დავით მათიკაშვილი: აშშ ძალიან კარგად ხედავს „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის სწრაფვას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის

დავით მათიკაშვილი: აშშ ძალიან კარგად ხედავს „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის სწრაფვას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის

ეს არის ოპოზიციის დეგრადირებული დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი - ნახონ ის, რაც არ არის, გაასაღონ სასურველი სინამდვილედ და მოატყუონ საზოგადოება, რაც ნამდვილად არ გამოსდით, - ასე გამოეხმაურა დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მიერ გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის საუბრის შეფასებას. დეპუტატმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არჩევნების წინ ყველა მეგობარ ქვეყანას ახსენებს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„აქ გასაკვირი ნამდვილად არაფერი არის. ჩვენ ის არ უნდა დავინახოთ, რაც არ წერია და არ იყო საუბრის შინაარსი. კონტექსტი იყო აბსოლუტურად სხვა რამ. ეს იყო ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ძალიან საღი დიალოგი, რომელშიც იყო არაერთი მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს მისამართით. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ შეერთებული შტატები ძალიან კარგად ხედავს საქართველოს, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის სწრაფვას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს უცდია იმ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რომელსაც დღეს ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზას უწოდებენ. პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული სისტემის მიღება კი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი 28 ივლისს შედგა