„ამომრჩევლის აბსოულუტური უმრავლესობისთვის ივანიშვილის საპირწონე სააკაშვილი ვერ იქნება, კორუფციაზე და გაჭირვებაზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ“

„ამომრჩევლის აბსოულუტური უმრავლესობისთვის ივანიშვილის საპირწონე სააკაშვილი ვერ იქნება, კორუფციაზე და გაჭირვებაზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ“

როგორი იქნება „ოცნების“ საარჩევნო სტრატეგია და ამჯერად როგორია მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამა - ჩაერთვება თუ არა ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში და რა ფორმით მოხდება მისი საჯარო აქტიურობა?

For.ge-ს სანდო წყარო უდასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. ის იკონტაქტებს როგორც მედიასთან, ასევე მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

„ქართულმა ოცნებამ“ კი ივანიშვილის ჩართულობით, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად უკვე დანიშნა. შტაბის სხდომა ცენტრალურ ოფისში გაიმართა, სადაც ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა უკვე გააცნო. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაში ვირტუალური ჩართვით მონაწილეობდა.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ სიის პირველი ნომერი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი იყოს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის საპარლამენტო სიის ფორმირებაზე მუშაობენ და აანონსებს, რომ ძველებთან ერთად, ახალი სახეებიც მალე გამოჩნდებიან.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი for-ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარალმენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული იქნება, თუმცა რა ფორმით და როგორ, ეს სამომავლოდ გახდება ცნობილი. მისი თქმით, საარჩევნო სიის შედგენასა და პროგრამის დაწერაში ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს.

ვოლსკის განცხადებით, გამოჩნდება თუ არა ის მედიით აქტიურად და დაიწყებს თუ არა მოსახლეობასთან შეხვედრებს, ამაზე გადაწყვეტილებას გუნდთან ერთად მიიღებს. თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი აქტიურობა მხოლოდ მის მიერ გაკეთებული საქმეებით შემოიფარგლოს. როგორც დენდროლოგიურ პარკის გახსნის შემთხვევაში მოხდა - მხოლოდ ასეთი ფორმით გამოჩნდეს. დეპუტატის თქმით, გააჩნია საარჩევნო სიას და მის წევრებს, ვინ იქნებიან. ასევე საარჩევნო პროგრამას და იმას საზოგადოებამდე მისი მიტანა გუნდის გადაწყვეტილებით ვის დაევალება.

„გამორიცხული არაფერია, ივანიშვილი გამოჩნდება საჯაროდ მედიის საშუალებით, თუ უშუალოდ მოსახლეობას შეხვდება, ეს მისი და გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი. შესაძლოა, სულაც ასე საჯაროდ არ გამოჩნდეს და საზოგადოების წინაშე მის მიერ გაკეთებული საქმეებით წარმოჩინდეს. დიდი მნიშვნელობა ექნება „ოცნების“ საარჩევნო პროგრამას, რომელიც დაიწერება და იმას, თუ გუნდი ვის გადაწყვეტს, რომ ის საზოგადოებას გააცნოს. ივანიშვილი გუნდის გარეშე არასდროს არაფერს წყვეტს, ის ყოველთვის პარტიასთან შეთანხმებული მოქმედებს. ამიტომაც როგორ და რა ფორმით მოხდება მისი წინასაარჩევნო აქტიურობა, საერთოდ გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა სიის შედგენაში და საარჩევნო პროგრამის დაწერაში აქტიურად და უშუალოდ მონაწილეობს“,-აცხადებს ვოლსკი-for.ge-სთან.

რა რესურსი აქვს ახლა ივანიშვილს, რომ საზოგადოებაში გამოჩნდეს და კვლავ დაარწმუნოს არჩევნებში მხარი „ოცნებას“ დაიუჭირონ? - ამ კითხვაზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუ შევადარებთ 2012-სა და 2016 წლებს ივანიშვილს იგივე რესურსი საზოგადოებაში არა აქვს, თუმცა ზოგადად, თუ ავიღებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სპექტრს და სიტუაციას, სხვებთან შედარებით, მას გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს.

ძაბირაძე ამბობს, რომ ივანიშვილს ექნება კონკრეტული ტაქტიკა და გეგმა, როგორ და რა ფორმით წარსდგეს ის საზოგადოების წინაშე. არ არის გამორიცხული, რომ მას ბევრი რამ გადანახული ჰქონდეს, როგორც დენდროლოგიური პარკის გახსნა, ისე სხვა მსგავსი აქტივობები. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ფონზე ივანიშვილის რეიტინგი მაინც დადებითად გამოიყურება.

„დასავლეთი რას ამბობს და რას არა, ამას ცხადია, გავლენა აქვს, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისეთი სიტუაციაა, რომ ამ ფონზე ივანიშვილი მაინც ყველაზე უკეთესად გამოიყურება. მას ექნება ძალიან ბევრი გადანახული კოზირი და ხალხის წინაშე ხელცარიელი არ წარსდგება. რა თქმა უნდა, ის ტაქტიკური სვლებისთვის მოემზადება. ივანიშვილს, როდესაც საპირწონე არავინ ჰყავს, მარტო ის, რომ ხალხი გაჭირვებულია და ამ ფონზე ოპოზიციაზე არჩევანი გააკეთოს, არ მოხდება. მით უმეტეს ისეთ ოპოზიციაზე, რომლის მათრახიც, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საზოგადოებას საკუთარ ზურგზე უკვე გამოცდილი აქვს. ამომრჩევლის აბსოულუტური უმრავლესობისთვის ივანიშვილის საპირწონე სააკაშვილი ვერ იქნება, კორუფციაზე და გაჭირვებაზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ. მოსახლეობა ვერ ხედავს ლიდერებს, რომლებსაც გაყვებიან“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ივაანიშვილი საჯარო გამოჩენის შემთხვევაში მოსახლეეობას კვლავ სთხოვს, რომ არჩევანი ქვეყანაში სტაბილურობაზე გააკეთოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისი პროპაგანდის ხაზი კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება და ამის თქმის საშუალებას ოპოზიციაც თავისი ქცევით და ჩამოუყალიბლებლობით აძლევს.

„არ ველი, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისით რაიმე გარღვევა იქნება. თუმცა იქნება გარკვეული პიარ-სვლები, რომელიც მას, როგორც ქველმოქმედს, ისე წარმოაჩენს. ასევე, ივანიშვილი მოსახლეობას ირიბად მიანიშნებს, რომ თუკი კოალიციური მთავრობის შექმნა გახდება საჭირო, ასეთი ოპოზიციის პირობებში ქვეყანას საფრთხეში ჩააგდებენ. მისი ძირითადი ხაზი ისევ ოპოზიციის გარშემო იქნება და თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახელობის დიდ ნაწილზე ისევ გაჭრის. რაც შეეეხება დასავლეთს და მისი მისამართით გაშვებულ სიგნალს, ივანიშვილს მხოლოდ ერთადერთი სათქმელი ექნება, რომ არჩევნები დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და გაყალბების გარეშე ჩაივლის. ჩვენ ახლა ყავლგასული პოლიტიკოსების ეპოქაში ვართ, ამიტომაც სხვა ალტენატიული ძალა ამ ეტაპზე ჯერ ისევ არ ჩანს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ივანიშვილის მთავარი საარჩევნო ტაქტიკა მეტოქის გაშავება იქნება. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მან კონკრეტული ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ შავი პიარკამპანია ააგოროს. ანალიტიკოსიის აზრით, გიორგი რურუას პერსონას კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს და საზოგადოების დარწმუნებას შეეცდება, რომ ოპოზიცია მისნაირი „კრიმინალური“ წარსულის ადამიანების იმედად არის. ჩიტიძე ამბობს, რომ ივანიშვილი, ასევე, სააკაშვილის ფაქტორსაც გამოიყენებს. საზოგადოებას კვლავ ეტყვის, რომ მას არჩევანი ბოროტ და არა ბოროტ ძალებს შორის მოუწევს.

„ივანიშვილი ეცდება გამოიყენოს, როგორც შავი, ასევე თეთრი პიარტექნოლოგიები. თეთრ პიარტექნოლოგიებს რაც შეეხება, ახლა ის ეცდება, რომ კორონავირუსთან მიღწეული წარმატება ხელისუფლების დამსახურებად წარმოაჩინოს. ილაპარაკებს ალბათ, იმაზე, რომ საქართველომ 8 მილიარდი მოცულობის ვალი აიღო, რომლითაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე იზურუნებენ. არც ის არის გამორიცხული, რომ მოსახლეობას საკუთარი ფინანსებიდან გარკვეული სახის დახმარება გაუწიოს. მაგალითად როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა, ბანკების ვალების ჩამოწერის შემთხვევაში.

რაც შეეხება შავ პიარს, ის გიორგი რურუას და სხვა ოპოზიციურ ლიდერებს გამოიყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენოს, რომ თუ არჩევანს ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთებენ, ამით ქვეყანას დაღუპავენ. უბრალოდ, ოპოზიცია უნდა შეეცადოს, რომ მისი ბრალდებები გააბათილოს და საზოგადოების მეტი ნდობა მოიპოვოს. ივანიშვილი კონკრეტული გეგმის გარეშე საჯაროდ არ გამოჩნდება და ისინიც მომზადებულები უნდა დახვდნენ“, - ამბობს ჩიტიძე for.ge-სთან.