"რა თქმა უნდა, პრეზიდენტს არ მოეწონება ეს ამნისტია. პირველ რიგში იმიტომ, რომ უკვე დაფიქსირებულია, რომ მის ხელისუფლებას ჰყავდა 190 პოლიტპატიმარი. როგორი საქმეა, პრეზიდენტმა თვითონ მოაწეროს ხელი იმის აღიარებას, რომ მას ჰყავდა ამდენი პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ ის დემაგოგობს ახლა, რომ თითქოს მას აწუხებს კრიმინალური ელემენტების გარეთ გამოსვლა, მაგრამ რატომღაც ის ამაზე არ ფიქრობს ხოლმე, როდესაც თვითონ აწერს ხელს შეწყალების აქტებს. ამაზე რატომ მაშინ არ ფიქრობს, როდესაც ხელს აწერს და უკვე სამიათასზე მეტი პატიმარია ბოლო წელლს შეწყალებით გამოსული?! რასაკვირველია, უნდა შეიწყალოს ადამიანები, მაგრამ რატომ მაშინ არ საზღვრავს ამას, ვინ არის საფრთხის მატარებელი, როდესაც მის მიერ შეწყალებული ადამიანები განმეორებით დანაშაულს ჩადიან და ისევ უკან ბრუნდებიან ციხეში", - აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილს დემაგოგიაში ვერავინ შეედრება".
"მთლიანად პრეზიდენტის გამოსვლას მე დავარქმევდი - ჰოოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ. ანუ ჩვენ ცოცხლები ვართ, არ გვეშინია, ისევ წამოვიმართებით. არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნია. დასავლეთსაც უბრალოდ უნდა აჩვენოს, რომ აი, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ რაღაცა რეიტინგს, მით უმეტეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად მას დამ ის პარტიას არა აქვს 10-13%-ზე მეტი და ეს ის რეიტინგია, რომელიც მათ არჩევნების წინაც ჰქონდათ, მაგრამ გაყალბების, დაშინების და მოსყიდვის ბერკეტები გააჩნდათ და ამიტომ 40% დაიწერეს არჩევნებზე. ამიტომ საზოგადოება არ უნდა დაფრთხეს და არ უნდა შეშინდეს, რომ თითქოს რაღაცა რეალური საფრთხე არსებობს იმისა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ. ე სარის მხოლოდ მუშტების ჰაერში ქნევა, არაფერზე დაფუძნებული ბაქი ბუქი. იცით, რომ საკრებულოებს და თვითმმართველობებს ხელფასები გაუზარდეს და ისევ ამ ადმინისტრაციული რესურსების საშუალებით შეძლო იმ რაღაცა 500 თუ 1000 კაცის მოგროვება, რომელიც ჩვენ იმ დარბაზში ვიხილეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.
"ნიკა გვარამიას საქმეს არანაირი კავშირი თავისუფალ მედიაზე ზეწოლასთან ამას არა აქვს. თუ რაიმე ზეწოლა კონკრეტულ ჟურნალისტზე ან ფინანსური კუთხით მათზე ყოფილა, ეს უნდა გვითხრან. ეს რომ ყოფილიყო, ამას აუცილებლად განაცხადებდნენ, ეს არავის არ უთქვამს. თუ გვარამიას რაიმე ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი სხვა სფეროში მოღვაწეობის დროს და ეს საქმეც მაშინ აღიძრა, როდესაც ის ჯერ არ იყო დანიშნული "რუსთავი-2"-ის დირექტორად, რა თქმა უნდა, მაშინ ეს შემაკავებელი ფაქტორი არ უნდა იყოს იმისა, რომ ის დაიბარონ დაკითხვაზე და ბრალი წაუყენონ. მე ძალიან გამიხარდა, რომ მათ შეუიფარდეს აღმკვეთ ღონისძიებად მხოლოდ გირაო, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს წესი. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა იყოს წინასწარი პატიმრობა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რამდენად მოახერხებენ "ნაციონალები" კრიზისული სიტუაციის შექმნას ქვეყანაში?" - პასუხობს:
"ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ორგანიზებული და ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიოს, რომ არ მიიყვანოს ხალხი იმედგაცრუებამდე. თუ ისინი შეძლებენ და ხალხში იმედგაცრუებას გამოიწვევენ და ზოგიერთი ხელს ჩაიქნევს, რომ ჩვენ რატომ მივეცით ამ პარტიას ხმა, ეს მაინ არ იქნება "ნაციონალებისთვის" იმის გარანტია, რომ მათ მოემატებათ მომხრეები. ამ ხალხს თუ მაინცდამაინც დაეუფლებათ იმედგაცრუება "ოცნების" მიმართ, ისინი სხვა ძალისკენ გაიხედებიან და არა "ნაციონალებისკენ" და არავითარ შემთხვევაში სააკაშვილისკენ. მე იმედი მაქვს, რომ ასე სწრაფად ბევრ მომხრეს "ქართული ოცნება" არ დაკარგავს და რომც დაკარგოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ავტომატურად ძველი ხელისუფლების აღდგენისთვის იბრძოლებს და მათი მხარდამჭერები იქნებიან. ხალხი იქნება ახალი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება. არავინ მოისურვებს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმი აღდგეს საქართველოში".