„ბოდიში, მაგრამ არც ერთ პოლიტიკოსს არ ვენდობი, მათ უნდა მიიღონ რეკომენდაციები ექიმებისგან, რომელიც უნდა დავიცვათ“

„ბოდიში, მაგრამ არც ერთ პოლიტიკოსს არ ვენდობი, მათ უნდა მიიღონ რეკომენდაციები ექიმებისგან, რომელიც უნდა დავიცვათ“

კანონპროექტს, რომელიც მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების უფლებას წლის ბოლომდე უხანგრძლივებს, „პოლიტიკურ აფიორას“ უწოდებენ დამოუკიდებელი დეპუტატები. მათი აზრით, კოვიდთან მიმართებით მდგომარეობა გაუარესებული არ არის, ამიტომ ნუ აშინებენ მოსახლეობას. ოპოზიციონრების აზრით, ამ ანტიკონსტიტუციური კანონის ამოქმედება არჩევნებს უკავშირდება.

განსხვავებული პოზიცია აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. არჩილ თალაკვაძის აზრით, კორონავირუსის წინააღმდეგ მომავალშიც დაგვჭირდება მობილიზება და ახალი კანონის მიღება აუცილებელია.

რას ემსახურება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების წლის ბოლომდე გახანგრძლივება?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება ივლისში უნდა შემწყდარიყო, თუმცა წლის ბოლომდე ამ ვადის გახანგრძლივებითა და საარჩევნო პერიოდში გაგრძელებით, პირველ რიგში, აღფრთოვანებულები არ დარჩებიან ჩვენი მოკავშირენი დასავლეთში და უპირველესად ამერიკის კონგრესი. უხეშად რომ ვთქვათ, კონგრესი ამას არ „გაატარებს“, ვინაიდან არ არის ამის აუცილებლობა საქართველოში.

„ბოლო პერიოდში კორონავირუსის ყველაზე მეტი 9 შემთხვევაა და ყველა შემოტანილია. სულ ტრაილერის მძღოლებს შემოაქვთ რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან. ჩვენი პარლამენტი თითქოს ვაკუუმში იმყოფება, არ ვიცი, ეს შეცდომაა, თუ ძალით იქცევიან ასე, რომ კიდევ უფრო გააღიზიანონ ამერიკელი კონგრესმენები. გავიხსენოთ, რა აუცილებელი იყო მაუწყებლების კანონის მიღება? შეიძლება მართლა აუცილებელი იყო ამ კანონის მიღება, შეიძლება გახარია სწორია, წესრიგი უნდა დამყარდესო, მაგრამ, შე დალოცვილო, 8 წელიწადი თუ მშვენივრად ცხოვრობდი ამ უწესრიგობაში ამ სფეროში, არჩევნებამდე ვეღარ ითმენ? იგივეა კორონავირუსთან მიმართებითაც. თუ აუცილებლობა იქნა, რასაკვირველია, შეიძლება შეზღუდვების გახანგრძლივება, მაგრამ დღეს არ არის ამის აუცილებლობა, უბრალოდ, ხუნდაძე ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური იდეებით. არა მგონია, ამას მხარი დაუჭიროს თვითონ პარლამენტმა. ღმერთმა დაგვიფაროს, შიდა გავრცელება არ არის, ჩვენ მწვანე კუნძულივით ვართ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge- სთან საუბარში.

მისივე განმარტებით, ზოგიერთს ახლა ტურისტების შემოყვანა აშინებს, მაგრამ ტურისტები საფრანგეთში არ ჩასულან, ფრანგული პრესა პანიკაშია, რადგან მდგომარეობა საფრანგეთში მშვენიერია იმ მხრივ, რომ თავისუფლად დადიხარ ქუჩებში, ლუვრში თავისუფლად შედიხარ, აღარ არის დამთვალიერებელთა სიჭარბე.

„ლუვრში რამდენჯერმე ვყოფილვარ, სურათთან ვერ მიხვიდოდი ახლოს, ისეთი ხალხმრავლობა იყო. ახლა თავისუფლად შეგიძლია სელფი გადაიღო, აღარ არის ამდენი ტურისტი საფრანგეთში და საქართველოში ვინ ჩამოვა? გარდა ამისა, საქართველოში უცებ არ შემოიყვანენ ტურისტებს, ასეც არ გააკეთებენ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი სამედიცინო პერსონალი ხმას ამოიღებს, პროტესტი იქნება, რომ „უპრაგონოდ“ გაიხსნას კარები. რომელი ტურისტი ჩამოვა 2- კვირიანი კარანტინისთვის? ტურისტი აქ ჩამოდის ერთი კვირით, ათი დღით. ორი კვირა კარანტინში რომ უშვებ და ერთი კვირა უნდა იაროს პირბადით, ამისთვის ვინ ჩამოვა? თუ გახსნეს საზღვარი რუსებისთვის, ეს არ ვიცი, მაგრამ რუსეთში 6000-ს ვერ ჩამოსცილდა დაინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა“.

პოლიტოლოგის აზრით, არანაირი ლოგიკური გამართლება არ ექნება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას. ამას ყველა დაუკავშირებს არჩევნებს. ისედაც ეჭვის საშინელი ბაცილა არსებობს ჩვენი მმართველი პარტიის მიმართ. ამდენად, რა საშინელება უნდა მოხდეს დარჩენილ დროში, რომ ახალი კანონის მიღება გაამართლონ? ივლისი მალე გავა და სამი თვე დარჩება არჩევნებამდე.

„შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებაზე რა უნდა ვთქვათ, როცა სულ ახლახანს პარლამენტს დაჩქარებული წესით მიუღია გადაწყვეტილება და აქციზი დაუწესებია თხევად გაზზე, 15-20 თეთრით გაძვირდება თხევადი გაზი, ამაზე არც დისკუსია ყოფილა, არც განხილვები. საწვავზე ფასის გაძვირება სურათზეც აისახება. არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას, თანაც არჩევნების წინ, არცთუ სახარბიელო საერთაშორისო ვითარებაში. ახსნას ვერ ვპოულობ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ იგი, როგორც მკაცრად აპოლიტიკური ადამიანი, იმ შემთხვევაში გაამართლებს ახალი კანონის მიღებას შემზღუდავი ღონისძიებების წლის ბოლომდე გახანგრძლივების შესახებ, თუკი ის ექიმების რეკომენდაციით იქნება შემუშავებული.

„რაც უფრო ვიფრთხილებთ, უფრო დაცულები ვიქნებით. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არც ერთ პოლიტიკოსს არ ვენდობი ამ სიტუაციაში, ეს მათი საქმე არ არის, მათ უნდა მიიღონ რეკომენდაციები ექიმებისგან, დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, რომლის რეკომენდაციებიც უნდა დავიცვათ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ვადის გახანგრძლივება საჭიროა, მაშინ არავინ წინააღმდეგი არ იქნება, მაგრამ, თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი იტყვის, არ არის საჭიროო და პოლიტიკური მოსაზრების გამო ვიღაც რაღაცას მოიგონებს, ეგ სხვა ამბავია“,- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.