თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს აუმხედრდა

თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს აუმხედრდა

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან "ექსპო ჯორჯიაში" "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე გააკეთა. პრეზიდენტმა მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით მჭედლიშვილის კომპეტენციაზე ისაუბრა.

"მანქანის "ბარიგობა" ტეხავს ბ-ნო პრეზიდენტო? სხვა დასაწუნი ახალ ხელისუფლებას არაფერი აქვს? სირცხვილია!.", - წერს ჩერგოლეიშვილი ”ფეისბუქში”.

გუშინ "ექსპო ჯორჯიაში" "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე პრეზიდენტმა ყვარლის იუსტიციის ცენტრის შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, მოსამართლეთა და პროკურორთა გადამზადების მიზნით აშენდა.

"თუმცა, ამათ ისეთები მოიყვანეს, რომ მათ გადამზადება არ უშველის. ჩვენ რისი სწავლებაც შეგვეძლო, მათ ეს არ აინტერესებთ. მოიყვანეს ქრთამის აღებისთვის გაგდებული სამხარეოს პროკურორი. მეორე - პროკურატურის ახლანდელი მთავარი სახე, რომელიც ყველაზე მეტს ლაპარაკობს, მანქანების ბარიგა იყო გერმანიიდან", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ჩერგოლეიშვილის პოსტმა ინტერნეტ-მომხმარებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელმაც დაწერა, რომ "მანქანების ბარიგობა არ "ტეხავს", მაგრამ კითხვებს ბადებს მის კომპეტენტურობასთან დაკავშირებით", - ჩერგოლეიშვილმა ვრცელი პასუხი გასცა:

"რატომ? მამაჩემი ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია, როცა გაგვიჭირდა მანქანების შეკეთებით გვარჩენდა. დედაჩემი ბოლო ოცი წელი კომუნალური გადასახადების ბილინგის ხელმძღვანელი იყო, ეგეც ფიზიკოსია - როცა გაგვიჭირდა, აქ ჩამოსულ უცხოელებს სახლებს ულაგებდა და ნამცხვრებს უცხობდა. მივიდეს, ვინმე შეეჯიბროს თავთავიანთ საქმეში კომპეტენციის კუთხით!...

მესმის, რომ პრეზიდენტის უკიდურესად კოჭლი გამონათქვამის ახსნა გსურთ, მაგრამ არ გამოგივათ. მანქანების ბარიგობა ავტომატურად არაკომპეტენტურობას არ ნიშნავს...

სააკაშვილის ხელისუფლება თავისი შინაარსით სწორედ შრომას ახალისებდა. პრეზიდენტის ეს სიტყვები მის მიერვე დეკლარირებულ იდეოლოგიასთან მოდის წინააღმდეგობაში. ეს მაბრაზებს....

ივანიშვილის მთავრობა რომ უკიდურესად არაკომპეტენტურია, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ კრიტერიუმები სწორად უნდა შეარჩიოს....

სააკაშვილის მთავრობა ბევრი ისეთი ხალხითაც შეივსო რევოლუციის შემდეგ, რომლებსაც გამოცდილება საერთოდ არ ჰქონიათ. ანუ? მაგალითად, თამუნა კოვზირიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ პირდაპირ უნივერსიტეტიდან დაინიშნა - ვფიქრობ ერთერთი ყველაზე კომპეტენტური კადრი იყო, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებაში უმუშავია. არც კახა
ბენდუქიძე ყოფილა ეკონომიკის მინისტრი
მანამდე - ბიოლოგია განათლებით და რაღაც ბიზნესი ჰქონდა - მერე?...

მჭედლიშვილი იმიტომ კი არ არის არაკომპეტენტური, რომ მანქანების ბარიგა იყო, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ დებილია და ბრიფინგებზე უბრალოდ ბოდავს", - წერს "ტაბულას" რედაქტორი".

ჩერგოლეიშვილი ამ თემას მეორე პოსტსაც უძღვნის, სადაც აღნიშნავს, რომ ქართულ ეკონომიკაში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის წილი სწორედ მანქანებით "ბარიგობაზე" მოდის.

"ეს, ვისაც აინტერესებს მანქანებით "ბარიგობას" რა წილი აქვს ქართულ ეკონომიკაში. (იხილეთ უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის წილი)", - წერს ჩერგოლეიშვილი და საკუთარ პოსტს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტიდან საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცამების ბმულს ურთავს: