„ერთ-ერთი დიდი კოზირი, თავის ჭკუაში, „ნაციონალებს" ის ჰქონდათ, რომ ივანიშვილმა ყველა გადააგდო, მაგრამ თვითონ ისეთი „ჩაუტარეს" თავის უახლოს პარტნიორებს, რომ შეიძლება დიდმა ნაწილმა საერთოდ ვერ მიაღწიოს პარლამენტამდე. გადაგდებაცაა და გადაგდებაც, ყველას აჯობეს გადაგდებაში" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ უთანხმოებას.
„ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, 22-ივე ოლქში საკუთარ კანდიდატს წარადგენს და დარწმუნებულნი არიან, ეს არის გამარჯვების მთავარი ფორმულა.
„ევროპული საქართველო" საჯაროდ სთავაზობს „ნაციონალურ მოძრაობას", რომ ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული ვარიანტები განიხილოს და შეჯერდნენ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე. გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველო" „ნაციონალებს" დიდ ქალაქებში კანდიდატებს უთმობს, სანაცვლოდ კი 4 ოლქში მათ მხარდაჭერას ითხოვს.
„ყველა პარტია ზომავს თავის რეიტინგებს, როგორც ჩანს „ნაციონალებმა" ნახეს, რომ არც ისე ბევრი ხმები აქვთ და არ უნდათ სხვებს გაუნაწილონ. აქედან მოდის მათი სიძუნწე და ხელმომჭირნეობა. ეს გაუთავებელი იწილო-ბიწილო, თქვენ არ დააყენოთ, ჩვენ დავაყენებთო, პატარა პარტიებისთვის არის ცუდი, რადგან ბედის ინაბარა რჩებიან.
ერთ-ერთი დიდი კოზირი, თავის ჭკუაში, „ნაციონალებს" ის ჰქონდათ, რომ ივანიშვილმა ყველა გადააგდოო, ამაზე ააგეს მთელი თავისი პოლიტიკა, მაგრამ ახლა ისეთი „ჩაუტარეს" უახლოეს პარტნიორებს, რომ შეიძლება დიდმა ნაწილმა საერთოდ ვერ მიაღწიოს პარლამენტამდე. თავიდანაც გვერდში იმიტომ დაიყენეს, რომ საზოგადოებაში შეექმნათ განცდა, რომ ოპოზიცია მარტო „ნაციონალური მოძრაობა" არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, დასახულ მიზანს მაინც ვერ გაართვეს თავი, დაუნდობელი ნაბიჯი გადადგეს, არადა სჯობდა პირდაპირ ეთქვთა, არ გვინდა ჩვენი ხმები მოგცეთო. დემოკრატია ხომ საკუთრების უფლებას იცავს, ჰოდა მათი მხრიდან ეს იქნებოდა „დემოკრატიული ნაბიჯი".
რბილი ფორმულირება რომ შევარჩიოთ, „ნაციონალური მოძრაობა" არარაციონალური პარტია გახდა. მართალია, ვხედავთ მათ უკრაინელ გენერატორს, მაგრამ პიარ გუნდი აღარ ჰყავთ, სწორი ანალიზი რომ გააკეთონ, მარტო სურვილებს იძახიან, რომ ეს მთავრობა უნდა შეცვალონ, მაგრამ როგორ? გეგმა არ აქვთ. მეორე ტურიო რომ გაიძახიან, არა მგონია, რომ მეორე ტური მათთვის მომგებიანი იყოს, რადგან ამ 8 წლის განმავლობაში, ყოველთვის ტარდებოდა მეორე ტურები და „ნაციონალების" ხელისუფლებაში დარუნების ფაქტორით, საზოგადოება ხმას „ოცნებას" აძლევდა.
მხარდამჭერებიც იმიტომ არიან გულგატეხილები, რომ ხვდებიან, საყვარელი პარტია არალოგიკურად იქცევა. „ოცნებას" კი გეზი აქვს აღებული, რომ მანდატების საკმარისი რაოდენობა აიღოს და მთავრობაც თვითონ ჩამოაყალიბოს. ჯერ-ჯერობით ამ მიზნის მიღწევის შანსი ნამდვილად აქვს," - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.