ვისაც დღეს რადიოსიხშირეზე აქვს ლიცენზია და ვერ იყენებს, მის წინააღმდეგ გარკვეული სანქციები განხორციელდება. ჯერჯერობით, იმის თქმა თუ ეს სანქცია რა სახის იქნება, ძნელია, ვინაიდან კანონპროექტი ფიზიკურად არ არსებობს. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, საუბარია როგორც ლიცენზიის ჩამორთმევაზე, ასევე საჯარიმო სანქციაზეც.
აღნიშნულ საკითხს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 6 დეკემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
პრობლემა ის არის, რომ კანონპროექტის ინიცირების მიუხედავად თავად კანონპროექტი ჯერჯერობით, ფიზიკურად არ არსებობს. თუმცა, რა შეიძლება შეიცვალოს, ამის შესახებ განცხადება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახი ყურაშვილმა გააკეთა.
როგორც ყურაშვილი აღნიშნავს, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ამ სფეროში მცირე მეწარმებს სანქციები შეუმცირდეთ. არსებული კანონმდებლობით სანქციები საკმაოდ მაღალია - არანაკლებ 10 ათასი ლარი. კომისიის წინადადებით კი, მცირე მეწარმეებისთვის ეს სანქცია 3 ათას ლარამდე უნდა შემცირდეს.
ასევე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მნიშვნელოვანი საბაზრო სუბიექტების სტატუსის მქონე პირებისთვის დამატებითი რეგულაციები დადგინდეს, რაც ბაზარზე კონკურენციას ხელს შეუწყობს.
გარდა ამისა, კომისია ასევე ამოწურვადი რესურსების რეგულაციას ითხოვს. კერძოდ, რადიოსიხშირეები უფრო ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე კი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივები არ არის არსებული პრობლემების ადეკვატური.
„ლიცენზიების პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაცა არ იყენებს ამ ლიცენზიას, არამედ ის, რომ დღეს ქვეყანაში ლიცენზიების გაცემაა გაჩერებული. ჩვენი კანონმდებლობით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია უნდა ატარებდეს კვლევას და ამ კვლევის შედეგების მიხედვით ადგენდეს პრიორიტეტებს და შემდეგ ამ პრიორიტეტების მიხედვით აცხადებდეს კონსურსებს კონკრეტული მაუწყებლობების სახეების მიხედვით.
ეს პროცესი სამი წელია გაჩერებულია და მე კითხვა მაქვს, თუ რატომ არის გაჩერებული. იქნება, იმაზე ლაპარაკს, რომ ვიღაც ამ ლიცენზიას არ იყენებს, ჯერ იმ ფუნქციის შესრულებაზე იფიქრონ, რაც აქვთ და აღადგინონ გაჩერებული გაცემა“, - აცხადებს ვეფხვაძე.
რაც შეეხება ჯარიმების დაწევას, ვეფხვაძე ეჭვი ეპარება, რომ ფინანსური საკითხების ოდენობა რაიმეს წყვეტდეს.
„მთავარია, რომ ჯარიმამდე საქმე არ უნდა მიდიოდეს, ანუ მაუწყებლები უნდა იცავდნენ იმ სტანდარტს, რომელიც მარეგულირებელ კომისიას აქვს დაწესებული და ეთიკის კოდექსში არის დეტალურად გაწერილი და მაინტერესებს, ამის მონიტორინგი როგორ ხდება. მე ეჭვი მეპარება, რომ ეს არ ხდება, ვინაიდან, ასე რომ იყოს, მაშინ ძალიან ხშირად იქნებოდა რეკომენდაციები და მე ჯერჯერობით, არაფერი მსმენია“, - ამბობს ვეფხვაძე.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ის საკითხი მიიჩნევა, რომელიც გამოუყენებლი ლიცენზიების პრობლემას უკავშირდება.
„რატომ არ ხდება ლიცენზიის გამოყენება? ჩემი აზრით, ეს გაცილებით დიდი პრობლემაა და ხელისუფლებამ სანქციების დაწესებამდე ის უნდა იკითხოს, რატომ არ ხდება მისი გამოყენება. იქნება პრობლემა ისევ ხელისუფლების პოლიტიკაშია და თუკი ეს ასეა, მაშინ სანქციების დაწესება ვერფერს უშველის. რაც მთავარია, არ მესმის, როგორ შეიძლება, ერთ საკითხზე ორმაგი სანქციის დაწესება? იმის თქმა, რომ დაჯარიმებასთან ერთად, შესაძლოა, ლიცენზიაც ჩამოერთვათ, სწორედ ორმაგი სანქციები დაწესებას გულისხმობს. ეს კი არანაირი თვალსაზრისით არ არის სამართლიანი, თუმცა ამ ხელისუფლებისგან ეს გასაკვირი ნამდვილად აღარ არის“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.