"ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი ოხუნჯი კონფერანსიე იყო"

"არა მხოლოდ 2012 წლის, არამედ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიის უმნიშ¬ვნელოვანეს მოვლენად 1-ლი ოქტომბრის არჩევნებს მივიჩნევ, იმას, თუ როგორ ნათლად წარმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტი¬ლების მიმღები არის მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობა და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა. 2012 წელი შეიძლება განვიხილოთ, რო¬გორც ქართული დემოკრატიის დაბადების წელი, შესაბამისად, ახალშობილი დემოკრატია ხელისუფლებისგანაც და საზოგადოებისგანაც მოითხოვს ფრთხილ და მზრუნველ დამოკიდებულებას", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი ოხუნჯი კონფერანსიე იყო".

"განსხვავებით ჩვენი საზღვარგარეთელი კეთილისმსურველებისგან, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად. ეს რომ არ მოხდა, უპირველესად, სწორედ ქვეყნის მოსახლეობის აქტიურობის შედეგია. 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში, წინა არჩევნებთან შედარებით, მონაწილეობა მიიღო თითქმის ნახევარი მილიონით მეტმა ადამიანმა, რასაც არ ელოდა ნაცმოძრაობა. დაშინებით, შანტაჟით თუ საეჭვო შედეგის სოციალური გამოკვლევებით ყველაფერი კეთდებოდა ნაცმოძრაობისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. მეორე მხრივ, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ სწორედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, მათი ლიდერები და დიპლომატიური წარმომადგენლობები. ჩვენ ვნახეთ აშშ-ის ორვე ელჩი - ბასი თუ ნორლანდი - როგორი ჩართული იყვნენ აქ მიმდინარე პროცესებში, ისინი, წინა ელჩებისგან განსხვავებით, ზუსტ ინფორმაციას აწვდიდნენ თავიანთი ქვეყნის მთავრობას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"ბოლო ხანს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილი ცდილობს, შემოგვთავაზოს "ქართული ოცნების" პლაგიატი ანუ ანტიქართული ოცნება. მის რიტორიკას პროფესიონალი, ალბათ, მანიაკურ-დეპრესიულ ფსიქოზად შეაფასებდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალუ¬რი მოძრაობის" კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი იყო ოხუნჯი კონფერანსიე, რომელიც გააცინებს, აახარხარებს და ტაშსაც დააკვრევინებს დამსწრეთა ნაწილს, მაგრამ "ბისზე" გამოიძახებენ, როგორც ოხუნჯ კონფერანსიეს და არა რომელიმე სახელმწიფო სავარძლის დასაკავებლად. ისე, აზრის გამოთქმის ეს ფორმა - ცოცხალი ტყუილები, არა მხოლოდ სააკაშვილისთვისაა დამახასიათებელი, არამედ მთელი იმ პოლიტიკური შლეიფისთვის, მას რომ მოჰყვება. დღეს პრეზიდენტის მუქარა ხელისუფლებაში დაბრუნებაზე მხოლოდ ფუჭი ტყვიების სროლაა. სასაცილოა კიდევ ერთი რამ: დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკით ნაციონალთა ლიდერები გმობენ ყველაფერს, რასაც თვითონ სჩადიოდნენ, თუმცა ეს მონანიება კი არა, უტიფრობაა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ვფიქრობ, პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულები უფრო იოლი გამოსაძიებელია, თანაც არაერთი ადამიანი დაზარალდა წლეულს სწორედ პოლიტიკური დევნის გამო. ახლა ისინი ეძებენ სამართალს. გეთანხმებით, რომ მხოლოდ ამ საქმეების გამოძიებას არ უნდა გადაჰყვნენ, მით უფრო, გვახსოვს დაპირება, რომ გამოძიებული იქნებოდა გახმაურებული დანაშაულები, რომლებიც არანაკლებ აინტერესებს საზოგადოებას. ვიცით, რომ სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ მათი გავლენის ქვეშაა. კოტე კუბლაშვილი ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია თქვას, რომ არ განიცდიდა ზემოქმედებას და რომ ეს მხოლოდ ოქტომბრის ბოლოდან იგრძნო, რაც სიცრუეა და არ ეკადრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ვწუხვარ, რომ ეს მართლაც ნიჭიერი და განათლებული ადამიანი შვიდ წელიწადში მატყუარა მოხელედ იქცა", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "როგორი იქნება 2013 წელი, უნდა ველოდოთ თუ არა პოლიტიკუ¬რი პროცესების კიდევ უფრო გამწვავებას?" – პასუხობს:

"ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში ახლა მიმდინარეობს იმის განხილვა, ხელს აძლევთ თუ არა პოლიტიკური კრიზისი, რისი პირველი ნიშნებიც უკვე ჩანს. ფაქტია, ოპოზიცია მართავს სასამართლო სისტემას, უშიშროების საბჭოს, დედაქალაქის მერიას, სატელევიზიო არხებს და რეგიონული თვითმმართველობების გარკვეულ ნაწილს. ასევე დიპლომატიურ კორპუსს საზღვარგარეთ. ასე რომ, ერთმმართველობაზე ლაპარაკი გაჭირდება. თუმცა მაინც მგონია, რომ ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. ახალი ხელისუფლება ნელ-ნელა გამოვა "ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლემიკის რეჟიმიდან და სრულიად ახალ პერსპექტივას დაანახვებს მოსახლეობას".