დონის პოლიტიკური წონა, რომ „ოცნებას“ რაიმე სახის ზიანი მიაყენოს. ამიტომაც „ოცნება“ მისი გათავისუფლებისთვის ნაბიჯს იმიტომ არ დგამს, რომ ამას ოპოზიცია ითხოვს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ საკითხში პრინციპულობას ინარჩუნებს და ოპოზიციის ქმედება როგორიც არ უნდა იყოს, უკან მაინც არ დაიხევს. მისი აზრით, მაშინ დასავლეთიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნის სერიოზული და მკაცრი მესიჯები უნდა წამოვიდეს. თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგანაც რურუა მიუხედავად ოპოზიციის მტკიცებისა, რომ პოლიტპატიმარია, ის პოლიტიკური ფიგურა არაა.

„თუკი დასავლეთიდან ზეწოლა და მოთხოვნა წამოვა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება მოხდეს, ამ შემთხვევაში ზურაბიშვილი მას შეიწყალებს. მთელი ანატომია ეს არის, გააჩნია დასავლეთის პოზიცია როგორი იქნება. რაც ბოლო დროს მათი მხრიდან განცხადებები გაკეთდა, ეს ზეწოლად ვერ ჩაითვლება. ხელისუფლების პრინციპი კი ამ შემთხვევაში სრულიად გასაგებია. სასამრთლოს რომ რურუა გაემართლებინა, მაშინ ჯერ იმ პოლიციელების სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო, ვინც ის დააკავა და მეორე მხრივ ხელისუფლებას მოუწევდა აღიარება, რომ რეალურად ის პოლიტპატიმარია. ასევე სასამართლოზე მმართველ გუნდს ზეწოლის ბერკეტიც ჰქონია. რურუას ფიგურა იმ დონის არ არის, რომ „ოცნებამ“ ამხელაზე გარისკოს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ხელისუფლების ლოგიკაა, რომ თუ რურუას გაათავისუფლებს, მაშინ ოპოზიცია ჩათვლის, რომ გაიმარჯვა და კიდევ სხვა ბევრი მოთხოვნები შესაძლოა კიდევ წამოაყენოს. ამიტომაც წინასაარჩევნოდ „ოცნებას“ ამ პოლიტკური დივიდენდის მიცემა არ სურს, რაც სრულიად ლოგიკურია. მსგავსი პოზიცია აქვს ოპოზიციასაც და ისინიც პრინციპის გამო ცდილობენ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ამ დათმობაზე წაიყვანონ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რეალურად ზურაბიშვილს რურუას შეწყალება შეუძლია, თუმცა „ოცნება“ ბოლომდე იბრძოლებს და მაინც გარედან წამოსული ზეწოლის გარეშე მის გათავისუფლებაზე პრინციპულად არ წავა.

 

 

Aburjga Tasmanieli შეიძლება დაპატიმრებამდე რურუა არ იყო არც პოლიტიკური ლიდერი და არც შესამჩნევი პოლიტიკური მოღვაწე. მიუხედავად ყველაფრისა საქართველოში, თბილისში ავტორიტეტიანი კაცი იყო, განსაკუთრებით ზოგიერთ წრეებში. დაპატიმრების შემდეგ ის მამდვილად იქცა მთელი ოპოზიციისათვის სანუკვარ პოლიტიკურ ლიდერად. დღეს ფანჩატურის ოპოზიციის და მისი ფლაგმანის ნაციონალური მოძრაობის წყალობით ბატონი რურუა შეიქმნა საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაჩინო სუბიექტი. მის ბედი აღელვებთ და მასზე დღე და ღამ ზრუნავენა აშშ-ს კონგრესმენები და სენატორები, ქვეყანა თავზე დაამხეს აფროამერიკული ფესვების საკუტარმა მოქალაქეებმა, მაგრამ რურუას მაინც ვერ ივიწყებენ, წერენ წერილება, ჩივლობენ, გაფრთხილებებს უგზავნიან საქართველოს ხელისუფალთ, ყველანაირად გამოხატავენ რურუასადმი მხარდაჭერას. მეორეს მხრივ ევროპელი ლიდერები, ევროპარლამენტარები, საქართველოს კურატორები ბატონი ხუბილიუის და ქალბატონი ფოტიგას მეთაურობით ძალ-ღონეს არ იშურებენ ბატონი რურუას გასათავისუფლებლად. ამისათვის დიპლომატიურ განცხადებებს კარგა ხანია შეეშვნენ, და გადავიდნენ საქართველოს პრეზიდენტზე და პრემიერზე უხეშ ზეწოლაზე. უფრო მეტიც მოკავშირე, ასოცირებული ქვეყნის მართლმსაჯულებას, სასამართლოს უნდობლობა ღიად გამოუცხადეს! ბატონი რურუას ბედ-იღბალი იქცა საქართველოს ყველა ტელევიზიის, გაზეთის თუ ინტერნეტმედიის განუწყვეტლივ სამსჯელო საკითხად!
მეტი რაღა უნდა იყოს, რა უნდა მოხდეს, რომ მივიღოთ და ვაღიაროთ შექმნილი რეალობა! მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ძალები გაერთიანდნენ მის გასათავისუფლებლად! ამდენი გულშემატკივარი ნელსონ მანდელასაც კი არ ჰყავდა! თუ არა ბატონი რურუა, მაშინ ამ ქვეყანაზე , ამ ცოდვილ დედამიწაზე სხვა ვინ არის პოლიტპატიმარი და პოლიტიკური ლიდერი?!
3 წლის უკან
Katana . თუ ეს ხელისუფლება ვერ გაუძლებს დიდად პატივცემული ფოტიგა-კუბილიუსების ზეწოლას და გაათავისუფლებს რურუას, ნაცვლად იმისა, რომ მისი კრიმინალური წარსული გამოიძიონ და ყველასთვის ცნობილი დანაშაულის - თორაძეების ოჯახის ამოწყვეტისთვის მაინც აგებინონ პასუხი, ამომრჩეველი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ "ოცნება" მხოლოდ შირმაა და სინამდვილეში ნაცები მართავენ ქვეყანას, თავისი დასავლელი ლობისტების მეშვეობით!
არჩევანიც შესაბამისი გაკეთდება!
მორჩა!
3 წლის უკან