"2012 წელი იმით დაიწყო ქართული არმიისთვის, რომ პარლამენტმა 2011 წლის დეკემბრის ბოლოს კანონში "ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ" ერთი მნიშვნელოვანი დამატება შეიტანა, კერძოდ, ზოგიერთ სამინისტროს, და მათ შორის თავდაცვის სამინისტროსაც, უფლება მიეცა, ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით განეხორციელებინათ კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცემთა ბანკის კოპირება. გასაგები ენით რომ ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურს უკვე აღარ სჭირდებოდა, თხოვნით მიემართა ამა თუ იმ მობილური თუ ფიქსირებული ოპერატორებისთვის, რათა კავშირგაბმულობის მონაცემთა საკუთარ ბანკებში დაეშვათ. სპეცსამსახურებს თავიანთ კომპიუტერულ ქსელში გაუჩნდათ ყველა მონაცემი, თუ ვინ სად რეკავდა, ვის ურეკავდა, რა ადგილას იმყოფებოდა ობიექტი და რაზე საუბრობდნენ", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (21 დეკემბერი, 2012 - 3 იანვარი, 2013) სტატიაში სათაურით "2012 წლის სამხედრო მოვლენების ანალიზი".
"თუ რამდენად კანონიერად გამოიყენა ეს გაზრდილი უფლება მაშინდელმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, გამოჩნდა წლის მიწურულს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის პერიოდში ამ უწყების ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერების დაახლოებით 80% უკანონო იყო, რადგან არ არსებობდა ამაზე სასამართლოს სანქცია და ამასთან, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ალასანიამ მთელი წლის ფარული მოსმენების დოკუმენტაცია შსს-ს გადასცა და გამოვიდა ინიციატივით, რომ მოსასმენი სპეციალური აპარატურა მხოლოდ ერთი უწყების საფარქვეშ (რა თქმა უნდა, არა თავდაცვის სამინისტროს) იყოს, რაც გააადვილებს მის ცონტროლს", - აღნიშნავს გამოცემა.
"წლის დასაწყისში, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღო და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში დახმარებას შეჰპირდა. ეს უდავოდ დიდი მნიშვნელობის მოვლენა გახლდათ წლის დასაწყისშივე, რადგან პირველად ამერიკულმა მხარემ დაადასტურა, რომ ქართულ არმიას არა მარტო ავღანეთში ისაფ-ის ოპერაციის ფარგლებში მზადებისთვის დაეხმარებოდა, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გაძლიერებაშიც. 2012 წლის შემოდგომაზე ქართულ-ამერიკულ ორმხრივ კონსულტაციებზე არაერთხელ განიხილებოდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სამხედრო სფეროში დახმარების საკითხები, რაც უპირველესად საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო სფეროში. ორ ქვეყანას შორის თავდაცვის საქმეში არსებული გეგმა 6-პუნქტიანია და ზემოთ ნახსენები საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო-საინჟინრო სფეროს გარდა მოიცავს მხარდამჭერი შვეულმფრენების პარკის განახლებას, სანაპირო დაცვის კონტროლის გაზრდას, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების ინსტრუქტორების მომზადებას ტაქტიკურ დონეზე და ბრიგადის მმართველობისა და შტაბის წვრთნასა და განათლებას", - წერს სტატიის ავტორი.
"პირველი ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორის" პრეზენტაცია 2011 წლის 26 მაისს აღლუმზე შედგა, განვითარების სტადიაზე მყოფმა ქართულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა თავისი სხვა ქმნილებები კი 2012 წლის თებერვალ-აპრილში გამოფინა. სამ თვეში სამი ახალი პროდუქტის - ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკას" შეჯავშნული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისა და უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის პრეზენტაცია მართლაც შთამბეჭდავი იყო, რასაც აძლიერებდა მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ტელევიზიების პიარსიუჟეტები (არცთუ იშვიათად სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად არასწორი შეფასებებით). სამხედრო დანიშნულების ახალი პროდუქტის გამოჩენა ნამდვილად მისასალმებელი გახლდათ, თუნდაც იმიტომაც, რომ ახალგაზრდა კონსტრუქტორები ხვეწდნენ ცოდნას და იღებდნენ გამოცდილებას", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი ცდილობდა, რუსული სამხედრო სწავლებით დაეშინებინა ქართველი საზოგადოება. "ნაციონალების" არგუმენტით, თუკი 2008 წლის აგვისტოში ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე რუსული სამხედრო სწავლება ღფდრფპ-2008 საქართველოში სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, შეიძლება იგივე მოჰყოლოდა სექტემბერში დაგეგმილ ღფდრფპ-2012-საც. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე რუსული სამხედრო სწავლება ნამდვილად არ დამუქრებია საქართველოს და არც 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოუხდენია გავლენა", - ხაზგასმით აღნიშნავს გამოცემა.
"2012 წლის შემოდგომაზე ავღანეთში, ისაფ-ის ოპერაციაში მონაწილე საქართველოს სამხედრო კონტინგენტმა რეკორდულ 1600 კაცს მიაღწია, რითაც საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა. ამ პირველობას უარყოფითი მხარეც აქვს, რადგან კონტინგენტის საბრძოლო დანაკარგის ალბათობა იზრდება. 2012 წლის დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ავღანეთში უკვე 18 დაღუპული გვყავდა (მათგან დიდი ნაწილი სწორედ წელს დაგვეღუპა), დაჭრილთა რიცხვი კი ძველებურად გასაიდუმლოებულია, თუმცა, სავარაუდოდ, შეიძლება 100-საც აღემატება", - დასძენს სტატიის ავტორი.
"ქუთაისში მე-3-ე ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქ ბატალიონში ვმსახურობ. ჩემი ბატალიონიდან ძალიან ბევრი ბიჭი წავიდა და მეც ძალიან მაინტერესებდა, რა ხდებოდა ავღანეთში ისეთი განსაკუთრებული. ეს საკუთარი თავის გამოცდა იყო. აქ ყოფნა არ არის ადვილი, ყოველ წუთს საფრთხეში ხარ. აქ ყველაზე დიდი და საიმედო "მეგობარი" სიფრთხილეა. ყველა ნაბიჯი, ყველა მოძრაობა უნდა გააკონტროლო და არასდროს არ უნდა მოდუნდე. სამი პროვინცია _ ჰილმენდი, ნიმრუზი და ყანდაარი _ ყველაზე საშიში ადგილებად ითვლება და შესაბამისად, საფრთხეც არსებობს, მაგრამ მეომრის მთავარი თვისება ხომ შიშის დაძლევაა? ზოგი ამას ახერხებს, ზოგი ვერა. ჯერ რამდენიმე თვე მაქვს წინ, ექსვთვიანი ვადით წამოვედი და ვნახოთ... თუ ძალიან შემაშინეს თალიბებმა, ალბათ, უფრო მშვიდობიან ადგილას ვარჩევ სამხედრო კარიერის გაკეთებას, თუ არა და, სამშვიდობო ოპერაციაში გავაგრძელებ მსახურს", - აცხადებს ავღანეთში მყოფი 23 წლის კაპრალი ბაკური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ახალ წელს გილოცავთ, ქართველებო, ავღანეთიდან".
"აქ მუდმივად ომია, მაგრამ მაინც ძალიან გულწრფელი და მხიარული არიან. ალაჰი ამბობს, სანამ ცოცხალი ხარ, ბედნიერი უნდა იყო, ამბობენ. უფროსები თავს გვარიდებენ, განსაკუთრებით ქალები გაგვირბიან, ეს მათი ტრადიცაა. თალიბებზე არაფერს ამბობენ, რადგან მათ სასტიკ შურისძიებაზე ბევრი სმენიათ და იციან, რომ ამას ვერ აცდებიან. ამ ხნის განმავლობაში ავღანელი ქალი მხოლოდ, რამდენჯერმე ვნახეთ შორიდან, უბრალოდ თვალი მოვკარით. პატარები დიდი ცნობისმოყვარეობით გვადევნებენ თვალს, ყველაფერი აინტერესებთ. ჩვენც კანფეტებს ვჩუქნით, განსაკუთრებით შოკოლადი უყვართ, ტკბილ და რბილ მიწას ეძახიან. თუმცა, მათი ნდობაც არ შეიძლება ბოლომდე, იმიტომ, რომ როგორც გითხარით, თალიბები ხშირად მათაც იყენებენ საზარბაზნე ხორცად", - აღნიშნავს კაპრალი.
"თალიბები არასდროს ისვენებენ. თუ თავდასხმები არ ხდება, მდინარეებს და სასმელ წყალს წამლავენ, ყველა ნაბიჯს ნაღმავენ და ჩასაფრებებს აწყობენ, რათა პატრულირების დროს შეგვიტიონ. ჰილმენდი მთაგორიანი ადგილია. თალიბებს არალეგალური ტვირთი საცალფეხო ბილიკებით გადააქვთ და ხშირად ამაში მცირეწლოვანი ბავშვები მონაწილეობენ. წინაღამეს, ვიდრე დავალებაზე გავიდოდეთ, საგალობლებს ვუსმენთ. ეს ყოველი ჩვენგანის დიდი სულიერი საზრდოა. გვამშვიდებს და მოტივაციას გვმატებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ოჯახებს სკაიპით მივულოცავთ ახალ წელს. ამ დროს ცოტა ნოსტალგია შემომიტევს, ვინაიდან 12 საათის შემოსვლას მეც ჩემს სამეგობროსა და საახლობლოში მინდა შევხვდე, შამპანურის ბოკალით ხელში, შემდეგ გოჭი და საცივი მივირთვა, მაგრამ არა უშავს, ასეთია სამხედრო პირის ცხოვრება. იმედია, ეს ღამე შედარებით მშვიდობიანი იქნება. მშვიდობასა და ეკონომიკურ გაძლიერებას გისურვებთ, ჩემო ქართველებო. მინდა, საქართველო ისეთი ძლიერი იყოს, რომ ქართველის მშვიდი და უსაფრთხო ძილისთვის მე და ჩემნაირებს აქ სამსახური არ გვიწევდეს. გული მტკივა, როდესაც ჩვენზე ამბობენ, ფულის გულისთვის მიდიანო, მაღალი ანაზღაურება ზედმეტი არავისთვის არის, მაგრამ ჩემი აქ წამოსვლის მიზანი ეგ არ ყოფილა. ჩვენ აქ ყოფნით იმაზე მეტს ვაკეთებთ ქვეყნისთვის, ვიდრე საქართველოში მყოფი უამრავი ჩვენი თანატოლი", - დასძენს ბაკური.
"1989 წლის 20 მაისს ყველა ცნობილი საინფორმაციო საშუალება სენსაციურ ინფორმაციას გადასცემდა: თურქეთის ქალაქ ტრაბზონის აეროპორტში დილით მოულოდნელად დაჯდა საბჭოთა წითელვარსკვლავიანი გამანადგურებელი თვითმფრინავი მიგ-29, რომლის პილოტი კაპიტანი ზუევი თურქეთის პოლიციას ჩაბარდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. როგორც გაირკვა, იმ დროისთვის უახლესი და შესაბამისად, გასაიდუმლოებული საბჭოთა გამანადგურებელი მიგ-29-ა ზუევმა საბჭოთა კავშირის მოსაზღვრე რესპუბლიკის, საქართველოს ქ. მიხა ცხაკაიის (საბჭოთა პერიოდში ასე ერქვა დღევანდელ სენაკს) სამხედრო აეროდრომიდან გაიტაცა. სანამ თურქეთს, ხოლო შემდგომ აშშ-ის სპეცსამსახურის თანამშრომლები "მიგის" გამტაცებელს დაჰკითხავდნენ, ცხაკაიას აეროდრომზე ისეთი ამბავი ტრიალებდა, რომ დედა შვილს არ აიყვანდა. მოსკოვიდან სპეციალური თვითმფრინავით ჩამოფრენილი საბჭოთა გენერლები, ასევე კგბ-სა და გრუ-ს გამომძიებლები, ხორცის საკეპ მანქანაში ატარებდნენ ცხაკაიაში მომსახურე სამხედროებს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "დასაძინებელი ტორტი და სენაკიდან გატაცებული მიგ-29".
"როგორც გაირკვა, ცხაკაიაში დისლოცირებული 176-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკის მფრინავმა კაპიტანმა ალექსანდრ ზუევმა წინასწარ მოიმარაგა დასაძინებელი ტაბლეტები (ის წამლებს სენაკსა და ახლომდებარე სოფლების აფთიაქებში ყიდულობდა), რომლებიც უხვად გაურია სპეციალურად გამომცხვარ ტორტში. 20 მაისს, ღამის მორიგეობაზე მისვლისას, რამდენიმე მფრინავსა და ტექნიკოსს ამ ტორტით გაუმასპინძლდა შვილის შეძენის საბაბით (სინამდვილეში მას ბიჭი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეეძინა). ვინც ტორტი გასინჯა, ღრმა ძილს მიეცა, ზოგმა გონებაც კი დაკარგა. თავად ზუევი მიგ-29-სთან მივიდა, თუმცა, შეიარაღებულმა მორიგე მექანიკოსმა მას შეჩერება უბრძანა. ზუევმა მორიგე პისტოლეტის გასროლით დაჭრა, მაგრამ ვალში არც მორიგე დარჩა, რომლის ავტომატის ტყვიამ ზუევს ხელი გაუკაწრა. ამ ორმხრივი სროლის მიუხედავად, საბჭოთა კაპიტანმა მოახერხა მიგ-29-ის კაბინაში ჩაჯდომა, გამანადგურებლის ძრავების გაშვება და აფრენა. მართალია, აეროდრომზე უკვე გამოცხადებული იყო განგაშის სიგნალი და ჰაერში სხვა მორიგე მიგ-29-ებიც აიჭრნენ, მაგრამ ზუევს ათიოდე წუთიც არ დასჭირდა, დაბალ სიმაღლეზე ფრენით ცხაკაიიდან ტრაბზონამდე მიეღწია, რომელთა შორის პირდაპირი ხაზით მხოლოდ 232 კმ-ია", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"თურქებმა არ დააკმაყოფილეს ამერიკელების მოთხოვნა და გატაცებული მიგ-29 საბჭოთა კავშირს რამდენიმე დღეში დაუბრუნეს, ეტყობა, მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭებას მოერიდნენ. სამაგიეროდ, ყოფილმა საბჭოთა მფრინავმა და კაპიტანმა ალექსანდრ ზუევმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. რაც საინტერესოა, გაქცევიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში ალექსანდრ ზუევი წერდა, რომ საბჭოთა კავშირიდან გაქცევისა და საიდუმლო "მიგის" გატაცებისკენ მას სწორედ 1989 წლის 9 აპრილის თბილისის ცენტრში დატრიალებულმა ტრაგედიამ უბიძგა, როდესაც მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა ჯარმა დაუნდობლად დაარბია და მას საბჭოთა წყობის ნამდვილი სახე დაანახვა. აშშ-ში გადაბარგებულმა ყოფილმა საბჭოთა პილოტმა უდიდესი დახმარება გაუწია ამერიკულ სპეცსამსახურებსა და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავ-ინსტრუქტორებს, როდესაც მათ მიგ-29-ის საიდუმლო ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები და რაც მთავარია, მე-4 თაობის საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებლის ტაქტიკური გამოყენების მეთოდები გააცნო", - დასძენს სტატიის ავტორი.