ვინ დაჭრა 124 საზენიტო ქვემეხი გია ბარამიძის მინისტრობის დროს და რატომ დუმს ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი

ვინ დაჭრა 124 საზენიტო ქვემეხი გია ბარამიძის მინისტრობის დროს და რატომ დუმს ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრად რომ დაინიშნა, ცოტა ხანში განცხადება გააკეთა, ჩემი წინამორბედი, ანუ გიორგი ბარამიძე დასაჭერიაო. ბარამიძეს, ალბათ, დაიჭერდნენ კიდეც, მას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მატროსოვივით რომ არ გადაფარებოდა. ვფიქრობთ, ის ფაქტი, რომელზეც დღეს გვინდა გიამბოთ, გარკვეულწილად, უკავშირდება ოქრუაშვილის ამ სკანდალურ განცხადებას, თუმცა შემდეგ ყველაფერი მიაჩუმათეს. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში 124 საზენიტო ქვემეხის უვარგისად გამოცხადებას და დაჭრას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “საერთო გაზეთს” ყოფილი სამხედრო პირი, არტილერისტი, მაიორი შოთა გელაძე ესაუბრა.

ირაკლი ოქრუაშვილის შს მინისტრობის დროს ჩვენი რესპონდენტი შინაგანი ჯარების ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ბრიგადის მეთაურის მოადგილე იყო შეიარაღების დარგში. მისი განცხადებით, ოქრუაშვილის პროფესიონალების მიმართ   დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა, როცა ყველა ასეთი ადამიანი სამსახურიდან გაყარეს და ის ხალხი მოიყვანეს, რომლებიც წესდებას და შინაგანაწესს კი არა, ზემოდან წამოსულ ბრძანებებს ემორჩილებოდნენ. პროფესიონალები იმიტომაც გაყარეს, რომ ისინი ბრმად არ შეასრულებდნენ აბსურდულ მითითებებს, ყოველ შემთხვევაში იმას მაინც იტყოდნენ, რის გაკეთება შეიძლებოდა და რის არა.

ახლა კი უშუალოდ მომხდარი ფაქტის შესახებ. კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ნაწილში 124 ცალი 100 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი დაჭრეს, ჯართად ჩასაბარებლად გაამზადეს. თითოეული ქვემეხის წონა დაახლოებით 9,5 ტონა იყო. შოთა გელაძის განცხადებით ეს ქვემეხები გია ბარამიძის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიჭრა.

შოთა გელაძე: “ეტყობა ამ ფაქტის შესახებ ოქრუაშვილმა მიიღო ინფორმაცია და ერთი ამბავი ატეხა. ეს ხდება 2004 წლის დეკემბერში. გამოიძახა სპეცრაზმი, ადგილზე ჩავფრინდით სამი არტილერისტიც. თავიდან როცა დამიბარეს, არც ვიცოდი რა უნდოდათ, სასწრაფოდ წამიყვანეს აეროპორტში და კახეთში ვერტმფრენით გადაგვაფრინეს. ადგილზე ჩასული რას ვხედავ, ეს ქვემეხები როგორც იდგა, ისევე დაეჭრათ. ქვემეხი როცა შენახვაზე დგას, მას ტექნიკური მომსახურება უტარდება, ლულაშიც სპეციფიკური ქაღალდი იდება. ეს ქაღალდი არც კი ამოეღოთ, ისე იყო დაჭრილი. მხოლოდ ექვსი ცალი ქვემეხიღა იყო გადარჩენილი.

ამ სამხედრო ნაწილში ყველა დააპატიმრეს, მათ შორის ტრაქტორისტები და შემდუღებლებიც კი და თბილიში წამოიყვანეს. დაინიშნა მცირე თათბირი “მოდულის” შენობაში, რომელსაც იმ მხარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც ქვემეხები გადასცეს. მათ ვითომ სპეციალისტები ჰყავდათ მოწვეული, რომლებიც ამტკიცებდნენ, ეს ქვემეხები უვარგისი იყო და უნდა დაჭრილიყოო. ამ ე.წ. სპეციალისტებიდან ზოგს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, ზოგს კიდევ რა. მოკლედ, არცერთი არ იყო პროფესიონალი სპეციალისტი. მეორე მხარეს წარმოვადგენდით მე, გენერალი ემზარ ჭოჭუა და პოლკოვნიკი გივი ჯმუხაძე, ყველა პროფესიონალი არტილერისტი.

მე ქალაქ ტულის უმაღლესი სამხედრო საინჟინრო-საარტილერიო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, სპეციალობით საარტილერიო შეიარაღების ინჟინერ-მექანიკოსი ვარ. ასეთი სასწავლებელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სულ ორი იყო. მეორე მხარეს ავუხსენი რა განათლებაც მქონდა და განვაცხადე, მე არაფერს გიმტკიცებთ, ხომ ამბობთ რომ ქვემეხები უვარგისი იყო, ერთი კვირა დამჭირდება, რომ ამ ქვემეხებს (უსასყიდლოდ) ჩავუტარო ტექნიკური მომზადება, გავიყვან პოლიგონზე და გაისვრიან, მაშინ ხომ დარწმუნდებით, რომ ვარგისია-თქო. ეს იყო რუსული წარმოების ქვემეხები, რომელსაც დისტანციური ამფეთქებელი ჰქონდა, რამდენ კილომეტრზეც დააყენებდი ამ ამფეთქებელს, იმდენ კმ-ს რომ გასცდებოდა, იქ ფეთქდებოდა. ჩვენ რა თავდაცვის სისტემებიც გვქონდა, დ-30 იყო თუ “გრადი”, იმაზე შორს ისროდა ეს ქვემეხები. 2004 წლის ცხინვალის მოვლენების დროს ეს ქვემეხები რომ გამოეყენებინათ, ისე სამარცხვინოდ არ დამთავრდებოდა ის “შტურმი”.

შევთანხმდით ჩემს შეთავაზებაზე, მომცეს სამხედრო ავტომანქანები, ჩავუბი და ჩამოვიყვანე გადარჩენილი ქვემეხები შინაგანი ჯარის ტერიტორიაზე, ჩავუტარე ტექნიკური მომსახურება, გავიყვანეთ ვაზიანის პოლიგონზე, დავაყენეთ სამიზნეები და ჩავატარეთ ღამის სროლები. დამტკიცდა, რომ ყველა ქვემეხი ვარგისი იყო. სხვათა შორის, ამ ყველაფერს ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და იღებდნენ. შინაგანი ჯარების მაშინდელ პრესსამსახურის უფროს ნინო მელაძეს ექნება ეს ჩანაწერები. სხვათა შორის, გივი თარგამაძეც ესწრებოდა გამოცდას, რომელმაც მკითხა - ეს ქვემეხები მართლა გაისვრისო, ვუპასუხე, ესენი კი გაისვრის, მაგრამ მე დამიჭერენ-თქო და ასეც მოხდა.

ვინ დაჭრა ეს ქვემეხები და თქვენ რატომ დაგიჭირეს?

- რამდენადაც ვიცი ნიკო ლეკიშვილის ძმის ფირმამ დაჭრა, ზუსტად არ მახსოვს ამ ფირმის სახელი, მგონი “დელტა” ერქვა. გარდა ქვემეხებისა, იქ იყო დენთი და მილიონობით ცალი 100 მმ-იანი ქვემეხის ჭურვები, რომელსაც “ლატუნის” (თითბერი) ჰილზები (მასრები) ჰქონდა, ეს ლითონი კი სერიოზული თანხა ღირს. სად წავიდა ეს ყველაფერი, რაში გამოიყენეს, ან ვინ დაადგინა რომ უვარგისი იყო, ვერ გავარკვიე, რადგან საქმე აქამდე აღარ მისულა. თავდაცვის სამინისტროში როცა ვმსახურობდი, იმ პერიოდში ტექნიკა იქნებოდა თუ სხვა რამ, ჩამოიწერებოდა (მაშინ ტენდერები არ იყო, მაგრამ იყო შესყიდვები), მოდიოდა კონკრეტული პირი და გვთავაზობდა მე შევისყიდიო. სამწუხაროდ, იმ პერიოდში, როცა ეს გადაცემა-დაჭრა მოხდა, მე უკვე აღარ ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროში, ამიტომ არ ვიცი, როგორ ჩატარდა ეს ოპერაცია, ინფორმაციაზე ხელი არ მიმიწვდებოდა. როგორც ჩანს ვიღაცამ ჩამოწერა და ლეკიშვილის ძმის ფირმას გადასცა, მაგრამ არ ვიცი, ვინ ჩამოწერა და რატომ. სხვათა შორის,  რამდენიმე წელი ზუსტად იმ სამსახურში ვმუშაობდი, რომელსაც ეს ყველაფერი ექვემდებარებოდა.

სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვა ოქრუაშვილმა, ბარამიძე დასაჭერიაო, მაგრამ ჩემს მეტი არავინ დაუჭერიათ. 2005 წლის 19 იანვარს დამაკავეს და მაშინ გავიგე, რომ თურმე კაი ხნის ძებნილი ვყოფილვარ, თურმე ძებნილი პირი სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილე ვიყავი და 2004 წლის დეკემბერში სახელმწიფო ჯილდოზეც ვიყავი წარდგენილი.

რატომ დამიჭირეს, ამის გარკვევა მეც ძალიან მაინტერესებს. ყველაფერს ქვემეხები დაჭრის ფაქტს ვუკავშირებ, ალბათ, სიმართლის გარკვევა არ აწყობდათ და იმიტომ მომიშორეს, თორემ მე არაფერი დამიშავებია. დამიჭირა დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურამ, რა შუაში იყო ეს უწყება, როცა მე ისანი-სამგორის რაიონის ტერიტორიაზე ვცხოვრობ. ჯერ ქრთამის აღებას მაბრალებდნენ, მოიყვანეს ვიღაც ჯარისკაცები, თითქოს მათ ფული გამოვართვი, და რამდენჯერმე შეაცვლევინეს ჩვენება. ჩემ ადვოკატს ამ რაიონის მაშინდელმა პროკურორმა ირაკლი წერეთელმა უთხრა, ბრძანებაა, რომ შოთა გელაძე ციხეში უნდა იჯდეს და მე რა ვქნაო. ხან რა მოიგონეს, ხან რა და ბოლოს თაღლითობა დამაბრალეს.

ბრალის აღიარებას მთხოვდნენ, საპროცესო გარიგებას გაგიფორმებთ და ორ წელს მოგისჯითო. რაც არ ჩამიდენია, როგორ უნდა მეღიარებინა? წელიწადზე მეტ ხან გრძელდებოდა ჩემი სასამართლო პროცესი და ბოლოს 4-წლიანი პატიმრობა მომისაჯეს. უდანაშაულო ადამიანი დამსაჯეს, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილსა და გივი თარგამაძეს ყური არ შეუბერტყავთ. ციხიდან სამწელიწადნახევარში გამათავისუფლეს და აქეთ დამამადლეს კიდეც, ვადაზე ადრე გიშვებთო.  როგორც იქნა, მომცეს ცნობა, რომ ნასამართლევი არ ვარ და არც ძებნაში ვიმყოფები. საქმე იმაშია, რომ საქართველოში არსად ვიყავი რეგისტრირებული. სამი თვე დაჭირდა იმის დადგენას, საქართველოს მოქალაქე ვიყავი თუ არა, დღესაც მისამართის გარეშე მაქვს პასპორტი. ჩემს მშობლიურ რაიონშიც კი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რეგისტრირებული არ აღმოვჩნდი.

ოქრუაშვილი გიცნობდათ და იცოდა დაჭერილი რომ იყავით, თუ ხელები დაიბანა და   გაგწირათ?

- ოქრუაშვილმა კარგად იცოდა, რა დონის სპეციალისტიც ვიყავი, იმიტომ გამომიძახა ამ ე.წ. ექსპერტიზაზე. იცოდა გოგი თათუხაშვილმაც, იმ პერიოდში ის იყო შინაგანი ჯარების სარდალი. ალბათ ბატონი გოგის ისიც კარგად ახსოვს, რომ ის სამი “გრადი”, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ჯართში ჩააბარა (გოგი თათუხაშვილმა იყიდა მერე ეს “გრადები”), ჩემი ხელის აღვადგინე და აღრიცხვაზე დავაყენე. ცხინვალის 2004 წლის მოვლენების დროს, როცა ქვეყნის თავდაცვა უმოქმედო იყო, შინაგან ჯარში სახელდახელოდ ჩამოყალიბდა ცეცხლის მართვის ცენტრი, როგორც საარტილერიო ბრიგადა. იქ ვიყავით თავმოყრილი პროფესიონალი არტილერისტები (ემზარ ჭოჭუა, გივი ჯმუხაძე, შოთა გელაძე, გუჯა ნიკოლაძე, სერგო აზარაშვილი). ამ ცენტრში შეიარაღების უფროსი ვიყავი. შემდეგ შინაგანი ჯარი რომ დაიშალა, ახლა რომ საარტილერიო ბრიგადაა, იქ უნდა დავნიშნულიყავი შესაბამის თანამდებობაზე, თუმცა როგორც კი ჩემზე წარდგინება წავიდა, ზუსტად იმ დღეს დამიჭირეს.

დაჭერილი რომ ვიყავი, ოქრუაშვილს აუცილებლად ეცოდინებოდა, რადგან მე რამდენჯერმე დავუკავშირდი გოგი თათუხაშვილს, გამაგებინეთ რისთვის დამიჭირეს, ამ გამოცდამდე ორი კვირით ადრე ხომ გითხარით, რომ ეს ქვემეხები ვარგისია, მაგრამ მე დამიჭერენ, დამეხმარეთ-თქო. თათუხაშვილმა მითხრა, ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებო, თუმცა მქონდა ინფორმაცია, რომ მასსა და ოქრუაშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა და თათუხაშვილმა ვეღარაფერს მოაბა თავი. ვფიქრობ, გია ბარამიძე და ნიკო ლეკიშვილის ძმა გადაარჩინეს და სამაგიეროდ, მე გამომიყვანეს განტევების ვაცად.

თუ ვიღაცას ფული გამოვართვი და არ ვუბრუნებდი, ეს სამოქალაქო საქმეა, ციხეში რატომ უნდა ჩავესვი? ნარკოტიკს და იარაღს ვერ ჩამიდებდნენ და  თაღლითობა მომიგონეს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ თურმე ჯარისკაცებს კოსოვოს სამშვიდობო ბატალიონში გაგზავნას შევპირებივარ და ამიტომ გამომირთმევია მათთვის ფული. არ ვიცი საიდან მოიტანეს, რომ შინაგან ჯარს რაიმე შეხება ჰქონდა კოსოვოს ბატალიონთან. სხვათა შორის, ამ ჯარისკაცებმა სასამართლოზეც შეცვალეს ჩვენება.

მე ოქრუაშვილს იმაში ვდებ ბრალს, რომ თუ შნო არ ჰქონდა, მაშინ ამ ქვემეხებთან დაკავშირებით ეს ამბავი რატომ ატეხა, რასაც უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. იმდენი ვაჟკაცობა მაინც ჰყოფნოდა რომ ეთქვა, კარგი, თქვენ მორიგდით, ბარამიძეს და ლეკიშვილს აღარ ედავებით, მაშინ გელაძესაც დაანებეთ თავიო. მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგიური ავადმყოფი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მყავდა, სასამართლოსთვის ეს რატომღაც შემამსუბუქებელი გარემოება არ აღმოჩნდა. 

რაც შეეხება ქვემეხებთან დაკავშირებულ საქმეს, მე პროფესიონალი სპეციალისტი ვარ და სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. 1999-2001 წლებში თავდაცვის სამინისტროში (დავით თევზაძის მინისტრობის დროს) საბრძოლო მასალების სამსახურის უფროსი ვიყავი, მაგრამ დამაქვეითეს, რადგან უკანონობის გაკეთებას მთავაზობდნენ და უარი ვთქვი. ამიტომაც გადავედი შემდგომ შინაგან ჯარებში. ამ საქმეში ფიგურირებდა ყოფილი გენშტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძეც. თუ დაინტერესდებით, ამ ფაქტზეც შემიძლია ინფორმაცია მოგაწოდოთ.

აგვისტოს ომის დროს უკვე ციხიდან გამოსული ვიყავი. სახლში რა გამაჩერებდა, მოვძებნე გენერალი ჭოჭუა, ის გორის საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა და დახმარება შევთავაზე. მითხრა, ძალიან მჭირდები აქო, მაგრამ არ ვიცი ორ საათში რა შეიცვალა, გამზადებული ვიყავი წასასვლელად, როცა მითხრა, ბრძანებას ვერ ვწერ შენთან დაკავშირებით, რამე რომ მოგივიდეს, სადღაც ხომ უნდა დაფიქსირდეს რომ ეს კაცი ამა და ამ ბრძანებით იყო აქ, შენ ოჯახს რა ვუთხრაო. ახლა იმ ომს მე ვერ მოვიგებდი, მაგრამ რაღაცაში ხომ მაინც წავადგებოდი ჩემ ქვეყანას.

მე ახალ ხელისუფლებაზეც მწყდება გული, სიტყვით პროფესიონალ კადრებს ეძებენ და ნუთუ ჩემი დონის სპეციალისტი არ სჭირდებათ?