„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი იღებს სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაღალი დონის დემოკრატიის სტანდარტით, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ღია ეთერში“ მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
„ამისთვის ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ 2018 წელს, ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უკვე 2024 წელს, ქვეყანა გადადის ერთიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ბოლოს შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო რეფორმა, რომელიც განახორციელა „ქართული ოცნების“ გუნდმა და ფაქტობრივად, უარი მიიღო ოპოზიციისგან. ყველა ის შეთანხმება, რომელის 8 მარტის მრგვალი მაგიდიდან იყო აღებული მათ დაარღვიეს და გავიდნენ შეთანხმებიდან, „ქართულმა ოცნებამ“ მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, შეძლო და მიიღო ეს ცვლილება. ეს განაპირობებს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაღალი სტანდარტით, რაც იქნება თვალსაჩინო და რომელსაც დაინახავს მთელი საერთაშორისო საზოგადოება“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
მისი თქმით, დემოკრატიული პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე საუბარი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ მხრივ გარკვეულ რისკებსა და საფრთხეებს ხედავენ.
„დღევანდელი ოპოზიცია, რომელიც კრიმინალურ დაჯგუფებად გადაიქცა, ცდილობს სასურველი სინამდვილედ გაასაღოს. არასწორ და ცუდ გზავნილებს, საკუთარი ლობისტების საშუალებით, აგზავნის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ცდილობს, ტყუილი სიმართლედ გაასაღოს. რეალურად, მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმ მონაცემით, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არსებობს საქართველოში. ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობა არის მოწოდების სიმაღლეზე, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩაატაროს ნებისმიერი არჩევნები. ნებისმიერი ასეთი გზავნილი არის მანიპულაციის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან და სიმართლეს არ შეესაბამება“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.