ივნისის თვეში, კომერციული ბანკების მოგებამ 127,415 მილიონი ლარი შეადგინა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს. ეს ციფრი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 93,422 მილიონი ლარით გაიზარდა, 2019 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება 33,993 მილიონ ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა-საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,987 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -21,016 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 24,800 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
2020 წლის ივნისში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 375,327 მილიონი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 307,957 მილიონი ლარი. ივნისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 234,973 მილიონი ლარი შეადგინა. რას ნიშნავს ეს ციფრები პოსტ-პანდემიურ ქვეყანაში, ბანკების მოგების ხარჯზე კიდევ უფრო ხომ არ ღატაკდება ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რას უნდა ველოდოთ ეკონომიკის წინსვლის თვალსაზრისით უახლოეს პერიოდში, იმუშავა თუ არა ხელისუფლების მიერ შემუშავებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ და რა პერსპექტივები აქვს ქვეყანას ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით, ამ და სხვა საინტერესო თემებზე, for.ge-სთან ეკონომიკის ექსპერტი, ლია ელიავა საუბრობს.
ლია ელიავა: ბანკები, ერთადერთი სექტორია საქართველოში, რომელიც წარმატებით ვითარდება. ამას ყოველთვის ხელს უწყობდა ეროვნული ბანკი და დაემატა მთავრობა. მთავრობამ საპენსიო თანხები ჩადო ხაზინაში, გადაეცა კომერციულ ბანკებს, რითიც ფაქტიურად, მთავრობამ ბანკებს მისცა საბრუნავი სახსრები, იმისთვის, რომ მათ გაეაქტიურებინათ თავიანთი საკრედიტო საქმიანობა, რამაც თავისი გარკვეული შედეგი გამოიღო, გაიზარდა კომერციული ბანკების შემოსავლები. ასე რომ, საქართველოს ეკონომიკის ერთადერთი სექტორი, რომელსაც თავს ევლება მთავრობაც და ეროვნული ბანკიც, ეს არის საბანკო სექტორი. იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკა ნაწილობრივ შეჩერებული იყო, ის მაინც ფუნქციონირებდა და უზარმაზარი შემოსავალი მიღებული იქნა იმპორტიორების მიერ და ასევე უზარმაზარი მოგება მიიღო სააფთიაქო სექტორმა. ეს ორი სექტორი ფუნქციონირებს საბანკო სექტორის კრედიტების საფუძველზე და შესაბამისად მათი მოგება ნაწილდება ასევე კომერციული ბანკების მოგებაზე. ანუ, ციფრი არ არის გასაკვირი თავისი სიდიდით, მე სხვა რამეს გეტყოდით, რომ ყოველთვის მაკვირვებდა კომერციული ბანკების მოგების დაბალი მაჩვენებელი, ანუ ის რა სახსრებითაც ოპერირებენ კომერციული ბანკები, მოგება უნდა იყოს ბევრად უფრო მეტი, 4-5-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე დღეს არის ნაჩვენები მათ ანგარიშგებებში.
გამოდის, ბანკები სრულ მოგებას არ აჩვენებენ?
- რომ გადახედოთ კომერციული ბანკების ანგარიშგებას, გამოდის, რომ ისინი სესხებს იძლევიან საშუალოდ 10%-ის ფარგლებში, აქედან გამოდის დაახლოებით ის თანხა, რომელიც არის ნაჩვენები მოგებაში. ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში ბანკები სესხებს ბევრად უფრო მაღალ პროცენტში გასცემენ, შესაბამისად მოგებაც უნდა იყოს მეტი. სამწუხაროდ, ეს არ გახდა ეროვნული ბანკის თავსატეხი საკითხი, ვინაიდან ეროვნული ბანკი მფარველობს საბანკო სექტორის უპირატეს განვითარებას ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით.
მინდა გაგახსენოთ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ხელისუფლების მიერ დასახული პრიორიტეტები. იყო საუბარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც 300 მილიონი ლარის ჩადება განისაზღვრა, დროებით შეჩერდა საშემოსავლო და ქონების გადასახადი და ასე შემდეგ. თუმცა, თავიდანვე, ეკონომისტების მხრიდან, კეთდებოდა პესიმისტური პროგნოზები, რომ ამგვარი მიდგომა საკითხისადმი, ეს იყო ფუნდამენტურად მცდარი..
- სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური პროცესების ფუნდამენტური ცოდნა. ეს რომ ჰქონოდათ, ისინი მიხვდებიდნენ, რომ პირველ რიგში, საჭიროა არა ტურისტული და სხვა სექტორების დაფინანსება, არამედ იმ სექტორის, რომელიც მათ ამუშავებს - ეს არის საქართველოს მოსახლეობა. თუ მოსახლეობამ ფული არ დახარჯა, ეს დაფინანსება იქნება წყალში გადაყრილი და არაეფექტური. ფაქტობრივად, პანდემიამ, გამოიწვია ის, რომ შემცირდა ერთობლივი მოხმარება და ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ შეამცირა ფულის ხარჯვა, რაც პირდაპირ აისახა ბიზნესზე. სამწუხაროდ, მთავრობა ადგას პოპულისტური მართვის გზას. შედეგი კი არის ნულოვანი, იმიტომ რომ მოსახლეობამ შეამცირა თანხების ხარჯვა, ეს ისევ და ისევ საქართველოს მთავრობის არაწინდახედული ნაბიჯების შედეგია.
ამ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა თანაინვესტირების ფონდს, თუმცა ამ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, როგორც ჩანს, არასაკმარისია იმისთვის, რომ ეკონომიკა თუნდაც მცირედით წავიდეს წინ. შეიძლება ითქვას, ფონდის მუშაობა არაეფექტური აღმოჩნდა.
- უკვე არსებობს თანაინვესტირების ფონდის გარდაქმნის გეგმები. რაში გადავა ეს ყველაფერი და რა ფორმას მიიღებს, ეს ბოლომდე ჯერჯერობით არ საჯაროვდება, მაგრამ ის, რომ თანაინვესტირების ფონდი არაეფექტიანია, ამას მთავრობაც ხედავს და ბუნებრივია, მოხდება გარკვეული ცვლილებები. კი, სასტუმროები ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის ის ეკონომიკა, რომელიც ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ამიტომ, სახელმწიფო საწარმოებიდან შემოსული თანხები, რომლებიც აკუმულირდება თანაინვესტირების ფონდში, ალბათ, ის იქნება სხვა შემოსავლებთან ერთად გაერთიანებული და რაღაც სხვა სტრუქტურას შექმნიან. მსოფლიო ეკონომიკური პრაქტიკა ცხადყოფს იმას, რომ გადასახადების ტოტალური შემცირება არ განაპირობებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ეს ჩვენ ვიწვნიეთ ჩვენს მაგალითზე, როდესაც მთავრობამ შემოიღო ესტონური მოდელის დამახინჯებული ვარიანტი და ფაქტობრივად, უმსხვილესი საწარმოები გაანთავისუფლა მოგების გადასახადებისაგან. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხებათ მცირე საწარმოებს. უმსხვილესი საწარმოებიდან, რომლებიც ფაქტობრივად, სახელმწიფოს ბიუჯეტს ქმნიან, ძალიან დიდი შემოსავალი დააკლდა ბიუჯეტს. იმ დროს აქციზი გაზარდეს, რომ კომპენსირება მოეხდინათ სახელმწიფოს ბიუჯეტში არშემოსული სახსრების დანაკარგების. მოგების გადასახადის გაუქმებამ არ გამოიწვია ფასების შემცირება, რაც შეეხება აქციზის ზრდას, აქციზი პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის ჯიბეს. ეს არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც შედის რაღაც პროდუქციის ღირებულებაში, ზრდის მის ფასს, რაც ურტყამს მოსახლეობას. ანუ, მოხდა მოსახლეობიდან ამ ფორმით ფულის ამოქაჩვა და ამ პროცესს ეკონომიკური ტერმინოლოგიით ჰქვია ერთობლივი მოთხოვნის შემცირება, ამ დროს ვარდება საერთო მოხმარება, ანუ ეს არის ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ამიტომ, ეკონომიკური პროცესების ფუნდამენტური ცოდნა არის აუცილებელი. ანუ, გადასახადების შემცირება არ იწვევს ეკონომიკურ ზრდას. სხვა განვითარებულ ქვეყნებში გადასახადები არის ბევრად მეტი და - იმავე ესტონეთში, რომლის მეთოდი დამახინჯებული სახით იქნა დანერგილი საქართველოში. თუ ესტონური საწარმოები განთავისუფლებული იყვნენ მოგების გადასახადისგან, ისინი სამაგიეროდ იხდიდნენ სოციალურ გადასახადს - გაცემული სახელფასო ფონდის 31%-ს, რომელიც მიდის საპენსიო უზრუნველყოფაში და ასე შემდეგ. თუ რამეს აკეთებ, უნდა გაკეთდეს ზუსტად იმ სახით, რაც მუშაობს იმ ქვეყანაში და ნუ ამახინჯებ იმისდა მიხედვით, თუ რომელი მსხვილი საწარმო რაღაცას გიჩურჩულებს ყურში. ეს უცოდინარობა და ვიღაცეებზე ანგარიშის გაწევა, დაწყებული 90-იანი წლებიდან ახასიათებს საქართველოს მთავრობებს და სამწუხაროდ, მე არც მაქვს იმედი, რომ მომავალი მთავრობები იქნება ბევრად განსხვავებული დღევანდელისაგან. ერთადერთი, რასაც განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის საგადასახადო ტვირთის უსამართლობა საქართველოში, რაზეც, სამწუხაროდ, არავინ არ საუბრობს. თუ მსხვილი საწარმოებს (სანამ განთავისუფლდებოდნენ მოგების გადასახადისაგან) უმცირებდნენ მოგებას 15%-ით, დღეს აღარ იხდიან გადასახადს და იმავდროულად, მოსახლეობა, ფიზიკური პირები იბეგრებიან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით, ეს არის უზარმაზარი ტვირთი მოსახლეობისათვის, არასამართლიანი გადასახადი, რომელიც აუცილებლად არის შესამცირებელი. თუ შეისწავლით ცივილიზებული ქვეყნების საგადასახადო კოდექსებს, იქ ნახავთ, რომ პირობითად ავიღოთ, ფიზიკური პირი იბეგრება 35%-ით, მაგრამ მას გააჩნია იმდენი რაოდენობის შეღავათი, რომ ეს 35% არ აღემატება 10-13%-ს. მაგალითად, თუ ოჯახი მიდის დასასვენებლად, ის დახარჯული თანხა ექვითება დასაბეგრი შემოსავლიდან, ან თუ გადაიხადეთ სწავლის ღირებულება, თუ დახარჯეთ თანხა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, ეს თანხაც გექვითებათ დასაბეგრი შემოსავლიდან. რომ გახდეს საქართველო ცივილიზებული ქვეყანა, ამას სჭირდება ხელისუფლების კეთილი ნება და ცოდნა. საგადასახადო კოდექსი არ უნდა იცვლებოდეს რომელიღაცა ბიზნესმენის სურვილების შესაბამისად. ასე რომ, საგადასახადო კოდექსის მანიპულირება არის აუცილებელი, მაგრამ აუცილებლად ცოდნის საფუძველზე.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი დიდი სახეცვლილებების გარეშე დატოვა ძალაში, ანუ ის ყბადაღებული 15 პროცენტიანი დაფინანსება როგორც ითქვა, დროებით შეჩერდა, თქვენთვის რამდენად მისაღები იყო მათი პრეტენზიები, რაც დოკუმენტში იქნა ასახული?
- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არის ძალიან მწირი საქართველოსთვის, ასე რომ, ეს 15% ვერ მოახდენს რაღაც შესამჩნევ გავლენას. შეერთებული შტატები პანდემიის დაწყებიდან დღემდე სერიოზულ თანხებს ხარჯავს, რითიც საკუთარ მოსახლეობას ეხმარება. ამერიკის მოქალაქე ყოველთვიურად ღებულობს 1500 დოლარს, მოხუცებსა და ბავშვებზე არის 1000 დოლარი. ანუ, ფაქტობრივად, მოსახლეობამ თუ არ იმუშავა, მათ შეუძლიათ სახელმწიფოს მიერ გამყოფილი თანხებით იცხოვრონ. რადგან ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს დიდი ხარჯები, ამიტომაც ცდილობს ის გარე ხარჯების შემცირებას, აქ რაიმე დიდი ფილოსოფია ნამდვილად არ დევს. ხოლო ამ შემცირების დასაბუთება აუცილებელია იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესების გაჟღერება მოახდინოს შეერთებულმა შტატებმა. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია სხვა ქვეყნებზე. ჩვენ არ გაგვაჩნია ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენ ვართ ყურმოჭრილი მონები საერთაშორისო სავალუტო ფონდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მართავს ეროვნულ ბანკს და მთავრობას. თუ ჩემს სიტყვებში ეჭვი გეპარებათ, ნახეთ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები. მაგალითად, სანამ საქართველოს მთავრობა პანდემიას გამოაცხადებდა, რომ იღებდნენ სესხს და ამა და ამ რაოდენობით ანაწილებდნენ, მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შექმნა დოკუმენტი, სადაც თავიდანვე ყველაფერი იყო გაწერილი. ძალიან საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებს მთავრობა, რომლის საქმიანობაც აქვს გაწერილი თუნდაც საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ანუ, ფაქტობრივად, საქართველო არის სუსტი წარმონაქმნი, (სახელმწიფოც რთულია დავარქვათ) რომელიც არის გარედან მართვადი. შესაბამისად, სურვილი იმისა, რომ საქართველო გახდეს ძლიერი და მოწინავე ქვეყანა, ეს სურვილი არ შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს გარეთ მოქმედ მმართველ სტრუქტურებს. ვის რაში აინტერესებს საქართველოს სიძლიერე, ყველას აინტერესებს საქართველო როგორც გასაღების ბაზარი. საქართველოს ეკონომიკური განვითარება არავის არ აინტერესებს, ერთადერთი ინტერესი, რაც საქართველოს გარე მმართველებს ჩვენს მიმართ გააჩნიათ, ეს არის ის, რომ საქართველო არ ჩაებას კონფლიქტში და აქ იყოს სიწყნარე.
თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ლაპარაკია უცხოური ბიზნესის ხელშეწყობაზე..
- ბუნებრივია, უცხოური კაპიტალის საქართველოში შემოსვლა ყველასთვის ხელსაყრელია, თუმცა უცხოური კაპიტალი საქართველოში ძალიან რთულად შემოდის. ანუ ქვეყანა შიგნიდან იმდენად რთულია, რომ აქ არავინ არ ჩქარობს კაპიტალის დაბანდებას მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების ჩასადებად და მათთვის პრიორიტეტების მისაცემად არის შესანიშნავი კანონმდებლობა შექმნილი. მაგალითად, თუ ჩვენთვის საშემოსავლო გადასახადი არის 20%, უცხოელებისთვის არის 13%. იცით, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს დადებული, ამიტომ, მათ უპრობლემოდ გააქვთ თავიანთი მოგება, ანუ არაფერს არ იხდიან საქართველოში.
საინტერესოა, რატომ არ ინტერესდება უცხოური ბიზნესი, არასაკმარისი გარემოა მათთვის შექმნილი?
- ეს პრობლემა არის ძალიან ადვილი ასახსნელი, ის ინვესტიცია რომელიც კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ ბიზნესმენებს იბლოკება. ანუ, ადგილობრივი ბიზნესი ცდილობს დაიცვას თავისი პოზიციები და სიმართლე რომ გითხრათ, ამაში ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის, რადგანაც ადგილობრივი ბიზნესი მეტ თანხას ტოვებს ქვეყანაში და ეს თანხები ისევ ქვეყნის ეკონომიკას ხმარდება. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველაზე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა დარჩა საქართველოში. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები ყველა წინ გაიჭრა, მათ შორის ჩვენი მეზობელი სომხეთიც. აზერბაიჯანზე ლაპარაკიც ზედმეტია და არავინ არ თქვას, რომ აზერბაიჯანი ნავთობზე ზის და იმიტომ ყვავისო, საქართველოს ნახევარი ტერიტორია არის ნავთობზე, გაზის ჭაბურღილები დღე და ღამე არის ანთებული, იმ გაზსაც კი ვერ კრიბავენ და უბრალოდ, წვავენ. ნავთობის რეწვაც რომ დაიწყონ, სამწუხაროდ, ქვეყანაში მაინც ისეთი მძიმე სიტუაცია დარჩება.
"ბუნებრივია, უცხოური კაპიტალის საქართველოში შემოსვლა ყველასთვის ხელსაყრელია, თუმცა უცხოური კაპიტალი საქართველოში ძალიან რთულად შემოდის. ანუ ქვეყანა შიგნიდან იმდენად რთულია, რომ აქ არავინ არ ჩქარობს კაპიტალის დაბანდებას მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების ჩასადებად და მათთვის პრიორიტეტების მისაცემად არის შესანიშნავი კანონმდებლობა შექმნილი. მაგალითად, თუ ჩვენთვის საშემოსავლო გადასახადი არის 20%, უცხოელებისთვის არის 13%. იცით, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს დადებული, ამიტომ, მათ უპრობლემოდ გააქვთ თავიანთი მოგება, ანუ არაფერს არ იხდიან საქართველოში."
გაიგეთ, უცხოელ ინვესტორებს მოგება მთლიანად გააააააქვთ, საქართველოში არაფერს იხდიანო! გაიგეთ??????!!!!
Help! ვაიმეე... მოვკვდი, მეტი აღარ შემიძლია
ე. ი. იკარგება მოგების გადასახადის ძალიან დიდი თანხა. შეკითხა: ბ-ნო ბიძინა შეკრული ხართ ხაზარაძესთან? არა რა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება!