არაერთხელ ჩავატარეთ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, ოქტომბერში კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ

არაერთხელ ჩავატარეთ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, ოქტომბერში კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ

საქართველოში არაერთხელ ჩავატარეთ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, ოქტომბერში კი კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ექვსი კონგრესმენის სახელით გავრცელებული წერილის საპასუხოდ განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარედან, ხელისუფლება არანაირ ზეწოლას არ გრძნობს.

„როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი დარწმუნებული ვარ, დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვის ამ ხელისუფლების ნებისმიერი წევრი, აბსოლუტურად არავისგან, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ. მე ვიცი ერთი, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა თავისუფალი არჩევნები. ამ წვეყანაში ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ 2020 წლის ოქტომბერში“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ექვსი კონგრესმენი ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოს შესახებ წერილს უგზავნის. მასში საუბარია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და წინასაარჩევნო პროცესებზე. წერილი რამდენიმე პუნქტისგან შედგება, ერთ-ერთ პუნქტში კი მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობა ამოიკითხეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის 27 ივლისს სატელეფონო საუბარი შედგა.