ლადო პაპავა:

ლადო პაპავა: "მომავალ წელს უნდა ვიყოთ ბრძენნი იმიტომ, რომ ჩვენი მტერი საკმაოდ ძლიერი და ცბიერია"

"2012 წელი იყო ძალიან მძიმე წელი ჩვენი ეკონომიკისათვის: წინასაარჩევნო პერიოდი, პოლიტიკური ბატალიები და ორხელისუფლებიანობა თავისთავად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზეც. განსაკუთრებით მძიმე იყო გასული წელი საბანკო სექტორისთვის. საუბედუროდ, 2012 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა "ქართუ ბანკს". თანაც, ეს იყო ძალიან ბინძური ომი, დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებით, რომელმაც საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ ერთ ბანკს, არამედ მთლიანად საბანკო სისტემას. ბუჩქებში დაიმალა საბანკო ასოციაცია, რომელიც, წესით, უნდა გამოხატავდეს და იცავდეს ბანკების ინტერესებს. მე მგონი, დროა საბანკო ასოციაციაში სერიოზული რეორგანიზაცია დაიწყოს, ბანკებმა კი მომავალში უფრო მეტი ერთიანობა შეძლონ. კიდევ უფრო მძიმე შესაფასებელია ის ფაქტი, რომ "ქართუ ბანკში" დროებითი მმართველი შევიდა და ამ ბანკის შეგნებულ გაკოტრებას მიჰყო ხელი. ეს იყო, ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული ეკონომიკური დანაშაული, რომელიც 2012 წელს იქნა ჩადენილი", - აცხადებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მიხეილ პრარაბი", ბუჩქებში დამალული საბანკო ასოციაცია და ბრძოლა თეფშების წინააღმდეგ..." / "2012 წლის ეკონომიკური დანაშაულები, სკანდალები, კურიოზები".

"ეკონომიკური დანაშაულის სფეროს განეკუთვნება ბრძოლა სატელიტური თეფშების წინააღმდეგ. ერთი შეხედვით, ეს მედიის პრობლემა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეკონომიკურ დანაშაულთანაც გვქონდა საქმე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვითომ ვერ გათვალა, რა სარგებელი უნდა ენახა კომპანიას, რომელიც ამ თეფშების შემოტანითა და დისტრიბუციით იყო დაკავებული, სასამართლომ კი მცდარი, უფრო სწორად, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო. 2012 წელი ასევე გამორჩეული იყო ფაქტებით, როდესაც საზოგადოებამ შეიტყო, რა დანაშაულს სჩადიოდა "ნაციონალური" მთავრობა. შევიტყვეთ, რა ძვირი უჯდებოდა ქვეყანას პრეზიდენტისა და მისი თვითმფრინავების შენახვა, აგრეთვე, ძალიან ბევრი ფაქტი, რომლის გამოც რამდენიმე მაღალჩინოსანი პასუხისგებაშიც არის მიცემული. შეუძლებელია არ შევეხო ყველაზე ნაღვლიან მოვლენას, რომელიც ნაწილობრივ არის დაკავშირებული ეკონომიკასთან: ბატონი სააკაშვილი, რომელსაც ძალიან უნდოდა, ყოფილიყო აღმაშენებელი, სამწუხაროდ "პრარაბობას" ვერ გასცდა. აღმშენებლობა ნიშნავს ქვეყნის გაძლიერებას, მის გამთლიანებას და სახელმწიფოდ ქცევას. მიხეილ სააკაშვილმა კი ქვეყანა კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა - ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა, ხოლო ქვეყნის შიგნით უდიდესი განხეთქილება გამოიწვია. ალბათ კურიოზია, მაგრამ ფაქტია, რომ "მიხეილ აღმაშენებლის" ნაცვლად "მიხეილ პრარაბი" მივიღეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.

"2012 წელი გამოირჩეოდა ინვესტიციების კლებით, რაც ბუნებრივი მოვლენაა იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირების პერიოდი, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე ამ ინვესტიციების შემცირებას ოპტიმისტურად ვუყურებ: ეს ინვესტიციები ძირითადად ორიენტირებული იყო უძრავ ქონებაზე და არა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე. ალბათ, ინვესტიციები მომავალ წელსაც მცირე იქნება იმიტომ, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა, წინ კი საპრეზიდენტო არჩევნები გველის. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს ჩამოყალიბდა, ეხება როგორც ქართულ ეკონომიკას, ასევე მთლიანად სახელმწიფოს - ეს საფრთხე პრეზიდენტ სააკაშვილის საკუთარი ხალხის ოპოზიციაში გადასვლა და მის მიერ ორხელისუფლებიანობის გამოცხადებაა. ახლახან ამერიკაშიც ჩატარდა არჩევნები, დემოკრატი ობამა ისევ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი და კონგრესში ჰყავს უმრავლესობა რესპუბლიკელების სახით. როგორ, ამერიკა ორხელისუფლებიანი სახელმწიფოა და ობამა ოპოზიციაშია? ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა და ე.წ. ორხელისუფლებიანობა ინიცირებულია სწორედ სააკაშვილის მიერ. თანაც, ის აკონტროლებს ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბერკეტებს, როგორიც არის ეროვნული ბანკი, აუდიტის სახელმწიფო სამსახური, ხელისუფლების ადგილობრი¬ვი ორგანოები და საელჩოები, რომლებიც ვითარებას ძაბავენ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"2012 წლის წარმატებულ ეკონომიკურ პროექტად შეიძლება მივიჩნიოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება. ბატონმა ნოდარ ხადურმა მოახერხა 5-6 დღეში შეესრულებინა სამუშაო, რომელსაც, წესით, 6-7 თვე სჭირდება. 2013 წლის ბიუჯეტი ხარვეზებისგან დაზღვეული არ არის, მაგრამ მთავარია, რომ ბიუჯეტი გახდა უფრო გამჭვირვალე: ის მუხლები, რომლებსაც ერქვა ე.წ. სხვა ხარჯები და ეს პრაქტიკულად კორუფციული ნაწილი იყო, უკვე დანართებში ცხრილების სახით არის გაწერილი. ასე რომ, ვფიქრობ: 2013 წლის ბიუჯეტის მიღება არის საკმაოდ დადებითი ნაბიჯი ეკონომიკური თვალსაზრისით", - დასძენს ლადო პაპავა და შეკითხვას - "2013 წლის პროგნოზი, თუ შეიძლება ვივარაუდოთ რა მოხდება ქვეყანაში?" – პასუხობს:

"2013 წელი საკმაოდ მძიმე იქნება. ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა, სააკაშვილი იმუქრება, რომ მალე შეცვლის ვითარებას და ამის დასტურია დასავლეთში აგორებული შავი პიარი ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი რევანშისთვის ემზადება. აშკარაა, რომ ის ეცდება საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ ეიფორიაშია და ჰგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა, შეიძლება არჩევნებზე არც მივიდეს, "ნაცმოძრაობა" კი სრულ მობილიზებას გამოაცხადებს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სააკაშვილის მთავრობა არის კრიმინალური მთავრობა, მაგრამ დასავლეთისათვის ძნელია იმის აღიარება, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში კრიმინალს უჭერდა მხარს. ამიტომ, საკითხავია - რატომ გაწყვიტა ივანიშვილმა კავშირი ლობისტურ კომპანიებთან და რატომ დაუთმო ბურთი და მოედანი სააკაშვილს? აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2013 გველის წელია, გველი კი სიბრძნის სიმბოლოა, შესაბამისად, მომავალ წელს უნდა ვიყოთ ბრძენნი იმიტომ, რომ ჩვენი მტერი საკმაოდ ძლიერი და ცბიერია".