ბადრი - პირველი ოლიგარქი

ბადრი - პირველი ოლიგარქი

საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, დიდებულ ბაღში დგას სასახლე, სადაც საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ბადრი პატარკაციშვილი ცხოვრობს. იქვეა მისი ოფისიც. ბადრი პატარკაციშვილს, რომელსაც, უბრალოდ, ბადრის ეძახიან, საინტერესო ბიოგრაფია აქვს.

მულტიმილიარდერი ბიზნესმენი დღევანდელი რუსეთის ისეთი წარმატებული კომპანიების დამაარსებელ-პარტნიორი იყო, როგორებიცაა “სიბნეფტი” (ამ ნავთობის კომპანიას დღეს მილიარდერი რომან აბრამოვიჩი აკონტროლებს), “რუსალი” (ალუმინის გიგანტი), “ავტოვაზი” (ქვეყნის უმსხვილესი მანქანათმწარმოებელი), “აეროფლოტი” (პრივატიზებული ავიაკომპანია), რუსული ტელეკომპანიები: “ო-ერ-ტე”, “ტვ-6” და ბევრი სხვა. ელცინის მმართველობის პერიოდში ბადრიმ პოლიტიკური იდეები ბიზნესის რეალობაში გადაიტანა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი 90-იანი წლების დემოკრატიულ რეფორმებს განუდგა, ბადრი იძულებული შეიქნა, 2001 წელს სამშობლოსთვის შეეფარებინა თავი.

ის საქართველოშიც ეწევა ბიზნესს და მის ფარგლებს გარეთაც. სხვადასხვა ქვეყანაში ინვესტიციებს დებს, ისრაელში დიდ შეწირულობებსა და საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს.

რა აქვთ საერთო ბადრის და პუტინის ავტოკრატულ რეჟიმს გამოქცეულ სხვა ბიზნესმენებს? - დამოუკიდებლობა, რასაც ვერ იტანს რუსეთის პრეზიდენტი. სწორედ პატარკაციშვილი გახდა ხელისუფლების ერთ-ერთი სამიზნე, თანაც მისი დევნის მიზეზი ეკონომიკური დანაშაულებები კი არ იყო, როგორც ამას კრემლი აცხადებს, არამედ ის, რომ ბიზნესმენი რუსეთში არასამთავრობო მასობრივი ინფორმაციების საშუალებათა დამკვიდრებისა და დემოკრატიისთვის იბრძოდა.

რუსეთის გფბ-ს თანამშრომლები უთვალთვალებენ ბიზნესმენის სასახლეს, მაგრამ, მაინცდამაინც აქტიურობას არ იჩენენ მის წინააღმდეგ. თანაც ბადრის საკუთარი დაცვა და საქართველოს უშიშროების ძალებიც იცავენ. სჯერა, რომ მოვა დრო, როცა პუტინთან დიალოგი ექნება. ბიზნესმენი იხსენებს: - “ესპანეთში ვისვენებდი, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა პუტინს ჩემზე ჰკითხეს, ხომ არ დავაკავოთო. პრეზიდენტმა იკითხა, მარტო ისვენებსო? არა, ოჯახითო. პუტინმა თქვა: თავი დაანებეთ, დაისვენოსო”.

პატარკაციშვილმა ბიზნესი 80-იანი წლების მიწურულს დაიწყო - გარდაქმნის ეპოქაში. ბადრი რუსეთში ავტომობილების წარმოების უმსხვილეს მწარმოებელ “ავტოვაზში” თავის მეგობარს დაუკავშირდა, კავკასიაში ამ კომპანიის წარმომადგენლობა სთხოვა და მიიღო კიდეც. თუმცა ახლა აღიარებს, რომ მაშინ არაფერი გაეგებოდა ავტომობილების გაყიდვისა.

როცა კომუნისტურმა ეკონომიკამ დაშლა დაიწყო, მოსკოვიდან ბადრის პოლიტბიუროს წევრებიც კი ურეკავდნენ, რომლებსაც ძალზე სჭირდებოდათ საკუთარი ავტომობილებისთვის სათადარიგო ნაწილები. ბადრი მათ დაკვეთას ასრულებდა, კარგი ურთიერთობაც დაამყარა მათთან, რომელიც 90-იან წლებამდე გაგრძელდა.

მაშინ გაიცნო 33 წლის მეცნიერი და მეწარმე ბორის ბერეზოვსკი, რომელიც ფულს ეძებდა ბიზნესის დასაწყებად. ბერეზოვსკი და მისი მეუღლე თბილისში ჩაფრინდნენ პატარკაციშვილთან. მათმა მეგობრობამ რუსეთიც შეცვალა და დასაბამი მისცა ნავთობის, ალუმინის, ავტომობილების წარმოების ლიდერ კომპანიებს. დღეს კი მათ მიერ ჩამოყალიბებულ კომპანიებს პუტინის მოკავშირე ბიზნესმენები და პოლიტიკოსები დაპატრონებიან.

ბადრის, რომელსაც წელს 50 წელი უსრულდება, დიდი გავლენა აქვს რუსეთსა და საზღვარგარეთ. ის ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს, როგორც საქართველოს საგარეო ურთიერთობების მოგვარებაში, ასევე ქვეყნის შიგნით მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

უახლოესი ექვსი წლის მანძილზე ბადრი 1 მლრდ დოლარის ჩადებას აპირებს უდიდესი პორტის მშენებლობაში. გარდა ამისა, იგი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა.