გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ 11 სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყოფილიყო, ოჯახის მოთხოვნაა.
ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ საქმე ცოტა ადრეც უნდა გამოყოფილიყო, მისი თქმით საორიენტაციო თარიღი არის 31 აგვისტო.
დაზარალებულის პოზიცია, დღეს გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ დააფიქსირა. პარალელურად, დღეს გასაჩივრდა მოსამართლის უარი, რომ სწორედ ამ 11 ბრალდებულებისთვის შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ფორმა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. ისინი აცხადებენ, რომ მათი სარჩელის დაკმაყოფილების იმედი არ აქვთ. მათი თქმით მოსამართლის მხრიდან 11 პირის პატიმრობაში დატოვება არ იყო არგუმენტირებული გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ცალკეა გამოყოფილი არასრულწლოვანთა საქმე, ასევე ცალკე არის გამოყოფილი 11 სრულწლოვანის საკითხი და ცალკე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.