სპეცსამსახურების კვალი, თუ თვითმკვლელობა – რა საქმით იყო დაკავებული ბაჩალიაშვილი?

სპეცსამსახურების კვალი, თუ თვითმკვლელობა – რა საქმით იყო დაკავებული ბაჩალიაშვილი?

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალებს, რომ მოახდინოს მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე სპეკულირებისთვის. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, 23 წლის პროგრამისტის გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება, გასცდა ოჯახის ტრაგედიას და ხდება ქვეყნის ტრაგედია. შესაბამისად, პრემიერი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, პრემიერის განცხადებით, აქ უკიდურესად უაღრესად მნიშვნელოვანია მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება. პირველ რიგში, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება. მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ყველამ კარგად იცის ქვეყანაში გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები და ამიტომაც დაიწყო ამ მიმართულებით სისტემური რეფორმები.

„თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიური ინფორმაციის გაზიარებაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ძალზედ მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტიანი გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მისივე თქმით, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა, რაც გამოძიების მიერ დგინდება არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. როგორც ჭელიძემ აღნიშნა, გარდაცვლილს ჰყავდა პირადი ფსიქოლოგი, რომელიც უკვე დაკითხულია, თუმცა ჭელიძემ თავი შეიკავა ინფორმაციის გამჟღავნებისგან, თუ რაზე ესაუბრა ის გამომძიებლებს.

„ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, ოჯახი დღეს ძალიან მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი, რომ არ დავუმძიმოთ მათ ეს მდგომარეობა. გიდასტურებთ იმას, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები. რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

დამოუკიდებელი ექსპერტის, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო, შეუძლებელი იყო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებები აღმოჩენილიყო. მისივე თქმით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენისთვის კვლევების ჩასატარებლად ნიმუშები აღებულია.

„წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-7 დღეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. ამ ექსპერტიზისათვის ნიმუშები აღებულია. ზედაპირული ხასიათის ტრავმული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები ან სხვა სახის დაზიანებები შეუძლებელი იყო აღმოჩენილიყო შორს წასული გვამური მოვლენების გამო“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათზე გავიდა, გადაადგილდებოდა ვერცხლისფერი „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილით. მანქანა მარნეულში 12 საათზე დაფიქსირდა, შემდეგ თეთრიწყაროს სოფელ ხიხანში, კვალი კი სოფელ გოლთეთში გაქრა. 5 დღიანი ძებნის შემდედ 23 წლის პროგრამისტის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში იპოვეს.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, გამოძიებამ არაეფექტურად იმუშავა. მათი თქმით, შეუძლებელია გამოძიებას ვერ დაენახა მანქანა, რომელშიც 23 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, რადგან ტყის ტერიტორია პატარაა და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იქ მანქანის ვერ პოვნა. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ წერილი, რომელიც მანქანაში იპოვეს, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ამიტომ ბაჩალიაშვილები მომხდარის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ და ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. საქმეში, ოჯახის სურვილით, უკვე ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტიც.

გარდაცვლილის ბიძა, კობა თამაზაშვილი სუიციდის ფაქტს გამორიცხავს. მისი თქმით, გარდაცვლილი იყო წარმატებული პიროვნება, ჰქონდა საკუთარი სამსახური, ანაზღაურება, კარიერა და რაც ასევე მნშვნელოვანია, პრობლემები არ ჰქონდა ოჯახში.

თამარ ბაჩალეიშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილში გარდაცვლილი უკანა სავარძელზე იპოვნეს. მისივე ინფორმაციით, ნაპოვნია საფულე წერილებით და ერთ–ერთის შინაარსის მიხედვით, გოგონა უცნობ ადრესატს ეუბნება, რომ შეუძლია მისი ანაბარი გამოიყენოს. ასევე, ნაპოვნია მედიკამენტები და დღიური. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მანქანაში ჩასვეს და მიიყვანეს.

„თვითმკვლელობის ვერსიას არ ვეთანხმებით. გარდაცვლილის მანქანაში ნაპოვნია საკანცელარიო, მცირე ზომის ფერადი ქაღალდები, რომლებზეც არსებული წარწერებიც, თვითმკვლელობაზე არ მიუთითებს. ეს წერილები არ არის. ეს არის ფერადი, პატარა ფურცლები. რამდენიმე ფურცელია ნანახი, სადაც წერია, ჩემი ანაბრიდან გამოიყენეთ თანხებიო. არ ჩანს, რომ სიკვდილის წინ ვინმეს დაუწერა რამე. მაშინ უნდა ჰქონდეს მითითებული, ვის უტოვებს, რამდენს უტოვებს. არანაირი ანაბრის ნომერი მითითებული არ არის. დედამისი გათიშულია საერთოდ. წარმოუდგენლად მიაჩნიათ თვითმკვლელობის სიტუაცია“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

გარდაცვლილი პროგრამისტის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მის შვილს რაღაც პრობლემა ჰქონდა, თუმცა სახლში არ ამბობდა. ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილი თეთრიწყაროში თავისით არ მივიდოდა.

„ბოლო დღეებში უხასიათოდ იყო. არ იძახდა სახლში, იმის უბედურებაც ეგ იყო. შეიძლება, რაღაც დავხმარებოდი, შეიძლება, რაღაც პრობლემა ჰქონდა და ზუსტად მაგ საქმემ ჩაითრია. ჩანს, რომ ეს საეჭვო რაღაცები სამსახურიდან მოდის. პოლიციამ გვითხრა, რომ ერთ ადგილას ვიყავითო და რომ მივედი იმ ადგილას სოფელში, მითხრეს, რომ არავინ პოლიცია აქ არ ყოფილაო, აი აქედან დამებადა ეჭვი უკვე. დეტალები უკვე გაიგო მეუღლემ, ვინ დარეკა არ ვიცი. აწამეს და მოკლეს ბავშვი. 100%–ით დარწმუნებული ვარ, რომ აქედან მოტყუებით გაიყვანეს... ეს ყველაფერი მოდის სამსახურის მხრიდან, ზეწოლის ქვეშ იყო, სამსახურიდან რომ მოდიოდა, სულ გაღიზიანებული იყო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი გარდა იმისა, რომ მუშაობდა კომპანია „ZAG“–ში, ასევე ის მუშაობდა ავსტრიულ კომპანია „SpryFlash“– ისთვისაც, რომლის მთავარი სერვისიც მაღალი ხარისხით დაწერილი კოდებით შექმნილი კომპიუტერული პროგრამებია. „ZAG“– ის მსგავსად, ავსტრიულ კომპანიაში პროგრამულ უზრუნველყოფაზე (IT) მუშაობდა. საინტერესოა ის დეტალიც, რომ კომპანიას ოფიციალურ ვებ–საიტზე ბოლო სიახლე რამდენიმე წლის წინ აქვს გამოქვეყნებული.

თბილისში, ჭავჭავაძის 15 ნომერში მდებარე შპს „ZAG“–ის ოფისი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ისევ დალუქულია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, ოფისიდან სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. კომპანიის დირექტორი თამარ კობერიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.

„უკვე ასჯერ გავეცი და ვეღარ ვხვდები, რა კითხვა არის დარჩენილი, რაზეც პასუხი არ გაგვიცია, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი დეტალებში მაქვს აღწერილი. ვართ „აუთსორსინგ“ კომპანია, თამუნა იყო მშვენიერი თანამშრომელი, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე. არაფერი განსხვავებული არ ხდებოდა. დასაქმებული გვყავს 50–მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი.

დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე, მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები. ასევე, მოგეხსენებათ, პროგრამისტის სამუშაოს აღწერა საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც კომპიუტერული ენა არ იცის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ რატომ შეიძლება ვერ ახსნა, რას აკეთებს კონკრეტულად პროგრამისტი, იგივე დეველოპერი“, – აცხადებს თამარ კობერიძე.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალებია. სპეციალისტების განცხადებით, ამ ასაკში ვერ იქნებოდა ძალიან მაღალი დონის პროგრამისტი და დიდი ალბათობით, მას ალბათ, უფრო კონკრეტული, განცალკავებული დავალებები ჰქონდა.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ არც ერთი ვერსია არ უნდა გამოირიცხოს, რადგან მისი თქმით, შორიდან რაც უფრო მარტივად ჩანს საქმე და რომელიმე ვერსია ყველაზე პრიორეტულად, შეიძლება სწორედ ეს საქმე იყოს ყველაზე რთული.

„გამოძიების დროს ვერსიები უნდა დალაგდეს. გამოძიებას უნდა ვაცალოთ რამდენიმე დღე, რომ პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს – გარდაცვალების მიზეზი; გარდაცვალების დრო; ხომ არ იყო ფსიქოტროპული, ან სხვა ნივთიერების ზემოქმედებისგან მოკლული. პარალელურად, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს მოტივებზე და ბუნებრივია, ერთ–ერთი არის კონფლიქტი სამსახურში, ან იმ გარემოსთან, სადაც მას ჰქონდა შეხება.

ბევრი ნიუანსია, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს დასახელებამ, რომ ისინი კანადიდან და ამერიკიდან იღებდნენ შეკვეთებს. დღეს, ძალიან იოლია აისეთი ლეგენდირება გააკეთო სულ სხვა ქვეყნის სახელით და სამწუხაროდ, სულ სხვა ქვეყნის დავალებას აკეთებდე ისე, რომ შენ თვითონ არ იცოდე. ესეც დასაშვებია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ პროგრამისტის გაუჩინარება და შემდეგ უკვე ტყეში, საკუთარ მანქანაში მისი ცხედრის აღმოჩენა უკავშირდებოდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, სპეცსამსახურებს, ჯაშუშობას, ან კიბერუსაფრთხოების საკითხებს, ალადაშვილი პასხუხობს, რომ ეს ყველაფერი, გამოძიებამ უნდა დადოს.

„თუ ქვეყნებს შორის საიდუმლო ურთიერთობებზე გადის, ეს უკვე უსაფრთხოების სხვა კონტექსტში გადადის და აქ, ალბათ, უკვე უნდა ჩაერთოს სუს–ის კონტრდაზვერვის დანაყოფი. შეიძლება უკვე არიან კიდეც ჩართული. ისეთი შეფერილობა აქვს საქმეს, რომ ალბათ, უკვე სცილდება საქართველოს ფარგლებს. მას შემდეგ, როდესაც დაადგენენ სად მუშაობდა ეს გოგონა, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან ნიჭიერი იყო, მერე უკვე შეიძლება გასვლა იმაზე, რა სახის დავალებას აძლევდნენ და რას სთხოვდნენ.

ორი დღე არ სჭირდება ამ იდუმალი ფრაზის, გოგონას მამის განცხდებას – „დიდ შარშია“ –ს გაშიფვრას. გოგონას მამამ უნდა თქვას, რას გულისხმობდა, ვისთან ჰქონდა საუბარი და რა დონის ჩინოვნიკია, თუ თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილი „დიდ შარშია“. ამის შემდეგ უკვე გაეცემა პასუხი კითხვას – რატომ წავიდა იმ მიმართულებით და ვის ეძებდა ეს გოგონა. აქ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ტელეფონი ადგილზეა.

როდესაც ტელეფონი ადგილზეა, ბუნებრივია, ანძის საშუალებით უპრობლემოდ დადგინდება, ჰქონდა თუ არა ამ ტელეფონს აქტიურობა; არის თუ არა შემავალი და გამავალი ზარები; მათ შორის შეტყობინებები, ან ხომ არ არის წაშლილი. ტელეფონის ნაწილი მაეჭვებს, თუ ერთადერთი ტელეფონი ჰქონდა მხოლოდ? თუ ეს არის ძალადობრივი მკვლელობა, მაშინ, ბუნებრივია, რომ მკვლელი ეცდებოდა ყველა კვალის წაშლას, ან კვალის აბნევას, თავისი კვალის წაშლას და კვალის ასაბნევად სხვა ნივთების დადებას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

არაოფიციალური ვერსიით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს შესაძლოა კავშირი ჰქონდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, მით უფრო, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მოწყვლადია საქართველოს ტერიტორია. ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, შეიძლება აქ დაუშვა კავშირში აზერბაიჯანი–სომხეთის კონფლიქტთანაც.

„შეიძლება ამ ეტაპზე ფანტაზიურად ჟღერს ჩემი ვერსია, მაგრამ არ არის გამორიცხული. ჩვენ არ ვიცით რა ინფორმაციის გადამუშავება ხდებოდა იმ კომპანიებში, სადაც ეს გოგონა მუშაობდა. ზოგადად უცხო ქვეყნის სპეცსასამხურები ზეაქტიურად მუშაობენ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში, ეს სამწუხარო ფაქტია, რასაც ვერ დაესვა წერტილი. რა თქმა უნდა, ამის ბოლომდე აღმოფხვრა ვერასოდეს ვერ მოხდება, სულ მცირე იმიტომ, რომ თითოეულ საელჩოში შეიძლება ლეგალურად მუშაობდნენ ვითომ დიპლომატები და ამ დროს სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ.

მაგრამ აქ უკვე არის საუბარი არა დიპლომატიურ საფარზე, არამედ ფირმებზე; არასამთავრობო ორგანიზაციებზე; კომერციულ სტრუქტურებზეც და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნებაც გამოიყენონ გადაბირებისთვის, აგენტურისთვის, ეს საკმაოდ სერიოზული საფრთხეა. მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ახლა ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

წავიკითხე სუს–ის ანალიზი, მხოლოდ ფაქტების კონსტანტირებაა, რომ ვიღაცა რაღაცას ცდილობდა, რომ რაღაცა ჯგუფები ცდილობდნენ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭებას დავით გარეჯის გამო. ეს შეიძლება ნებისმიერმა ჟურნალისტმა დაწეროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რა გაკეთდა, ეს საკითხი რა დონეზეა მიყვანილი. სუს–ის ანგარიში არ უნდა იყოს მიმოხილვა.

აგენტურასთან და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლაზე ამ ანგარიშში არაფერი არ წერია. მხოლოდ ტრაბახი იმაზე, რომ სუს–ი კარგ შეფასებას იღებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ეს თვითკმაყოფილების საბაბი არ უნდა იყოს. ჩვენ უდიდესი პრობლემა გვაქვს. პრობლემის აისბერგი გამოჩნდება და ეს არის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობა. ვინ აკეთებს, რატომ, რა ძალებით და მეთოდებით, სამწუხაროდ, საიდუმლოების დაცვის ფორმებში საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.

Katana . არ არის საქმე ასე მარტივად, რომ "გამოძიებამ არაეფექტურად იმუშავა და რომ შეუძლებელია გამოძიებას ვერ დაენახა მანქანა, რადგან ტყის ტერიტორია პატარაა და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იქ მანქანის ვერ პოვნა."
ვინც მანქანას წააწყდა, იმ მწყემსი ბიჭის მამა რასაც ამბობს ჟურნალისტთან, ეს ხომ ვნახეთ ვიდეოში! - ისეთი ადგილია, საქონელი თუ არ გაგექცა იქეთ და იმას არ მისდიე, ისე არ ჩანსო...
- ხომ ჩანს აქედან?! - თავისას აწვება ჟურნალისტი გოგო.
- სად ჩანს, აბა?!. ხედავ?!. არ ჩანს!
*
მე პირადად, სუიციდისა არ მჯერა: თავის მოკვლა თუ უნდოდა, სახლში ვერ მოიკლავდა? რა საჭირო იყო საამისოდ სადღაც უცხო სოფლებსა და უცნობ ადგილებში კროსოვერით ხეტიალი?!.
მეორეც, თვითმკვლელი, თუ სრულ ჭკუაზეა, აუცილებლად ფიქრობს იმაზეც, რა მდგომარეობაში იპოვიან მის გვამს ოჯახი და ახლობლები. ეგ სულერთი არ არის მისთვის! (გარწმუნებთ, ვიცი, რასაც ვამბობ!).
მით უმეტეს, მშვენიერი ახალგაზრდა გოგო აუცილებლად იფიქრებდა ამაზე...
არადა, რას დადიოდა იმ სოფლებში, რა უნდოდა? მისი არც პროფესია, არც საქმიანობა არ ითვალისწინებს უცხო სოფლებსა თუ ტყე-ღრეში ხეტიალს, ხომ? - პროგრამისტი იყო, რეინჯერი ხომ არა!
თუ რამე უნდოდა, რატომ არავის ეკონტაქტებოდა? (იმასაც იხსენებენ, ერთგან მანქანა ჩაუვარდა გზის ორმოში და გავემართეთ მისკენ, რომ მივწოლოდით... მაგრამ ამასობაში ამოქოქაო (ასე ამბობს თვითმხილველი) და წავიდა ისე, რომ არც დაგველაპარაკაო...
იმასაც იხსენებენ, ორი უცხო მანქანა იყოო... მეორეში ორი გოგო იჯდა, ეს კი მარტო იყოო... (იმ მეორე მანქანას რატომ არავინ ახსენებს საერთოდ, - არ არის საინტერესო?).
ჩემთვის ყველაზე სინტერესო ესაა: რატომ დადიოდა იმ ადგილებში, სადაც არც ნათესავი, არც ნაცნობი არავინ ჰყავდა და არც არავის დაკონტაქტებია?
რ ა ტ ო მ ?
განსაცვიფრებელი ამბავია!..
მიახლოებითაც კი რომ ვერაფერს ივარაუდებ, ისეთი...
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ძალიან საეჭვო გარემოებაა, ნუთუ ასეთ ლამაზ და წარმატებულ გოგოს შეყვარებული არ ჰყავდა?! ან თაყვანისმცემლები მაინც?! გამორიცხულია! რატომ არავინ ლაპარაკობს ამ თემაზე, არც ჟურნალისტი, არც ოჯახი, არც მეგობრები....?! აი სად მარხია ძაღლის თავი!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მეც შემთხვევით ვუყურე მაგ ინტერვიუს. მართლაც ის ჟურნალისტი ძალიან ცდილობდა იმ კაცისთვის ეთქმევინებინა ჩანს მანქანა გზიდანო! კიდევ კარგი იმ ოჯახაშენებულმა პრინციპულობა გამოიჩინა და არ თქვა!
3 წლის უკან
Katana . მეორე მანქანა თუ არ არის გაშიფრული, მე მიჩნდება ასეთი კითხვა-ვარაუდები:
1. სოფლელებმა ორი გოგო კი დაინახეს იმ მანქანაში, მაგრამ შეიძლება ვერ დაენახათ, უკანა სავრძელში იჯდა თუ არა ვინმე, ხოლო, თუ იჯდა - რამდენი? - გააჩნია, რა მანქანა იყო. ზოგი მანქანა ისეთი მუქი შუშებითაა გამოშვებული, წინაც ჭირს დანახვა (გვერდიდან), ხოლო უკან საერთოდ ვერავის დაინახავ.
2. ამ ვარაუდს თუ გავყვებით, იქნებ იმიტომ დადიოდნენ ამ სრულიად გაუგებარი მარშრუტით, რომ ეძებდნენ ყოველგვარი კამერებისაგან თავისუფალ, ალოგიკურ ადგილს, სადაც უნდა "მოლაპარაკებოდნენ" ამ გოგოს და იპოვეს კიდევაც ასეთი ადგილი.
3. თუ იმ 20 ერთეული წამლის ერთბაშად მიღებით არის გარდაცვილი, რაც მანქანაში ნაპოვნ კომპლექტს აკლდა, შეიძლება ეს იძულებით მომხდარიყო და ძალადობის კვალს დღეს უკვე ვეღარ აფიქსირებენ, ვინაიდან, ექსპერტის თქმით, "გვამური მოვლენები შორს არის წასული"...
?
3 წლის უკან
Maverick ჩახლართული საქმეა...
რატომ არ ეკონტაქტებოდა ხალხს, დამხმარე ადამიანებს?
შესაძლოა მის ნაცვლად სხვა მართავდა მანქანას?
3 წლის უკან
Katana . რატომ არ ეკონტაქტებოდა... თუ ჰიპოტეტურად დავუშვებთ ჩემს ვერსიას, ბუნებრივია, რომ მკვლელს არ აწყობდა პოტენციური მსხვერპლის ზედმეტი, დასამახსოვრებელი კონტაქტები ადგილობრივებთან. მას სჭირდებოდა სრულიად მიმალულ ადგილამდე ისე მიყვანა, რომ ზედმეტად არავის მოხვედროდნენ თვალში, ხოლო საქმის დამთავრების შემდეგ, ვიდრე მანდ ვინმე შემთხვევით წააწყდებოდა მაგ "ჰიუნდაის", ივლისის მცხუნვარე მზე იზრუნებდა ძალადობის კვალის გაქრობაზე ჩაკეტილ მანქანაში.
3 წლის უკან
Katana . P.S. არც ერთი წუთით არ დამიჯერებია, რომ ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახი იმ უბედურმა, სუსტმა და აბდალმა ბიჭმა ამოხოცა, ბავშვი რამდენიმე გასროლით ჩაცხრილა (სანადირო თოფით! ), ის ქალი გააუპატიურა, მერე მოკლა და წყალში გადააგდო...
ეს საქმეც რომელიღაც სპეცსამსახურების გაკეთებული მგონია და ის საცოდავი, როგორც უპატრონო და უმწეო, სისხლის მოსაწმენდად გამოიყენეს, ჩვარივით...
3 წლის უკან
Serapina ...ვერ ვადევნებ თვალს ამ საკითხს და დეტალები არ ვიცი. შეიძლება უკვე გარკვეულიცა არის ეს საკითხი...
უბრალოდ საინტერესოა, საქართველოში,საეჭვო პირობებში გარდაცვლილის სატელეფონო ზარებს( ბოლო რამდენიმე განსაკუთრებით), პროკურატურა არ /ვერ ამოწმებს? მიდის სპეკულირება, სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და ა.შ. ძალინ მარტივად, უნდა იყოს შესაძლებელი ბოლო ზარების კონტროლი... თუ საჭიროა (და კანონი კრძალავს), პროკურატურისთვის განსაკუთრებული უფლებამოსილება არ არსებობს?
როგორ დავიჯერო…ყველა უუნარო და უნიჭო, მაგ პროკურატურაში მოაგროვეს?!
p.s ფსიქოლოგი ყავდაო, ამის ხაზგასმა ან გამიზნულია რომ საქმე თვითმკველობისკენ წაიყვანონ… (მარტივი გამოსავალია...) ან მართლა ფუნდამენტური უცოდინრობა.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აფთიაქში 17-ში თითონ იყიდა ანტიარითმიული პრეპარატი დიდი რაოდენობით. როცა მკვდარი იპოვეს იმ შეკვრას 20 აბი აკლდაო, აქვე ფორ.გე-ზე ეწერა. თუ ვინმე სხვამ მოკლა ამ უბედურმა რა, თითონ გაუკეთა მკვლელს საწამლავის მარაგი?! ან იმ მკვლელმა რა იცოდა ამას ჩანთაში რა პრეპარატები ედო?! მოსაკლავად მისული იმის იმედზე ხომ ვერ იქნებოდა, მაგას თავისივე ანტიარითმიული პრეპარატებით მოვწამლავო??!! ან ანტიარითმიული პრეპარატები რად უნდოდა, არითმია აწუხებდა?!
3 წლის უკან
Katana . ლოგიკური კითხვებია!
მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა აწუხებდა. მგონი, არც მშობლებმა იციან. მამამისმა თქვა, შეწუხებული იყო, გაღიზიანებული, მაგრამ არაფერს არ გვეუბნებოდა. რომ ეთქვა, იქნებ დავხმარებოდით, რამე გვეშველა. მაგრამ არ გვეუბნებოდა არაფერსო...
ეტყობა, გულჩათხრობილი გოგო იყო, ცხონებული. ან რაღაც სხვა მიზეზი ჰქონდა დუმილისთვის. (?)
ჩვენ ხომ არაფერი არ ვიცით! უბრალოდ, გული გვტკივა და ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ ვარაუდებსა თუ ფანტაზიებს... რადგან სრულიად ბურსით მოცულ მკვლელობასთან გვაქვს საქმე.
ოღონდ, ვერ ვხედავ ლოგიკის ნასახს იმაში, რომ 17-ში რაღაც პრეპერეტები შეიძინა აფთიაქში; მეორე დღეს წავიდა, თეთრი წყაროს სოფლები და მიდამოები მოიარა, სადღაც მიმალულ-მიფარებული ადგილი იპოვა, გადავიდა უკანა სავარძელში (რატომ? საჭესთან მჯდარი ვერ დალევდა?), ჩაიყარა მუჭით ეს წამლები პირში და სული განუტევა...
თვითმკვლელობისთვის თუ იყიდა ეს წამალი, იმავე ღამეს დალევდა შინ მისული, დაწვებოდა და დილას გაციებული დახვდებოდა მშობლებს ლოგინში... გააპატიოსნებდნენ და დაკრძალავდნენ, როგორც წესი და რიგია! - რად უნდოდა ამას ექსკურსია თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში?!
ჩემი ვერსია რა არის? - იქნებ, ვიღაცამ ურჩია, ეყიდა ეს წამალი (ამა და ამ რაღაცისთვის არის კარგი და სულ იქონიე მანქანაშიო!). და სწორედ მას სჭირდებოდა ამ გოგოს თავიდან მოსაშორებლად?..
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რამდენიმე წლის წინ გამოვიდა კანონი, რომლითაც წამლების უდიდესი უმრავლესობა რეცეპტის გარეშე ვერ გაიყიდებოდა. მაგრამ ჩვეულებამ რომელიც რჯულზე უმტკიცესია თავისი გაიტანა, თუმცა ჯანდაცვა უფასო იყო და ექიმთან მისვლა-გასინჯვაც, მიუხედავად ამისა ხალხს მაინც პირდაპირ აფთიაქში უნდოდა წამლის ყიდვა და თვითმკურნალობა. ეს იყო პირველი ფაქტორი რომელმაც ამ კანონის თანდათან შესუსტება და მერე არაოფიციალური გაუქმება გამოიწვია. მეორე ფაქტორი იყო წამლებით მოვაჭრე ანუ ფარმაცევტული კომპანიების შემოსავლების კლება, ამიტომ მათაც არ სურდათ ეს კანონი და მესამე, ძალიან ძნელი გამოდგა ამ კანონის აღსრულების გაკონტროლება! შედეგები სახეზეა!
3 წლის უკან
Katana :(((((
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ახლა პრესაში შემოაგდეს კიდევ ერთი იმ მსუბუქი მანქანის იმ ადგილზე ევაკუატორით მიტანის ვერსია!!! ასეთს მოფიქრება არ უნდა?!  ამ უბედური გოგოს მანქანა მწყობრში იყო, თუ მართლა ვინმემ მოკლა საჭესთან დაჯდებოდა და გვიან ღამით მიიყვანდა იმ მანქანას იქ სადაც იპოვეს! რა საჭირო იყო ამ საქმეში კიდევ ახალი მოწმეების გაჩენა, ევაკუატორს მძღოლი ხომ ყავდა, თუ თითონ ევაკუატორის მძღოლი იყო მკვლელი??!! ან ...მანქანას ეძებდნენ, გოგოს ეძებდნენ, იმხელა მახინა ევაკუატორზე წამოსკუპებული ეს მანქანა, შიგ კიდევ ცხედარი, უფრო მეტად არ მიიქცევდა ყურადღებას, შეადარეთ ერთი პატარა კრასოვერის და მახინა ევაკუატორის მოტორის ხმა სოფლის ღამის სიჩუმეში?! თანაც სადღაც სოფლის ორღობეში ევაკუატორები წარა-მარა ხომ არ დადიან?!   მოკლედ ეს ევაკუატორის ვერსია არის მტკნარი სისულელე! 
3 წლის უკან
Serapina გადავირიე ადამიანი. სად ხდება ამდენი სისულელის მოყოლა ტელეეკრანებიდან?! ან ამდენი ფანტაზიორი შტერი, ყველა ჟურნალისტი როგორ არის?!
ან ეს, სატელევიზიო პროკურატურული ჟურნალისტიკა თუ... ჟურნალისტური პროკურატურა რა უბედურება???
ჯერ ერთი, საერთოდ არაფერი ესაქმება პროკურატურის საქმიანობას ტელევიზიებში და მედიაში ზოგადად...
მერე მეორე, საქართველოს პროკურატურა, ისეთს ვერავის ჩააბარეს რომ ერთხელ( და არა ყოველ საღამოს სხვადასხვა ეთერში) და დამაჯერებლად ახსნას რა ხდება… და ამდენ უსაქმურს აუხსნას რომ: მკვდარსაც და ცოცხალსაც კანონი იცავს და არ შეიძლება, მათი უფლებების ფეხზე დაკიდება!!!
... იმიტომ, რომ მხეცებით დაკომპლექტებულმა ყოფილმა ხელისუფლებამ, ჭკუასუსტებით დაკომპლექტებულ მოქმედ ხელისუფლებაზე იჭორაოს და ერთმანეთს რაღაცეები წამოაძახონ, ამ საარჩევნოდ... ხომ არ შეიძლება ასე, ყველას გრძნობებისა და უფლებების იგნორირება?!
ჰოოო, ყოფილი ხელისუფლების ყველა დამსახურებული ჯალათი უნდა გაეშვათ ციხეში... და არა კოჰაბიტაციის აგარაკებზე, სვინგერ კლუბებში(* პარტნიორების გაცვლა-გამოცვლა რომ ჩვეულბრივი ამბავია.... თანაც საჯაროდ). მაშინ ნაც-ქოცების „ვარდების ომის“ ნაცვლად, ქვეყნის ინსტიტუტების განვითარებაზე ვისაუბრებდით...
პროკურატურას პატრონი ეყოლებოდა და შესაბამისად ქვეყანასაც.
ახლა მაინც ხომ გასაგები გახდა, რომ არც სპორტსმენების საქმეა პოლიტიკა, არც მუსიკოსების და ვერც ყველა დიპლომ ნაყიდ-ნაჩალიჩები საქმიანი ტიპი ივარგებს სამსახურში?!

პ.ს. ნუ ახლა, პანდემიის დროს ხალხი „ჩამოვწიკეთ“ სახლში და სასტუმროებში დავაბინავეთ-ვასვით-ვაჭამეთ… არაა არგუმენტი!
არაა და იმიტომ!
კანონი არ კანონობს და ესაა მთავარი პრობლემა საქართველოში!
სანამ კანონის უზენაესობას არ ვაღიარებთ, ტაშს ვუკრავთ უკუღმა მიმავალ ქვეყანას!
3 წლის უკან
Katana . Aburjga Tasmanieli
Serapina
:(((
ჰო, ეს ევაკუატორი, რომ იტყვიან - ხურავს!..
მართალი ხარ: უფრო დიდი სიბრიყვის მოფიქრება ნამდვილად ძნელია. (თუმცა, შეუძლებელი არ არის და ველოდები, ვერტმფრენით მიტანის ვერსიას... საიდანაც უკვე იმაზეც შეიძლება გასვლა, ვის ჰყავს ვერტმფრენი საქართველოში...).
3 წლის უკან
Katana . Serapina, სიახლე არ იქნება თქვენთვის, თუ გეტყვით, რომ არ ვიზიარებ თქვენს შეხედულებას, თითქოს პოლიტიკა არც სპორტსმენების საქმეა, არც მსახიობებისა და მუსიკოსების. (ამაზე ადრეც არაერთხელ გვისაუბრია).

ჯერ არავის შეუმუშავებია ფორმულა, კერძოდ რომელი პროფესიის ხალხი უნდა იყოს პოლიტიკაში. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მხოლოდ იურისტები უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, მსოფლიო პრაქტიკა საპირისპიროზე მეტყველებს.
გავიხსენოთ:

თბილისის სასულიერო სემინარიადამთავრებული იყო სტალინი, მაგრამ არაუშავდა-რა პოლიტიკოსი იყო:))

ძალიან ცუდი მოსწავლე იყო ჩერჩილი. სამჯერ გამოუცვალეს სკოლა და ბოლოს გადაწყვიტეს სამხედრო კარიერისთვის მოემზადებინათ, მაგრამ ვერაფრით ვერ ჩააბარა გამოცდები სამეფო სამხედრო სასწავლებელში (სამჯერ ჩაიჭრა) და ბევრი ჩალიჩის შემდეგ, როგორც იქნა, ლეიტენანტის ჩინი უბოძეს...
რა გამოვიდა მისგან - იცით!

მსახიობი იყო (და არცთუ დიდად წარმატებული) რონალდ რეიგანი, რომელიც დარჩა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში!

ბოდიბილდერი იყო და მხოლოდ აქედან გამომდინარე - მსახიობი, არნოლდ შვარცენეგერი, რომელიც უზარმაზარი შტატის, კალიფორნიის, გუბერნატორი
გახლდათ 8 წლის განმავლობაში!

ხოლო იურისტები არიან:
მიხეილ სააკაშვილი,
ზურაბ ადეიშვილი,
მურთაზ ზოდელავა,
ლევან მურუსიძე...
:)))
3 წლის უკან
Katana . P.S. არავინ იფიქროს, იურისტის პროფესიას ვაკნინებ! მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკოსს არ ქმნის მისი არც დიპლომი, არც სამეცნიერო რეგალიები... თორემ სალომე სამადაშვილს იმდენი და ისეთი რამეები აქვს დამთავრებული, (თან, იმდენ ქვეყანაში), წესით, სულ ვარსკვლავებს უნდა წყვეტდეს ქართული პოლიტიკის ცის კაბადონზე!:)
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნახეთ, ნახეთ რას უბერავს ტვ "პირველი" !!! გაუქმდა პოლიცია, სუსი, პროკურატურაც... ყველაფერი გაუქმდა... მგონი საქართველოც გააუქმეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა!
3 წლის უკან
Katana . საერთოდ არ ვუყურებ ამ არხს, მაგრამ დამაინტერესე და ვერ ვიპოვე, რაზეა ლაპარაკი... ნეტა, ლინკი დაგედო!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
3 წლის უკან
Katana . მადლობა!
3 წლის უკან
Katana . შესაძლო ვარიანტებიდან, რეალურთან ყველაზე მიახლოებული მეჩვენა გალინა კარმუშინას ვარაუდი: შეიძლება გაუკეთეს ამ პრეპარატის ინექცია და შემდეგ მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება!
შესასრულებლადაც ყველაზე მარტივია: დაუჯდებოდნენ აქეთ-იქიდან უკანა სავარძელზე, გაუკავებდნენ ხელებს, დაარჭობდნენ ნემსს ბარძაყზე და მორჩა!
3 წლის უკან
Katana . კომპანიის ამერიკელ მფლობელთან ინტერვიუს შემდეგ, მე ჩამომიყალიბდა ასეთი აზრი:
შეიძლება ამ გოგომ რაღაც ისეთი გაიგო (იქნებ, სულაც შემთხვევით, ან ვიღაცის შეცდომის გამო), რაც არ უნდა გაეგო... და მოახდინეს პრევენცია.
თუ ასეა, ვერასოდეს შევიტყობთ სიმართლეს.
3 წლის უკან
Katana . ამ კონტექსტში, მის ჩანთაში ნაპოვნი ბარათიც - "ანაბარზე ცოტაოდენი თანხაა. გამოიყენეთ" - სხვა ნიუანსს იძენს: წინ, სავარაუდოდ, იგულისხმება სიტყვები - "მე თუ რამე მომივა..."
ე.ი. გრძნობდა, რომ ხაფანგში იყო...

(ბოდიში, რომ ბევრს ვწერ ამ თემაზე... მაგრამ ეს დღეები სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, ამ მშვენიერი, მოტივირებული გოგონას ბურუსით მოცული მკვლელობის გარდა).
3 წლის უკან
XALIBI ბმული /> ტექნოლოგიურად განსხვავდება, შინაარსი იგივეა თითქმის.....
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli თქვენ მთავარი კითხვა გრჩებათ უპასუხოდ - რატომ იყიდა წინა დღეს აფთიაქში დიდი რაოდენობით ანტიარითმიული პრეპარატი?! თუ საფრთხეს გრძნობდა და ეს საფრთხე არ მომდინარეობდა შსს-დან, მაშინ რატომ არ დაუკავშირდა პოლიციას, რაც მთავარია რატომ არ გაენდო მშობლებს??!!
3 წლის უკან
Katana . ამაზე პასუხი მხოლოდ მის ექიმს შეიძლება ჰქონდეს და ისიც მაშინ, თუ ჰყავდა ექიმი, ვისთანაც რაიმეზე მკურნალობდა.
მე, მაგალითად, საერთოდ არ ვეკარები ექიმებს, რაიმე ტრავმამ თუ არ მაიძულა (და მაშინაც სანანებლად მიხდება ხოლმე). არც თვითმკურნალობას არ მივმართავ - ვცდილობ, სამედიცინო მომსახურების გარეშე ვიცხოვრო.
ბევრიც, როგორც თვითონვე წერთ ზემოთ, ექიმებთან ვიზიტს თავს არიდებს და მიმართავს თვითმკურნალობას - უჯერებს ახლობელს და მისი რჩევით იძენს და ღებულობს წამალს, თუ რაიმემ შეაწუხა.
ამ გოგონას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ შემხვედრია. შესაბამისად, ვერც ვერაფერს ვივარაუდებ. მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ეს პრეპერატი თავის მოსაკლავად არ შეუძენია და თავის მოკვლა თუ უნდოდა, სადღაც თეთრი წყაროს საძოვრებზე არ წავიდოდა საამისოდ! - ეს, უბრალოდ, სცდება ყოველგვარ ლოგიკას და რანაირადაც იმ სოფლებში მოძრაობდა მანქანით, ესეც მეტყველებს, რომ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა...
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli გარდაცვლილის დედა ექიმია.... შვილს თუ გულის სერიოზული დაავადება ჰქონდა არ ეცოდინებოდა?! ეს უკვე ის სფერო აღარ არის, რომელიც გამხელა-არ გამხელას ექვემდებარება! რატომღაც ეს აბეზარა ჟურნალისტები ვერ მივიდნენ ამ კითხვამდე, მშობლებს, ბიძას რომ ჰკითხონ?!
3 წლის უკან
Katana . აშკარაა, რომ იქ, სადღაც, კამერებისაგან მოფარებულ ადგილას, შეხვედრა ჰქონდა დათქმული და იცოდა, რომ ეს იქნებოდა მძიმე, მაგრამ გარდაუვალი... ვინმესთან ჩივილით რომ ვერ აიცილებ, ისეთი შეხვედრა!
მე ასე მგონია...
3 წლის უკან
Katana . არ ვიცოდი, დედა თუ ექიმია. მაშინ მკითხაობას რა აზრი აქვს, იმას ექნება ამაზე პასუხი!
3 წლის უკან
Katana . მისი მოძრაობის ქაოტურობა (ხან რომ რაღაც ჭიშკარს მიაწყდა და გამოტრიალდა, ხან რომ ჩიხში შევარდა და გამობრუნდა), მეტყველებს, რომ იქაურობას საერთოდ არ იცნობდა გოგო... მაგრამ ცხადია, რომ ვისი წყალობითაც მისი მანქანა აღმოჩნდა იქ, სადაც იპოვეს, კარგად იცნობს ამ არე-მიდამოს!.. - ეს არ უნდა იყოს უმნიშვნელო დეტალი, ჩემის აზრით.
3 წლის უკან
Katana . გოგონას ბიძა: "- მიკვირს, ამხელა მნიშვნელობა რატომ მიანიჭეს აფთიაქში ნაყიდ წნევის მარეგულირებელ წამლებს? გადაჭარბებული დოზა საზიანოა, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ არ ვიცით, კუჭში რა ნივთიერება აქვს, იყო თუ არა ინტოქსიკაცია და ა.შ. არ გამოვრიცხავ, წამალი თამუნას ძალით გადააყლაპეს. შეიძლება უკანა სავარძელზეც იმიტომ იყო, გვერდით ვიღაც ეჯდა, ესაუბრებოდა და მერე ის გადავიდა."
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბიძას ანტიარითმიული და ანტიჰიპერტონიული პრეპარატები ერევა??!! ჩვენ არც ამ პრეპარატის დასახელება ვიცით, არ დაწერეს (ალბათ ეშინიათ სხვებმაც არ გამოიყენონ იგივე მიზნით) არც ის მაინც რამდენი იყო სულ 20 აბი რომ აკლდა. მოკლედ, მე პირად ისეთი შეგრძნება გამიჩნდა როგორც კარგი დეტექტივის პირველი ხუთი გვერდიის წაკითხვის მერე უჩნდება ადამიანს!
3 წლის უკან