„თუ ოპოზიცია თვლის, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევები მათთვის სასარგებლოა, წინასწარ შეგუებულან, რომ დამარცხდებიან არჩევნებში“

„თუ ოპოზიცია თვლის, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევები მათთვის სასარგებლოა, წინასწარ შეგუებულან, რომ დამარცხდებიან არჩევნებში“

„ედისონ რისერჩის“ ახალი კვლევის თანახმად, ხმათა 39% არგუნეს „ქართულ ოცნებას“, „ნაცმოძრაობას“ - 16%, „ევროპულ საქართველო“ - თავისუფალ დემოკრატებს 5%, მოსახლეობის 20% -ს კი არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. კახა კალაძე დამცრობილად აფასებს ამ მონაცემებს და ამბობს, რომ კვლევის ავტორებს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, რადგან 39%- ის ნაცვლად 59% უნდა დაეწერათ. უფრო მეტიც, ამ მონაცემებმა „ქართულ ოცნებას“ გაუმყარა იმედი, რომ კოალიციის შექმნა არავისთან არ ღირს, რადგან ამ არჩევნებზე უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდებათ. თუმცა „ედისონ რისერჩის“ კვლევებში „ქართულმა ოცნებამ“ მაინც შეიტანა კორექტირება და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მათი რეიტინგი 55%- ზე მეტია. უბრალოდ, დავით კეზერაშვილის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული კვლევა არ შეიძლება ობიექტური იყოს.

რამდენად სანდოა ეს კვლევა? ამის შესახებ for.ge- ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასაარჩევნოდ სიტუაცია მეტ- ნაკლებად არაპროგნოზირებადია და ყველა მოთამაშე ცდილობს, თავის სასარგებლოდ წაიკითხოს „ედისონ რისერჩის“ კვლევა, სინამდვილეში, რას ადასტურებს ახლანდელი მონაცემები?

- ჩემთვის ეს კვლევა და მისი შედეგები მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. სხვადასხვა ფაქტორმა ერთობლიობაში განაპირობა ეს რეალობა. მე როცა მიწევდა წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება, ყოველთვის ვამბობდი, ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილს დაიკავებდა და, ფაქტობრივად, გაიმარჯვებდა. რა თქმა უნდა, ზუსტ პროცენტს ვერ დავდებდი და არც მქონდა ამის არანაირი სურვილი, უბრალოდ, ჩემი მოსაზრება დაადასტურა ამ გამოკითხვამ ისევე, როგორც ვამბობდი, რომ „ლელო“ და „ევროპული საქართველო“ ჯერჯერობით ერთ დონეზე არიან. რეალობა ასეთია, ეს რეალობა ზოგს მოსწონს, ზოგს-არა.

როგორც ამბობენ, ეს კვლევა „ევროპულმა საქართველომ“ შეუკვეთა და, ამის მიუხედავად, 5%- იც კი ვერ დაუწერეს საკუთარ თავს.

- დაუწერეს, არ დაუწერეს, სხვა თემაა, მაგრამ რეალობა მართლაც ასეთია. შესაძლოა, ციფრები მართლაც ზუსტად არ ასახავდეს არსებულ ვითარებას, მაგრამ დინამიკა და ურთიერთფარდობა პარტიებს შორის ასეთია. რაც შეეხება კალაძისეულ 59%-ს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შესაძლებლობების ასე შეფასება გადაჭარბებულია. არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულში 50%-ზე მეტი მიიღოს, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები ამ არჩევნებზე, მაგრამ ის, რომ „ქართული ოცნება“ გამარჯვებული იქნება, ეს ფაქტია. არ გამოვრიცხავ, 39%-ზე მეტი მართლაც მიიღოს. თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, როგორც დღემდე მუშაობდა, ამ მოტივით და ამ ტაქტიკით იმუშავებს, ცხადია, მაშინ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

ოპოზიციას ტაქტიკას რის გამო უწუნებთ? დაშლისკენ მიდრეკილება, საერთო კანდიდატებზე შეუთანხმებლობა, ამას გულისხმობთ არასწორ ტაქტიკაში?

- არა მარტო ამას, ზოგადად, ოპოზიციას აქვს პრინციპულად არასწორი ქმედებები. მთლიანად ნეგაციაზეა აწყობილი, მუდმივად ლაპარაკობენ „ქართული ოცნების“ ხარვეზებზე. თავად რას სთავაზობს ამომრჩეველს, ამაზე საუბარი არ აქვთ. ეს ერთი მხარეა. მეორე მხარეა ის, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ძირითადი ოპოზიციის პოზიცია იყო აბსოლუტურად მცდარი. არავინ არ ამბობს იმას, რომ უარი უნდა ეთქვათ პატიმართა გათავისუფლებაზე, მაგრამ ის, რომ მათ მონაწილეობა არ მიიღეს იმ პროცესში, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა, ეს არასწორი მიდგომა იყო. მთლიანად ეს პროცესი მიითვალა ხელისუფლებამ თავის აქტივში. არ შეიძლებოდა, ოპოზიციას ასეთი ფაქტი გაეშვა ხელიდან, მაგრამ გაუშვეს ხელიდან. შესაბამისად, არაფერს არ სთავაზობენ ამომრჩევლს, ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ღუპავს ქვეყანას, გვესმის ერთი და იგივე ნარატივი - „ქართული ოცნება“ - რუსული ვექტორი და ა.შ. 8 წელია, ერთი და იგივე მოტივები ისმის ოპოზიციისგან.

„ქართული ოცნების“ რუსული ვექტორის, ალბათ, ნაკლებად სჯერათ საქართველოში, მაგრამ დასავლურ გარკვეულ წრეებში ხომ მუშაობს ოპოზიციონრების მხრიდან მმართველი გუნდის დადანაშაულება რუსეთუმეობაში? ყოველ შემთხვევაში, დასავლეთიდან წამოსულ შეშფოთებში ზოგჯერ რუსული ინტერესების გატარებაც იკითხება „ქართული ოცნების“ ერთ- ერთ ბრალდებად. არ ფიქრობთ, ოპოზიციონრები დასავლეთზე უფრო მუშაობენ, ვიდრე შიდა სამზარეულოზე?

- ეს გასაგებია და ივანიშვილის პერსონას დასავლეთში ყოველთვის ჰქონდა კითხვის ნიშანი იმ მიმართულებით, ხომ არ არის ივანიშვილი რუსული პროექტი? ამის გასანეიტრალებლად შექმნა ივანიშვილმა ის ბლოკი 2012-ში, რადგან იცოდა, რომ ეს იყო მისი სუსტი წერტილი, ამისთვის სჭირდებოდა მას „თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელები და გუნდის სხვა წევრები. 2016-ში, როდესაც ივანიშვილმა აშკარად გამოხატული პროდასავლური ძალები ჩამოიშორა და, ფაქტობრივად, ახალი „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, ეს ეჭვი კიდევ უფრო გაძლიერდა დასავლეთის მხრიდან. ბუნებრივია, ამაზე იქნება კითხვები და ოპოზიციაც ამას გამოიყენებს, მაგრამ ქვეყნის შიგნით ეს არ მუშაობს. ქვეყნის გარეთაც, რეალურად, გარდა იმისა, რომ ამაზე მიმდინარეობს საუბარი, არანაირი ნაბიჯები ამ მხრივ არ იდგმება. არ ვიცი, რა იქნება ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით ამას მკვეთრი რეაქციები არ მოჰყოლია და არც მოჰყვება. გასაგებია, რომ არაფორმალური მმართველობაა, ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის პირველი პირი რეალურად სხვა არის და კონსტიტუციით სხვა, მაგრამ ასეთი ვითარებაა დღეს და მხოლოდ ამაზე პედალირება მაშინ, როდესაც ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერაზე მეტად სჭირდებათ ქვეყნის შიგნით ხმების მოპოვება, შედეგს არ იძლევა. ეს შედეგი ამ გამოკითხვამაც დაადასტურა. თუ ასე გააგრძელებენ, შედეგიც ასეთი ექნებათ.

რისერჩის კვლევას რომ დავუბრუნდეთ, 20%-ს არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ამის მიუხედავად, „ევროპული საქართველოს“ წევრ ოთო კახიძეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ „ოცნების“ რეიტინგი ახლა დაახლოებით იმდენს შეადგენს, რამდენსაც 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლების, ანუ ნაცების რეიტინგი.

- რისი იმედი მიეცათ ოპოზიციონრებს, მე არ მესმის. ეს კვლევები, მე მგონი, ოპოზიციისთვის იმედის მომცემი ნაკლებადაა. თუ ისინი ასე აფასებენ, რომ ეს კარგი შედეგია, მაშინ ისინი წინასწარ შეგუებულან იმას, რომ დამარცხდებიან არჩევნებში. მე არ მახსოვს, 2012-ში როგორი რეიტინგი ჰქონდათ ნაცებს და ის უტოლდება თუ არა „ქართული ოცნების“ დღევანდელ რეიტინგს, მაგრამ განსხვავება სხვა მხრივაა, 2012 წელს ამომრჩეველი, როდესაც მას კითხვას უსვამდნენ, არ იყო გულწრფელი, რადგან ეშინოდა იმ რეჟიმის და სწორ პასუხებს არ იძლეოდა, მაგრამ განწყობა იყო ისეთი, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდოდა „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ეს განწყობა ნამდვილად არაა. თუ დააკვირდებით, იქ არის ერთი ასეთი კითხვა ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით, 56% მიესალმება ხელისუფლების ცვლილებას, 44% კი თვლის, რომ უნდა დარჩეს დღევანდელი ხელისუფლება. ეს ის 44%-ია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვებას უჭერს მხარს და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამაზე უნდა იფიქროს ოპოზიციამ. თუ პიარისთვის უნდათ კვლევები, ეს სხვა საკითხია.

ნაციონალები ფიქრობენ, რომ ეს პანდემიის რეიტინგია. დარჩათ კი მათ დრო საიმისოდ, არჩევნებამდელ პერიოდში სიტუაცია სათავისოდ გამოასწორონ?

- რას გულისხმობენ პანდემიის რეიტინგში, იმაზე ილაპარაკონ. როცა ამბობენ, რომ პანდემიის რეიტინგია, ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადად მოსახლეობამ ნახა, რომ ხელისუფლება ქმედითუნარიანია, მას შეუძლია ქვეყნის წინაშე და მის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა. ანუ ხელისუფლებამ სწორედ იმის საწინააღმდეგო დაამტკიცა, რასაც მთელი 8 წლის განმავლობაში უმტკიცებდა ოპოზიცია მოსახლეობას, რომ „ქართული ოცნება“ არის უნიათო. აღმოჩნდა, რომ თურმე არ ყოფილა უნიათო, თურმე შეუძლია პრობლემების გადაჭრა, ამაზე მეტი რა მოეთხოვება ხელისუფლებას. ამასთანავე, ოპოზიციის მხრიდან გამუდმებით ლაპარაკია იმაზე, რომ იქნება ეკონომიკური პრობლემები, ამასაც აღიარებს ხელისუფლება, რომ იქნება ასეთი პრობლემები, მაგრამ ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობა ხედავს, რომ ეკონომიკური პრობლემები იქნება ყველგან, არა მარტო საქართველოში, ანუ თემები სწორად უნდა შეარჩიოს ოპოზიციამ და, როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკრიტიკებს სწორედ იმიტომ, რომ თურმე „ქართულმა ოცნებამ“ არასწორად ჩაკეტა საზღვრები და თურმე პანდემიასთან მისი ბრძოლა არ ყოფილა ეფექტური, ამ დროს ქვეყნდება მთელი მსოფლიოს მონაცემები საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის ეფექტურობასთან დაკავშირებით და ოპოზიციის ბრალდება რეალობას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე. ადრე მეც ვთვლიდი, რომ პანდემიის შემდეგ ხელისუფლების მაღალი რეიტინგი, თუ ის არასწორ ნაბიჯებს გადადგამდა, სწრაფად დაეცემოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ხდება ასე და დღეს, როგორც არ უნდა მოგვწონდეს, ან არ მოგვწონდეს ხელისუფლება, ვერ ვიტყვით, რომ ის მცდარ ნაბიჯებს დგამს. არ არის ასე. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ ხელისუფლება უნდა აკრიტიკოს, მაგრამ იმდაგვარად და იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც თვითონ არის წელგამართული. როდესაც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობ და ყველამ იცის, რაც ხდებოდა ხელისუფლებაში შენი ყოფნის დროს, ცხადია, ეს არ იმუშავებს. ამას დავუმატოთ, რომ ვერავინ ვერ შეედავება ხელისუფლებას, რომ რთველს და მეხილეობას დააფინანსებს, რადგან პანდემიაა და პრობლემებია. ისე გასცემს ამ ფინანსებს ოფიციალურად, რომ არჩევნების მოსყიდვაშიც ვერ ჩაუთვლიან, ოპოზიციონრებმა არკვიონ მერე, მოსყიდული იყო თუ არა ამომრჩეველი.

amo მთელი ოპოზიცია შალიკოს დონეზე დავიდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ოპოზიცია შ ე კ რ უ ლ ი ა ქართულ ოცნებასთან (?).
3 წლის უკან
Aws მეორე სირი!
3 წლის უკან